ამის შემდეგ კი, ოქტომბრის დასაწყისში მათი მოსმენები უკვე შესაბამის კომიტეტებში ჩატარდება.
მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი ორ ან სამ კანდიდატს უარს ეტყვის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ამიტომ, 1 ნოემბრისთვის შესაძლოა ევროკომისია სრულად ვერ ამოქმედდეს. თუ კანდიდატურას უარყოფენ, წევრმა ქვეყნებმა ახალი ხალხი უნდა დაასახელონ და მათი მოსმენები თავიდან ჩატარდეს.
ევროკავშირის ყოველი წევრი ქვეყანა თითო კომისრითაა წარმოდგენილი. გასულ კვირას კანდიდატები 25-ვე წევრმა ქვეყანამ წარადგინა (აქ 25 ქვეყანაა და არა 27, რადგან გერმანიას უკვე წარმოადგენს კომისარი ფონ დერ ლაიენი, ესტონეთს კი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი.).
25 ნომინაციის მოპოვება ადვილი არ ყოფილა და ეს პროცესი შესაძლოა ჯერაც არ დასრულებულა. ფონ დერ ლაიენი ცდილობს კომისრებს შორის გენდერულ თანასწორობას მიაღწიოს და ამიტომ წელს ითხოვა, რომ წევრ ქვეყნებს ორ-ორი კანდიდატი წარედგინათ - კაცი და ქალი.
ჯერჯერობით ეს მოწოდება მხოლოდ ბულგარეთმა გაითვალისწინა. ამჟამად 27 კანდიდატიდან მხოლოდ 10-ია ქალი, მათ შორის არიან თავად ფონ დერ ლაიენი, კალასი და ბულგარეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა. ფონ დერ ლაიენი კმაყოფილი არ უნდა იყოს - 2019 წელს მან მოახერხა გენდერული თანასწორობისთვის მიეღწია და პირობა დადო, რომ მომავალშიც შეძლებდა ამას.
რაც შეეხება თავად პორტფელებს - საინტერესოა, თუ რას გეგმავს ფონ დერ ლაიენი საგარეო პოლიტიკის კუთხით და კალასის გარდა ვინ ჩაუდგება სათავეში ამ მიმართულებას. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის პორტფელი გაიყოფა და ამ საქმეს ორი სხვადასხვა კომისარი ჩაიბარებს.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ ექვს ქვეყანას დასავლეთ ბალკანეთში და დანარჩენ ოთხ კანდიდატ ქვეყანას - საქართველოს, მოლდოვას, უკრაინასა და თურქეთს - სხვადასხვა კომისარი გაუძღვება წევრობისაკენ მიმავალ გზაზე.
ზაფხულის დასაწყისში ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ცალკე კომისარი ეყოლება ხმელთაშუა ზღვის რეგიონს - ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს, ვთქვათ, მაროკოს ან ტუნისს, რომლებსაც ბლოკის წევრობა არ შეუძლიათ, რადგან ევროპაში არ იმყოფებიან.
მაგრამ რა ხდება, თუ ქვეყანა ევროკავშირის მეზობლად მდებარეობს, თუმცა ხმელთაშუა ზღვის რეგიონს არ განეკუთვნება? მაგალითად, ავიღოთ სომხეთი, რომელიც ადრე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისრის დაქვემდებარებაში იყო და ახლაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია. ჯერ ბუნდოვანია, თუ ვისთან უნდა იმუშაონ მათ - პირდაპირ კალასთან თუ კომისართან, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის პორტფელს ჩააბარებენ.
კიდევ უფრო საინტერესოა, თუ ვის ასახელებენ ამ პორტფელების შესაძლო მფლობელებთან. გერმანული გაზეთები ფედერალურ პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ურზულა ფონ დერ ლაიანი აპირებს გაფართოების საკითხი ლატვიელ ვალდის დომბროვსკისს მიანდოს.
დომბროვსკისი ლატვიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ათი წლის განმავლობაში მსახურობდა ევროკომისრად ფინანსური მომსახურების და შემდეგ ვაჭრობის საკითხებში. ევროკავშირში ის წონიან პოლიტიკოსად მიიჩნევა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ფონ დერ ლაიენთან. ის ზედამხედველობდა უკრაინისადმი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას და თუ ის მიიღებს გაფართოების პორტფელს, ამ ქვეყნის რეკონსტრუქციაზე იქნება პასუხისმგებელი. ის ევროკავშირის ერთ-ერთი იშვიათი მაღალჩინოსანია, რომელიც რუსულად ლაპარაკობს და უკრაინულიც ესმის.
თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც არსებობს. პირველ რიგში, ლატვიელთან დაახლოებული წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ბალტიის რეგიონიდანაა და საეჭვოა, რამდენად მიიღებს ბალტიისპირეთი საგარეო პოლიტიკის პორტფელსაც და გაფართოების პორტფელსაც.
კიდევ რა ვარიანტები არსებობს? გაფართოების ამჟამინდელ კომისარს, ოლივერ ვარჰეის სურს თანამდებობაზე დარჩეს და ამის მიღწევას უნგრეთიც შეეცდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეორე შანსი მისცენ.
კიდევ რამდენიმე შესაძლო კანდიდატს ასახელებენ - ერთია მაროს სეპკოვიჩი - სლოვაკი დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელიც უკვე 15 წელია ევროკომისიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებს და, წესით, მნიშვნელოვანი პორტფელის მიღებაც ეკუთვნის. ასევე გაიჟღერა შვედეთის ევროკავშირის მინისტრის ჯესიკა როსვალის და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაჯა ლაჰბიბის სახელებმაც.