აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანის სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა, ევროპელი ლიდერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. და ახლა ისინი წვალობენ, ცდილობენ ერთიანობის რაიმე, თუნდაც ნებისმიერი, ნიშანი აჩვენონ.
6 იანვარს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა ბრიუსელში. ელჩების დონეზე ჩატარებულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავმჯდომარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ის დაჟინებით უსვამდა ხაზს, რომ ნატო მზად არის გააგრძელოს წვრთნების მისია ერაყში „როგორც კი ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას“.
მისია შეწყდა სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჯარისკაცები ამ დროისთვის ბაზაზე, ბარაკებში რჩებიან. თუმცა, როგორც ბრიუსელში ჩემმა წყარომ გამანდო, სულ მალე ნატოს ჯარებს ერაყის დატოვება მოუწიოთ უსაფრთხოების საბაბით, განსაკუთრებით ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც პარლამენტარებმა 173 ხმით ნულის წინააღმდეგ მისცეს ხმა ქვეყნიდან უცხო ჯარების გაყვანას.
სტოლტენბერგი იძულებული იყო უარეყო განხეთქილება აშშ-სა და მოკავშირეებს შორის. მან არ გასცა პასუხი კითხვაზე, გააკრიტიკეს თუ არა შეხვედრისას ამერიკის გადაწყვეტილება, მოეკლა ირანის მთავარი სამხედრო პირი. სტოლტენბერგმა ამ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ყველა მოკავშირე წლების განმავლობაში გამოხატავდა შეშფოთებას ირანის მადესტაბილიზებელი მოქმედებების გამო ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ“ და ასევე მათ აშფოთებდათ ირანის სარაკეტო გამოცდები და სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერა. სტოლტენბერგმა ასევე დაამატა, ყველა თანხმდება, ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის და ირანმა თავი უნდა შეიკავოს მორიგი ძალადობისა და პროვოკაციებისგანო.
და სანამ ნატოში, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები მაინც ვაშინგტონის ნების მიხედვით იძერწება, ბრიუსელის მეორე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ევროკავშირს, როგორც ჩანს უფრო უჭირს ერთიანი პოზიციის შემუშავება.
უმეტესობა დიპლომატებისა, ვისაც ვესაუბრე, გაოგნებული იყო ბოლო ესკალაციით. დასავლეთევროპული ქვეყნის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მითხრა: „უმეტესობა ვფიქრობთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი სულ მცირე დაუფიქრებელია, თუ არა სრული სიგიჟე, მაგრამ ხმამაღლა ამას, ცხადია, ვერ ვიტყვით“. ამის მაგივრად მთავარი მანტრა აქ, ბრიუსელში, უცვლელი რჩება: დეესკალაცია და დიალოგი. ეს არის ის, რაზედაც 28 ქვეყანა ამ დროისთვის შეთანხმებას ახერხებს იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ყველას სურს ირანთან ბირთვული ხელშეკრულების (JCPOA) შენარჩუნება - ნებისმიერ ფასად. ევროკავშირის წევრების უმეტესობას სურს შესაძლო ტრანსატლანტიკური უთანხმოებისა და ევროკავშირის შიგნით განხეთქილების მნიშვნელობის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ ვაშინგტონთან დაახლოებას, ნაწილი კი - დისტანციის შენარჩუნებას.
ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა უკვე მკაფიოდ მიუთითეს, რომ ისინი მხარს უჭერენ მათ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, მის უფლებას, დაიცვას თავი და ისინი დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც, შესაძლოა მათი განცხადებები დიპლომატიურად ჟღერდეს, მაგრამ იმასვე ფიქრობენ.
ევროკავშირის ელჩები 7 იანვარს განიხილავენ ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა გამართულიყო; არ გამორიცხავენ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი, შესაძლოა ასევე ჩამოვიდეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეპ ბორელის მოწვევით. ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ახლა ირანის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მოწვევას. მე როგორც მესმის, ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.“
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ეთანხმებიან ზარიფის ბრიუსელში ჩამოსვლას, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა, მრავლისმთქმელია, რომ ბორელის ორივე განცხადება ამ თემაზე „მხოლოდ მისი სახელითაა და არა მთლიანად ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით“. ეს აჩვენებს ევროპის დედაქალაქებს შორის პოტენციურ აზრთა სხვაობას, რაც, როგორც ჩემი მოსაუბრე მარწმუნებს, საკმაოდ ღრმაა.
რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, ეს განცხადება 6 იანვარს შუადღეს გამოქვეყნდა, მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გეგმავდა განცხადების გაკეთებას ვითარებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ლაიენის განცხადება აღარ გამოქვეყნებულა. როგორც წყარო მეუბნება, ბორელი განაწყენებული იყო ბოსის სურვილით, გადაეფარა მისი აქტიურობა. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო ერთობლივ განცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შიშს, რაც ბევრ ჩემს მოსაუბრეს ჰქონდა: ბრიუსელი კიდევ ერთხელ გამოუშვებს განცხადებას განცხადებაზე, მაშინ როდესაც რეალური მოთამაშეები გადაწყვეტილებებს მიიღებენ.