Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ვინც რომში პალატინუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სწვევია, ალბათ უნახავს ანტიკური ხანის ანტიქრისტიანული კარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ვირის თავიანი ჯვარცმული არსება და ადამიანი, რომელიც ამ ჯვარზე გაკრულს თაყვანს სცემს. ამ კარიკატურას თან ახლავს წარწერა: „ალექსამენოსი თაყვანს სცემს ღმერთს“. ეს კარიკატურა იმის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ როგორ აღიქვამდა ანტიკური ბერძნულ-რომაული კულტურა ჯვარცმასა თუ ქრისტიანებს.

დიახ, სოკრატეს ან სენეკასგან განსხვავებით, იესოს არ დაუმთავრებია თავისი დღეები ღირსეული სიკვდილით - იგი ჯვარცმულ იქნა! ჯვარცმა კი რომაულ სადამსჯელო რეპერტუარში გამოიყენებოდა ყველაზე მდაბიო და ყველაზე საშინელი დამნაშავეების წინააღმდეგ.

„ყველაზე სასტიკი და ყველაზე საზიზღარი დასჯის მეთოდი, განკუთვნილი მხოლოდ მონებისათვის“ - დაწერს ჯვარცმაზე ციცერონი. „თუ სიტყვა ‘საამო’ ყურს ეფერება, სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად ჟღერს“ - აღნიშნავს ციცერონის მეგობარი ვარონი. რატომ ჟღერდა სიტყვა ‘ჯვარი’ უხეშად რომაული ყურისთვის? როგორც პლავტუსის ტექსტები გვამცნობენ, ამ სიტყვას თურმე მონები და კახპა ქალები იყენებდნენ გინების დროს...

ანალოგიური იყო ჯვარცმისადმი ებრაელების დამოკიდებულება: ებრაული ტრადიციის მიხედვით ხომ ღვთის მიერ იყო დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული?! - რჯლ. XXI.23. „დაგვიმტკიცე, რომ ის (მესია) უნდა ჯვარცმულ ყოფილიყო და მომკვდარიყო ასეთი სამარცხვინო და უკადრისი სიკვდილით, რომელიც დაწყევლილია რჯულის კანონის მიერ“ - შეედავება რაბინი ტრიფონი ქრისტიან აპოლოგეტ იუსტინეს. „ისინი ამბობენ, რომ ჩვენი სიგიჟე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯვარცმულ ადამიანს ვაყენებთ მეორე ადგილზე სამყაროს შემქმნელი, უცვლელი და მარადიული ღმერთის შემდეგ“ - აღიარებს სასოწარკვეთილი იუსტინე...

სიკვდილით დასჯილი ღმერთის შვილი? როგორც მდაბიო ბოროტმოქმედი, სირცხვილის ხეზე გაკრული მესია? შეიძლება უფრო სკანდალური პარადოქსის წარმოდგენა ანტიკური ბერძნულ-რომაული ყურის ან ებრაული თვალისთვის?!

„მან მონობის ხატი შეიმოსა“ (ფილ. II.7.), „თავი დაიწყევლა“ (გალ. III.13.), ზუსტად ამიტომ დაწერს ამ სიტყვებს იესოზე პავლე მოციქული.

მიუხედავად იმისა, რომ პავლეს თანამედროვეებისთვის ჯვარი მხოლოდ და მხოლოდ ეგზეკუციის საშინელი ინსტრუმენტია, მოციქული მაინც არ შეეცდება განაცალკევოს იესოს სისხლი იესოს „ჯვრის სიტყვისგან“ (1 კორ. I.18). პირიქით, პავლე მოციქული, „ჯვრის სიტყვას“ საკუთარი ქადაგების სულად და გულად, ქრისტიანული თეოლოგიის ცენტრად აქცევს.

(წარმოიდგინეთ ერთი წამით მქადაგებელი, რომელიც „გილიოტინას სიტყვაზე“ საუბრობს...).

ამიტომაც მეორე საუკუნის ყველაზე დიდი ინტელექტუალები - ტაციტუსი თუ სვეტონიუსი - ქრისტიანულ მოძღვრებას მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე საძაგელ ცრურწმენას. ტაციტუსისა და სვეტონიუსის მეგობარ პლინიუს უმცროსისათვის კი ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც ღმერთს სცემდნენ თაყვანს პიროვნებას, რომელიც რომაულმა ადმინისტრაციამ ჯვარზე აცვა როგორც სახელმწიფო დამნაშავე...

სწორედ ამიტომ დაწერს სასოწარკვეთილი პავლე მოციქული - „ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის სკანდალურს, ბერძენთათვის სიშლეგეს“ (1 კორ. I. 23.).

როდესაც პავლე საუბრობდა ჯვარცმული ქრისტეს ქადაგებით გამოწვეულ პარადოქსზე (1 კორ. I. 18-23.), იგი არც ქარაგმულ ენას იყენებდა და არც რიტორიკულ ხერხს მიმართავდა. პავლე მოციქული ამგვარად ხაზს უსვამდა იმ მწარე რეალობას, რომლის თვალის გასწორებაც მას უწევდა მისიონერული ქადაგების დროს.

დღეს, როცა ყოველ მეორე ქრისტიანს გულზე ჯვარი უკიდია, ძნელია იმის წარმოდგენა თუ რა მასშტაბის სკანდალურ პარადოქსს წარმოადგენდა პავლეს თანამედროვისთვის ჯვარცმული მესია (წარმოიდგინეთ ერთი წამით მორწმუნე გულზე ჩამოკიდებული მინიატურული გილიოტინით).

ამ სიტუაციაში იესოს მოციქულებს თეოლოგიური ლოგიკა, ერთადერთ გამოსავალს უტოვებდა: მიეჩქმალათ ჯვარცმის ფაქტი, რათა დროის განმავლობაში იგი დავიწყებას ყოფილიყო მიცემული. მაგრამ არა! პავლეს კვალდაკვალ ახალი აღთქმის სხვა ავტორები - ლუკ. XXIV. 25-27, 46., საქმე VIII.32-35 XVII. 2-3., ებრ. XII.2., პეტრ. I. 11 - მზად იყვნენ მედგრად დამდგარიყვნენ ამ არნახული თეოლოგიური გამოწვევის წინაშე.

დღეს, აღდგომის მოლოდინში, ფიქრი იმაზე, თუ რა აბსურდულად ჟღერდა „ჯვრის სიტყვა“ ანტიკურ სამყაროში და თუ როგორ მხნედ უსწორებდნენ თვალს იმ საშინელ რეალობას პირველი ქრისტიანები, შეიძლება მაგალითი გახდეს საპატრიარქოსათვის, რათა მანაც მოიკრიბოს სიმხნევე, თვალი გაუსწოროს დღევანდელ დღეს და ამ პანდემიის მძიმე ჟამს იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ ინფექციოლოგთა რჩევებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

“სუვერენია ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ” - ასე იწყება ერთ-ერთი თავი კარლ შმიტის, გერმანელი სამართლამცოდნის, მორწმუნე კათოლიკის და პოლიტიკური მრწამსით ნაციონალ-სოციალისტის წიგნისა “პოლიტიკური თეოლოგია. ოთხი თავი სუვერენულობის შესახებ”. სამართლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან თეორეტიკოსს, რომელსაც დღემდე ეყრდნობიან მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც, დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა, თეზისის ჩამოყალიბება ასე მოუწევდა: სუვერენია ის, ვინც საგანგებო მდგომარეობას არ ემორჩილება.

ის, ვინც საგანგებო მდგომარეობას არ ემორჩილება, დღეს საპატრიარქოა (რომელიც სამართლებრივად წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ეკლესიისგან, მორწმუნეთა ერთობლიობისაგან, განსხვავდება).

სანამ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონფლიქტის სამართლებრივ და პოლიტიკურ შედეგებზე გადავიდოდე, ცოტა ხნით დავუბრუნდები შმიტს და სეკულარული სახელმწიფოს თეორიას.

კარლ შმიტი არ ყოფილა დემოკრატი, ის დემოკრატიის კრიტიკოსი იყო და როგორც კრიტიკოსი ხედავდა დემოკრატიული სამართალწესრიგის ხარვეზებს. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი ის იყო, რომ დემოკრატიული სახელმწიფო კი ცდილობდა სუვერენის ფუნქციის ნეიტრალიზაციას ხელისუფლებათა დანაწილების გზით აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებად, მაგრამ არ ითვალისწინებდა ზღვრულ შემთხვევას: სუვერენის ფუნქცია ბრუნდებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. საგანგებო მდგომარეობაში ფაქტობრივად ჩერდებოდა ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი და მთლიანი, განუყოფელი ხელისუფლება გროვდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში: სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლება - ან მისი მეთაური - აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას და სწორედ ის იყო სუვერენი. ასე მართავდნენ სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეული ნაციონალ-სოციალისტები: 1933 წლის თებერვლიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა 1945 წლის 2 მაისამდე, ისე, რომ დემოკრატიული უფლებების და თავისუფლებების მოქმედება შეჩერებული იყო. იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა შმიტზე დაყრდნობით საგანგებო მდგომარეობა მიიჩნია (დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი) მართვის მთავარ პარადიგმად: მისი აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლება დემოკრატიულ ქვეყნებშიც ცდილობს საგანგებო მდგომარეობის წესი საყოველთაოდ აქციოს და მისი მეშვეობით დემოკრატიული კონტროლის გარეშე მართოს ქვეყანა (აგამბენის ერთ-ერთი მაგალითია აშშ-ის პატრიოტული აქტი).

როგორც ვხედავთ, საგანგებო მდგომარეობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე აძლიერებს, რომ ზღვარი დემოკრატიას და დიქტატურას შორის იშლება (ასე ხდება დღეს უნგრეთში) - ამიტომ ერიდებიან დემოკრატიული სახელმწიფოები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

საქართველო სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა: მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კი გამოაცხადა, მაგრამ მას ვერ აღასრულებს. ის ინსტიტუტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობას არ ემორჩილება, სახელმწიფო კი უძლურია მას მორჩილება აიძულოს, საპატრიარქოა.

ეკლესიის და სახელმწიფოს გაყოფა თანამედროვე სახელმწიფოს საფუძველია. კათოლიკურმა ეკლესიამ ეს გაყოფა ძალიან გვიან, ვატიკანის II კრების (1962-1965) შემდეგ იურიდიულად და ფაქტობრივად საბოლოოდ აღიარა. ამ სტატუს-კვოს ეჭვქვეშ დაყენება დასავლეთ ევროპაში საშიშროებად აღიქმება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მუსლიმური ქვეყნებიდან ან ევროპის მუსლიმური თემებისაგან მომდინარეობს.

ასეთ საშიშროებაზე წერდა გერმანელი იურისტი და სამართალმცოდნე, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს (სასამართლო ხელისუფლების უზენაესი ორგანოს) ყოფილი მოსამართლე ერნსტ ვოლფგანგ ბიოკენფიორდე. ბიოკენფიორდესთვის თანამედროვე სახელმწიფო - სეკულარული სახელმწიფოა. სეკულარული ეს სახელმწიფო არა მისი განსაკუთრებული სულისკვეთების ან პოლიტიკის გამოა. სეკულარულობა არ არის „თვისება, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს, არამედ „მისი კონსტრუქციული პრინციპია“. (თანამედროვე სახელმწიფო სეკულარული სახელმწიფოა, სხვანაირი ის უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ რელიგიების დაქვემდებარება პოლიტიკის პრინციპისადმი მის საფუძველშივეა ჩადებული). ბიოკენფიორდეს თქმით, სეკულარიზებულ სახელმწიფოს საფრთხე მაშინ ემუქრება, როდესაც რელიგია – ის პირდაპირ ახსენებს ისლამს – სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნას და რელიგიის თავისუფლებას არ აღიარებს.ის ამბობს, „სეკულარიზებული სახელმწიფო ვერ მისცემს შანსს რელიგიურ მრწამსს, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, რელიგიური თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით და დემოკრატიული შესაძლებლობების გამოყენებით შიგნიდან გამოუთხაროს ძირი და საბოლოო ჯამში დაამხოს [სახელმწიფოს] თავისუფლებრივი სამართალწესრიგი“.

ბიოკენფიორდეს მიხედვით სეკულარიზირებულ სახელმწიფოს შემდეგი ალტერნატივა აქვს: ან რელიგიები, პირველ რიგში ისლამი, აღიარებენ ეკლესიის სახელმწიფოს და რელიგიების თავისუფლების პრინციპს ისე, როგორც ეს კათოლიკურმა ეკლესიამ გააკეთა ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ან სეკულარიზებული სახელმწიფო „მიუხედავად მისი თავისუფლებრიობისა ვალდებულია დააწესოს ზღუდეები, რომლებიც ისლამის მიმდევრებს ხელს შეუშლის სახელმწიფოს შიგნით უმცირესობის პოზიციიდან გამოვიდნენ.

განსხვავებით ბიოკენფიორდესთან აღწერილი შემთხვევისა, ჩვენთან სახელმწიფოს „ძირს უთხრის“ არა რომელიმე უმცირესობაში მყოფი რელიგია, არამედ ინსტიტუტი, რომელიც იჩემებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას წარმოადგენს. კონფლიქტი სახელმწიფოსა და საპარტიარქოს შორის დიდი ხანია მძვინვარებს, მაგრამ დღეს ის პირველად გახდა სამართლებრივი და პრინციპული და დაუკავშირდა როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს ავტორიტეტს.

კონფლიქტის მიზეზი გახდა COVID 19-ის (ახალი კორონავირუსის) პანდემია. ამ პანდემიასთან საბრძოლველად სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება უწევთ. საქართველო აქამდე ასე თუ ისე წარმატებულად ახერხებდა ეპიდემიის გავრცელების შეჩერებას და ინფექციის წყაროს დადგენას. რამდენიმე დღის წინ დაიწყო ე.წ. შიდა გადაცემა: ვეღარ ხერხდება ინფექციის წყაროს დადგენა და ამიტომ არ ვიცით, რამდენ ადამიანს შეიძლება გადაჰქონდეს ვირუსი ისე, რომ მისი სიმპტომები არ ჰქონდეს. მრავალი ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ: ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი და ათასობით დაღუპული ადამიანი. ასეთ პრობლემას თავს საქართველო კი არა, უმდიდრესი და ჯანდაცვის ბევრად უფრო გამართული სისტემის მქონე ქვეყნები ძლივს ან საერთოდ ვერ უმკლავდებიან.

ამ მდგომარეობას ანგარიშს უწევენ მორწმუნეებიც: მთელ მსოფლიოში მღვდელი, მოლა თუ რაბინი მოუწოდებს მორწმუნეებს, არ მივიდნენ ტაძარში და სახლში ილოცონ. ისეთ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის კერებად მიიჩნევა, მორწმუნეებს სახლში დარჩენას სთხოვენ (მაგალითად, ჩვენი მეზობელი ირანი). ჩვენი მეორე მეზობელი რუსეთიც კი, რომელიც საპატრიარქოსათვის აქამდე უპირობო ავტორიტეტი იყო, იმავე გზას დაადგა. ყველაზე ჯიუტი და ამ სიჯიუტით ამპარტავანი ჩვენი საპატრიარქო გამოდგა. ყველაფრის მიუხედავად ის მაინც არ მოუწოდებს საკუთარ მრევლს სახლში დარჩენისაკენ და უარს არ ამბობს მრევლის ზიარებაზე ერთი კოვზით.

ამ სიჯიუტის ეთიკური მხარე ასეთია: საპატრიარქო ჯანმრთელობის უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას (არა მარტო მრევლს ვგულისხმობ). საპატრიარქოს სიჯიუტის თეოლოგიურ გაუმართლებლობაზე თავისი სათქმელი უკვე თქვეს ქართველმა თეოლოგებმა.

სიჯიუტის იდეოლოგიურ მხარეზე ილაპარაკა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა: „საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქის მთელი ძალაუფლება ბოლო ჟამის, ანტიქრისტესთან დაპირისპირების, ივერიის როგორც ღმერთის ერთგული ბოლო, ერთადერთი ერის (ათონიც უღალატებს ქრისტეს, ივერია - არა) და ილია მეორის, როგორც ბოლო ჟამის პატრიარქის, ბოლო მოციქულის, ანტიქრისტეს სამხილებლად დაბრუნებული ელია წინასწარმეტყველის, ახალი ნოეს ნარატივზე დგას. ეკლესიამ რომ დათმოს, მთელი მისი ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ძალაუფლება დაემხობა. საპატრიარქოს ამის გაკეთება ერთი - ორი კვირის წინ შეეძლო, ახლა ძალიანაც რომ მოუნდეს, ვეღარ გააკეთებს”.

მოვლენათა მოკლე ქრონოლოგია და მიზეზშედეგობრივი კავშირი ასეთია:საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საერთოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ საპატრიარქომ ნებაყოფლობით არ თქვა უარი მრევლისთვის ეთხოვა ტაძარში დარჩენილიყო და შეეცვალა ზიარების წესი, რომელიც ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო შეიძლება გახდეს. ამაზე საპატრიარქოს რეაქცია დამცინავი იყო, პარამილიტარული ბიოგრაფიის მქონე ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწიფოს კონტროლს არ დაუშვებს. სახელმწიფოს შემდეგი ნაბიჯი იყო კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ კომენდანტის საათსაც სხვა დანიშნულება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ შეეზღუდა მრევლის გადაადგილება აღდგომის ღამეს. საპატრიარქომ ამის პასუხად თითქოს მსუბუქად დათმო, მაგალითად, მრევლი ძირითადად ეზოში იქნება და არა ტაძარში, მაგრამ არ დათმო მთავარი და მაინც აგრძელებს მრევლის ზიარებას ისე, რომ მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

სამართლებრივი თვალსაზრისით მდგომარეობა ასეთია: საპატრიარქო არ აპირებს დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობას. ფაქტობრივად საპატრიარქო გახდა მესამე „ტერიტორია“, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. საპატრიარქო პირდაპირ ამბობს, რომ ის არ ემორჩილება საქართველოს მთავრობას (შესაბამისად არ ემორჩილება საქართველოს სახელმწიფოს და არ აღიარებს მას და მის ავტორიტეტს, თავის თავს მასზე მაღლა აყენებს).

როგორია ამ კონფლიქტის პოლიტიკური შედეგი? თუ ისე მოხდა, რომ საპატრიარქო ბოლომდე არ დაემორჩილა საგანგებო მდგომარეობას, მაშინ საბოლოოდ შეილახება არა მარტო მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრ გახარიას ავტორიტეტი, რომელიც სწორედ მისი „ძლიერი ხელის“ მითოსზე დგას, არამედ სახელმწიფოს ავტორიტეტი. ამ ძლიერი ხელით სახელმწიფო დაუნანებლად ესროდა რეზინის ტყვიებს საკუთარ მოქალაქეებს და ამას სახელმწიფო გადატრიალების გამოგონილი საფრთხით ამართლებდა. ახლა სახელმწიფო გადატრიალება „ჩუმად ხდება“ საპატრიარქოში. საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათისთვის დაუმორჩილებლობა არის და იქნება საქართველოს სახელმწიფოსათვის და მისი ავტორიტეტისათვის უძლიერესი დარტყმა და იმის აღიარება, რომ საქართველოში არსებობს ადგილები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. და ეს ადგილი არის არა პანკისის ველი, როგორც ეს იყო მაგალითად, გვიანი შევარდნაძის მმართველობის დროს, არამედ თბილისის ცენტრში უდევს ბინა. დღევანდელი პანკისი საპატრიარქოა.

სწორედ პანკისის მაგალითი გვიჩვენებს, როგორი განსხვავებულია სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიის მიმართ საქართველოში: პანკისში სახელმწიფო „სპეცნაზის“ ენაზე ლაპარაკობს, საპატრიარქოს კი უბატონოდ ვერ სცემს ხმას.

საქართველო დღეს დგას იმ დილემის წინაშე, რომელზეც ლაპარაკობდა გერმანელი სამართალმცოდნე ბიოკენფიორდე: რელიგიური ორგანიზაცია რელიგიის თავისუფლებაზე დაყრდნობით არა თუ საშიშროებას უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არამედ ძირს უთხრის სახელმწიფოს სამართალწესრიგს, უკონტროლობის და ამ უკონტროლობის დაუსჯელობის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო „ვალდებულია დააწესოს ზღუდეები“, რომლებიც სამართლებრივ წესრიგს დაიცავს.

საპატრიარქოსთვის დათმობა ასევე წარმოუდგენია, როგორც ავტორიტეტის დაკარგვა, მაგრამ ეს წარმოდგენა არასწორია, რადგანაც საპატრიარქოს შეიძლება ეგონოს, რომ მისი ავტორიტეტი მყარდება იმით, თუ ის სახელმწიფოს, მძევლად აყვანილი მორწმუნეების მეშვეობით ხელს გადაუგრეხს. საპატრიარქო დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ისე არ მოიქცევა, როგორც მოიქცა ისრაელი - სადაც ულტრაორთოდოქსების მსახურება სახელმწიფომ ძალით გააჩერა. მიუხედავად რელიგიის მნიშვნელობისა ისრაელისათვის, ულტრაორთოდოქსთა ჯგუფები იქ მაინც უმცირესობაში არიან და მთავრობას, ამ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფოს უჭერს მხარს. საპატრიარქო დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ვერ გაბედავს - „ამას ხომ „ნაცები“ აკეთებდნენ. სინამდვილეში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპატრიარქომ მართლაც თავისას გაიტანს სახელმწიფოსთან- სინამდვილეში კი საქართველოს მოქალაქეებთან კონფლიქტში, ეს მისი ავტორიტეტს კიდევ უფრო შეამცირებს და გაამყარებს მისი ავტორიტეტის ვარდნის ტენდენციას, რომელიც „ციანიდის საქმის“ შემდეგ დაიწყო. ავტორიტეტის „ფიზიკიდან“ გამომდინარე მისი ძალა მის პოტენციურ და არა მის კინეტიკურ ენერგიაშია.

არ მგონია, რომ სახელმწიფო საპატრიარქოსთან დაპირისპირებაში ძალას გამოიყენებს. არც საპატრიარქოს კეთილგონიერების იმედი მაქვს. მას უკვე გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ნების გატანა საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე.

ამ სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემის იქით საკითხი კიდევ უფრო რთულია: მთავრობის და საპატრიარქოს ავტორიტეტების ჭიდილში ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. სახელმწიფო გაჭირვებით ახერხებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, ოღონდ ვერ ახერხებს მათი სოციალურ დაცვას. სახელმწიფოს გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება უწევს იმიტომ, რომ ვერ ახერხებს საპატრიარქოსთან მოლაპარაკებას, ვერც საპატრიარქოს დამორჩილებას. ამ შეზღუდვების გამო კი უკვე ზარალდებიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და შემოსავალი. არც კი მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელების შემთხვევაში.​

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG