Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველოში თითქმის ყველამ იცის ზეპირად ილია ჭავჭავაძის ორსტროფიანი ლექსი-შედევრი „გაზაფხული“, რომელიც პოეტმა სტუდენტობისას, „პეტერბურღში“ დაწერა, მაგრამ ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს ამ ლექსის გადაკეთებისა თუ მიბაძვის არც სახუმარო და არც ტრაგიკული ისტორიები.

ცხადია, საუბარია ამ საყოველთაოდ ცნობილ ლექსზე, რომელიც სკოლებშიც ისწავლება:


ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?


მწერალი გიორგი შატბერაშვილი ერთ-ერთ წერილში იხსენებს ილიას ამ ლექსის „მიბაძვას“ - სახუმარო გასართობს, რომლის ავტორი აკაკი წერეთელია. როგორც ცნობილია, აკაკი ხშირად მიმართავდა , როგორც პირდაპირ, ასევე შენიღბულ სატირას და არაფრად დაგიდევდათ ავტორიტეტებს.

გიორგი შატბერაშვილი: „პავლე ინგოროყვას 1940 წელს გამოცემულ აკაკი წერეთლის თხზულებათა მეორე ტომის ბოლოში დართულ კომენტარებში აღნიშნული აქვს, რომ აკაკის სატირის მსხვერპლნი არა ერთხელ გამხდარან, როგორც მაშინდელი ჩვენი საზოგადო მოღვაწენი, ისე ქართული საზოგადოების აშკარა მტრები. ასე, მაგალითად, ლექსში „პამპულა“ (1894 წ) აკაკი ამათრახებს ცნობილ მწერალს ანტონ ფურცელაძეს, ლექსი „არაკი“ მიმართულია მკაცრი ცენზორის ლუკა ისარლოვის წინააღმდეგ, ხოლო ლექსი „ყიზილბაშური“ ამჟღავნებს ცნობილ შავრაზმელ პოეტს ვ. ველიჩკოს. აკაკი გამკილავი ლექსით თვით ილია ჭავჭავაძესაც კი გაეპაექრა და, უნდა ითქვას, არცთუ მაინცდამაინც სამართლიანად. ამ შემთხვევაში მისი მახვილი ხუმრობის ობიექტი გახდა ილიას მშვენიერი ლექსი „გაზაფხული“, მხოლოდ იმის გამო, რომ „მერცხლის ჭყივილი“ მასაც სხვებივით ეუცნაურა. აი, ის ლექსიც, რომელიც აკაკის 1895 წელს დაუწერია:


ზამთარი რომ წავიდა,

მოვიდა გაზაფხული.

სახლში ჭყივის მერცხალი,

ბაღში კივის ბულბული.

აყვავებულა ვარდი,

ნესვიც დამწიფებულა,

ღობეში - კი მსუნაგი

ღორი გაკვეხებულა!

მებაღე დიდი ჯოხით

ღორზე ამხედრებულა...

გუმარჯოს სამშობლოს,

მტერიც დამარცხებულა!“

ამ „სახუმარო გასართობის“ მსგავსად ილიას „გაზაფხული“ დაედო საფუძვლად კიდევ ერთ მიბაძვას, რომლის ინსპირაციის წყარო ილია ჭავჭავაძის სასტიკი მკვლელობა გამხდარა.

როგორც ჟურნალ „დროშის“ 1978 წლის მე-8 ნომერში ვკითხულობთ (ავტ. შოთა როსტომაშივლი) მკვლელობის დღეებში გავრცელებულა მაშო სარალიძის ამხანაგობის („კალმისათვის“) სტამბაში დაბეჭდილი ღია საფოსტო ბარათი, რომელზეც მამადავითის ფონზე აღბეჭდილია ილია ჭავჭავაძის პორტრეტი (შემკული დაფნის რტოთი), გადაშლილ რველზე დასვენებული კალამი. იქვეა წაქცეული ანთებული ჩირაღდანი, სიმებდაწყვეტილი ჩანგი, მლოვიარე დედა... კმოპოზიციამ აჯამებს ლექსი „შემოდგომა“ დაწერილი ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულის“ საპირისპირო მოტივებზე, რომელიც კარგად გამოხატავს ქართველი ხალხის შეშფოთებას ილია ჭავჭავაძის საზარელი მკვლელობის გამო.


აი, ლექსიც:

ტყესა სცვივა ფოთოლი,

მერცხალი აღარ სჭყივის,

გაშრა ვაზი ობოლი

ლხენით ვეღარა სტირის.

სულ გადამხდარა მდელო,

მთები მობურვილია,

მუმულო, უბედურო,

რად მოჰკალი ილია?


ლექსს ხელს აწერს „ნავი“, რომლის ვინაობის შესახებ არაფერი წერია ალ. მიქაძის ფსევდონიმების ლექსიკონში.

როგორც „დროშის“ ავტორი ამბობს, ეს მღელვარე სტრიქონები ხალხმა აიტაცა და მას მღეროდნენ თურმე ინსტრუმენტის თანხლებით, მღეროდნენ ინსტრუმენტის გარეშეც და ამ სიმღერით მრისხანე პროტესტს გამოთქვამდნენ ხელისუფლებისა და მისი დაქირავებული მკვლელების მიმართ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

„მე ისე მოვკვდები, რომ ვერასდროს ვიპოვი პასუხს კითხვაზე, რომელიც ყველაზე უფრო მტანჯავს: როგორ ხდებოდა, რომ აუშვიცის თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს აწამებდა და კლავდა, ხოლო საღამოს სახლში თავისიანებს რილკეს პოემებს უკითხავდა და შუბერტის ლიდებს უსმენდა...“ - დაწერს ჯორჯ სტაინერი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალი, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იკვლევდა დამოკიდებულებას ბარბაროსობასა და კულტურას შორის.

ადამიანის დანაშაულს ონტოლოგიური საფუძველი აქვს თუ იგი განპირობებულია ისტორიული კონტექსტით? როგორ ჩაეშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპული ცივილიზაცია დანაშაულებების არნახულ უფსკრულში? დებატები ამის შესახებ უკვე 60 წელია მიმდინარეობს.

1963-1965 წლებში ფრანკფურტში გაიმართება აუშვიცის ბანაკის ყოფილი მცველების რამდენიმე სასამართლო პროცესი. გერმანია ასე აღმოაჩენს უცბად, რომ კეთილგანწყობილი მეზობლები, ოჯახის მოყვარული პატარა ფუნქციონერები, ხელოსნები თუ მეფუნთუშეები პროფესიონალი სადისტები და მკვლელები იყვნენ.

ორიოდ წლით ადრე გერმანელ მაყურებელს უკვე ნანახი ჰყავდა შუშის გალიაში გამომწყვდეული ადოლფ აიხმანი, რომელიც, მეფუნთუშეებისა და ხელოსნების არ იყოს, ძალიან წააგავდა სისტემის „მსხვერპლ“ პატარა ჭანჭიკს. ჰანა არენდტის მიერ აიხმანის შესახებ გამოტანილი დასკვნაც ხომ ანალოგიური იყო? - „აიხმანი არ იყო არც იაგო და არც მაკბეტი. და არაფერი მისგან ისე შორს არ იყო, როგორც რიჩარდ III“.

თუ აიხმანი უბრალო ჭანჭიკი იყო, თუ აუშვიცის მცველები სინამდვილეში ოჯახისა და ახლობლის მოყვარე ხალხი გახლდათ, მაშინ ეს ადამიანები თვითონ ყოფილან ნაცისტური სისტემის მსხვერპლი! გამოდის, რომ ჰიტლერს, ჰიმლერს და ერთ მუჭა რამდენიმე სხვა ფანატიკოსს უიძულებია აიხმანი და აუშვიცის მცველები, სადისტები გამხდარიყვნენ!...

ამ ანთროპოლოგიურ ოპტიმიზმს გააძლიერებს 1961 წელს სტენლი მილგრამის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. სოციალური ფსიქოლოგიის ეს ჰარვარდელი მკვლევარი იკვლევდა ადამიანის მორჩილებას ძალაუფლების წინაშე (სტენლი მილგრამის ექსპერიმენტზე რამდენიმე ფილმია გადაღებული ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მილგრამმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა: „უბრალო ადამიანებს, თავისუფალს ყოველგვარი მტრული აგრესიული ზრახვებისგან, შეუძლიათ, უბრალოდ დავალების შესრულების მიზნით, გახდნენ განადგურების საშინელი პროცესის აგენტები“.

60-იანი წლების არენდტ-მილგრამის თეორია მალამოსავით დაედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დატოვებულ გერმანულ ეთიკურ ჭრილობებს: თურმე მთავარი ყოფილა ისტორიული კონტექსტი და არა ონტოლოგიური დანაშაული. „ჩვენ არ ვყოფილვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებზე, პასუხისმგებელი მხოლოდ ჰიტლერი და მისი გარემოცვა იყო“ - შეეძლო ეთქვა ომიდან დაბრუნებულ ნებისმიერ გერმანელს თავისი შვილისთვის...

დიდი ამერიკელი ისტორიკოსის, ქრისტოფერ ბრაუნინგის კვლევები შოაზე, რამდენიმე ბზარს შეიტანს არენდტ-მილგრამის ამ თეორიაში. ქრისტოფერ ბრაუნინგი შეისწავლის 101-ე პოლიციის ბატალიონის წევრების ქმედებებს პოლონეთის ტერიტორიაზე. 1992 წელს გამოცემულ წიგნში ბრაუნინგი აჩვენებს, თუ როგორ ხდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების მონსტრებად გადაქცევა. 101-ე ბატალიონის ნეოფიტი წევრები, რომლებსაც თავიდან მკვეთრი სომატური (გულის რევა და ა.შ.) რეაქცა ჰქონდათ ებრაელი ქალების და ბავშვების მკვლელობაზე, მალე ისე ეჩვევიან სისხლს, რომ აქტიურად ჩაებმებიან მკვლელობის ფერხულში... ამასთან ერთად ბრაუნინგი აჩვენებს, რომ პოლიციის ამ ბატალიონის წევრებს ყოველთვის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ მათ არავინ არაფერს აძალებდა... ბრაუნინგის დასკვნა ცალსახა იქნება - უბრალო ადამიანები ჯალათებად იქცევიან შეჩვევის, გულგრილობის, სოციალური მიმიკრიის, სოციალური კონფორმიზმის შედეგად... „არ არსებობს პირობები, რომელსაც ადამიანი ვერ შეეგუება, მით უმეტეს, თუ ხედავს, რომ მის გარშემო ყველა ამგვარად ცხოვრობს“ - დაწერს ტოლსტოი ბრაუნინგამდე 120 წლით ადრე.

ბრაუნინგის შემდეგ დადგება დანიელ გოლდჰაგენის ჯერი. ბრაუნინგისგან განსხვავებით, ეს ჰარვარდელი მკვლევარი ონტოლოგიურ დანაშაულს ეთნიკურ ფატალიზმად აქცევს. მისი წიგნის, „მოსურნე აღმასრულებლების“, მიხედვით, რომელიც პამფლეტს უფრო წააგავს, ვიდრე ისტორიულ ნაშრომს, ყველა გერმანელი ჯალათი იყო. გოლდჰაგენის ვერსიით, მარტინ ლუთერის პერიოდიდან მოყოლებული -გერმანელები საშინელი ანტისემიტები იყვნენ და ისინი მხოლოდ საკუთარი მესიის (ჰიტლერის) მოსვლას ელოდნენ, რათა სანუკვარი იდეები განეხორციელებინათ. წიგნის გამოსვლა გერმნიაში დაემთხვევა დიდ გამოფენას ვერმახტის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე (გამოფენას მთელი გერმანიის მასშტაბით 1 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა). ეს გამოფენა გააათმაგებს გოლდჰაგენის წიგნის პოპულარობას.

არადა გოლდჰაგენის ნაშრომი რომ პამფლეტს უფრო ჰგავდა, ამის დანახვა ძნელი არ იყო... თუ გერმანული ანტისემიტიზმით იყო ებრაელების გაწყვეტა განპირობებული, მაშინ საინტერესოა, როგორ ხსნიდა გოლდჰაგენი ფაქტს, რომ იმ გერმანელი ებრაელობის ნახევარმა, რომელიც ძალაუფლებაში ჰიტლერის მოსვლას მოესწრო, სიცოცხლე საკუთარ ლოგინში დაამთავრა? როგორ მოხდა, რომ გერმანელი ებრაელობის 50% ჰოლოკოსტს გადაურჩება, მაშინ როცა პოლონელი ან საბჭოთა ებრაელობის თითქმის 100% შოას მსხვერპლი გახდა? ან როგორ ხსნიდა ის, რომ რაც გერმანელი ებრაელისთვის გადარჩენის გარანტი იყო (მაგალითად, ქრისტიანთან ქორწინების საბუთი), ფარატინა ქაღალდი ხდებოდა პოლონელი ან საბჭოთა ებრაელისათვის...

ამ უბრალო, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან კითხვებს დასვამსიელის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი სნაიდერი და ამომწურავ პასუხებსაც გასცემს. თავის ნაშრომებში სნაიდერი ხაზს გაუსვამს ისტორიულ კონტექსტს, როგორც წინაპირობას დანაშაულისა. სნაიდერი ცხადად დაგვანახებს, თუ რაოდენ ადვილი ხდებოდა მოსახლეობის მასობრივი განადგურება სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის პირობებში.

ამის პარალელურად 21-ე საუკუნე ბევრ „ოპტიკურ ილუზიას“ გაფანტავს. მაგალითად, ბეტინა შტანგნეტი ადოლფ აიხმანის ბიოგრაფიაში ნათლად აჩვენებს, რომ აიხმანი იყო არა ნაცისტური სისტემის ერთი მორჩილი ჭანჭიკი (როგორც ამას ჰანა არენდტი თვლიდა), არამედ ინიციატივით აღსავსე ფანატიკოსი ანტისემიტი გახლდათ. პარალელურად მეცნიერები (დაიანა ბაუმრინდი) და ჟურნალისტები (ჯინა პერი) აღმოაჩენენ, რომ სტენლი მილგრამის ექსპერიმენტები მთლიანად დადგმული იყო. თვით სტენლი მილგრამიც აღიარებს, თუ რამდენად იმოქმედა მისი ექსპერიმენტის „მსვლელობაზე“ ადოლფ აიხმანის პროცესმა.

თუმცა, მიუხედავად „ოპტიკური ილუზიების“ გაფანტვისა, დებატები „ონტოლოგისტებსა“ და „კონტექსტუალისტებს“ შორის დღესაც გრძელდება. ზოგიერთ ისტორიკოსს ამ დებატებში მესამე ე.წ. სამხედრო განზომილება შემოაქვს - ვინაიდან ჰიტლერი და მისი გენერლები ებრაულ სამოქალაქო მოსახლეობას სამხედრო საფრთხედ მიიჩნევდნენ, ეს უბიძგებს მკვლევრებს, შოა შეისწავლოს როგორც განუყოფელი ნაწილი ბრძოლებისა. მოკლედ შოასთან დაკავშირებულ „გენეტიკურ“ კვლევებში ამომწურავ პასუხს ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ...

ხოლო რაც შეეხება აუშვიცთან დაკავშირებულ აპორიას, რომელსაც ჯორჯ სტაინერი დასვამს, მასზე პასუხად შეიძლება დოსტოევსკიდან გვესესხა ერთი ფრაზა: „არა, ფართოა ადამიანი, ზედმეტად ფართოც, მე მას უფრო დავავიწროებდი...“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG