Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 11 დეკემბერი. See content from before

სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019

ტურინიდან თბილისში ვბრუნდებოდი, როცა შევიტყვე, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს 4 წლით აუკრძალა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. არადა, ერთი კვირით ადრე, სანამ აქ ფიგურულ სრიალში გრან პრის ფინალური ტურნირი დაიწყებოდა, მოსკოველი ჩინოვნიკები რუსეთის მოსალოდნელ ტრიუმფზე საუბრობდნენ. საამაყო ნამდვილად ჰქონდათ - გრან პრის ფინალში მონაწილე სპორტსმენებიდან ნახევარი რუსეთის წარმომადგენელი იყო.

იმასაც წერდნენ, რომ რუსეთს, რომელმაც ფიგურულ სრიალში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ლიდერობა კანადასა და შეერთებულ შტატებს დაუთმო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე აღარაფერი შეუშლის ხელს დაიბრუნოს პირველობა სპორტის ამ სახეობაში. მაგრამ მონაწილეობა არაფერს ნიშნავს; ფიგურული სრიალის 4 სახეობიდან ტურინში რუსეთმა მხოლოდ ქალთა შეჯიბრაბაში გაიმარჯვა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ფიგურისტებს შესაძლოა საერთოდ ჩამოერთვათ პეკინის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება.

ეთერ თუთბერიძე და მისი გუნდი
ეთერ თუთბერიძე და მისი გუნდი

ამ ფოტოზე რუსეთის ნაკრების, შეიძლება ითქვას, უკვე მთავარი მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა და მისი გუნდი, მოსკოვის სპორტული ცენტრის, „სამბო-70“-ის, სპეციალისტები, ქალბატონი ეთერის ასისტენტები. „მთავარი“ არაა თუთბერიძის წოდება, მაგრამ ფაქტია - რუსი ფიგურისტების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვება სწორედ მას უკავშირდება.

ეთერ თუთბერიძე არის ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა ზაგიტოვას, მწვრთნელი. მისი მოწაფე იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ევგენია მედვედევა. მას მერე, რაც ზაგიტოვამ ზამთრის ოლიმპიადა მოიგო, მედვედევამ მიატოვა მწვრთნელი და კანადაში გადასახლდა. ტურინში გამართული შეჯიბრების შემდეგ, არაა გამორიცხული, ზაგიტოვაც მედვედევას კვალს გაჰყვეს - ოლიმპიური ჩემპიონი გრან პრის ფინალში ბოლო, მეექვსე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, სამივე საპრიზო ადგილი ტურინში თუთბერიძის ნორჩმა მოწაფეებმა დაიკავეს. მათ უნიკალური ნახტომები შეასრულეს ფიგურული სრიალის ისტორიაში, თუმცა არავინ იცის, ასევე კარგად „დატრიალდებიან“ თუ არა ეს ბავშვები მომავალ წელს, როცა გარდამავალ ასაკს გაივლიან და ფორმები შეეცვლებათ.

როგორც ამბობენ, „სამბო-70“-ის ინკუბატორში უკვე სხვები იზრდებიან - პატარა, გამხდარი გოგონები, რომლებიც „ოთხიან“ ნახტომებს ეუფლებიან. პრობლემა არაა - გაიზრდებიან ძველები და მოვლენ ახლები! ეგაა, რომ 17 და 18 წლის გოგონებს სპორტული მომავალი აღარ ექნებათ, ბავშვები კი ისევ გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები. უფრო სწორად, „გახდებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები“, რომ არა რუსეთის ავაზაკური დოპინგპოლიტიკა.

ეთერ თუთბერიძე ქართველი ფიგურისტის, მორის ყვითელაშვილის, მწვრთნელია. მოსკოვში დაბადებული სპორტსმენი კარგა ხანი რუსეთის სახელით გამოდიოდა, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. 2016 წლიდან იგი საქართველოს ნაკრების წევრია. ახლა ციგურაობის მსოფლიო კავშირის რეიტინგში მორისი მე-15 ადგილზეა, რაც ნამდვილად არაა ცუდი შედეგი. შეიძლება, თუთბერიძის გოგონების ტრიუმფის ფონზე არაფერია, მაგრამ საამაყოა მაინც - ქართველ სპორტსმენს წვრთნის ადამიანი, რომელმაც ფიგურულ სრიალს რეკორდსმენი გოგონები აღუზარდა.

„საამაყო“. ეს სიტყვა ძალიან რომ გვიყვარს ქართველებს, სწორედ გრან პრის ფინალში განვითარებულმა მოვლენებმა გამახსენა. პირველად ფიგურული სრიალის ისტორიაში, ერთი მწვრთნელის სამი მოწაფე, სამი გოგონა („სამი ბავშვი“) ვიხილეთ პოდიუმზე ქალთა შეჯიბრებაში. ჰოდა, ბევრისთვის საამაყოა ის, რომ ამ მწვრთნელის გვარია თუთბერიძე. მერე რა, რომ ეთერი გიორგიევნა ქართულად არ ლაპარაკობს და ქართველებთან კონტაქტს გაურბის.

ეთერ თუთბერიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:12 0:00


ლაპარაკი უჭირთ ან საერთოდ ვერ საუბრობენ ქართულად სხვა ფიგურისტებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ. უფრო მეტიც, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ მათ „გამარჯობის“ თქმაც ვერ ასწავლა კამერის წინ. როგორც შარშან, ამ დროს, ერთ „გაბრაზებულ წერილში“ აღვნიშნე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურისტები “Kiss and Cry area”-ში, ტელეკამერების წინ, ისევ “Привет Москва!”, Привет Хрустальный”-ს იმეორებენ.


არ უნდა გავბრაზებულიყავი! ბუნებრივია ეს - რუსეთში დაიბადნენ, რუსეთში გაიზარდნენ, აქ ჰყავთ მწვრთნელები, მეგობრები. კი, იგივე ესტონეთის ან ლიტვის ფიგურული სრიალის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამას არ დაუშვებდა. მაგრამ იმათ ურთიერთობას თავიანთი ისტორია აქვს, ჩვენ - ჩვენი. როგორც ერთი კომენტატორი აღნიშნავს იუნიორთა შორის გრან პრის ახალი მფლობელების, საქართველოს სახელით მოასპარეზე გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას გამოსვლის ვიდეოზე, „რუსი და ქართველი ხალხი ერთად - ძალაა. სამწუხაროა, რომ ჩინოვნიკებს ეს ფილოსოფია არ ესმით“.

მერე რა, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობენ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსულ სტილს ამკვიდრებენ, სამაგიეროდ, აგერ გიორგი რევია გრან პრის გალა-წარმოდგენაზე ჩოხაში ვიხილეთ და გაგვიხარდა. „თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო! ეს რა კარგი თაობა გვეზრდება“. მოსკოველმა მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა, შესაძლებელია, ქართული არ იციან, ქართველებს არ ელაპარაკებიან, მაგრამ მშვენივრად იყენებენ „ჩოხა-ახალუხს“ ეგზოტიკური სანახაობის შესაქმნელად, ერთგვარი „აგული და გლაშას“ ვარიანტის მისაღწევად ფიგურულ სრიალში.

„ემოციურად შესრულებეული საჩვენებელი ნომრით წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული მოციგურავე იასპარეზებს“, - ასეთი კომენტარი დაურთო თავის დროზე საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ ამ წარმოდგენას.

მარია (ქართულმა მედიამ კაზაკოვა უკვე „მარიამად“ მონათლა) და გიორგი მართლა კარგი ფიგურისტები არიან და ტურინშიც დამსახურებლად გაიმარჯვეს. მაგრამ ეს აჭარული სწორედ ის უხამსობაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსულ-საბჭოთა ფიგურული სრიალის სკოლას შეიძლებოდა შეექმნა, აი, იმ სკოლას, რომელსაც ჩემს წარმოდგენაში ერთი სახე აქვს - ცხოველის ძვირფას ქურქში გამოწყობილი მწვრთნელი პლასტიკური ოპერაციებით, მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია აშიმშილოს, შეუძლია სამუდამოდ დაასახიჩროს პატარა, სიფრიფანა გოგოები მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთს „ოქროები“ მოუტანოს. აი, დროშას რაც შეეხება, ნამდვილად მართალია. ტურინში, გიორგის და მარიას დაჯილდოების შემდეგ შესრულებული საქართველოს ჰიმნი და ორი წრე, რომელიც გამარჯვებულებმა (ტანზე შემოხვეული საქართველოს დროშით) დაარტყეს სტადიონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია.

რას ნიშნავს რევიასა და კაზაკოვას გამარჯვება საქართველოსთვის, თუკი მათ რუსები ასწავლიან, რუსულ სტილს აზიარებენ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ფიგურული სრიალის „მათი ენა“ რუსულია (ეს „აჭარულიც“ მხოლოდ ორნამენტია, ისიც გალა-წარმოდგენაზე)? მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ფიგურული სრიალის პოპულარიზაციისთვის, სპორტის იმ სახეობის პოპულარიზაციისთვის, რომელშიც ათლეტიზმი და არტისტიზმი გადაჯაჭვულია, რომელიც ორგანულია ისეთი მუსიკალური, ქორეოგრაფიული ტრადიციების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ვერა და ვერ გვეღირსა ამ ქვეყანაში ფიგურული სრიალის სტანდარტული მოედანი, სადაც მოციგურავეებს ვარჯიშის საშუალება ექნებოდათ. ესაა, პირველ რიგში, იმის მიზეზი, რომ ფიგურისტებს (ქართული გვარებით) რუსეთში ვეძებთ, მერე კი ვხარჯავთ ფულს მათი წვრთნისთვის, მათი კოსტიუმებისთვის. მე პირადად ვისურვებდი, რომ ეს ახალგაზრდები ამერიკაში ან კანადაში გაგვეგზავნა, იქ, სადაც საბჭოურმა სკოლამ ვერ შეაღწია და სადაც ახალგაზრდა ადამიანისთვის სპორტი თვითმკვლელობა არ არის. მაგრამ კანადა და ამერიკა ძვირი ჯდება, რუსეთი იაფია, რუსული საქონელივით იაფი!

ამას რომ არ ვაღიარებთ და „ქართველი სპორტსმენების ტრიუმფი“ გულს გვიჩუყებს, სწორედ ესაა პრობლემა. ასე თუ გაგრძელდა, ვერც ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ისევ მოვიტყუებთ თავს და ვილაპარაკებთ ფიგურული სრიალის ქართული სკოლის ტრიუმფზე, იმ სკოლისა, რომელიც ბუნებაში თუნდაც იმიტომ არ არსებობს, რომ მას სახლი არა აქვს. და, აბა, სად გაგიგიათ სკოლა სახლის გარეშე?

რუს ფიგურისტებს ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას უკრძალავენ. არადა, ოლიმპიადა ყველა ფიგურისტის ოცნებაა, ცხოვრების მიზანია, რომელსაც უამრავმა სპორტსმენმა ჯანმრთელობა, ახალგაზრდობის საუკეთესო წლები შესწირა. ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, არაერთ რუს ფიგურისტს შეუცვალოს ცხოვრება და მიაღებინოს მოქალაქეობის შეცვლის თუ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება. არაა გამორიცხული, მათ საქართველო აირჩიონ. არც ისაა გამორიცხული, ჩვენ თავად „დავხარბდეთ“ და ჩვენი დროშის ქვეშ ასპარეზობა შევთავაზოთ. რუსი და ქართველი ერთად ხომ ძალაა! რუსი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადაზე საქართველოს დროშას აფრიალებს, არაერთ ქართველს გაუხარებს გულს. ჩოხაში გამოწყობილი რუსი სპორტსმენი ხომ საერთოდ - გააბედნიერებს და გამარჯვების ილუზიას შეუქმნის.

უკვე დიდი ხანია, რაც დასავლეთში მეორე მსოფლიო ომი ზოგადად, და შოა (ჰოლოკოსტი) განსაკუთრებით, მორალურ საზომ ერთეულად გადაიქცა. ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება სხვა კონფლიქტში ჩარევა-არჩარევაზე გადაწყვეტილების მიღებას, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერი არგუმენტად იხმობს მიუნხენსა და აუშვიცს.

ალბათ ბევრს ახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა ბილ კლინტონი აუშვიცს, როგორც არგუმენტს ბალკანეთის კონფლიქტში ინტერვენციის გასამართლებლად. ან ერაყის მეორე ომის დაწყებამდე როგორ ადარებდნენ დონალდ რამსფელდი და ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინს ჰიტლერს… (არადა ჰუსეინს თუ რომელიმე დიქტატორთან ჰქონდა რამე საერთო, ეს სტალინი იყო).

ისტორიისა და პოლიტიკის ეს ორაზროვანი ურთიერთობა კვლავ აქტუალური გახდა ორშაბათს, 9 დეკემბერს, როცა პარიზში მაკრონი და მერკელი შეეცადნენ (უკვე მერამდენედ?), შეაჩერონ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია.

მაკრონს, რომელიც კრემლთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოცნებობს, საკუთარი პოზიციის გასამართლებლად ისევ და ისევ მოჰყავს მეორე მსოფლიო ომი. მაგალითად, მაკრონის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთმა ბევრი უბედურება გადაიტანა და, აქედან გამომდინარე, კრემლის პოზიციას უფრო გაგებით სჭირდება მოპყრობა.

რა თქმა უნდა, რუსეთმა დიდი ტანჯვა იგემა ოკუპაციის დროს, მაგრამ ეს ხომ შეუდარებელია იმ ტრაგედიასთან, რაც უკრაინის მიწაზე დატრიალდა?! 3 256 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა უკრაინაში გერმანიის ოკუპაციას. მაშინ, როცა რუსეთისათვის ეს რიცხვი 1 800 000 იყო. 2 402 000 უკრაინელი იქნა დეპორტირებული მესამე რაიხში იძულებით სამუშაოზე. მაშინ, როცა რუსეთისათვის ეს რიცხვი 1 906 000 იყო. და ეს მაშინ, როცა ოკუპაციის ქვეშ მყოფი რუსების რაოდენობა, სულ ცოტა, სამჯერ აღემატებოდა ოკუპაციაში მყოფი უკრაინელების რაოდენობას!

დასავლეთში ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა იცის, რომ პუტინის მშობლები ე.წ. ბლოკადელები იყვნენ და არავის აქვს წარმოდგენა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს მამა აუშვიცის ბანაკის ყოფილი ტუსაღი იყო და მხარზე 11369 ნომერს ატარებდა...

დღეს ყველას დავიწყებული აქვს, რომ უკრაინა (და არა რუსეთი) იმყოფებოდა ნაცისტების უტოპიისა თუ გენოციდური პოლიტიკის შუაგულში. ჰიტლერი თვლიდა, რომ უკრაინა და არა რუსეთი იყო ებრაელობის „ბუდე“. უკრაინის ტერიტორიაზე, პოლესიეში დაიწყებს ვერმახტი პირველად უკრაინელი ებრაელი ქალებისა და ბავშვების განადგურებას. გერმანული „შიმშილის გეგმა“ (Hungerplan), რომელიც ითვალისწინებდა მილიონობით საბჭოთა ადამიანის შიმშილით მოკვლას, უკრაინაში უნდა დაწყებულიყო.

თვალწინ გვიდგას 1970 წლის 7 დეკემბერი - ვარშავის გეტოს აჯანყების გმირების მემორიალის წინ მუხლმოდრეკილი გფრ-ის კანცლერი ვილი ბრანდტი. ებრაელების შემდეგ თუ არსებობს სხვა ხალხი, რომელიც ასეთ ჟესტს იმსახურებს, ეს პირველ რიგში უკრაინელები არიან.

მაშ რატომ არის რომ მაკრონი, ადამიანი, რომელსაც ნამდვილად გააჩნია ისტორიული ცნობიერება არ ახსენებს უკრაინას ან ბელარუსს, როდესაც საბჭოთა კავშირში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს? როგორ მოხდა, რომ მაკრონ-პოლიტიკოსს, კაცს, რომელსაც გააჩნია ამ კონფლიქტის ისტორიული განზომილების წვდომა, ამ დიდ ტრაგედიაში პირველ-მსხვერპლად რუსეთს აცხადებს?

ცდილობს ის ამგვარად ისტორიით მანიპულირებას ისე, როგორც ამას მანამდე სხვა პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ? თუ მაკრონი გულწრფელია და იგი ისტორიკოსებმა შეიყვანეს შეცდომაში? იმ ისტორიკოსებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომზე კვლევებში საუბრობენ რუსეთის (და არა წითელ) არმიაზე, რუსი (და არა საბჭოთა) ხალხის ტრაგედიაზე, რუსეთის (და არა საბჭოთა კავშირის) ოკუპაციაზე და ა.შ. სხვათა შორის, ეს ტენდენცია ზოგჯერ ისეთ კურიოზულ ფორმებს იღებს, რომ როცა ერთი ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი 1945 წლის მაისში ბერლინის აღებას აღწერს - საუბრობს რუსულ არმიაზე; ხოლო როცა 1953 წლის ივნისში, ბერლინში მშვიდობიანი გაფიცვების სისხლში ჩამხრჩობ იმავე ჯარზე წერს - მას საბჭოთა არმიად მოიხსენიებს... (სავარაუდოდ ფროიდს ამ ლაფსუსის საინტერესო ინტერპრეტაცია ექნებოდა).

ბრიტანელ ისტორიკოს ერიკ ჰობსბაუმს უყვარდა გამეორება, რომ ყოველთვის არის რისკი ისტორიული კვლევები ბომბების მწარმოებელ ქარხნებად გადაიქცნენ. „მაკრონის შემთხვევა“ შეიძლება იმის მაგალითი გახდეს, თუ როგორ შეიძლება გადაიქცნენ ისტორიკოსების სიტყვები საათის მექანიზმიან ნაღმებად...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG