ფეისბუკმა შემახსენა, რომ წლების წინ, როცა „ოცნება ჯერ ისევ ოცნებობდა“, ნახევრად ხუმრობით, დამიწერია:
„ღმერთო, ან "ოცნებას" მიეცი კომპეტენცია ან "ნაციონალებს" - რეიტინგი, თორე ცოდო ვართ, აღარ შეგვიძლიან!“
ალბათ, რამე პროცედურული ან სამართლებრივი დავა იყო გამოუცდელ, მაგრამ რეიტინგიან „ქართულ ოცნებასა“ და გამოცდილ, მაგრამ ურეიტინგო „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის... კონკრეტულ მიზეზს, ალბათ, არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ მაშინ „ოცნება ჯერ ისევ ოცნებობდა“, ანუ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხოთ, „მოჭარბებული ნდობა“ ჰქონდა და გადაწყვეტილებების მიღების ან ოპონენტებთან დავის დროს, როგორც წესი, ამ „მოჭარბებული ნდობით“ გაჰქონდა თავისი.
რაც „ქართულ ოცნებაზე“ ვთქვით, ის ზედმიწევნით ესადაგება ბიძინა ივანიშვილსაც. სწორედ „მოჭარბებული ნდობის“ წყალობით იყო, რომ მისი ყველა დაპირება დაიჯერეს.
როცა „მოჭარბებული ნდობა“ გაქვს, საერთოდ არ გჭირდება არგუმენტები (ცოდნა-კომპეტენცია) ოპონენტებთან დავის დროს: შეგიძლია მიაწვე და... როგორც შენ იტყვი, ისე იქნება!
ასე იყო „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირველ წლებში. „იქნებ დედა შეაგინა?!“ - ალბათ გახსოვთ, ასეთი არგუმენტი საკმარისი იყო ოპონენტებზე ფიზიკური ძალადობის გასამართლებლად.
რის თქმა შეიძლება 7 წლის შემდეგ? შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება, მიეცა ერთისთვის კომპეტენცია ან მეორისთვის რეიტინგი?
ბიძინა ივანიშვილმა 7 წლიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 6 წელი გააცდინა, მხოლოდ 1 წლისა და 1 თვის განმავლობაში იმუშავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა, ცხადია, რაღაც გამოცდილება და, შესაბამისად, კომპეტენცია, ქვეყნის ირიბად მართვაში, ალბათ, მაინც დააგროვა, მაგრამ სამაგიეროდ დაუვარდა რეიტინგი. NDI-ის უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი (26%) ბევრად მაღალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისა - 17%.
ისე, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, თურმე კრივშიც ასე ხდება: თავიდან ძალა და სისწრაფე გაქვს, მაგრამ არ გაქვს ცოდნა და გამოცდილება, წლების შემდეგ კი გიგროვდება ცოდნა-გამოცდილება, მაგრამ დაკარგული გაქვს ძალა და სისწრაფე, თუმცა, ცხადია, უბრძოლველად წასვლა არავის უნდა, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს და, ბუნებრივია, არც მიხეილ სააკაშვილს, რომლებსაც ერთმანეთთან მრავალრაუნდიანი ბრძოლების გამოცდილება აქვთ და, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთის ჟინი სჭირთ.
მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს საქართველოში დაბრუნება და აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში, ქვეყნის მართვაში... აგერ, 19 იანვარს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასაც შეახსენა, რომ Edison research-ის გამოკითხვის მიხედვით, ხალხის 60%-ს სურს ჩემი დაბრუნება საქართველოშიო.
რომ დაბრუნდეს, დაიჭერენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, თუ როგორი სახელგატეხილია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, როგორი მდიდარი პრაქტიკა გვაქვს შერჩევითი სამართლისა. NDI-ის მიხედვით, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს! ეჭვი მაქვს, ამ 69%-ის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად გასამართლება არა იმდენად კანონის უზენაესობის გამომხატველია, რამდენადაც მისი პოლიტიკური რინგიდან გაძევების, დისკვალიფიკაციის სურვილისა, არადა, სააკაშვილის სურვილია, ავიდეს რინგზე (დაბრუნდეს საქართველოში) და დაამარცხოს ივანიშვილი (მოიგოს არჩევნები), ივანიშვილსაც უნდა სააკაშვილის კიდევ ერთხელ დამარცხება (არჩევნების მოგება), მაგრამ ისე, რომ მოწინააღმდეგე არ გამოცხადდეს რინგზე (სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში)...
უთუოდ ასეც მოხდება: ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს აუცილებლად ვიხილავთ 2020 წლის შემოდგომაზე! სხვა ამბავია, თუ საზოგადოება შეიცვლის აზრს და სხვა, ახალი „ათლეტებით“ დაინტერესდება. რაც უნდა „მუღამიანი“ იყოს მიშას და ბიძინას პოლიტიკური კრივი, ეს მაინც ვეტერანების ბრძოლაა, რომელშიც ახალი და მოულოდნელი არაფერი მოხდება: ერთის ჩემპიონობაც ნანახი გვაქვს და მეორისაც... მაგრამ ისიც ვთქვათ: თუ მჯობნი არ გამოჩნდა, თავისითაც არავინ წავა: არც ივანიშვილი და, ცხადია, არც სააკაშვილი. მართლა ასე მუშაობს დემოკრატია.