Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 აპრილი. See content from before

კვირა, 12 აპრილი 2020

ბზობას გილოცავთ ვარლამ შალამოვის მოთხრობით "ჯვარი". მსოფლიო ლიტერატურაში სულ თითებზე იქნება ჩამოსათვლელი მოთხრობები რწმენაზე - აგიოგრაფიულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ, თუმცა ეს მოთხრობები შეიძლება აგიოგრაფიულ ლიტერატურას, წმინდანებსა და მოწამეებზე ლიტერატურის სპეციალურ ჟანრსაც აჭარბებდეს რაღაცასთან მიახლოებით, რაც სიტყვით ძალიან ძნელი გამოსათქმელია. ჩვეულებრივი გაგებით, რწმენის ეს უკიდურესი გამოცდილება შეიძლება ვიღაცას "მკრეხელობადაც" მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვანაირად ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. ერთი ასეთი მოთხრობაა ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის, "პორტუგალიელი ქალი" (მუზილის "სამი ქალის" დანარჩენი ორი მოთხრობაც, "გრიჯია" და "ტონკაც", შეგვიძლია აქვე ვახსენოთ და, ასევე, მუზილისავე "შაშვიც"). ასეთი მოხრობაა შალამოვის "ჯვარი" (1959).

ვარლამ შალამოვს ისეთი ცხოვრება ჰქონდა, რომ სიტყვა "მძიმეც" კი მასთან შედარებით მსუბუქი იქნება. შალამოვი 20-იან წლებში წავიდა სასწავლებლად ვოლოგდიდან მოსკოვში, იქ კი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორი მაშინ იყო ვიშინსკი, რომელმაც არა მარტო ის მოახერხა, როგორც პროკურორი და მოსამართლე, ყველა დადგმული პროცესის "ვარსკვლავი“ ყოფილიყო და, პარტიიდან დაწყებული და ბერიათი დამთავრებული, ყველა “ხალხის მტერი” გაესამართლებინა, თვითონ კი ცოცხალი გადარჩენილიყო, არამედ ისიც, რომ დაამკვიდრა იურისპრუდენციის ისტორიაში სრულიად უნიკალური სტილი: ის ბრალს სდებდა არა ჩვენებებისა და მტკიცებულებების მეშვეობით, არამედ შეურაცხყოფით. შეურაცხყოფდა, დასცინოდა და ამცირებდა ბრალდებულებს. "სამართლის" ეს სტილი დღემდეა ცოცხალი არა მარტო ქართულ პროკურატურასა და მართლმსაჯულებაში, არამედ ჩვენს ყოველდღიურობაშიც. საკმარისია მოისმინოთ "დებატები" ტელევიზიასა ან სოციალურ ქსელებში.

მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც სტალინური დიქტატურის პერიოდში "ტროცკიზმისთვის" გასამართლდნენ, შალამოვი, ალბათ, იმ თითებზე ჩამოსათვლელთა შორის იყო, ვინც მართლა "ტროცკისტი" იყო. პირველად ის დააპატიმრეს 1929 წლის 19 თებერვალს ლენინის ანდერძის გავრცელებისათვის. 1931 წელს გათავისუფლებული შალამოვი ხელმეორედ დაიჭირეს 1937 წელს. გულაგის სისტემაში ის 1951 წლამდე დარჩა. გულაგი - შალამოვის თქმით, აბსოლუტურად ნეგატიური გამოცდილება, რომელიც გამგონისათვისაც კი მძიმედ ტრავმულია - მისი მოთხრობების მთავარი თემაა. "კოლიმის მოთხრობებს" მკითხველი "გულგრილად" ვერაფრით წაიკითხავს - ისე, რომ წიგნი გვერდზე გადადოს და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს.

გულაგზე წერისას შალამოვი ამბობდა, ყველაზე გამძლეები გულაგში მორწმუნეები და ამ მორწმუნეებიდან „სტაროვერები“ იყვნენო. ოღონდ რა იყო შალამოვისთვის რწმენა? რწმენაზე შალამოვს დაწერილი აქვს შესანიშნავი მოთხრობა "ჯვარი". „ჯვარი“ "ავტობიოგრაფიული" მოთხრობაა იმ გაგებით, რომ იქ ის თავისი მამის ისტორიას ჰყვება და რომ ამ მოთხრობის მთავარი ეპიზოდი "მართლა მოხდა", ოღონდ მოხდა არა მაშინ, როდესაც ეს მოთხრობაში ხდება, არამედ როდესაც შალამოვი უკვე პირველ სასჯელს იხდიდა ვიშერას ბანაკში.

შალამოვს კიდევ ერთი "ფსევდოდოკუმენტური" მოთხრობა აქვს: "შერი-ბრენდი", რომელიც ოსიპ მანდელშტამის, შალამოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოეტისა და ადამიანის, შიმშილით სიკვდილზეა. თავის თეორიულ ესეში "პროზის შესახებ“ შალამოვი წერს, რომ ავტორმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გადმოსცა, რა შეიძლებოდა ეგრძნო ან ეფიქრა მანდელშტამს სიკვდილის წინ, გამოეხატა ის დიდებული თანასწორობა დიდ პოეზიასა და პურის ნაჭერს შორის, ის დიდებული სიმშვიდე და გულგრილობა, რომელსაც ადამიანს ანიჭებს შიმშილისგან სიკვდილი და რომელიც მას განასხვავებს "ინფექციური" და "ქირურგიული" სიკვდილისაგან.

"ჯვარიც" ისეთივე მოთხრობაა, როგორიც "შერი- ბრენდი". მას ავტორის განსაკუთრებული გამოცდილება ("შერი-ბრენდის" შემთხვევაში ეს სიკვდილია, "ჯვარის" შემთხვევაში კი - რწმენის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც სრულიად შეუძლებელია რწმენის შენარჩუნება) გადააქვს სხვა პერსონაჟებზე: ეს შალამოვის ავტობიოგრაფიული პროზის სპეციფიკური მახასიათებელია და სწორედ ამიტომაცაა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი. თუ პოეზიის ფიგურა შალამოვისათვის ოსიპ მანდელშტამია, რწმენის ფიგურა მისთვის მამამისი, ვოლოგდელი მღვდელი ტიხონ შალამოვია.

მოთხრობის ამბავი საბჭოთა ათეიზმის წარმატებული კამპანიის შემდეგ ხდება. შალამოვი მწარედ წერს, 1928 წლამდე მღვდელს ყველა „მამაოს“ ეძახდა და 1928 წლის მერე აღარო. მღვდელი ბებერია და ბრმა, ის ცხოვრობს ავადმყოფ ცოლთან ერთად და მისი ერთადერთი მარჩენალი სამი თხაა - სამივეს სახელი ვიცით: მაშკა, ელა და ტონია.

თხების სახელები ვიცით, შვილებისა კი არა. ოთხი შვილიდან შუათანის - საყვარელი და თითქოს ერთადერთი შვილის - დაღუპვის შემდეგ მღვდელი დაბრმავდება. ის აჭმევს თხებს, წველის და ალაგებს მათ პატარა გომურს, ესაა, როგორც შალამოვი წერს, "თავგანწირული და არასაჭირო" სამუშაო, რომელიც მღვდელს ეხმარება თავი დაიმკვიდროს ახალ ცხოვრებაში - მას არ უნდა არავისზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის არც თავის შვილებსა და საზოგადოებაზე.

მღვდლის შრომა, ერთი შეხედვით, "უაზრო” იმის გამოცაა, რომ თხების შენახვა მას უფრო მეტი უჯდება, ვიდრე გაყიდული რძისგან მიღებული შემოსავალია. თხებისთვის საჭირო საჭმელს ექსპროპრიირებული მღვდელი ყიდულობს გაყიდული თხის რძით - ის და მისი ცოლი დღეში ორ ჭიქა რძეს სვამენ და ფაფით ირჩენენ თავს. შალამოვის მოთხრობაში წერია, რომ ადამიანებს ცხოველებზე ბევრად ნაკლები საჭმელი სჭირდებათ. ეს უარყოფითი, წამგებიანი საქმიანობა იმით დამთავრდება, რომ მღვდელს ცხოველების საკვები ფული დაუმთავრდება.

აი, აქ იწყება მოთხრობის ყველაზე დრამატული ეპიზოდი. მღვდელი გამოიღებს ოქროს ჯვარს, ერთადერთ ძვირფას ნივთს, რომელიც ექსპროპრიაციას გადაურჩა. ეს ნივთი ძვირფასი, პირველ რიგში, მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამოა და მხოლოდ ამის შემდეგ იმის გამო, რომ ოქროსია. ჯვარი მღვდელს გასაყიდად უნდა, ოღონდ ჯვრის "საგნობრიობის" ხაზის გასასმელად უბრალოდ გაყიდვა საკმარისი არაა. გაყიდვამდე ბრმა მღვდელი ჯვარს ცულით დაამტვრევს. ცოლი ეხვეწება, ჰგონია, რომ ქმარი გაგიჟდა. მღველი კი არ იშლის. „მოიტანე“, ეუბნება მღვდელი და ამბობს მღვდლისათვის გასაოცარ რაღაცას:

"განა ამაშია ღმერთი?"

მღვდელი ოქროს გასაყიდად "ტორგსინში" მიდის - ორგანიზაციაში, რომლის მეშვეობითაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოსახლეობას ასეულობით მილიონი ადამიანს წაართვა: იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა.

„ტორგსინი“ რა სახსენებელია, მაგრამ შალამოვის მოთხრობა თითქმის ბიბლიურ ძალას იძენს. ყველაზე მეტად შალამოვის მოთხრობა ჰგავს ისაკის მსხვერპლშეწირვის შემობრუნებულ ამბავს. ამ ამბით (ოდისევსის ჭრილობის სცენასთან ერთად) ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოლოგი ერიხ აუერბახი იწყებს ევროპული რეალისტური ლიტერატურის ტრადიციას თავის შესანიშნავ წიგნში "მიმეზისი".

შალამოვის მოთხრობაში ყველაფერი შემობრუნებულია: მღვდელი სწირავს მსხვერპლად ჯვარს, ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოს, მისი მღვდლობის სიმბოლოს, თხებს. თხების გადასარჩენად, თხების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ის ჯვარს ამტვრევს. მღვდლის სიბრმავე - ევროპული ლიტერატურისა და ბიბლიისთვისაც, ტრადიციულად - მისი ცოდნის მანიშნებელია. ეს ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. ჩვენ შეიძლება თვალით რაღაცას ვხედავდეთ, მაგრამ ვერ ვხედავდეთ რაღაც დაფარულ სიმართლეს, რომელსაც ხედავს ბრმა მღვდელი.

რას ხედავს ბრმა მღვდელი? შალამოვის მოთხრობას ხშირად კითხულობენ, როგორც მოთხრობას რწმენის დაკარგვის შესახებ. სინამდვილეში ესაა მოთხრობა რწმენის შესახებ. მღვდელი არ მბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, ან მოკვდა, ან თვითონ კლავს ღმერთს. ის ამბობს, რომ ღმერთი ჯვარში არ არის. ესე იგი სხვაგანაა. ის ხედავს, რომ ჯვარი არის საგანი, რომ "მასში ღმერთი არაა". ჯვარი, ქრისტიანული რიტუალის თითქოს ყველაზე საკრალური საგანი, უბრალო ფეტიშია, ანუ საგანი, რომელსაც მიენიჭება თვისებები, რომელიც მას, როგორც საგანს, არ გააჩნია. მაგრამ ის, რომ მღვდელი ჯვარს ფეტიშად მიიჩნევს, უბრალო ოქროდ, ანუ ფეტიშისა და ურწმუნობის ყველაზე “დაბალ” სიმბოლოდ, ბიბლიური თვალსაზრისითაც (გავიხსენოთ „ოქროს ხბოს“ ამბავი) არ ნიშნავს იმას, რომ მღვდელმა რწმენა დაკარგა. პირიქით, ბრმა მღვდელი ბევრად უფრო ახლოსაა რწმენასთან, ვიდრე ყველა, ვინც რწმენას გარეგნულ ფორმებში ხედავს. მღვდლისთვის ღმერთი, რომელიც არაა ჯვარში, ისეთ ადგილასაა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძნელად წარმოსადგენია. კაცმა რომ თქვას, ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ქრისტიანობის ისტორია და ქრისტიანული წელთაღრიცხვაც სწორედ იქ იწყება: გომურში. 3 ცოცხალი თხა, მათი სიცოცხლე, რომელიც, მღვდელს, კაცმა რომ თქვას, საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კი არ სჭირდება, არამედ სიმბოლოა მისი გაქცეული და დაბნეული სამწყსოსი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მკვდარი საგანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი სიცოცხლე, გინდაც ეს იყოს თხისა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მკვდარი საგანი, გინდაც ის იყოს ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ქრისტიანული რწმენა რომ ესაა, იცის შალამოვის ბრმა მღვდელმა და არ იცის დღევანდელმა ქართულმა სამღვდელოებამ.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ და წერენ იმაზე, თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო; განიხილავენ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ღირებულებით ცვლილებებს, თუმცა რეალურად რაც შეიცვლება, სულ სხვაგან უნდა დავინახოთ. არსებითად, ეს ცვლილება პანდემიით არ დაწყებულა, არც ახალია. უბრალოდ, ამ ცვლილების აღქმის ხარისხი შეიცვალა და დაჩქარდა გეომეტრიულად.

გაუთვითცნობიერებელი, მოვლენებისადმი სხვადასხვა პარადიგმიდან მომზირალი ადამიანების უმრავლესობა შეშფოთებულია ტექნოლოგიური ცვლილებებით, ტოტალური კონტროლის შეთქმულებითი თუ რეალური თეორიებით 5G-დან, ე.წ. ჩიპებიდან რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტამდე. ბევრი ამბობს, რომ მათ არ უნდათ „კონტროლი“, თუმცა პარადოქსული სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა ამ კონტროლის განხორციელების საშუალებას უკვე თავად იძლევა, არაერთი წელია. სოციალურ ქსელებში ადამიანები ნებაყოფლობით ავრცელებენ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, დაწყებული პირადი ცხოვრებიდან, დასრულებული თავიანთი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებით, თავიანთი ინტერესების ფიქსაციით კონკრეტული პროდუქტების, რეკლამების, პარტიების, ინსტიტუციების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ სახის მონაცემების ჩათვლითაც კი. თავისთავად სიტყვა „კონტროლი“, ბევრს ვერც გაუცნობიერებია, რას ნიშნავს. არც იმის აღქმაა სრულფასოვანი დღევანდელ სამყაროში, რისი ან ვისი კონტროლია საჭირო, ან არის თუ არა საჭირო, ან სჭირდება თუ არა ვინმეს ის იმ სახით, როგორც ამაზე დღეს ბევრი ლაპარაკობს.

აქ მთავარი სიტყვა სწორედ „მონაცემია“. სწორედ „მონაცემია“ მთავარი საკონტროლო საშუალებაც და ინტერესიც და არა ადამიანის ფიზიკური ან სხვა ცხოვრებისეული მოქმედებები. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავრელიუსის პარადიგმა „ცხოვრება ბუნების თანახმად“ იცვლება პარადიგმით „ცხოვრება მონაცემის თანახმად“. დღეს „მონაცემი“, ფაქტობრივად, გახდა ვალუტა. არა დოლარი, ფუნტი, ევრო ან ლარი, არამედ სწორედ „მონაცემია“ მთავარი გლობალური პროდუქტი, რომელშიც ფულს იხდიან. ამის მაგალითები უკვე გვაქვს: „ამაზონის“ 25-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი 3D საკუთარი სხეულის სკანისთვის, ფეისბუკის 20-დოლარიანი ყოველთვიური გადახდა თინეიჯერებისთვის პრივატული ქსელის დასაფუძნებლად, რაც მათ ტელეფონებზე სრულ წვდომას აძლევს კომპანიას, ან 5-დოლარიანი შეთავაზება ხმოვანი სიგნალების ჩასაწერად და ა. შ. ეს ყველაფერი „მონაცემის“ აკუმულაციას ემსახურება, ხოლო კრიპტოვალუტის გამომუშავება სხვადასხვა საშუალებებით უკვე ფართოდ დანერგილი ინდუსტრიაა.

ვნახოთ, რა საჭიროა ეს მონაცემები და როგორ გახდა ის ვალუტა. პირველ რიგში, ეს მონაცემები საჭიროა მარკეტინგული და სარეკლამო ინფორმაციის დასამუშავებლად. ხშირად შეგვიმჩნევია, თუ როგორ სინქრონიზებულად ხდება ერთია და იმავე სახის ინფორმაციის შემოთავაზება სხვადასხვა პლატფორმებზე, როდესაც მას ერთ-ერთ მათგანზე, მაგალითად, „გუგლის“ ძებნაში მოვიძიებთ. იმავე სახის ინფორმაცია ამის შემდეგ გვიჩნდება ეკრანზე ინსტაგრამზე, ფეისბუკზე, სხვა პლატფორმებზე. ეს არის სინქრონიზებული მარკეტინგული ალგორითმი. მეორე, სწორედ ეს ალგორითმი ითხოვს საკვებს, ეს საკვები კი არის „მონაცემი“. ჩინეთის გრანდიოზული, ტოტალური სწრაფვა ტექნოლოგიური დომინაციისკენ არა მხოლოდ მასშტაბურ, ათობით მილიარდიან დოტაციებს ემყარება, არამედ იმას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზარია თავისი 1.4-მილიარდიანი მოსახლეობით. სწორედ ეს მოსახლეობა ქმნის მონაცემს მუდმივ რეჟიმში, სმარტფონების, სოცქსელებისა თუ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. ეს მონაცემები კი კვებავს ალგორითმებს, რომელთა წარმატებული და ეფექტიანი მოქმედება მონაცემთა სიმრავლეს ემყარება. ასე „კეთდება“ დიდი ფული გლობალური კერძო თუ სახელმწიფო აქტორების მიერ. ამას გარდა, ეს მონაცემები არის მთავარი წყარო ალგორითმების განვითარების: რაც მეტია მონაცემები, მით უკეთესია გადაწყვეტა, მით ზუსტია დიაგნოზი, მით სწრაფია რეაგირების მექანიზმი და, რაც მთავარია, მით ეფექტურია პრევენცია, გათვლადობა და წამალიც კი.

შესაბამისად, მონაცემს აქვს ფასი. მეტიც, ის უკვე თავად არის ვალუტა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორი, მურატ სომნეზი, უკვე გამოვიდა ინიციატივით „მონაცემს“ მიენიჭოს პროდუქტის დეფინიცია, სტატუსი - არა იმ სახით, როგორც ბირჟებზე არსებული პროდუქტების, ნავთობის ბაზრები ან ვალუტები, არამედ როგორც გადახდის საშუალება მონაცემთა შემქმნელისათვის. და მართლაც, თუ ფეისბუკი, გუგლი და სხვა გლობალური კომპანიები ჩვენი მონაცემებით შოულობენ მილიარდობით თანხებს, რატომ არ უნდა მივიღოთ ამაში ჩვენ, მომხმარებლებმა, ანაზღაურება?! ეს სწორედ ის ექსპონენციურად მზარდი ტენდენციაა, რომელიც უკვე დგას და მხოლოდ მოგვარების, აღიარების მექანიზმს ელოდება. რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, და სწორედ აქ დგება საკითხი შემდეგნაირად:

  • ექნება თუ არა იმ ადამიანს ღირებულებითი დატვირთვა ახალ მსოფლიო ბაზარზე, რომელიც არ ქმნის მონაცემს, დიჯიტალიზებულ სამყაროში შეძლებს თუ არა ადამიანი ისეთი პროდუქტის შექმნას, რომელიც გაიყიდება? მონაცემიც, ისევე როგორც სხვა პროდუქცია, ძველდება. 1990 წლის მერსედეს S კლასი, ვეღარ შეედრება ბრაბუსს. ამიტომაც, არსებული მონაცემები, რომელსაც ახლა ნებაყოფლობით ვაგენერირებთ, აღმოჩნდება არასაკმარისი. საბოლოოდ, მარკეტინგული, გემოვნებითი ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილებაზე არის დამყარებული, გაჯერდება და გლობალური აქტორები, ვისაც მონაცემში ფულის გადახდა „უღირს“, მხოლოდ იმ ტიპის მონაცემის შესყიდვას დაიწყებენ, რომელიც ახალია, წარმოადგენს საბაზრო ღირებულებას.

სწორედ აქ მოვედით საქართველოში. აქვს კი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ცოდნა, კვალიფიკაცია და რესურსი, რომ მონაცემის შემქმნელი/მწარმოებელი გახდეს? ჯერჯერობით არა და ამ ტიპის სახელმწიფო სტრატეგიით ვერც ექნება ვერასოდეს. აქ საუბარი, სწორედაც რომ, ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი თავის გადარჩენაზეა. სოფლის მეურნეობის ეროვნული თვითგამოკვების მთავარ სტრატეგიად დასახვა აუცილებელი მოცემულობაა, თუმცა ჩაკეტილ, სრულიად იზოლირებულ ქვეყანაში ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ამიტომაც, ამ სტრატეგიას უნდა დაემატოს მეორე სახელმწიფოებრივი სტრატეგია - მასობრივად კომპიუტერული მეცნიერებების სწავლება, ხელოვნური ინტელექტის, კოდირების ცოდნის გავრცელება სასკოლო ასაკიდან და პროგრამებიდან. ეს საჭიროა მომავალ და მუდმივად მზარდ ტექნოლოგიურ ოკეანეში, რომელშიც კაცობრიობა უფრო და უფრო ეფლობა. სხვაგვარად შეუძლებელია ერი მზად იყოს ამ ყველაფრისათვის. მხოლოდ ცოდნაა გადარჩენის გასაღები.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: როგორ მოახდენს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის რეგულირებას, როდესაც საბანკო სექტორი მთლიანად ვირტუალური გახდება? როგორ დაიცავს ან სად დაიცავს სახელმწიფო მოქალაქეთა მონაცემებს, როგორ დაარეგულირებს მათზე ფასებს, ინტერესს და ა.შ.? მაგალითისთვის, გახდება საჭირო ეროვნული მონაცემთა ბანკის შექმნაც რაიმე ფორმით. დამერწმუნეთ, ეს დრო მალე მოვა.

ამიტომაც, შემდეგი სტრატეგიული ამოცანები დგას ქვეყნის წინაშე:

ა) მასობრივი და დაფინანსებული სწავლების პროგრამის შექმნა;

ბ) ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გააზრება და კონცეპტუალურ და სამართლებრივ დონეზე შემოღება;

გ) პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი პარადიგმული მიდგომის ჩამოყალიბება;

დ) საერთო ეროვნული კონსენსუსით მიღება ეროვნული სტრატეგიისა - „ციხესიმაგრე საქართველო“.

სამწუხაროა, რომ არსებულ პოლიტიკურ აქტორებს არათუ სურვილი, ამ ყველაფრის გააზრებისა და ხედვის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ. მათ ვერ გაიაზრეს და ვერც გაიაზრებდნენ, რომ პოლიტიკა უკვე არარელევანტურია. ის აღარ წარმოადგენს მსახურების ინსტრუმენტს, არამედ გადაიქცა მხოლოდ გამოყენების ინსტრუმენტად, რომ ფუნქციათა განაწილება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტორებს შორის არის სტაბილურობის, ხოლო შემდეგ უკვე განვითარების მთავარი საფუძველი. დღეს არის დრო, როდესაც ფორმულა „მოსახლეობა მთავრობას“ უნდა შეიცვალოს ფორმულით „მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი, მცოდნე ხალხი - მოსახლეობას“. ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ საქართველო ვაქციოთ „უსაფრთხო სამოთხედ“, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაცულ ქვეყნად პლანეტაზე, მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეული მოქალაქე იყოს დაცული, მათი მონაცემი იყოს დაცული, ქვეყანა იყოს დაცული და, რაც მთავარია, მართვადი მისივე მოქალაქეების მიერ. ახალი მმართველობითი პარადიგმა გარდაუვალია.

ავტორი: ლევან ბოძაშვილი,
ხელოვნური ინეტელქტისა და ახალი ტექნოლოგიების მკვლევარი, ხელოვნური ინტელექტის კომპანია „ნეირონის განვითარების“ დირექტორი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG