კიევში ჩასვლისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გაემგზავრა მთიან ყარაბაღში, შუშაში (სომხურად ცნობილია, როგორც შუში), თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
შემდეგ ორბანი მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები, მერე კი პეკინს მიაშურა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად. ტურნე მან ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე დაასრულა, სადაც, როგორც რამდენიმე წყარომ მითხრა, დახურულ შეხვედრაზე მწვავე სიტყვა წარმოთქვა ნატოში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ. ეს პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ნატოს ოფიციალურ კომუნიკეს, რომელიც ორბანის თანხმობით სულ რაღაც 24 საათის შემდეგ მიიღეს.
რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რამაც სამიტზე ერთადერთი რეალური დაპირისპირების წერტილი შექმნა. ორბანმა აშშ-ში მოგზაურობა დაასრულა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, პოლიტიკური მოკავშირისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონახულებით ფლორიდაში, საკუთარ სახლში. რა თქმა უნდა, ორბანს თავისუფლად შეუძლია წავიდეს იქ, სადაც მოესურვება და საკუთარ ძალისხმევას „მშვიდობიანი მისია“ უწოდოს. თუმცა ბრიუსელი და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყანა გააღიზიანა იმან, რომ უნგრეთი ევროსაბჭოს მონაცვლეობითი თავმჯდომარეა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის წარმოადგენს ამ ვიზიტებზე ევროკავშირს, განსაკუთრებით მოსკოვსა და შუშაში. ბრიუსელში ასევე აშფოთებთ, თუ რას ლაპარაკობს ორბანი ამ ვიზიტების დროს, განსაკუთრებით რუსეთში. ვიზიტის შემდეგ მან წერილი გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, ორბანი ლაპარაკობს შეხვედრაზე პუტინთან, რომელიც სანქცირებულია ბრიუსელის მიერ და რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ძებნა გამოაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მას „არ წამოუყენებია არანაირი წინადადება და არ გამოუთქვამს რაიმე აზრი ევროსაბჭოს ან ევროკავშირის სახელით“.
თუმცა მან აღნიშნა, რომ მომწიფდა დრო ცეცხლის შეწყვეტისთვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების საგზაო რუკის მოსამზადებლად და დასძინა, რომ „აშშ-ის პოლიტიკური ლიდერობა ამჟამად შეზღუდულია მიმდინარე [საპრეზიდენტო] საარჩევნო კამპანიის გამო. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია არ ველოდოთ ასეთ წინადადებას შეერთებული შტატებისგან უახლოეს თვეებში. ჩვენ უნდა განვიხილოთ - ევროპული სტრატეგიული ავტონომიის სულისკვეთებით - ევროპული ინიციატივის წამოწყება.
საინტერესოა, რომ ორბანი არ ემხრობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სამშვიდობო გეგმას და მისი წერილი არც იმაზე მიუთითებს, რომ მან მოსკოვს მოუწოდა შეეწყვიტა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც დაიწყო 2022 წელს.
ამის ნაცვლად, მან წერილში აღნიშნა, „ჩვენ ვხედავთ სახიფათო სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ომის ნეგატიური ეკონომიკური შედეგები დიდ ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას“.
ორბანმა ასევე გაიმეორა პუტინის სათქმელი, რომ მოსკოვს დეტალური გეგმა აქვს ომის შემდეგ ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად, რომ, პუტინის შეფასებით, კიევი ყოველთვიურად 40 000-50 000 ჯარისკაცს კარგავს და, რომ დრო ომში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.
მაშ, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე ევროკავშირის დანარჩენ ნაწილს? პოლონეთის მოთხოვნით, ევროკავშირის ელჩებმა 10 ივლისს განიხილეს ორბანის ვიზიტები. ამ დისკუსიაში უნგრეთის საქციელი გააკრიტიკა ყველა სხვა წევრმა სახელმწიფომ, მეზობელი სლოვაკეთის გარდა. ევროსაბჭოს იურიდიულმა სამსახურმაც მკაფიოდ შეაფასა, რომ მონაცვლეობით პრეზიდენტობას როლი არ გააჩნია ბლოკის გარე წარმომადგენლობაში. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, ჯერ კიდევ 2022 წელს, ევროკავშირის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ თავს შეიკავებდნენ რუსეთის ხელმძღვანელობასთან კონტაქტებისგან.
სანამ უნგრეთი დაიკავებდა მონაცვლეობით პრეზიდენტობას, ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა მითხრა, რომ დიპლომატები უნგრეთისთვის პრეზიდენტობის ჩამორთმევის სამართლებრივ შესაძლებლობებს ეძებდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში გასულ კვირას ელჩების შეხვედრაზე ეს საკითხი ღიად არ განუხილავთ, ჩემი წყაროები მეუბნებიან, რომ იურიდიულ მხარეს ახლაც შეისწავლიან.
უნგრეთისთვის პრეზიდენტობის ჩამოსართმევად საკმარისია, რომ ამ ნაბიჯს წევრი ქვეყნების კვალიფიციურმა უმრავლესობამ (ბლოკის წევრთა 55 პროცენტი, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 65 პროცენტს წარმოადგენს) დაუჭიროს მხარი. ასეთ მკვეთრ ნაბიჯს უახლოეს მომავალში არ ელიან, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე წევრი ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად იმედგაცრუებულია ბუდაპეშტით, მომავალში მსგავსი რამ გამორიცხული არ არის.
ბუდაპეშტის წინააღმდეგ სიმბოლური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მაგალითად, როგორც წესი, ყველა ევროკომისარი ჩადის ხოლმე პრეზიდენტობის ქვეყანაში და მთავრობას ხვდება. ეს ვიზიტი ივლისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა შემდეგ სექტემბრისთვის გადაიდო, 15 ივლისს კი ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის საერთოდ არ განხორციელდებოდა. პრეზიდენტობის პერიოდში უნგრეთში ჩატარებულ შეხვედრებს მხოლოდ უფროსი საჯარო მოხელეები დაესწრებიან და არა კომისრები.
ბოიკოტის კიდევ ერთი პოტენციური გზა ევროკავშირის სხვა ღონისძიებებია, რომლებიც უნგრეთში ჩატარდება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ყველა პრეზიდენტი ქვეყანა ატარებს ხოლმე არაფორმალურ მინისტერიალებს, სადაც წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო არაფორმალური კონკურენტუნარიანობის საბჭო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკურენტუნარიანობის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების შეკრება, რომელიც ბუდაპეშტში 8-9 ივლისს ჩატარდა. ჩვეულებრივ, ასეთ შეხვედრას ბლოკის ეკონომიკის ყველა მინისტრი დაესწრებოდა, მაგრამ აქ მონაწილეობა მხოლოდ ხუთმა მინისტრმა მიიღო. ამ ხუთს შორის უნგრელი მასპინძელიც გახლდათ. ყველა სხვა ქვეყანამ მინისტრის მოადგილე ან უფრო დაბალი რანგის მოხელე გაგზავნა.
ოფიციალურად შეხვედრის წინააღმდეგ არავინ გამოსულა და ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამიტი ივლისში ჩატარდა, როცა ბევრი მინისტრი შვებულებაშია. თუმცა აქამდე მსგავსი ტიპის არაფორმალურ შეხვედრაზე 27-ვე მინისტრი თუ არა, უმეტესობა მაინც ჩავიდოდა. დაბალი დასწრებაც შეიძლება პოზიციის გამომხატველი იყოს.
მას შემდეგ ესტონეთმა, ფინეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ ისინი არ გაგზავნიან მინისტრებს უნგრეთის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე ამ შემოდგომაზე და მათ შესაძლოა სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც მიბაძონ.
ასევე შესაძლებელია, რომ ბრიუსელში ჩაატარონ ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური საბჭო, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში უნდა შეკრებილიყო. საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის ადგილის შესახებ 22 ივლისს ბრიუსელში მიიღებენ, როდესაც ერთმანეთს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.