Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ავტორი: ნინო ევგენიძე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

დღეს ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ეპიდემიის მასშტაბის შესაფერხებლად მიღებული ეს გადაწყვეტილება, მეტ-ნაკლები სიმკაცრით, თითქმის მსგავსია მსოფლოს ქვეყნების უმრავლესობაში (იშვიათი გამონაკლისებით), თუმცა უკვე ყველა თანხმდება, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. შეზღუდვის პოლიტიკას აუცილებლად ექნება მძიმე ეკონომიკური და სოციალური - საბოლოო ჯამში კი, ადამიანური - ფასი. ამიტომ მსოფლიო ფიქრობს იმაზე, რომ ადრე თუ გვიან აუცილებელი გახდება დაავადებასთან თანაარსებობა და ამისთვის საქართველოც მზად უნდა იყოს.

ეკონომიკის თუნდაც ერთი თვით გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმაა მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ოჯახური შემოსავლებისთვის ყველაზე რთული ფულადი გზავნილების კლება და თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაა. საშუალოსტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში ფორმალური დასაქმებით მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 40 %-ია, რაც თითქოს არაა დამოკიდებულების მაღალი ხარისხი, მაგრამ გაურკვეველ ეკონომიკურ პირობებში ამ შემოსავლის სხვა რაიმე რესურსით ჩანაცვლების პერსპექტივა არ ჩანს. პროგნოზების მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები მინიმუმ 10 პროცენტით შემცირდება, რაც, დაახლოებით, 150 მილიონი აშშ დოლარია.

ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო მომსახურების სფერომ, რომლის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლებში ძალიან დიდია. მასში შედის ტურიზმი და ტრანსპორტი, ასევე ამ სფეროებთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი კვების ინდუსტრია და სხვა ტიპის მომსახურება. მხოლოდ საგარეო ტურიზმიდან შემოსავლის ყველაზე მინიმალური დანაკარგი, დაახლოებით, 2 მილიარდი, ხოლო ნეტო დანაკარგი 600-700 მილიონი იქნება - ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი სწრაფად აღდგენას მოახერხებს.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, 2019 წლის ბოლოს 2020 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, არახელსაყრელი კონიუნქტურის გამო, 5%-დან 4.5%-მდე შემცირდა. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, ნომინალური ზრდა მიუახლოვდეს ნულს, ხოლო რეალური ზრდა ნეგატიურიც კი გახდეს მკვეთრი და გადამჭრელი ჩარევის გარეშე.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის დინამიკას, ცნობილია, რომ გარკვეული შეზღუდვები (იქნება ეს ცალკეული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა თუ სხვა რამ) უკვე განახორციელეს საქართველოს ტრადიციულმა სავაჭრო პარტნიორებმა. ეს ასახვას პოვებს საქართველოში სასურსათო ბაზარსა და ეკონომიკის მოცულობაზეც. ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება რამდენად სწრაფად დაძლევენ კრიზისს საქართველოს მსხვილი, დიდი საგარეო-ეკონომიკური პარტნიორები, განსაკუთრებით კი, უშუალო მეზობლები. მხოლოდ იანვარ-მარტის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტის 6- პროცენტიანი კლება დაფიქსირდა (50 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები).

შოკის ნეგატიური ასპექტების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა ვერ მოხერხდება ამ წლის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის ლიკვიდაცია ზაფხულის დასაწყისამდე გახდება შესაძლებელი, რაც საკმაოდ ოპტიმისტური ვარაუდია, და დიდ ქვეყნებში ეკონომიკური ნორმალიზაციის ნიშნები გაჩნდება. ამიტომ ხელისუფლებამ გონივრულად უნდა გამოიყენოს დრო, სანამ ეპიდაფეთქება მომხდარა, პროპორციული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, თორემ პიკის პერიოდში ამისთვის, შესაძლოა, რესურსი აღარ ეყოს.

ერთია მოკლევადიანი სტიმულირებისა და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის სოციალური გადაწყვეტილებები, რომელთაგანაც რამდენიმე განხორციელდა და უფრო მეტი ჯერ კიდევ განსახორციელებელია - იქნება ეს სოციალური (ვაუჩერები, პირდაპირი ფინანსური დახმარება, სურსათით დახმარება და ა.შ.) თუ ეკონომიკური (მაგალითად, საგადასახადო შეღავათები და გადავადებები, დარგების სტიმულირების პაკეტები, სასურსათო უზრუნველყოფის და ა. შ.), ხოლო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების სწორად განსაზღვრა.

მოკლევადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებებიდან მნიშვნელოვანია შეზღუდვის მექანიზმების დეტალური გააზრება და ისეთი სფეროების გამოყოფა, რომელთა ამოქმედება ნაკლებ ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს გამოიწვევს. ეს ეკონომიკას ბუნებრივი მოთხოვნა-მიწოდების საშუალებით აამოძრავებს, ამის გარეშე კი ვერავითარი გარე დახმარება მას ვერ დააბალანსებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არ ჩნდებოდეს დამატებითი კითხვები ბიზნესის მიმართ არათანაბარ მიდგომასთან, მიზანშეწონილობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ამის პარალელურად კი აუცილებელია გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება.

  • მნიშნველოვანია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და, პირველ რიგში, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის დასაბალანსებელი წარმოებების ხელშეწყობა;
  • წარმოების ახალი შესაძლებლობების ძიება მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის როლის შესაძლო კლებასა და შესაბამისად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული;
  • მნიშვნელოვანია როგორც დარგობრივ, ასევე, ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების პაკეტებზე ფიქრი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ დახმარებათა პროექტების დაგეგმვა, ამ პროცესში საერთაშორისო დონორების მოზიდვაზე მუშაობა;
  • ინფრასტრუქტურული პროექტები არის და იქნება კიდევ ერთი სერიოზული შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას შეუწყოს ხელი.

ამ ყველაფერში კი, მართლაც, ძალიან მიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება გახსნილი იყოს როგორც ინფორმაციის გაცვლის, ისე დიალოგის თვალსაზრისით - პირველ რიგში, ქვეყანაში არსებულ ექსპერტულ-ანალიტიკურ წრეებთან, რადგან მისაღები იქნება ბევრი, შესაძლოა, არაპოპულარული გადაწყვეტილებაც და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებათა შედეგების გააზრებაც და საზოგადოებრივი კონსენსუსიც.

ოდესღაც, მოსეს არყოფნით დაბნეულმა ადამიანებმა, პალოს დაარჭეს ხარის თავი და მის წინაშე დაიწყეს ლოცვა, რადგან მოსეს გარეშე რწმენის რეფლექსი კი შერჩათ, მაგრამ შინაარსი დაკარგეს... უმოსეოდ, ანუ უიდეოდ, ახლა ეს ხარის თავი აღმოჩნდა მათი ღმერთი.

მორწმუნეები იყვნენ ისინიც, ვინც წმინდა ნინომდე გაცს და გაიმს, არმაზის ღვთაებებს სწირავდნენ ცოცხალ მსხვერპლს.

რწმენა ურწმუნოთა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:32 0:00
გადმოწერა

ისიც რწმენაა, როცა ღმერთად და მეფედ მიიჩნევენ იმ მდუმარე კაცს, დრო და დრო დამპალ პომიდორს რომ ესვრის თავის მრევლს და ასანთის ღერებს ურიგებს სადარბაზოში "ვარდს გაეფურჩქნა კოკორის" სიმღერის ფონზე.

რწმენაა ისიც, როცა გჯერა, რომ ერთი ფილმის ნახვით შეიძლება მამათმავლად იქცეს ცდუნებული და ფიზიოლოგიურად მერყევი კინომაყურებელი.

რწმენაა, როცა გჯერა, რომ რომელიღაც სლავურსახელიანმა წმინდანმა, რომელსაც ისტორიულად არ უარსებია, მხოლოდ რუსეთის, საქართველოსა და, ჰა და ჰა, სერბეთის გადარჩენა იწინასწარმეტყველა, კანანიდან ახალ ზელანდიამდე კი ჭირსაც წაუღია ყველაფერიო.

რწმენაა (თუმცა მდარე პოპულიზმით აღსავსე), როცა გჯერა, რომ თუკი რომელიმე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ხარ და საჯაროდ იტყვი, რომ მაინც და მაინც ახლა უნდა ვეზიაროთ ყველა, ეს აუცილებლად მოგიტანს ასაკობრივად რისკ-ჯგუფში მყოფ ხუთპროცენტიანთა ხმებს უახლოეს (ან უშორეს) არჩევნებზე.

რწმენაა, როცა დავით აღმაშენებელს წმინდანად აღიარებ, მაგრამ ვერ ხვდები, არ იცი და დიდად არც გაინტერესებს, რა ჩაიდინა მან რუის-ურბნისის კრების შემდეგ (როცა ჯერ არა აღმაშენებელი, არამედ მხოლოდ დავით IV იყო): როცა პირდაპირი მნიშვნელობით (და რბილად რომ ვთქვათ), ტოტალური წმენდა ჩაატარა დღევანდელებზე ბევრად ღონიერ მღვდელმთავრებში...

რწმენაა, როცა საპატრიარქოს მტკიცედ სწამს, რომ სახელმწიფოში სახელმწიფო უნდა არსებობდეს მისი სახით - რომ სახელმწიფოს კანონი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს, მასზე კი - არა, ან არც ისე. და ეს რწმენა - რომ საპატრიარქო ამა თუ იმ ფორმით - აუცილებლად (!) უნდა დაუპირისპირდეს ქვეყნის ხელისუფლებას (ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში), 1991 წლიდან, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაპირისპირებიდან იღებს სათავეს.

რწმენაა, როცა მორწმუნეს სჯერა, რომ ეკლესიაში ვირუსი არ შეეყრება - თუ მიიტანს საიდანმე, თორემ იქ არა.

რწმენაა, როცა რომელიმე ეპისკოპოსს ღრმად სწამს, რომ თუკი ახლა სახელმწიფოს ან „ეკლესიის მტრებს“ დაუთმობს თავის არაერთჯერად კოვზებს, ძალაუფლება შეუსუსტდება.

რწმენაა, როცა მღვდლისგან ისეთ პასუხს ითხოვს მორწმუნე, როგორიც მის ცრურწმენას სჭირდება და არა რწმენას. მაგალითად, თუნდაც ასეთს (ჩემთვის დაუვიწყარს): "მამაო, სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა თუ შეიძლება?" და შვიდმაგი ვაი იმ მამაოს, ვინც დაუფიქრებლად ეტყვის, რომ ნაჭუჭი ნაგავში უნდა ჩაყაროს, რადგან მაშინ ასეთი მორწმუნე მას ცრუ-მამაოდ ჩათვლის და მეორედ აღარც კი მივა მასთან, ამიტომ ძალაუფლების მძევალმა მოძღვარმა პასუხად საჩქაროდ უნდა მოუფიქროს რაიმე მჩხიბავური ფოკუსი: "ნაჭუჭი მიწაში დაფლე, მერმე მიწას დააფურთხე, კისერზე შეიზილე და ვინეგრეტი არ ჭამო 43 დღის განმავლობაში".

რწმენაა ისიც, როცა თავს მორწმუნედ მიიჩნევ, მაგრამ იმის სიტყვების კი არ გწამს, ვინც ამბობს, რომ "ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა შაბათი და არა ადამიანი შაბათისათვის (ფორმალური, გარეგანი წესისთვის ანუ)". არ გწამს და არ გესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ის კი იცი, რომ სათნო მორწმუნე ხარ.

და რწმენაა ისიც, როცა გჯერა, რომ შენ შენი წესები გაქვს და კანონი კი მხოლოდ სხვებისთვის არსებობს... ჰოდა, ვინც კანონს იცავს, ის ურწმუნო ყოფილა და თუნდაც დაიღუპოს, ეს შენ არ გაღელვებს, რადგან შენ ჯიუტად, ისევ და ისევ რეფლექსის კარნახით ილოცებ პალოზე დარჭობილი ხარის თავის წინ!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG