Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - დაწერა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე ფიცოზე თავდასხმას „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს.

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი“, - აცხადებს კობახიძე.

კობახიძე, სავარაუდოდ, უკრაინას გულისხმობს, როდესაც აცხადებს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმაში იკვეთება კვალი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურისა, რომელიც განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული „გლობალური ომის პარტიასთან“.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, სოციალური ქსელების რუსულ სეგმენტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფიცოს მკვლელობის მცდელობაში უკრაინიდან ლტოლვილი მონაწილეობდა. თუმცა ეს ყალბი ცნობა სლოვაკეთის პოლიციამ უარყო. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ასევე განაცხადეს, რომ „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის უკან შესაძლოა, უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.“

„ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - ე.ი. ძალები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის და საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით. მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მათ საქართველო პირველად რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირეს, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც ძალიან სამწუხაროა.“

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.

ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, 71 წლის, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ, სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად გაემართა, როცა გაისმა სროლის ხმა. ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG