Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ერთმორწმუნე” მსაჯები, ანუ ქართულ-რუსული სახიფათო თამაში


2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის სკანდალი ჩვენთვის, ფიგურული სრიალის მოყვარულებისთვის, მსოფლიო რევოლუციის ტოლფასია. ინციდენტმა, რომელიც სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის სტადიონზე მოხდა წყვილთა შეჯიბრის დროს, გადაატრიალა სპორტის ამ სახეობის ისტორია და აიძულა ფიგურული სრიალის მსოფლიო ფედერაციის ჩინოვნიკები რადიკალურად შეეცვალათ სპორტსმენების შეფასების სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, ლამის მე-19 საუკუნის ბოლოდან მოქმედებდა.

ვისაც არ გახსოვთ, გაგახსენებთ: სპორტული წყვილის გამარჯვებულები, რუსეთის წარმომადგენლები ელენე ბერეჟნაია და ანტონ სიხარულიძე, მიუხედავად უხეში შეცდომისა, რომელიც პარტნიორმა დაუშვა, მსაჯებმა, ერთი ხმით, გამარჯვებულებად გამოაცხადეს. ამ გადაწყვეტილებას მაყურებელი, პრესა, ფიგურული სრიალის სპეციალისტები პროტესტით შეხვდნენ. ოლიმპიური კომიტეტი და ფიგურული სრიალის მსოფლიო ფედერაცია იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძია ინციდენტი. მეორე დღეს ფრანგმა მსაჯმა აღიარა, რომ მან თავისი ხმა რუსებს საფრანგეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ზეწოლის გამო მისცა. ისიც გაირკვა, რომ არსებობდა ფარული შეთანხმება საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციებს შორის: ფრანგი მსაჯი თავის ხმას აძლევდა რუსებს, სამაგიეროდ ცეკვების დისციპლინაში, სადაც რუსებს გამარჯვების შანსი ნაკლებად ჰქონდათ, რუსი მსაჯი ფრანგების წყვილს გაიყვანდა პირველ ადგილზე.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფრანგ მსაჯს აეკრძალა მნიშვნელოვანი ტურნირების შეფასება, გამარჯვებულად კი ერთდროულად ორი წყვილი გამოაცხადეს - რუსებს ოქრო კანადელ ფიგურისტებთან, სალე-პელეტიესთან, გაუყვეს.

ბუნებრივია, ფიგურულ სრიალს, როგორც სპორტის სახეობას, შეექმნა საშიშროება საერთოდ “გარიცხულიყო” ოლიმპიური თამაშებიდან. ეს რომ არ მომხდარიყო, სპეციალისტებმა სასწრაფოდ შეიმუშავეს სპორტსმენების შეფასების ახალი სისტემა: ყველა ელემენტს, რომელსაც ასრულებს ფიგურისტი, დაედო თავისი “ფასი”... მათ აღრიცხავდა არა მსაჯი, არამედ კომპიუტერი, თუმცა, ცხადია, უარს ვერც მსაჯებზე იტყოდნენ; ფიგურული სრიალი არც ცურვაა და არც მძლეოსნობა. შესრულების ხარისხს მანქანა ვერ შეაფასებს. ის, თუ როგორ შესრულდა ეს ელემენტი, ასევე როგორია სპორტსმენის სრიალის სტილი, ქორეოგრაფია, როგორ გრძნობს მუსიკას... უკვე მსაჯმა, ე. ი. ადამიანმა უნდა შეაფასოს. ადამიანი კი, მოგეხსენებათ, ოხერია. როგორც ანა კორძაია-სამადაშვილი იტყოდა, “ობიექტური მხოლოდ მკვდარია”. ყოველი ადამიანის, ყოველი მსაჯის მიღმა არა მარტო სპორტის ამ სახეობის ცოდნა (ან არცოდნა), გემოვნება, გამოცდილება, არამედ მეტ-ნაკლებად ძლევამოსილი ინსტიტუტი, სპორტული ფედერაცია და, უფრო მეტიც, მთელი ქვეყანა დგას.

“სად გაქრა ელენე გედევანიშვილი?” - მეკითხებიან ხოლმე ხშირად ისინი, ვინც იცის, როგორ მიყვარს ეს სპორტი. სად გაქრა და ამერიკაში ვარჯიშობდა მას შემდეგ, რაც პუტინის ხელისუფლებამ მოსკოვიდან გამოაძევა ელენე და მისი ოჯახი. მერე საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ელენეს დაფინანსება შეუწყვიტეს (სააკაშვილის “ფავორიტი” იყო და აბა, რა იქნებოდა). ამის მერე ელენე “გაქრა”, ისევე როგორც სრულიად ახალგაზრდამ მიატოვა ეს სპორტი არაერთმა ნიჭიერმა ფიგურისტმა, რომელსაც საქართველოში ვარჯიშის საშუალება არ ჰქონდა - თბილისში ვერა და ვერ აშენდა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანი. ასეთ სიტუაციაში ფიგურული სრიალის ფედერაცია იძულებული იყო თანამემამულეები ქვეყნის გარეთ მოეძებნა (ოლიმპიური დისციპლინაა მაინც!) და დაერწმუნებინა ისინი, რომ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით მონაწილეობა მოსახერხებელი და სარფიანი იქნება მათთვისაც და მათი “ისტორიული სამშობლოსთვისაც”.. ასე ვიხილეთ ფიგურული სრიალის მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ტურნირებზე ბიჭები და გოგონები ქართული გვარებით, რომლებმაც ე.წ. “Kiss and Cry area” - შისიტყვა “გამარჯობის” თქმაც კი ვერ ისწავლეს. ისევ “Привет Москва!” , Привет ЦСКА”... საქართველოს სახელით გამოდიან, წარმატების შემთხვევაში მათთვის სტადიონებზე საქართველოს ჰიმნიც ჟღერს, მაგრამ ვარჯიშობენ მოსკოვში და მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი.

ასეთ სიტუაციაში მოსკოვზე დამოკიდებული ხდება საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაც. თუმცა დამოკიდებულებაც არის და დამოკიდებულებაც. როცა დიდი ხანია ოკუპანტის სივრცეში იმყოფები, მის ენაზე ლაპარაკობ, მის ენაზე აზროვნებ (!), აბსოლუტურად არ გრძნობ თავს დამოკიდებულად. და ეს აღარაა უკვე კონკრეტულად ფიგურული სრიალის პრობლემა.

ამას წინათ მწერალმა და პუბლიცისტმა ნოდარ ლადარიამ ფიგურულ სრიალს “რუსული ინექცია” უწოდა და დაუმატა, ისევე როგორც რუსული ბალეტი, სპორტის ეგ სახეობაც “ტოტალიტარულ იდენტობას” ქმნიდაო...თუკი ბატონ ნოდარს დავეთანხმებით, მაშინ არც ნინო ანანიაშვილის “გასტროლი” უნდა გაგვიკვირდეს მოსკოვში 25 თებერვალს - ანანიაშვილი, როგორც ბალერინა, ასევე ამ სივრცის შემადგენელი ნაწილია, დიდი თეატრი მისი “სახლია”, მიუხედავად იმისა, რომ ეს თეატრი ოკუპანტის კულტურის ერთ-ერთ ძლევამოსილ სიმბოლოდ რჩება.

“არ ვიცოდით, რომ საქართველო ისევ რუსეთის შემადგენლობაში რჩება”, - ირონიით შენიშნა კანადელმა ბიჭმა ამ ერთი კვირის წინ ფიგურული სრიალის ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების, “გრან პრის”, დასრულების შემდეგ ქალაქ ვანკუვერში.

რუსეთი ამ ტურნირში ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა ზაგიტოვას, გამარჯვებას ელოდა - 16 წლის გოგონას ტრიუმფს! ზაგიტოვა, ვლადიმირ პუტინის ეს ფავორიტი, ფაქტობრივად, უკვე დასახელებული იყო წლის საუკეთესო სპორტსმენად... მაგრამ მოხდა საოცრება: ოლიმპიურ ჩემპიონს ვანკუვერში მოუგო იაპონური ფიგურული სრიალის ახალმა ვარსკვლავმა, მართლაც რომ გენიალურმა რიკა კიჰირამ - მოუგო როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამებში, ყველა მსაჯის ხმით... ორის გარდა - ქართველი და რუსი მსაჯების გარდა. უფრო მეტიც, თუკი რუსმა მსაჯმა მხოლოდ 3- ქულიანი სხვაობის დაწერა გაბედა ზაგიტოვას სასარგებლოდ, ქართველმა მსაჯმა რუსეთისადმი მაამებლობა - არც მეტი, არც ნაკლები - 8-ქულიანი უპირატესობით გამოხატა.

იმ დღეს, ქალთა შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ფიგურული სრიალის ფორუმები - სხვათა შორის, რუსული ფორუმებიც - აფეთქდა ქართულ-რუსული დუეტის ამ უპასუხისმგებლო - მე ვიტყოდი, თავხედური - გადაწყვეტილების გამო. სკანდალი შეაფასა ფიგურული სრიალის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო სპეციალისტმა, ფილიპ ჰერშმაც.

დაიდო შეფასების ცხრილებიც, რომელთა ხილვა ნამდვილად არაა სასიამოვნო ფიგურული სრიალის ქართველი მოყვარულისთვის - არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ მართლა სერიოზული ახსნა გვიწევს ახლა, რომ საქართველო, დიდი ხანია, აღარაა “რუსეთის შემადგენლობაში”.

აი, ბატონო, იხილეთ, ესაა ქალთა მოკლე პროგრამის შეფასება, ეს კიდევ თავისუფალის.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩინელ მსაჯს (ჩინელი სპორტსმენები არ მონაწილეობდნენ ფინალურ შეჯიბრებაში) ალინა ზაგიტოვა - არც მეტი, არც ნაკლები - მეოთხე ადგილზე გაჰყავს, მაშინ როცა ქართულ-რუსული დუეტი ყველა ხერხით ცდილობს ლიდერობა წაართვას იაპონელ ფიგურისტს და ზაგიტოვას გაამარჯვებინოს -გაამარჯვებინოს ოლიმპიური თამაშების მერე მნიშვნელოვნად გაზრდილ და დამძიმებულ ზაგიტოვას, უკვე სასაცილოდ შესრულებული ე.წ. “ბაუერებით”, ჩავარდნილი კომბინაციით თავისუფალ პროგრამაში (როგორც ამბობენ ხოლმე, “დაპოპილ კომბში” ქართველმა მსაჯმა ზაგიტოვას +2 დაუწერა, როცა რეალურად ეს გაფუჭებული ელემენტი უნდა შეფასებულიყო ნულით ან მინუსებით) - (მსაჯი ნომერი სამი ქართველია).

როგორ შეიძლება ავხსნათ ეს სამარცხვინო ტენდენციურობა? იმით, რომ “ოხერია ადამიანი” და ზოგჯერ ის მოსწონს, რაც უფრო სარფიანია, რაც საქმეს გამოადგება? და თუ ეს საქმე ქვეყნისთვის, მისი სპორტისთვის კეთდება, რატომაც არა? აგერ, ხომ ავარჯიშებენ სპორტსმენებს ქართული გვარებით მოსკოვში?.. ჰოდა, სხვანაირად როგორ გადავუხადოთ მადლობა? როგორ ვაიძულოთ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მწვრთნელი ეთერი გიორგევნა თუთბერიძე, სწორედ ზაგიტოვას აღმზრდელი, ხანდახან ქართველ სპორტსმენებსაც მიაქციოს ყურადღება და მათ მიუჯდეს გვერდზე “Kiss and Cry area” - ში... მათ და საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ჩინოვნიკებს, რომლებმაც მაინც ვერ ასწავლეს ჩვენს მოსკოველ თანამემამულეებს ქართულად “გამარჯობის” თქმა.

თუ ასეა, ჯანდაბას! უწერონ რუსებს ქულები, სანამ ფიგურული სრიალის მსოფლიო ფედერაცია მათი კვალიფიკაციით და პროფესიონალიზმით არ დაინტერესდება. მაგრამ თუკი მიზეზი ისაა, რომ ამ ხალხისთვის მოსკოვი ისევ ქვეყნის დედაქალაქად, (“სახლად”) რჩება, თუკი ისევ სიყვარულისა და სიხარულის ცრემლით ევსებათ თვალი მოსკოვის (“რუსული სკოლის”) ხსნებაზე, მაშინ არც იმ კანადელმა გულშემატკივრმა უნდა გაგვაღიზიანოს, გაკვირვებული რომ წერს, ვერ გავიგე, საქართველო ისევ რუსეთის შემადგენლობაში რჩებაო? იმ ქართველი პილოტისა არ იყოს, რუს ავიადისპეტჩერს სიყვარულს რომ უხსნის, საქართველო სავსეა ადამიანებით, რომლებსაც თავიანთ ტკბილ სიზმრებში ისევ საბჭოთა კავშირი ესიზმრებათ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG