რაღაც დრომდე ჩვეულებრივი ამბავი იყო სოხუმსა და გალში დარეკვა, ინტერვიუს ჩაწერა იქაურ პოლიტიკოსებთან: ქიშმარიასთან, შამბასთან... მათი ნომრები 8 88 122... ისევ გვაქვს ძველ, დაფურცლულ და დაშლილ ბლოკნოტებში და რომ დავრეკოთ, ალბათ, ახლაც გვიპასუხებს ვინმე, მაგრამ შევძლებთ კი საუბრის გაბმას? ან როგორ უნდა ავუხსნათ, რატომ გაგვახსენდნენ ამდენი ხნის წყვეტის შემდეგ? ან რა უნდა ვკითხოთ? ცხადია, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვინმე ფრთიანი ანგელოზია და, რომ მათთან ინტერვიუ რადიკალურად შეცვლიდა ვითარებას. კომუნიკაციის მოშლაზე ვჩივით, სალაპარაკოს გამოლევაზე, გაუცხოებაზე...
სალაპარაკო რომ გვქონდეს, აუცილებლად გვეცოდინებოდა, რა ხდება ახლა სოხუმში, რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, რატომ ექცათ ტრადიციად ხელისუფლების საპროტესტო აქციებით შეცვლა და, საერთოდ, რითი ცხოვრობენ ეს ადამიანები, რა აწუხებთ და რა უხარიათ... ადრე, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გვქონდა ეს ცოდნა. შესაძლოა, არასიღრმისეული, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობდა? ჩვენ, - აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს, - ავად თუ კარგად, მაინც ერთი საინფორმაციო სივრცე გაგვაჩნდა, მეტი ვიცოდით ერთმანეთის ყოველდღიურობაზე, პრობლემებზე და, რაც მთავარია, სულ გვქონდა განცდა, რომ რაღაცნაირად უკან მოვიტოვებდით სისხლიან წარსულს, სტატუსის ამბავს შორეული მომავლისთვის გადავდებდით და შევრიგდებოდით: ჯერ ერთმანეთის გულებში, შემდეგ კი სახლებშიც დავბრუნდებოდით...
დეკლარირებულად ეს იმედები დღემდე ცოცხალია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უნდა მიუთითებდეს NDI-ის 2019 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც „ტერიტორიული მთლიანობა“ კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა პირველ ხუთეულში, „სამუშაო ადგილების“, „ფასების ზრდისა“ და „სიღარიბის“ შემდეგ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ „ტერიტორიული მთლიანობისათვის“ მიჩენილი ეს ადგილი ძალიან ჰგავს გამოსაჩენ ადგილებში გამოკრულ და გვარიანად გახუნებულ გიგანტურ ტრანსპარანტებს, წარწერით: „გვახსოვდეს აფხაზეთი!“, რომელმაც, ხელისუფლებისა და საზოგადოების მრავალწლიანი უმოქმედობის შედეგად, განსხვავებული შინაარსი შეიძინა: აფხაზეთი, როგორც რთული პრობლემა, დიდი ხანია, აღარ გვახსოვს, დღეს კი ფიზიკურად დავიწყების პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უფრო მეტი ვიცით იმაზე, რა ხდება ირანსა და სირიაში, ვიდრე აქ, აფხაზეთში! არაფერი ვიცით არც საზოგადოების, არც კულტურისა და არც პოლიტიკის შესახებ!
ცხადია, ძნელია რუსეთის ნეგატიური როლის გაზვიადება ქართველებისა და აფხაზების გაუცხოების საქმეში, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ შევწყვიტეთ ფიქრი აფხაზეთზე, აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენაზე, შერიგებაზე, ძველი კავშირების აღდგენაზე; რომ აღარ გვაინტერესებს, რა ხდება „ოკუპირებულ ტერიტორიაზე“; რომ სულ ერთია, ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტი, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ. ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ „საჩვენო“ იქ არაფერი მოხდება... ამ ფონზე, დაუჯერებლად მოჩანს შორეულ 1916 წლის აპრილში აფხაზეთის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი.
1916 წლის 30 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მცირე მოცულობის ცნობა, რომლის მიხედვითაც, აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს საეგზარქოსოდან გამოყოფას:
„აფხაზთა დეპუტაცია დღეს წარუდგება მეფისნაცვლის სამოქალაქო საქმეთა განყოფილების თანაშემწეს თავ. არლოვს. დეპუტაცია აგრეთვე საქართველოს ეგზარხოსს წარუდგება და სთხოვს წინაღუდგეს სოხუმის ეპარქიის ჩამოშორებას საქართველოს საექსარხოსოდან“.
გარდა ამისა, აფხაზების დელეგაცია (მ. შარვაშიძე, მ. ემუხვარი, მ. ინალიფა, პ. ანჩაბაძე, ბ. ეზუგბაია, ა. ჩუკბარი) მეფისნაცვლისგან ასევე ითხოვდა:
სწავლა სკოლებში წარმოებდეს მშობლიურ ენაზე - ქართულად და აფხაზურად; სოხუმის ოლქი გამოიყოს ცალკე გუბერნიად და არასგზით არ იქნეს შეერთებული შავი ზღვის გუბერნიასთან (რომელშიც შედიოდა ტუაფსე, სოჭი, ნოვოროსიისკი); თუ შეუძლებელია სოხუმის ოლქის ცალკე გუბერნიად გამოყოფა, მაშინ იგი შეუერთდეს ქუთაისის გუბერნიას.
ასეთი განწყობა იყო 1916 წელს, რომლის შემდეგაც ქართველებსა და აფხაზებს შორის კარგიც ბევრი მოხდა და ცუდიც, მაგრამ აშკარაა, რომ ცუდმა გადაწონა კარგი ისე, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ძირფესვიანად შეიცვალა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთდამოკიდებულება, რაზეც, ცხადია, გავლენა იქონია ჯერ საბჭოთა კავშირმა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციამ.
90-იან წლებში ჩვენ ვერც რუსეთის ნეგატიური გავლენა შევამცირეთ და ვერც აფხაზებთან კონფლიქტი ავიცილეთ თავიდან.
რუსეთის გავლენა შემდგომ წლებშიც არ შემცირებულა. ცხადია, ვერც აფხაზებთან შერიგება შევძელით, მაგრამ მთელი ეს წლები ჩვენ შორის მაინც არსებობდა ემოციური კავშირი: რაღაცნაირად სულ ერთი არ იყო, რა ხდებოდა ენგურს გაღმა, როგორი განწყობები იყო სოხუმში, ვის ირჩევდნენ პრეზიდენტად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას გალის მოსახლეობისადმი, რას ფიქრობდა დევნილების დაბრუნებაზე და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დადგა.
ჩვენთვის სულ ერთია, რა ხდება აფხაზეთში!
ჩვენთვის ყველა ერთნაირად მიუღებელია!
ჩვენ არავის ველაპარაკებით და არც ჩვენ გველაპარაკება ვინმე!
რას მოგვიტანს ასეთი დამოკიდებულება?
არაფრიდან, ცხადია, არაფერი გამოვა!
ვითარების შესაცვლელად საქართველოს სჭირდება პოლიტიკური კლასი, რომელიც გამონახავს (შექმნის) მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსს, გააჩენს შერიგების ურყევ რწმენას... მანამდე კი გავუსწოროთ სიმართლეს თვალი: შესაძლოა, გვახსოვს კიდეც აფხაზეთი, მაგრამ აღარ ვიცით, რა არის აფხაზეთი!