Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 9 დეკემბერი. See content from before

ორშაბათი, 2 დეკემბერი 2019

მაინც რა როლი უნდა ითამაშოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრმა, რომელიც, გრიგორი კარასინის რიხიანი თქმით, თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გაიხსნას?

როგორ ფიქრობთ, ვის სამსახურში იქნება რუსული კულტურის ცენტრი და, შესაბამისად, რუსული კულტურა?

სწორედ რუსული კულტურა, მისი უდიდესი ნაწილი, ყოველთვის გულმოდგინედ ემსახურებოდა და ემსახურება მითებს რუსეთის განსაკუთრებულობისა და რჩეულობის შესახებ, მითებს რუსეთის უსაზღვრობის შესახებ, მითებს სხვა ხალხებისათვის რუსეთის იმპერიის „მიზიდულობის კეთილისმყოფელი ძალის“ შესახებ, მითებს რუსული ხიშტის სამართლიანობის შესახებ და ა.შ.

სწორედ მაშინ, როცა ლომონოსოვები, ჟუკოვსკები და ტუტჩევები ამ მითებს ზრდიდნენ და კვებავდნენ, „ჰოი ვითარ ვსთქვაო...“ - მოთქვამდა საქართველოს დაპყრობით გულმოკლული ერეკლე მეორის ქალიშვილი ქეთევანი:

ჰოი ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი,
ჩემის სიცოცხლის დამამცრომელი,
ჩრდილოთ ვიხილეთ მცირე ღრუბელი,
აზიის მთიებთ დამბნელებელი,
ბედნიერთ პალატთ დამამხობელი,
მშვენიერთ წალკოტთ არ მფურჩვნებელი,
ჰოი ვითარ ვსთქვა...

„ჩრდილოეთიდან“ წამოსული ღრუბელი, რომელიც თითქოს მფარველად უნდა მოვლინებოდა განაწამებ ივერიას, ცხადია, დიდი რუსეთია, მაგრამ ყველამ ნახა, როგორი მფარველობაც გაუწია საქართველოს რუსეთმა - „მთიების (ცისკრის ვარსკვლავის) დამბნელებელმა“ და „ბედნიერ პალატთ დამამხობელმა“.

ის, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს 1801 წელს დამართა, იყო „განგვირგვინება“, „სახელმწიფოს სხეულის დარღვევა“ და „ტახტის მოშლა“, - ძნელია არ დაეთანხმო თამარ პაპავას („დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“) ამ შეფასებას.

არც ის დაგვავიწყდეს, რა ბედსაც სწია ერთმორწმუნე ქვეყანამ ზემოთ ნახსენები ქეთევანი, მისი დედა, დარეჯან დედოფალი, და სხვა ქალი დედმამიშვილები - ყველანი ძალით გადაასახლეს რუსეთში, ხოლო ქართული სამეფო სახლის ყველა მამული, ალექსანდრე პირველის ბრძანებით, რუსეთის ხაზინის სასარგებლოდ გადარიცხეს... ცხადია, უფრო სასტიკადაც დასჯიდნენ, მაგრამ შიშობდნენ, მეტად არ გაეღიზიანებინათ, როგორც პავლე ციციანოვი წერდა საიდუმლოდ გაგზავნილ წერილებში, „ქარაფშუტა და ყოველ ჭორებს ადვილად ამყოლი ქართველი ხალხი“. არც გიორგი XII-ის ქვრივი, მარიამი, დავივიწყოთ, რომელიც იძულებული გახდა თავისი ხელით მოეკლა გენერალი ივანე ლაზარევი... ასე ტყუილზე, ძალადობასა და სისხლზე დაშენდა რუსეთ-საქართველოს „მჭიდრო და ძმური ურთიერთობა“, რასაც ჯერ 1832 წლის აჯანყება, არაერთი სადამსჯელო ოპერაცია, ქართული ენისა და საქართველოს ეკლესიის დევნა, 1921 წლის ოკუპაცია, 1989 წლის 9 აპრილი, 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა... დღესაც თუ ვინმე უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოს არსებობას, რუსეთია, თავისი ახალი იმპერიალისტური ამბიციებითა და გეოპოლიტიკური ინტერესებით. უდავოდ ამ საფრთხის ნაწილია ის ხალხიც, რომელიც სახელმწიფოებრიობის ხელყოფასა და დაღვრილ სისხლზე მეტად იმას აფასებს, „თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ ეთნიკური თვითთავადობა, საკუთარი ენა, კულტურა და თვითშეგნება, როგორ განავითარა ქართველმა ერმა თავისი ეროვნული კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება და იქცა ერთ-ერთ პროგრესულ ძალად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.

„რუსეთისგან ჩვენმა ერმა ბევრი წყენა იწვნია, რაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული. მაგრამ, ამავე დროს, იმავე რუსეთიდან ჩვენ იმდენი სიკეთე, დადებითი მუხტი და ჩვენი კულტურის აღორძინებისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა მივიღეთ, რომ ამის დავიწყება არამც და არამც არ შეიძლება. სამწუხაროდ, დღეისათვის, განსაკუთრებით სააკაშვილ-ლომაიას ე. წ. რეფორმის და 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო ომის შემდეგ, ჩვენ მთლიანად დავკარგეთ ურთიერთობა რუსეთთან, გაგვიწყდა კავშირი მის მოწინავე, პროგრესულ ძალებთან და ეს ჩვენთვის უდავოდ უდიდესი დანაკარგია. მე ჯერ კიდევ 2003 წელს ვწერდი, რომ ჩვენთვის არსებობდა და არსებობს „ორი რუსეთი“: „პირველი“ - ესაა პროგრესული, ჩვენი მრავალი თაობისათვის ძვირფასი რუსეთი და „მეორე“ - აგრესიული, მონათა და ბატონთა, „დაუბანელი“ (მ. ლერმონტოვი) რუსეთი, რომელიც, ცხადია, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, - წერდა ერთი ცნობილი, აწ გარდაცვლილი ქართველი პროფესორი 2013 წელს, როცა ომის ნახანძრალი ჯერ კიდევ ბოლავდა.

არადა, ურთიერთობის 200-ზე მეტმა წელმა თითქოს დაგვანახვა, რომ „პირველი რუსეთი“ და „მეორე რუსეთი“ ერთი „დიდი რუსეთის“ ნაწილებია, რომლებიც ერთმანეთში ჰარმონიულად თანაარსებობენ, ანუ მათი ხიშტიც მეფის სამსახურშია და კალამიც.

სხვათა შორის, არც აკაკი ბაქრაძე უარყოფდა რუსული კულტურის მასშტაბს, მაგრამ ეს გარემოება ხელს არ უშლიდა, დაენახა ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხე:

„რუსული კულტურა უთუოდ დიდმასშტაბიანია, მისი ფორმა-შინაარსი უეჭველად მრავალფეროვანია, ღრმა და ცვალებადია დროში; ერთი მხარეა მხოლოდ პრიმიტიული და უცვლელი - დერჟავული იდეოლოგია თუ დერჟავულობის კომპლექსი, რომლისგანაც რუსეთი, აგერ უკვე ხუთ საუკუნეზე მეტია, ვერა და ვერ განიკურნა. ამდენად, რუსეთის კავკასიისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი „სიყვარულის“ განელების იმედი ახლო მომავალში არ უნდა გვქონდეს“ („მწერლობის მოთვინიერება“).

რუსეთთან ურთიერთობაში იმედიც ბევრჯერ გაგვიცრუვდა და ბევრჯერაც მოვტყუვდით, - პირველად, როცა დარიალის კარი გავუხსენით. პლატონ იოსელიანმა ეს ამბავი გადმოსცა ერთი „ჩერქეზელი კაცის“ პირით: „ჩერქეზელმან კაცმან, სიტყვა მარჯვემან და ახალციხის ფაშის მახლობელმან, მოახსენა მეფესა: ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო! რომ აღებთ კავკასიის კარსა, შესძლებთა თვისთა დროსა დახშვასა მისსა?“

გვეგონა, რომ შევძლებდით, მაგრამ მოვტყუვდით, ვერ შევძელით...

ასევე საბედისწერო გამოდგა დამოუკიდებლობის წლებში, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნა და ვალდებულების აღება, ხელი არ შეგვეშალა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომუნისტური ორგანიზაციების საქმიანობისათვის. ვნახეთ, როგორ გამოიყენეს ბოლშევიკებმა მათი საქმიანობის ლეგალიზება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, როგორ უთხრიდნენ ძირს ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს და რა როლი ითამაშა დივერსიული ქსელის გაბმაში რუსეთის საელჩომ, რომელიც აქეზებდა ეთნიკურ უმცირესობებს, გეგმავდა დივერსიულ აქტებს და ამზადებდა ნიადაგს ოკუპაციისთვის... მოკლედ, რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ერთგვარი „ტროის ცხენის“ როლი ითამაშა მაშინდელ საქართველოში. ასი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ესწრაფვის საქართველოში ლეგალურად ფეხის მოკიდებას, თუმცა ომი უკვე მომხდარია, რუსული ენისა და კულტურის ცენტრსაც დიდი გაზვიადებით თუ დავარქმევთ „ტროის ცხენს“, ეს უფრო „მატრიოშკაა“, ყველასთვის კარგად ნაცნობი შიგთავსით: ენის შესწავლით, გაცვლითი სასწავლო კურსებით, რუსულ-საბჭოთა ფილმების ჩვენებებით, კონცერტებით, წიგნების პრეზენტაციებით და ა.შ. - ყველაფერ იმით, რამაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაწილის ოკუპაცია ასატანი და მისაღები უნდა გახადოს საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქისთვის და რაც შეიძლება ნაკლები დარჩეს ისეთი, ვინც გულდამწვარი იტყვის:

ჰოი ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი,
ჩემის სიცოცხლის დამამცრომელი,
ჩრდილოთ ვიხილეთ მცირე ღრუბელი,
აზიის მთიებთ დამბნელებელი,
ბედნიერთ პალატთ დამამხობელი,
მშვენიერთ წალკოტთ არ მფურჩვნებელი,
ჰოი ვითარ ვსთქვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბოლო რამდენიმე დღეა, ვერაფრით მომიძებნია პასუხი ამ შეკითხვაზე: დასაშვებია თუ არა ადამიანის ჭკუის შესაძლებლობების შეფასება მისი მეტყველების სტილის მიხედვით?

გამარჯობასთ! - პარალელური რეალობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00
გადმოწერა

ანუ შესაძლებელი არის თუ არა ადამიანის გონებაგამჭრიახობის შეფასება ლაპარაკის, სიტყვათწარმოქმნის და ფრაზების ეგზოტიკურ-უცნაური კონსტრუქციების შესაბამისად?

უნდა ლაპარაკობდეს თუ არა გამართული და გასაგები ქართულით ადამიანი, ვინც ძალიან ჭკვიანად თვლის საკუთარ თავს და ვისაც სხვაც მრავალი თვლის სახიფათოდ ჭკვიანად (გამჭრიახად) საქართველოში?

არის თუ არა მეტყველების სტილი და გამჭრიახობა სინონიმები, როცა ადამიანი ჯიუტი უგერგილობით იმეორებს მის მიერვე გამოგონილ ბატიფეხურ ნეოლოგიზმებს: "გვქონდა ჩაჭიდებული საუბარი" (ჩაჭიდებული რას ნიშნავს?), "აშშ-ს კონგრესს უნდა მივწერო აირიაის გამოკითხვების გამო" (მართლაც რა "აირიაი" მის მეტყველებაში?), "ვინც უფრო აქტიური იყო, ადრე გაედინებოდა" (პასიური კი, შესაბამისად, ვერ გაედინა), ერთჯელ და არა ერთხელ?!

ხომ ფაქტია, რომ ენაც კარიკატურულია და, ერთი შეხედვით, ადამიანიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ ასე მეტყველებდა ბევრის მიერ სათანადოდ ვერშესმენილი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, სადაც ცნობილი რესპონდენტი, არც მეტი, არც ნაკლები, თავის პაროდისტს დამსგავსებოდა კომედიური შოუდან, რომ ვერ გაიგებდი, ჯამბაზს უყურებდი თუ რეალური ძალაუფლების მქონე ორიგინალს, ვისი სასაცილოობაც სულაც არ ნიშნავს მის უვნებლობას, უფრო პირიქით...

გამჭრიახი ადამიანი რომ ზოგჯერ ბატიფეხურად მეტყველებს, ამის დამადასტურებელი მაგალითი საქართველოში უხვად გვაქვს.

ყველას გვახსოვს, რა საყვარელი "სემიოლოგიური ეგზოტიკით" გვამარაგებდა ექს-ცეკას მდივან-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე: ბერლინის კედლის მსხვრევის მიუხედავად, მის მიერ ვერაფრით თქმული "პრულარიზმით", გიორგიდ მონათვლის შემდეგ ცუდად დამახსოვრებული "უწმინდესი და უსპეტაკესით", ან საერთოდ თითქმის მკრეხელური "იოსეთი" (თუ მთლად "იოსებით"), და ერთმნიშვნელოვნად სამართლიანად დეფინიცირებული გეეროთი "გაეროს" ნაცვლად... მაგრამ ვინ იტყვის, რომ ხსენებული პირი ჭკვიანი არ იყო?!

მეტიც, რაც დრო გადის, არსებული სახელისუფლებო სინაცრისფრის გათვალისწინებით, ლამისაა ციცერონისებრ ორატორ-გიგანტად გაგვახსენდეს მისი მართვის თუ მეტყველების მოდელი: "მე ჩემ გადაფურთხებულს არ ავლოკაავ".

ვერ ვიტყვით, დიდად ჭკვიანი იყო, მაგრამ კარგი ვირეშმაკა კი ნამდვილად გახლდათ ზეეგზოტიკურად, ფანტასტიკურ ელფთა მსგავსი ენით, ზიზღნარევი ირონიით მოჩურჩულე აჭარის ავტ. რესპუბლიკის ფეოდალ-ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც დიდი გულმოდგინებით თხრიდა "არქაიზმებს" თავის საწყალობლად მწირ ლექსიკონში: "რამეთუ... ჩვენი ხმები არ დააბრუნენ".

ეს რამეთუ საერთოდ გრანდიოზული უბედურებაა ქართულის არმცოდნე სამოხელეო თუ საზოგადოებრივი კოლოსებისთვის, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბევრად უფრო დახვეწილად წარმოჩინდებიან, თუკი უადგილო პათეტიკით შეავსებენ ანჯღრეულ და დაულაგებელ წინადადებას და მანდილოსანს იტყვიან, ბოდიში და, ქალის მაგიერ... დიახ, უნდა ვაღიარო, ისეთიც მინახავს, მართლაც ბოდიშს რომ იხდიდა სიტყვა ქალის თქმის წინ. ნეტა რატომ, რა შინაარსს დებდა ამ სიტყვაში?

მართალია, ახლა ვერ გეტყვით, საბოლოოდ როგორ და რანაირად გამოვა, მაგრამ, როგორც წესი, მეტყველების სტილის აწეწილობა განსაკუთრებით მაშინ გვხვდება ყურს (და ეს გვხვდება მეტისმეტად მტკივნეულად), როცა ის, ვინც ამგვარად მეტყველებს და ვინც თითქმის აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური ბოლო ჟამის ფაზაში აღმოჩნდება ხოლმე: ან მას ემართება რაღაცა ნერვიულობის გამო და კიდევ უფრო ეწეწება აქამდე ისედაც დაულაგებელ-გადმოულაგებელი ქართული ან ჩვენ, ბოლო ჟამში შესულით დაღლილებს გვეჩვენება, რომ გარე ქაოსი, რომელიც მმართველმა დათესა, სინამდვილეში მისი შინაგანი ქაოსის პროექციაა და ასე გამორჩეულად ცუდად იმიტომაც მეტყველებს, რომ ძალაუფლების და გავლენის კონცენტრაციის მიუხედავად, ობიექტურად თავს არცთუ კარგად გრძნობს, სრულიად არამტკიცედ და არათავდაჯერებულად, და რეალობაც ისე ეცლება ქვევიდან, როგორც სიტყვები და ასოები ეცლება უშნოდ ვერთქმული წინადადებიდან: ქართველები ნაივნი ხალხია, ამიტომ ამ ერთჯელ კიდევ მოტყუვდებიან...

ჰოდა, შეკითხვაც ესაა: ამ ერთჯელაც თუ კიდევ მრავალჯერ?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG