Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტელეფონზეც აღარ დაელაპარაკებიან" - რატომ დაუპირისპირდა "ოცნება" მეგობარ ევროკომისარს?


ექსპერტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა „უგუნური ნაბიჯი“ გადადგა, რაც სრულიად დაუშვებელია პარტნიორებთან ურთიერთობაში.
ექსპერტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა „უგუნური ნაბიჯი“ გადადგა, რაც სრულიად დაუშვებელია პარტნიორებთან ურთიერთობაში.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისარს პრემიერ-მინისტრის სიკვდილის მუქარაში დასდო ბრალი, ხოლო ახლა ამტკიცებს, რომ ეს თავად ევროკომისარმაც აღიარა. ევროკომისარმა განმარტა, რომ მისი სიტყვები პრემიერ-მინისტრმა კონტექსტიდან ამოიღო და, შესაბამისად - დაამახინჯა.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან "უგუნური" და „არალოგიკური" დაპირისპირება, ექსპერტების შეფასებით, უნგრეთის განაწყენებასაც ნიშნავს.

იხსენებენ, რომ როგორც ბუდაპეშტის, ასევე უნგრელი ევროკომისრის განცხადებები ძირითადად და გამორჩეულად „ოცნების“ მხარდამჭერი იყო.

რა მოხდა?

დასავლეთთან „ოცნების“ მზარდი დაპირისპირების მიუხედავად, მაინც ყველა გააკვირვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 23 მაისის ფეისბუკპოსტმა, სადაც ის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელ ევროკომისარს სატელეფონო მუქარაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კობახიძეს ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.

ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფეისბუკპოსტში, 23 მაისს, ისე, რომ ევროკომისრის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მალევე გაირკვა, რომ ევროკომისარი, რომელსაც ირაკლი კობახიძე გულისხმობდა, ოლივერ ვარჰეი აღმოჩნდა - რომელიც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მიმართულებაზეა პასუხისმგებელი და, შესაბამისად - პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

"ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად ამოღებულია კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის მიწოდებული იყო ისე, რომ შეიძლება გამოიწვიოს მისი თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია", - ოლივერ ვარჰეის განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე, ასევე 23 მაისს გამოქვეყნდა.

საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში“, - წერს ევროკომისარი, და კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაამტკიცოს „აგენტების კანონი“.

ევროკომისარი სატელეფონო საუბარს განიხილავს საქართველოს ხელისუფლების დასარწმუნებლად საჭირო „დიდი ძალისხმევის“ ნაწილად - რომ "კანონმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა“.

რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. ის სიკვდილს გადაურჩა და ჯერ კიდევ მკურნალობის ეტაპზეა.

ევროკომისრის განმარტება „ოცნებამ“ აღიარებად ჩათვალა

პროსახელისუფლებო ტელევიზია „იმედმა“ ამ თემას 24 მაისსაც საგანგებო ყურადღება დაუთმო. საინფორმაციო გამოშვებებში - ეკრანზე ჩანდა წარწერა „ოლივერ ვარჰეის აღიარება“; ხოლო „ოცნება“ თუ მისი მოკავშირეები შესაბამის კომენტარებს აკეთებდნენ.

„ვარჰეის მხრიდან ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა სანქციები თუ შეზღუდვები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ამ კანონის [„აგენტების კანონის“] მიღებას და აგრეთვე, ხაზი გაესვა იმასაც, რომ - გაითვალისწინეთ, რაც მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. ეს იყო შანტაჟი და დაშინება. აღმოჩნდა მერე, რომ იძულებული გახდა ვარჰეი ეღიარებინა, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს ფაქტი ნახსენები იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს, 24 მაისს, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დასძინა, რომ - „ძალიან რთული გასაგები აღმოჩნდა დასავლეთისთვის, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს სუვერენული სახელმწიფო“.

საინფორმაციო ომი გაჩაღებულია სოციალურ პლატფორმა X-ზეც [ყოფილი ტვიტერი].

გაურკვეველი ანგარიშებიდან, რომლებიც მანამდე ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ანტიუკრაინულ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამტკიცებენ, რომ ევროკომისარი მართლაც დაემუქრა კობახიძეს და, რომ ეს თითქოს თავად ევროკომისიამაც აღიარა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე“, - წერს უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც შეეხება აშშ-ის მიერ მკაცრად დაანონსებულ სანქციებს - როგორც თანამდებობის პირების, ასევე მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ.

ევროკომისარზე საუბრისას, „ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ „ვითომდა მეგობრებს“ „აგენტების კანონის“ თემა, „როგორც ჩანს, სჭირდებათ ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად“.

შესაძლოა, ამ ადამიანებს, ივანიშვილს, კობახიძეს სხვა სახის დახმარება სჭირდებათ... საშიშია ეს ხალხი - შეშლილი ადამიანები ქვეყნის მმართველობაში, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, რომლის აზრითაც, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი ფინანსების, უსაფრთხოების გადარჩენაზე ფიქრობს“ და „ის ყველას მოისვრის, როგორც მოისროლა ბევრი საკუთარი თანაგუნდელი“.

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, კახა გოგოლაშვილს სულხან-საბა ორბელიანის იგავი - „კუ და მორიელი“ - ახსენდება, როცა წყალზე გადაყვანისას, კუს ზურგზე მორიელი უკბენს და თან ეტყვის - რა ვქნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთი გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო; კუ კი ჩაყვინთავს და მორიელს წყალს გაატანს.

„რანაირი ადამიანები არ გვინახავს ხელისუფლებაში, მაგრამ ასეთი არასოდეს. არაფერში ჯდება ასეთი ბრალდებები. თითქოს ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი იმ კონსპირაციული თეორიებიდან გამომდინარეობს, რომელიც გააჟღერა თავად ივანიშვილმა. თითქოს ეს იყო სიგნალი და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ უფრო მაგარ კონსპირაციულ თეორიას მოიგონებს. ხომ უნდა აჩვენონ - ვინ უფრო ახლოს არის სულიერად თავის ლიდერთან“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა „უგუნური ნაბიჯი“ გადაიდგა, რაც სრულიად დაუშვებელია პარტნიორებთან ურთიერთობაში.

უნგრეთის განაწყენება

ექსპერტებს ლოგიკისა და რაციონალური აზრების დაჭერა უჭირთ. ყველაზე მეტად კი ის აკვირვებთ, რომ „დასავლეთთან ბრძოლაში“ „ოცნება“ აღარც მათ ინდობს, ვისი იმედიც ჰქონდა.

„ევროკომისარი ვარჰეი და უნგრული მხარე იყო ამ ხელისუფლების ერთადერთი ლობისტი, მეტ-ნაკლებად. აქ ახლა რაიმე პოლიტიკური ლოგიკა შეიძლება დავინახოთ?! ყველაფერთან ერთად - კონსტიტუციის დარღვევასთან და რუსულ მიმართულებაზე გადასვლასთან ერთად, [ხელისუფლების ქმედებები] არაჯანსაღ ფორმებსაც ატარებს. ისეთი რაღაც გაუკეთეს ვარჰეის, რა ვიცი, აბა“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრს „არათუ აღარავინ შეხვდება, არამედ ტელეფონზეც აღარავინ დაელაპარაკება“, რადგან არავინ იქნება გარანტირებული, „როგორ მოახდენს ის სატელეფონო ზარების კომენტირებას“ და ამ გზით „ოცნება“ „სტერილურ იზოლაციონისტურ პოლიტიკამდე მიდის“.

23 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საკუთარ თავს - „კარგად ნაცნობი და საქართველოს მ დრომდე პატივცემული მეგობარიუწოდა.

ევროკომისარ ვარჰეისთან ხმაურიან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგოდ ევროკავშირის მკაცრ ნაბიჯებს უნგრეთი და სლოვაკეთი ამუხრუჭებდნენ და „მნიშვნელოვანი მეგობრების“ სიაში ნახსენები იყო ოლივერ ვარჰეიც.

„ბრიუსელს 21 საათი დასჭირდა, რომ დაეგმო „აგენტების კანონი“ მიღება. ჯერ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს განცხადების სხვადასხვა პროექტი, რომლებისთვისაც 27-ვე წევრ სახელმწიფოს უნდა მოეწერა ხელი“, - წერს იოზვიაკი, რომელმაც დიპლომატიური წყაროებისგან შეიტყო უნგრეთის პოზიციაც - ევროკავშირი უცხო ქვეყნების საქმეში არ უნდა ერეოდეს".

რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ გაწევრიანების შეფერხებასთან, სანქციებთან თუ დაფინანსებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომა, რომელთა განხილვაც იგეგმება, კონსენსუსს საჭიროებს და სწორედ ამ მიმართულებებით შეიძლება ჰქონდეს საქართველოს უნგრეთის იმედიო.

22 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღებით შექმნილი ვითარება განიხილეს. ორშაბათს კი, 27 მაისს, იმავე საკითხს სიღრმისეულად განიხილავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ამას დამატებითი, კიდევ უფრო დაწვრილებითი განხილვები მოჰყვება ივნისში.

ფაქტები წარსულიდან

იყო დრო, როდესაც ხელისუფლება საგანგებო მადლიერებას გამოხატავდა პირადად ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართ.

2023 წლის 24 მარტს, როცა ევროკომისარს, ბრიუსელში, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, თქვა, რომ გრძნობდა მის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე.

თავად ვარჰეის კი მაშინ, ბევრისგან განსხვავებით, არ გაუკრიტიკებია საქართველოს ხელისუფლება - ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

„შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული“, - თქვა ევროკომისარმა, რომლის განცხადებებიც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ექსპერტებს სხვა დროსაც ხშირად ზედმეტად რბილად ეჩვენებოდათ.

2023 წლის ივლისში, ოლივერ ვარჰეიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დარწმუნდა - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების „პროგრესის სწორი მიმართულებით“ სვლაში.

მას შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მიენიჭა და ბრიუსელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს დიდწილად ხალხის მონდომების დამსახურებით მოხდა.

„აგენტების კანონის“ კვლავ ინიციირების შემდეგ, ევროკავშირის სტრუქტურებმა თუ ლიდერებმა არაერთი განცხადება გამოაქვეყნეს აქცენტით - რომ „აგენტების კანონი“ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ხმაურიანი კანონის ფონზე გამკაცრდა ევროკომისარ ვარჰეის პოზიციაც.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ვკითხულობთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ 17 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„აგენტების კანონის“ უკვე სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, 14 მაისს გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია კანონის გაწვევა და რეფორმების შესრულება.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციები [„9 დათქმა“] შესრულდებოდა.

თავდაპირველად, 14 მაისის ეს განცხადებაც ჟოზეპ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის სახელით იყო გამოქვეყნებული; თუმცა შემდეგ, განახლებულ ვარიანტში, ევროკომისრის ნაცვლად, ხელმომწერად - ევროკომისია მიუთითეს.

უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ღიად არ გამოსარჩლებია „ქართულ ოცნებას“ - გახმაურებულ თემებთან - „აგენტების კანონთან“ თუ „ოცნების“ მიერ მრავალგზის ნახსენებ „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებით, რომლის არსებობის დადასტურებასაც ახლა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.

ორბანთან თბილისს მკაფიოდ დემონსტრირებული მეგობრობა აკავშირებს - მოქმედი თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ევროპელი მეგობრების გულისწყრომის მიუხედავად - არ გამოკლებიან ორბანის მიერ ორგანიზებულ ულტრაკონსერვატორთა ფორუმებს (CPAC).

„ორბანი ყოველთვის საკუთარ თამაშს თამაშობს - რაღაც რომ გამოივაჭროს ევროკავშირისგან. ის უკვე ევროკავშირშია და აქვს სავაჭრო დიაპაზონი... და ამათ [„ოცნებას“] რა ჰქონდათ სავაჭრო და რით ვაჭრობენ, გაუგებარია. ორბანი ახლა ხედავს, რომ ამათ, ყველა უბედურებასთან ერთად, პოლიტიკისაც არაფერი გაეგებათ“, - ეუბნება გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG