Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჩვენი ცხოვრება სავსეა ყოველდღიური უძალო, უშედეგო მღელვარებით, რომელსაც წლებია კვებავს უსამართლობა, გაუტანლობა, ძალადობა, სიღარიბე და ბევრი სხვა უბედურება, რომლებსაც ჩვენ, როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე ჩვენი ერთობა - სახელმწიფოს სახით, ვერ ვუმკლავდებით. ამას ემატება ბოლო წლებში გადატანილი ომებით გამოწვეული სირთულეები: უსაშველოდ დიდი მსხვერპლი, მარცხისა და უიმედობის მუდმივი განცდა, ორჭოფობა: ჩვენი საზოგადოების ნაწილი არა თუ სამართლიანობაში, ამ ომების საჭიროებაშიც კი არ არის დარწმუნებული, ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ომების თავიდან აცილება შეიძლებოდა და ა.შ.

ამას ემატება აუნაზღაურებელი დანაკარგი ლამის ყველა მიმართულებით, რადგანაც ტერიტორიებთან ერთად, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა; დავკარგეთ საერთო აწმყო და, მაშასადამე, მომავალიც; დავკარგეთ ყველაფერი, რის დაკარგვაც შეიძლებოდა, დავკარგეთ იმედი, რომ როდესმე მაინც შეიცვლება რამე, თუნდაც გმირების თავგანწირვით... ჩვენი გმირები ხომ გმირულად იხოცებოდნენ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, თავიანთი სიცოცხლის ფასად ამტკიცებდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, მაგრამ იშვიათად გვყოფნიდა რაოდენობა, ძალა და ცოდნა მტრის დასამარცხებლად, გამარჯვების მოსაპოვებლად, სამართლიანობის აღსადგენად... საჭირო იყო არა უბრალოდ გმირი, არამედ გმირთა გმირი, რომელიც არა მხოლოდ თავგანწირვით იქნებოდა გამორჩეული, არამედ გამარჯვების უნარითაც!

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა გმირი, რომელიც იქნებოდა დაუმარცხებელი, რომელიც გადალახავდა ყველა განსაცდელს, რომელიც შეებრძოლებოდა „ურჩხულს“, არაამქვეყნიური ძალისხმევის ფასად განგმირავდა მტერს და დაიბრუნებდა დაკარგულს...

გმირი მართლაც გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა სულ სხვანაირი გმირი; გმირი, რომელიც დაცლილია აგრესიისგან, შურისძიების ვნებისგან, რომელიც მტერსაც არ უსურვებს სიკვდილს და საერთოდაც, რომლის მთავარი იარაღი სიმშვიდე და სიმართლეა, რომელიც დარწმუნებულია თავის სიმართლეში და ეჭვი არ ეპარება თავისი ქვეყნის მთლიანობაში. გამოჩნდა გმირი, რომელიც „მტრის ტერიტორიაზე“ არა დივერსიული აქტების მოსაწყობად, არამედ ყველაზე ჰუმანური მიზნით - თავისი პაციენტის მოსანახულებლად შევიდა და, რომელმაც მხოლოდ გმირებისათვის დამახასიათებელი მოთმინებით, ღირსებითა და სიმშვიდით გადაიტანა ტყვეობის დღეები!

ვაჟა გაფრინდაშვილი არაჩვეულებრივი გმირია! ჩვეულებრივი, საოცნებო გმირისგან განსხვავებით, მას არ უბრძოლია იარაღით ხელში! არც მტრის სისხლი დაუღვრია და არც - თავისი! თვითონ საერთოდ არანაირ გმირად არ მიიჩნევს თავს. ამბობს, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარო და მადლობას უხდის ყველას, ვინც გვერდში დაუდგა პატიმრობის თუ ტყვეობის დროს, გვერდში კი თითქმის ყველა დაუდგა, იმ ავადსახსენებელი პირობითი საზღვრის ორივე მხრიდან!

შემთხვევით არ იჩემებდა ყველა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ყოფილ ტყვესაც ეჭვი არ ეპარება, რომ ბევრმა ადამიანმა, ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებამ და საერთაშორისო პარტნიორმა გასწია ძალისხმევა. ერთ-ორ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიაში ლამის ყველა დადებითი პერსონაჟია, მათ შორის, საოკუპაციო ზოლს იქით მყოფებიც: ოსი ქალი, ვინც ხაბიძგინებით გაუმასპინძლდა; ადგილობრივი მოსახლეობა, ვისი ამანათებითაც გაჰქონდა თავი; ოსი მოჭიდავეები, რომლებიც ქართველი მოჭიდავეების თხოვნით აქტიურობდნენ; ოსი ექიმები, რომლებმაც საგამოძიებო იზოლატორში მოიკითხეს პატიმარი კოლეგა ცნობილი ქართველი უროლოგის თხოვნის პასუხად; ოსი სამართალდამცავები, რომლებიც ადამიანურად ეპყრობოდნენ პატიმარს და თვით სეპარატისტების ლიდერიც კი, რომელმაც „ჯეროვანი პრინციპულობა არ გამოავლინა“ და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გადაწვეტილებას მოაწერა ხელი!

ჩვენ სხვანაირ გმირებს ვართ მიჩვეული, გმირებს, რომლებმაც ფიზიკურად სძლიეს მტერს ან თავი შეაკლეს მას. ცხადია, არაფერი გაახუნებს სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების გმირობას, მაგრამ ასევე დასაფასებელია ვაჟა გაფრინდაშვილის პრინციპულობა, სამაგალითო პატიმრობა, რომელმაც პრობლემა შეუქმნა მანკიერ სინამდვილეს - თბილისსა და ცხინვალს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, რომელიც იჭერს და იზოლატორში ამწყვდევს წესიერ, კანონმორჩილ და თანამოქალაქეებზე ზრუნვით სავსე ადამიანებს!

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა იყო ყველასათვის შემაწუხებელი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, ქართველი და ოსი პოლიტიკოსებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის... ეს იყო პატიმრობა, რომელსაც ვერანაირად ვერ გაამართლებდა რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული ხაზების გადაკვეთა! ამის ჩვენებაც გმირობაა, არაჩვეულებრივი გმირობა! გასაგებია, რომ ბევრს სხვაგვარი წარმოდგენა აქვს გმირობაზე, გასაგებია, რომ გმირობაზე მეტად, რთულია საზოგადოების მოლოდინის გამართლება, რომ გვიჭირს ცოცხალი ადამიანის გმირად მიღება, მაგრამ ვაჟა გაფრინდაშვილის არაჩვეულებრივობის ნაწილია ისიც, რომ ის არ ცდილობს თავისი საქციელის კაპიტალიზებას, ის არ იჩემებს არც გმირობას და არც განსაკუთრებულობას. ის რჩება ექიმად, რომელიც მზად არის ისევ დაბრუნდეს ცხინვალში, რადგან, როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, ვერ მოასწრო ყველასთან - პატიმრობაში შეძენილ მეგობრებთან - დამშვიდობება.

მეგობრებში, ცხადია, ოსი მეგობრები იგულისხმა, არა მტრები, არამედ მეგობრები!

განა გმირობა არაა, რომ ბევრი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ჩვენს - ქართველებისა და ოსების - ურთიერთობაში ისევ გაჩნდა დადებითი იმპულსი, ისევ შესაძლებელი გახდა მეგობრობაზე ლაპარაკი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ოპერაცია „შტორმი 333“ ერთადერთია, რომელიც კგბ-ს კოლექტიურ მეხსიერებაში შევიდა როგორც წარმატების სიმბოლო - გამოშვებულია საათი „შტორმი 333“, ხოლო თვით ოპერაცია კგბ-ს სკოლებში ისწავლებოდა. არადა, გასაოცარია დილეტანტიზმის ხარისხი ამ ოპერაციის დაგეგმვისა და შესრულების ყველა ეტაპზე: ოპერაციის მონაწილეებს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდეთ ობიექტზე, რომელზეც იერიში უნდა მიეტანათ, ხოლო ოპერაციის გეგმა ძალზე ზედაპირულად იყო მომზადებული. თუმცა ოპერაციის ნაკლოვანებები ამით არ ამოიწურებოდა. ოპერაცია „შტორმი 333“ ისე ჩატარდა, რომ საბჭოთა სპეცრაზმელებს არ ჰქონდათ პირდაპირი რადიოკავშირი არტილერიასთან, რომელიც მას ზურგს უმაგრებდა! ამის შედეგად თავდამსხმელების უმეტესობა თავისიანების ცეცხლის მსხვერპლი გახდა. ნიშანდობლივია, რომ ყველა დაჭრილი თუ მოკლული საბჭოთა სპეცრაზმელის სხეულიდან ამოღებულ ტყვიას თუ ჭურვის ნამსხვრევს არ გაუკეთდა ბალისტიკური ანალიზი. თუმცა ქაოსი და კოორდინაციის არარსებობა ამით არ ამოიწურება.

მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩემი შეფასება არაობიექტურია. ამიტომ მას ვთავაზობ ინტერვიუს თვით ამ ოპერაციის ერთ-ერთ მთავარ მონაწილესთან, სპეცრაზმ „ზენიტის“ მეთაურ იაკოვ სემიონოვთან (ინტერვიუ აღებულია საფრანგეთში 9 წლის წინ).

ავღანეთის ომის ქრონოლოგია

  • 1973 წლის 17 ივლისი - ავღანეთში მეფე მუჰამედ ზაჰერ შაჰს ტახტიდან ჩამოაგდებს მისი ბიძაშვილი დაუდ ხანი, რომლის უკანაც პრომოსკოვური დემოკრატიული სახალხო პარტია იდგა.
  • 1978 წლის 27 აპრილი - დემოკრატიული სახალხო პარტიის ლიდერი მოჰამედ ტარაკი მოკლავს პრეზიდენტ დაუდ ხანს და დაიკავებს მის ადგილს. ჰაფიზულა ამინი ხდება ტარაკის ვიცე-პრემიერი.
  • 1978 წლის ივლისი - დემოკრატიული სახალხო პარტიის ორ ფრთას შორის დაპირისპირების შედეგად, გამარჯვებული გამოდის ტარაკის რადიკალური, ე.წ. ლენინისტური ფრთა. ზომიერი ფრთის ლიდერი ბაბრაქ ქარმალი თავს მოსკოვს შეაფარებს.
  • 1978 წლის დეკემბერი - ქაბულის თხოვნის შედეგად მოსკოვი იწყებს ავღანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ტარაკსა და ამინს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება.
  • 1979 წლის 12 მარტი - ავღანეთის ქალაქ ჰერათში იფეთქებს ანტისამთავრობო აჯანყება, რომლის დროსაც ასამდე საბჭოთა სამოქალაქო პირს მოკლავენ. მეამბოხეები ჯიჰადს გამოაცხადებენ. ტარაკი ავღანეთში საბჭოთა სამხედრო ძალების შეყვანის თხოვნით მიმართავს კრემლს.
  • 1979 წლის 14 სექტემბერი - ტარაკ-ამინის ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოდის. ამინის ბრძანებით ტარაკს მოკლავენ.
  • 1979 წლის 10-12 ნოემბერი - ავღანეთში ჩადის პირველი საბჭოთა ჯარის ნაწილი, ე.წ. მუსულმანური ბატალიონი.
  • ამ პერიოდიდან დაწყებული კგბ-ს შეფი ანდროპოვი და მარშალი უსტინოვი შეეცდებიან პოლიტბიუროს წევრების დარწმუნებას, რომ ჰაფიზულა ამინი CIA-ის აგენტი იყო და აუცილებელი იყო მისი ბაბრაქ ქარმალით ჩანაცვლება (ჰაფიზულა ამინს უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული და იმ პერიოდში მართლა იღებდა ფინანსურ დახმარებას CIA-ისგან). ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ გენშტაბის უფროსი ოგარკოვი, მისი მოადგილეები და სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობა. ჯარების შეყვანის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ასევე მთავრობის ხელმძღვანელი კოსიგინი და საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო.საბოლოოდ პოლიტბიურო ავღანეთში ჯარების შეყვანას დაუჭერს მხარს.
  • 1979 წლის 25 დეკემბერი - კრემლი ავღანეთში გადაისვრის20 000 სამხედროს.
  • 1979 წლის 27 დეკემბერი - კრემლი ავღანეთში აგზავნის დიდ სამხედრო კონტინგენტს: 80 000 სამხედროს, 1 800 ტანკს. ბაბრაქ ქარმალი ხდება ავღანეთის ახალი პრეზიდენტი. იწყება ავღანეთის ომი.
  • 1989 წლის 15 თებერვალი - უკანასკნელი საბჭოთა სამხედრო ტოვებს ავღანეთის ტერიტორიას. საბჭოთა კავშირი ამ ომში დაკარგავს 15 000 სამხედროს. კიდევ 35 500 იქნება დაჭრილი. რაც შეეხება ავღანურ დანაკარგებს -100 000-დან 1 მილიონამდე მოკლული და 7,5 მილიონი ლტოლვილი.

ინტერვიუ იაკოვ სემიონოვთან

როდის ჩახვედით ქაბულში?

მე ქაბულში ჩავედი 1979 წლის 17 სექტემბერს, სამი დღის მერე, რაც ამინი მოკლავს ტარაკს და ხელისუფლების სათავეში მოვა. ამინის მიერ ორგანიზებული ეს გადატრიალება სრულ სიურპრიზს წარმოადგენდა როგორც კგბ-ს, ისე პარტიის ხელმძღვანელობისათვის.

რატომ გაგაგზავნეს ქაბულში?

ალბათ იცით, რომ „ზენიტი“ იყო კგბ-ს ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფი, რომელსაც სპეციალური მისიების შესრულება ევალებოდა მტრის ზურგში. ქაბულში ჩვენ გაგვაგზავნეს საბჭოთა კავშირის საელჩოსა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების გაძლიერების და ტარაკის ახლობლების მოსკოვში ევაკუაციის მიზნით. ამასთან ერთად, მე დამევალა გამეკეთებინა შეფასება ძალთა თანაფარდობისა ამინის მთავრობისა და ამბოხებულებს შორის.

როდის მიიღეთ ბრძანება ამინის განადგურების შესახებ?

10 დეკემბერს მიბარებს გენერალი გუსკოვი, საბჭოთა კავშირის სადესანტო ჯარების მხედართმთავრის მოადგილე და მეკითხება: მომიყევით, როგორ აპირებთ ობიექტ „მუხის“ ხელში ჩაგდებას. წარმოიდგინეთ ახლა ჩემი სიტუაცია - მე წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ობიექტი „მუხა“ და ამ დროს მთხოვენ მისი შტურმის შემუშავებულ გეგმას... როდესაც მე გუსკოვს ვუპასუხე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რაზე მესაუბრებოდა, მან ორაზროვანი ღიმილით მიპასუხა - გენერალი დარწმუნებული იყო, რომ მე ვიტყუებოდი. მოკლედ, გუსკოვმა მითხრა, რომ საუბარი იყო პრეზიდენტის სასახლეზე... არადა, მე არც ნახაზი მაქვს სასახლის, არც ინფორმატორი არ მყავს სასახლის შიგნით და ამ დროს მთხოვენ სასახლის შტურმზე წასვლას ოთხ დღეში...

ოთხ დღეში?

დიახ, ოთხ დღეში... და ეს მაშინ, როცა ზენიტელების რაოდენობა ორმოცდაათ კაცს არ აღემატებოდა, ხოლო ამინის სასახლეს 2000 კაცი იცავდა. მაგრამ ბრძანება ბრძანებაა და რა უნდა მექნა? მეც დავიწყე ჩვენი თარჯიმნის, ჩვენი საელჩოს კგბ-ს ოფიცრის გამოკითხვა და ასე მოვიპოვე ძალზე მწირი ინფორმაცია. დიდის ვაივაგლახით გავაკეთე შტურმის გეგმა... თუმცა, მართალი გითხრათ, ეს გეგმა კაპიკად არ ვარგოდა.

და დადგა 14 დეკემბრის დღეც...

დადგა ეს 14 დეკემბერიც და მზად ვიყავით შტურმისთვის... წარმოიდგინეთ, ჩვენ ვსხედვართ ჯავშანტრანსპორტიორებში და ველოდებით მწვანე შუქის ანთებას. ველოდებოდით ამინის მოწამვლას - ეს ჩვენთვის მწვანე შუქს ნიშნავდა. მაგრამ იმ დღეს ამინის მზარეულმა (რომელიც მისი ახლო ნათესავი და პარალელურად კგბ-ს აგენტი იყო), ვერ მოახერხა მისი მოწამვლა. ამის გამო ჩვენც ოპერაციის გაუქმება მოგვიწია... და ამან ჩვენ ნამდვილად გადაგვარჩინა, რადგან იმ დღეს რომ ოპერაცია ჩაგვეტარებინა, ის ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდებოდა.

რატომ იყო შტურმის დაწყება დაკავშირებული ამინის მოწამვლასთან?

ჩვენი უფროსობის აზრით, მკვდარი ამინის შემდეგ პრეზიდენტის გვარდია აღარ გაგვიწევდა დიდ წინააღმდეგობას და ადვილად დაგვნებდებოდა.

კი, მაგრამ თუ ამინი მკვდარი იქნებოდა, შტურმი რაღა საჭირო იყო?

გახსოვთ, როგორ წერდნენ მაშინ ჟურნალისტები საბჭოთა კავშირში? როდესაც სადმე ჩვენი დახმარებით გადატრიალება ხდებოდა, საბჭოთა პრესა წერდა, რომ ამა და ამ ქვეყანაში პროგრესულმა ძალებმა ხელში აიღეს ძალაუფლება. ჩვენც ეს სპექტაკლი უნდა გაგვეთამაშა - ჩვენ ავღანელი სამხედროების ფორმა გვეცვა და მსოფლიოს თვალში ავღანელ პროგრესულ ძალებად უნდა ვყოფილიყავით წარმოჩინებულნი.

კარგი, რა ხდება 14 დეკემბრის შემდეგ?

ამინმა 17 დეკემბერს გადაწყვიტა დაეტოვებინა პრეზიდენტის სასახლე და გადავიდა ტაჯბეგის სასახლეში, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა. ჩვენც დავიწყეთ სულ სხვა ოპერაციის შემუშავება, რომლის კოდური სახელი გახლდათ „შტორმი 333“. ამ ოპერაციის შემუშავების კოორდინაციას ახორციელებდნენ ბორის ივანოვი და ვადიმ კირპიჩენკო. ეს ორივე კგბ-ს ოფიცერი გახლდათ და ვლადიმირ კრიუჩკოვის მოადგილეები იყვნენ. კრიუჩკოვი მაშინ ხელმძღვანელობდა კგბ-ს პირველ განყოფილებას, რომლის ფუნქციაშიც შედიოდა საზღვარგარეთ სპეცოპერაციების ჩატარება.

რა ნაწილები იყო გათვალისწინებული ამ ოპერაციის განხორციელებისათვის?

მე ვმეთაურობდი 30 ზენიტელს და ჩემი მეგობარი მაიორი მიშა რომანოვი მეთაურობდა ქვედანაყოფ „გრომის“ 25 კაცს. ამ ჩვენი ორი დანაყოფის კოორდინირება უნდა გაეწია გენერალ-ლეიტენანტ დროზდოვს, რომელიც კგბ-ს პირველ განყოფილებაში დეპარტამენტ „ს“-ს ხელმძღვანელობდა. რეალურად ოპერაციის გეგმა მე და მიშა რომანოვმა შევიმუშავეთ, ხოლო დროზდოვმა იგი უბრალოდ დაამტკიცა მცირეოდენი მოდიფიკაციის შემდეგ.

რა შეცვალა დროზდოვმა?

სპეცრაზმ „გრომის“ბიჭები უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ვიდრე ჩემი ზენიტელები. მათი ტაქტიკაც უფრო აგრესიული იყო... თან „გრომი“გაწვრთნილი იყო შენობის აღებაში. აქედან გამომდინარე, მე და მიშა რომანოვმა გადავწყვიტეთ, რომ ოპერაციის თავში გრომელები ჩადგებოდნენ. დროზდოვს ეს არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ ზენიტელები უნდა ყოფილიყვნენ კოლონის თავში. ამიტომაც შტურმის შედეგად ჩვენ მეტი ბიჭი დაგვეჭრა, ვიდრე გრომელებს.

მოკლედ დროზდოვმა ჩათვალა, რომ საქმისთვის ზენიტელების გაწირვა აჯობებდა...

ალბათ...

გაჭირვების შემთხევაში რეზერვი გყავდათ?

გაჭირვების შემთხვევაში,უნდა დაგვხმარებოდა ჩვენი ე.წ. მუსულმანური ბატალიონი და მედესანტეთა შენაერთი ვიტებსკიდან. ისინი ზუსტად მაშინ ჩამოვიდნენ ქაბულში. ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში ისაა, რომ ვიტებსკიდან მედესანტეები ქაბულში ჩამოვიდნენ ტარაკის დაჟინებული თხოვნის შედეგად - მას საკუთარი ჯარის იმედი არ ჰქონდა და აჯანყების შემთხვევაში, მისი გათვლით, ვიტებსკელებს უნდა დაეცვათ...

ტაჯბეგის სასახლის გეგმა თუ გქონდათ?

სასახლე სამსართულიანი იყო. ამინის აპარტამენტები მდებარეობდა მეორე სართულის ერთ-ერთ ფლიგელში. სწორედ მეორე სართულის ამ ნაწილის გეგმა მოვიპოვე და ეს საკმარისი იყო - ვინაიდან სასახლე სიმეტრიული გახლდათ დანარჩენი ნაწილის რეკონსტრუირება სიძნელეს არ წარმოადგენდა.

მე როგორც ვიცი, შტურმი უნდა დაგეწყოთ 27 დეკემბერს 15.00-ზე. მაგრამ ბოლო წუთას ოპერაცია გადაიტანეს ჯერ 22.00, ხოლო მოგვიანებით 21.00-ზე... რათა საბოლოოდ შტურმი დაგეწყოთ საღამოს 18.30-ზე... რამ გამოიწვია დროის მუდმივი ცვლილება?

ყველაფერი ისევ ამინის მოწამვლასთან იყო დაკავშირებული... როგორც იცით, მისმა მზარეულმა მოახერხა ამინის მოწამვლა, მაგრამ ჩვენმა საელჩომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენს მთავრობას ამინის განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი. მოკლედ, წარმოიდგინეთ ქაოსის ხარისხი - ჩვენ სასახლეზე იერიშისთვის ვემზადებით, ველოდებით მოწამლული ამინის სიკვდილს და ამ დროს ჩვენი საელჩო საკუთარ ექიმს აგზავნის ტაჯბეგში ამინის გადასარჩენად...

საბოლოოდ 18.00-ზე მივიღეთ ბრძანება, რომ 30 წუთში იერიში დაგვეწყო. ჩვენ, ზენიტელები, ვიყავით განაწილებული ოთხ ბტრ-ში.ჩვენს ოთხ ბტრ-ს უკან მოჰყვებოდა ბმპ-ები,რომლებშიც „გრომის“ ბიჭები ისხდნენ. ტაჯბეგი მდებარეობდა ერთ გორაკზე, ჩვენ კი მეორე გორაკზე ვიყავით დაბანაკებული. ამ გორაკზე დაბანაკებული იყო ჩვენი მუსულმანური ბატალიონიც, რომლის "შილკებს" ჩვენთვის ე.წ. სანიტარული დერეფანი უნდა გაეკეთებინათ. სასახლეში 56 დარბაზი იყო. ჩვენ, 55 კაცს, გადანაწილებული გვქონდა, რომელი რომელ სექტორში უნდა შესულიყო. მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობდა - ჩვენ არ გვქონდა შენობის მაკეტი, რომ წინასწარ იერიშის რეპეტიცია ჩაგვეტარებინა. ასე რომ, შენობაში შესვლის შემდეგ ჩვენ მებრძოლებს შორის ძალიან იზრდებოდა ჩვენიანების ცეცხლში მოყოლის რისკი. მართალია, ამოსაცნობად მკლავზე ყველამ თეთრი ლენტი გავიკეთეთ, მაგრამ ამან არ გვიშველა...

მე სადღაც წავიკითხე, რომ იერიშის წინ ყველამ 100-100 გრამი არაყი დალია... ალბათ ეს მორიგი ლეგენდაა ამ ოპერაციის შესახებ...

არა, რატომ? ყველამ დავლიეთ 50-100 გრამი არაყი - ეს ხომ ტონუსს წევს...

და კონცენტრაციაში ხელს არ შეგიშლიდათ?

არა, არა, არანაირად...

მოკლედ 18.30-ზე იწყებთ იერიშს...

როდესაც 1500 მეტრზე მივუახლოვდით სასახლეს, მოვხვდით ტყვიამფრქვევის ცეცხლში. მე პირველ ბტრ-ში ვიჯექი. ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ და გავძვერით, მაგრამ მეორე ბტრ-ს ცეცხლი წაეკიდა და გადატრიალდა. მესამე ბტრ-იც დაზიანდა, თუმცა მან მოაღწია სასახლემდე. რაც მთავარია, მეორე ბტრ-ის განადგურებით ჩვენ დავკარგეთ კავშირი როგორც მუსულმანურ ბატალიონთან, ისე დროზდოვთან, რომელიც ქაბულის ცენტრში, ფეხბურთის სტადიონზე იჯდა. დროზდოვთან კავშირი სულ არ მჭირდებოდა, მაგრამ ის, რომ მუსულმანურ ბატალიონს ვერ შევატყობინეთ, რომ ცეცხლი შეეწყვიტა - ამან კი ნამდვილად ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

ალბათ ბევრი თქვენიანი მუსულმანური ბატალიონების „შილკების“ცეცხლის მსხვერპლი გახდა?

არ გამოვრიცხავ...

კარგი, შედიხართ სასახლეში, მერე რა ხდება?

შენობაში შესვლამდე ისვრი ყუმბარას, მერე შესვლისას აყოლებ კალაშნიკოვის ერთ-ორ ჯერს და ასე მიიწევ წინ...

მე როგორც ვიცი, თქვენ ახვედით მეორე სართულზე იმ სექტორში, სადაც ამინი იყო...

მართალია, ჩვენ ექვსნი ვიყავით ვინც პირველნი ავედით მეორე სართულზე: მე, ჩვენი თარჯიმანი კურბანოვი და ჩემი რაზმის სხვა წევრები - საშა კარელინი, საშა პლიუსინი, სერიოჟა გოლოსი და ვიქტორ ანისიმოვი.

და, რამდენადაც ვიცი, პირადად თქვენ მოკალით ამინი. მართალია ეს?

ვერც ჰო-ს გიპასუხებთ და ვერც არა-ს.

კარგი, რამდენი კაცი შეხვედით ამინის ე.წ. აპარტამენტში?

მე ვიყავი პირველი. შემდეგ შემოვიდნენ თარჯიმანი კურნაბოვი და შემდეგ უკვე შემოვიდა კარელინი...

ჩემთვის ნათელია, ვინც მოკლა ამინი...

ჩემთვისაც... (იცინის)

რამდენ ხანს გასტანა ოპერაციამ?

10 წუთი დაგვჭირდა მისვლისთვის, 5 - შესვლისთვის და კიდევ ნახევარი საათი - სასახლის გაწმენდისათვის. სულ სადღაც - 45 წუთი.

რა ხდება შემდგომ?

მას შემდეგ, რაც სასახლეზე კონტროლი დავამყარეთ, დაველოდეთ მუსულმანურ ბატალიონს და ვიტებსკელ მედესანტეებს, რომლებსაც სასახლე გადავაბარეთ. ამ დროს მოვიდა დროზდოვიც სასახლეში და მე და დროზდოვი გავეშურეთ ჩვენს საელჩოში. ჰო, გზაში, მე და დროზდოვი ჩვენიანების ცეცხლში მოვხვდით...

წარმოუდგენელია...

იმ პერიოდში, როცა ჩვენ სასახლე ავიღეთ, ვიტებსკელმა მედესანტეებმა ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. ჩვენ არ ვიცოდით მათი სიგნალი და ასე გზაში მათი ტყვიამფრქვევის ორცეცხლშუა მოვხვდით.

სულ რამდენი კაცი დაკარგეთ ოპერაციისას?

მე დავკარგე ერთი ზენიტელი და საშა რომანოვმა - ორი კაცი. თუ არ ვცდები, 13-13 დაიჭრა ორივე ნაწილში. ჰო, ამას გარდა დაიღუპა პოლკოვნიკი ბოიაროვი, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ბოიაროვი იყო ჩვენი მასწავლებელი ბალაშიხის კგბ-ს ბაზაზე... იმ მომენტში ის ქაბულში იმყოფებოდა და მას ძალიან უნდოდა შტურმში მონაწილეობის მიღება და ჩვენც უარი ვერ ვუთხარით... ისე მისი ადგილი იქ არ იყო

დღეს რომ თავიდან მოგიწიოთ ამ ოპერაციის დაგეგმვა, რაც შეცვლიდით?

ყველაფერს! ასეთი ტიპის შენობაზე იერიშის მიტანამდე საჭიროა შენობის მაკეტის ქონა და იქ ხანგრძლივი რეპეტიცია, რათა ყველაფერმა საათის მექანიზმივით იმუშაოს.

მაშინ როგორ ხსნით თქვენ წარმატებას?

უბრალოდ გაგვიმართლა, თან ძალიან, ძალიან, გაგვიმართლა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG