Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 8 იანვარი. See content from before

სამშაბათი, 7 იანვარი 2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანის სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა, ევროპელი ლიდერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. და ახლა ისინი წვალობენ, ცდილობენ ერთიანობის რაიმე, თუნდაც ნებისმიერი, ნიშანი აჩვენონ.

6 იანვარს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა ბრიუსელში. ელჩების დონეზე ჩატარებულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავმჯდომარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ის დაჟინებით უსვამდა ხაზს, რომ ნატო მზად არის გააგრძელოს წვრთნების მისია ერაყში „როგორც კი ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას“.

მისია შეწყდა სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჯარისკაცები ამ დროისთვის ბაზაზე, ბარაკებში რჩებიან. თუმცა, როგორც ბრიუსელში ჩემმა წყარომ გამანდო, სულ მალე ნატოს ჯარებს ერაყის დატოვება მოუწიოთ უსაფრთხოების საბაბით, განსაკუთრებით ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც პარლამენტარებმა 173 ხმით ნულის წინააღმდეგ მისცეს ხმა ქვეყნიდან უცხო ჯარების გაყვანას.

სტოლტენბერგი იძულებული იყო უარეყო განხეთქილება აშშ-სა და მოკავშირეებს შორის. მან არ გასცა პასუხი კითხვაზე, გააკრიტიკეს თუ არა შეხვედრისას ამერიკის გადაწყვეტილება, მოეკლა ირანის მთავარი სამხედრო პირი. სტოლტენბერგმა ამ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ყველა მოკავშირე წლების განმავლობაში გამოხატავდა შეშფოთებას ირანის მადესტაბილიზებელი მოქმედებების გამო ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ“ და ასევე მათ აშფოთებდათ ირანის სარაკეტო გამოცდები და სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერა. სტოლტენბერგმა ასევე დაამატა, ყველა თანხმდება, ახალი კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის და ირანმა თავი უნდა შეიკავოს მორიგი ძალადობისა და პროვოკაციებისგანო.

და სანამ ნატოში, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები მაინც ვაშინგტონის ნების მიხედვით იძერწება, ბრიუსელის მეორე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ევროკავშირს, როგორც ჩანს უფრო უჭირს ერთიანი პოზიციის შემუშავება.

უმეტესობა დიპლომატებისა, ვისაც ვესაუბრე, გაოგნებული იყო ბოლო ესკალაციით. დასავლეთევროპული ქვეყნის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მითხრა: „უმეტესობა ვფიქრობთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი სულ მცირე დაუფიქრებელია, თუ არა სრული სიგიჟე, მაგრამ ხმამაღლა ამას, ცხადია, ვერ ვიტყვით“. ამის მაგივრად მთავარი მანტრა აქ, ბრიუსელში, უცვლელი რჩება: დეესკალაცია და დიალოგი. ეს არის ის, რაზედაც 28 ქვეყანა ამ დროისთვის შეთანხმებას ახერხებს იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ყველას სურს ირანთან ბირთვული ხელშეკრულების (JCPOA) შენარჩუნება - ნებისმიერ ფასად. ევროკავშირის წევრების უმეტესობას სურს შესაძლო ტრანსატლანტიკური უთანხმოებისა და ევროკავშირის შიგნით განხეთქილების მნიშვნელობის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ ვაშინგტონთან დაახლოებას, ნაწილი კი - დისტანციის შენარჩუნებას.

ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა უკვე მკაფიოდ მიუთითეს, რომ ისინი მხარს უჭერენ მათ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, მის უფლებას, დაიცვას თავი და ისინი დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც, შესაძლოა მათი განცხადებები დიპლომატიურად ჟღერდეს, მაგრამ იმასვე ფიქრობენ.

ევროკავშირის ელჩები 7 იანვარს განიხილავენ ამ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა გამართულიყო; არ გამორიცხავენ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი, შესაძლოა ასევე ჩამოვიდეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეპ ბორელის მოწვევით. ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ახლა ირანის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მოწვევას. მე როგორც მესმის, ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს.“

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ეთანხმებიან ზარიფის ბრიუსელში ჩამოსვლას, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა, მრავლისმთქმელია, რომ ბორელის ორივე განცხადება ამ თემაზე „მხოლოდ მისი სახელითაა და არა მთლიანად ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით“. ეს აჩვენებს ევროპის დედაქალაქებს შორის პოტენციურ აზრთა სხვაობას, რაც, როგორც ჩემი მოსაუბრე მარწმუნებს, საკმაოდ ღრმაა.

რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, ეს განცხადება 6 იანვარს შუადღეს გამოქვეყნდა, მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე გეგმავდა განცხადების გაკეთებას ვითარებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ლაიენის განცხადება აღარ გამოქვეყნებულა. როგორც წყარო მეუბნება, ბორელი განაწყენებული იყო ბოსის სურვილით, გადაეფარა მისი აქტიურობა. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო ერთობლივ განცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შიშს, რაც ბევრ ჩემს მოსაუბრეს ჰქონდა: ბრიუსელი კიდევ ერთხელ გამოუშვებს განცხადებას განცხადებაზე, მაშინ როდესაც რეალური მოთამაშეები გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

რუსეთის ოკუპაციისგან განთავისუფლება ვერ მიიღწევა აზროვნების და ხედვების დეოკუპაციის და დეკოლონიზაციის გარეშე. რადგანაც ის, თუ რა ვიცით ან რას ვხედავთ, მაგრამ უფრო მეტად კი ის, რასაც ვერ ვამჩნევთ, აძლიერებს ჩვენს კოლონიზებულ და ოკუპირებულ ყოფას. ასეთ პირობებში კი დეოკუპაციის დისკურსიდან შინაარსის მუდმივი განდევნა და მხოლოდ მიწების დაბრუნების პრობლემამდე დაყვანა საკითხს დღის წესრიგში კი ინარჩუნებს, მაგრამ ვერ გვეხმარება მნიშვნელოვანი კითხვების დასმაში. მაგალითად, თუ რატომ ვერ ამჩნევს ჩვენი საზოგადოება საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის გვარებს, რომელთა 20%-ის ოკუპაციაც თავის დროზე მოახდინა რუსეთმა?

მოდით, თავიდან დავიწყოთ. ისტორიულად თურქულენოვანი ხალხებისთვის, როგორიც არიან საქართველოს ე.წ. ეთნიკური აზერბაიჯანელები, უცხო იყო გვარის ფენომენი. გვარის მაგივრობას მამის სახელი, პროფესია ან მეტსახელი ატარებდა. იყო შემთხვევები, როცა საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი ადამიანები მოიხსენიებოდნენ მათი რეგიონის ან მხარის სახელწოდებით, როგორიც იყო ყველასთვის კარგად ნაცნობი ხუდია ბორჩალოელი. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ახალ კოლონიაში ეფექტიანი მართვის განსახორციელებლად, იმპერიამ გადაწყვიტა ზემოთ ნახსენები ხალხის ელიტისთვის და იმპერიის სტრუქტურებში დასაქმებულებისთვის გვარების „გამოგონება“. საბჭოთა ოკუპაციამ კი აღნიშნული გამოგონილი გვარები ყველასთვის სავალდებულო გახადა. რა თქმა უნდა, ცენტრიდან წამოსული ეს პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის აზრების და საჭიროებების გათვალისწინების გარეშე შესრულდა, რის შედეგადაც მივიღეთ მამედ-ოვები, ალი-ევები, ჰუსეინ-ოვები და ა.შ.

ამ საკითხის გაანალიზება შეუძლებელია საუბარში ძალის ფაქტორის შემოტანის გარეშე. ხშირად ძალა მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაციით არ შემოიფარგლება. უმეტესად ძალა წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ შენ მიერ გამოგონილი და მოყოლილი ისტორია სხვებს რეალობად მიაღებინო. რუსებმა ეს შეძლეს. მათი გამოგონილი გვარები: მამედ-ოვები, ალი-ევები, ჰუსეინ-ოვები და ა.შ. დღეს უკვე რეალობად არის გადაქცეული, არა მხოლოდ ამ ისტორიების გამომგონებლებისთვის, რუსებისთვის, არამედ ისტორიულად ამ ჯგუფთან თანაცხოვრებაში მყოფი ქართველებისა და თავად ამ ჯგუფისთვისაც.

აკადემიურ სფეროში არსებობს თეორია, internalized oppression (გაშინაგნებული, ინტერნალიზებული ჩაგვრა), რომელიც გულისხმობს, რომ ჩაგრული ჯგუფები ხშირად დომინანტი ჯგუფის მიერ მოყოლილ ისტორიას იჯერებენ, არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა და იზიარებენ მას, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ არსებულის შეცვლა. ხოლო მუდმივად კოგნიტურ დისონანსში ყოფნას (საკუთარ რეალობასა და დომინანტი ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ გამოგონილ რეალობას შორის) ურჩევნიათ მიიღონ დომინანტი ჯგუფის ვერსია. მიუხედავად ამისა, ხშირად, ჩაგვრის ინტერნალიზების პარალელურად, ხდება საკუთარი ვერსიის რომანტიზებული დამახსოვრება მითების და რიტუალების დონეზე.

იმპერიის მიერ ოკუპირებული გვარების საკითხი მართლაცდა რომანტიზებულად არის დამახსოვრებული ჩვენს თემში. ჩვენთან, ვისაც არ უნდა ელაპარაკო, თითქმის ყველას პასუხი იქნებოდა, რომ „ოვი და ევი ჩვენი გვარის ავთენტური დაბოლოება არ არის, ეს უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენს თემს ამის გაკეთების რესურსი არ აქვს“, რაც პროდასავლურ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში არასწორ დამოკიდებულებად მიმაჩნია. მიუხედავად ამისა, ძალზე საინტერესოდ მესახება დღევანდელი ქართული საზოგადოების პოზიცია, რომელიც ყველგან ებრძვის რუსულ ოკუპაციას, მაგრამ არასდროს შეუმჩნევია საკუთარი თანამოქალაქეების ეს წუხილი.

მე, რა თქმა უნდა, არ ვავალდებულებ ქართულ საზოგადოებას და სახელწიფოს, რომ თავისით დაენახათ რუსული ოკუპაციის ნიშნები ამ საკითხში. მაგრამ ის ფაქტი, რომ დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს მიუმართავს იუსტიციის სახლისთვის, საქართველოს პარლამენტისა და სხვადასხვა უწყებისთვის საკუთარი გვარიდან ოვ-ის ან ევ-ის ამოღებასთან დაკავშირებით, ხოლო ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არ ჰქონდა, მაფიქრებინებს, რომ რაღაც ძალზე არასწორად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად ამისა, დღეს ეს საკითხი უკვე ძალიან აქტუალურია ჩვენს თემში. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს და ლაპარაკობს ჩვენი გვარების დეოკუპაციაზე. მიუხედავად ამისა, რჩება ერთი გამოწვევა. რა ფორმით უნდა გავაგებინოთ ჩვენი ეს პრობლემა ჩვენს სახელწიფოს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი თემის წარმომადგენელი ვერც ერთი პარლამენტის წევრი ვერ დაწერს საკანონმდებლო ინიციატივას ამ საკითხზე. იმის გამო კი არა, რომ ეს საკითხი მათ არ აწუხებთ, არამედ იმის გამო, რომ ასეთი რამისთვის არც ცოდნა და არც თავისუფლება არ გააჩნიათ.

შედეგად, ამ პროცესში ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, თუ არა ასეთი ბლოგების თუ სოციალური მედიის სხვა რესურსების გამოყენებით უფრო ხშირად ვისაუბროთ ამ საკითხზე მანამ, სანამ არ გამოჩნდება ერთი „კეთილი და მხსნელი“ ქართველი, რომელიც ამ საკითხს მოჰკიდებს ხელს და საქართველოს კიდევ ერთხელ გაათავისუფლებს რუსული კოლონიალიზმისგან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG