Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

27 იანვარი გერმანიაში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ აღინიშნება. „ჰოლოკოსკი“ ძველი ბერძნული სიტყვაა და ის „სრულად დაწვას“ ნიშნავს. ამ ტერმინის პარალელურად ებრაული ტერმინი „შოაც“ („უკეთურება“) გამოიყენება იმ მოვლენის აღსანიშნავად, რომლის ავტორიც გერმანული ნაციზმია. ერთმა ხალხმა, ერთმა ნაციამ არათუ მხოლოდ სხვა ხალხები, არამედ თავისი ერთი ნაწილიც „არასრულფასოვნად“, საკუთარი თავის უღირსად, „ანტისხეულად“ გამოაცხადა და მას სიცოცხლის უფლება ჩამოართვა. ასეთები აღმოჩდნენ, პირველ რიგში, ებრაელები, რომელთაგანაც დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ჰოლოკოსტს ემსხვერპლა. აგრეთვე ბოშები, ჰომოსექსუალები, კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები, უნარშეზღუდული ადამიანები, კრიტიკულად მოაზროვნეები, რომლებიც რეჟიმთან დაპირისპირებას ბედავდნენ, - ერთი სიტყვით, ყველა, ვინც ნაცისტთა „აღმატებული არიული რასის“ გარეგნულ თუ სააზროვნო სტერეოტიპებში არ ჯდებოდა. თუმცა კი ამის შესახებ გერმანიაც და მთელი მსოფლიოც ოფიციალურად მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარმა ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი – ოსვენციმი (გერმანულად – „აუშვიცი“) დაიკავა. აქედან მოყოლებული ოსვენციმი არაადამიანურობისა და სიმხეცის სიმბოლოდაა ქცეული, რადგანაც ისინი ადამიანურობის იმ განსაზღვრებაში აღარ თავსდება, რომელიც დასავლურმა, ყველაზე მეტად კი სწორედ თავად გერმანულმა აზროვნებამ შექმნა. მარტო ოსვენციმში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.

ამ ბანაკში „მოღვაწეობდა“ გერმანელი ექიმი იოზეფ მენგელე, რომელიც, მისი აზრით, „ანომალიებისგან“ თავისუფალი, უმაღლესი რასის ადამიანის გამოსაყვანად ცოცხალ ადამიანებზე ატარებდა სასიკვდილო ექსპერიმენტებს და მხოლოდ მისი ცდებისათვის 40 ათასი ადამიანი მოიკლა. გერმანულმა ნაციზმმა შექმნა მასობრივი მკვლელობის მთელი ინდუსტრია, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქმე არა მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობას ეხება, არამედ სრულიად რაციონალურ, გერმანული სიზუსტითა და პედანტურობით გამოთვლილ სიკვდილის ინდუსტრიას, რომელიც ადამიანების დახოცვის ეფექტიანობასა და რენტაბელურობას ემსახურებოდა. მაგალითად, გამოთვალეს, რომ „გაზის კამერა“ ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ადამიანების დახვრეტა ან ჩამოხრჩობა: დახარჯული მომწამლავი გაზის ღირებულება კი ბევრად იაფია, ვიდრე დახვრეტის შემთხვევაში გამოყენებული ტყვიების საფასური. თანაც ასე ერთბაშად რამოდენიმე ათეული ადამიანი იხოცება. უფრო ძვირი ჯდებოდა გვამების ლიკვიდაცია, რისთვისაც საკონცენტრაციო ბანაკებში ძირითადად კრემატორიუმებს იყენებდნენ. ასეთ არაეკონომიურ ხარჯვასაც რაციონალური ახსნა მოეძებნება: პირველ რიგში, კრემაცია ყველაზე „სუფთა“ და ჰიგიენური მეთოდია, რომლითაც შეიძლება გვამის ხრწნის შედეგად წარმოშობილი ინფექციებისგან თავის დაცვა. თუმცა ასეთი პრაგმატიკის პარალელურად, შეიძლება პარადოქსულადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ ნაციონალ-სოციალისტებს საკუთარი ბარბაროსობა სრულიად გაცნობიერებული ჰყონდათ, მათ ზუსტად იცოდნენ, რასაც სჩადიოდნენ და ამიტომაც ისინი კვალის წაშლასაც ცდილობდნენ. შესაბამისად, 1945 წლამდე გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკებსა და იქ ჩატარებულ სისასტიკეებზე არავინ ლაპარაკობდა. ომის დამთავრებისა და გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ გერმანელთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებდა - „ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდითო.“ უმცირესი ნაწილი კი აღიარებდა, რომ ამის არცოდნა შეუძლებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მთელი გერმანია კრემატორიუმებიდან წამოსული დამწვარი ხორცის სუნით ყარდა.

იტალიელი მწერალი პრიმო ლევი იმ მცირერიცხოვან ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც ოსვენციმი ცოცხლებმა დატოვეს, ხოლო მოგვიანებით ევროპულ ლიტერატურაში ჰოლოკოსტის ჟანრი შექმნეს. ლევი ერთ უცნაურად შემზარავ ფაქტს აღწერს: როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან მატარებლებით დახოცილთა ტანსაცმელი თუ სხვა პირადი ნივთები გერმანიის ქალაქებში ჩამოჰქონდათ, მოსახლეობა წესრიგის სრული დაცვით რიგში დგებოდა და პატიოსნად ელოდა საკუთარი „ჰუმანიტარული დახმარების“ მიღებას. ადამიანები „ცივილიზებულებად“ რჩებოდნენ, წესრიგისა და სამართლიანობის პრინციპებსაც იცავდნენ საკუთარი გარეგნული ქცევით. ამავე დროს კი არ ფიქრობდნენ იმ ფაქტის დანაშაულებრიობასა და უსამართლობაზე, რომლის საფუძველზეც მათ მოკლულთა ნივთები და ქონება გადაეცემოდათ.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, როდესაც ჰოლოკოსტს კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ეწოდა, არაერთხელ გაისმა ერთი სრულიად რიტორიკული შეკითხვა, რომელსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ: „როგორ იყო შესაძლებელი, რომ კანტის, ბეთჰოვენის, გოეთესა და სხვა მრავალ ჰუმანისტთა ერმა ასეთი საშინელება ჩაიდინა?“ ჰოლოკოსტმა სწორედ ამგვარი წარმოდგენა დააყენა ეჭვქვეშ: რამდენად მართებულია ნაციონალ-სოციალიზმის შემდეგ ტერმინ „კულტურული ნაციის“ არსებობა? არის კი კულტურა, რომელიც ცალკეული ინდივიდების მიერ იქმნება, საყოველთაო-ეროვნული საკუთრება?

1949 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა თეოდორ ადორნომ ალბათ თავისი ყველაზე ცნობილი ფრაზა თქვა: „აუშვიცის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსული საქციელია“. ადორნოს ამ სიტყვების ადრესატად კი მიჩნეულ იქნა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი პოეტის, პაულ ცელანის 1947 წელს გამოქვეყნებული ლექსი „სიკვდილის ფუგა“, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ჰოლოკოსტის ყველაზე ცნობილ პოეტურ სიმბოლოდ იქცა. ადორნოს მიაჩნდა, რომ ოსვენციმის შემზარაობის ლექსის ენით გადმოცემა შეუძლებელია. ცელანისთვის კი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკში მშობლები დაკარგა და თავადაც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, პოეზია სწორედაც რომ ის ენა იყო, რომელიც ყველანაირ დოკუმენტურ ისტორიაზე უფრო მეტი სიზუსტით არეკლავდა განცდილ სისასტიკეს. „სიკვდილის ფუგა“ პაულ ცელანმა საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა. ამ ლექსის ერთმა სტრიქონმა – „სიკვდილი ოსტატია გერმანიიდან მისი თვალი არის ცისფერი“ – პოეტური დაღი დაასვა გერმანულ ენასაც და მასზე მოლაპარაკე ადამიანთა სახეებს.
იმასთან დაკავშირებით, რომ იანვრის მესამე დეკადიდან საქართველო ნელ-ნელა გადაერთო ჩვეულ სამუშაო რიტმში, გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და წელს 25 წლის გავხდი. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ატლანტიდან დავბრუნდი. მე უკვე ინჟინერი ვარ და ვმუშაობ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ კვლევით ინსტიტუტში. საიდუმლო კი ის არის, რომ არც ერთმა თანამშრომელმა არ იცის რაში მდგომარეობს საიდუმლო. ერთი საიდუმლო მეც მაქვს, მაგრამ არავის ვეუბნები, იმიტომ, რომ საიდუმლოა. თანაც, ეს საიდუმლო ყველამ იცის, უბრალოდ არ იციან, რომ საიდუმლოა. მეც არ ვეუბნები, რომ საიდუმლო იციან, იმიტომ რომ, ეს ჩემი საიდუმლოა და რომ ვუთხრა, აღარ მექნება. სამსახური ცხრაზე გვეწყება, მაგრამ რადგან საიდუმლოა, ცხრის ნახევარზე მივდივართ. ასევე ნახევარი საათით ადრე ვამთავრებთ. ცხადია, შესვენებაც ნახევარი საათით არის გადაადგილებული. მაგრამ, სამსახურის საიდუმლო რომ არავინ გაიგოს, ყველაფერი პირიქით გვაქვს: შესვენებისას ვმუშაობთ; მუშაობისას ვისვენებთ; წასვლისას მოვდივართ და მოსვლისას მივდივართ. ოღონდ ეს ყველაფერი ნახევარი საათით არის წანაცვლებული. სამსახურში რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათგან ზოგი ქალია და ზოგი კაცი. მაგრამ, რომ არ გაიგონ ვინ ქალია და ვინ კაცი, ქალების ტუალეტს М აწერია, კაცებისას კი Ж. შენობა გარედან ხუთსართულიანია, შიგნიდან კი სამი. ოთახი, რომელშიც მე ვმუშაობ, შიგნიდანაც და გარედანაც მეორე სართულზეა. დირექტორის ოთახი კი პირიქით. სასადილოს სართული არ აქვს, რადგან სარდაფშია. იქ ძალიან მრავალფეროვანი მენიუა: მაკარონი უყველოდ, მაკარონი უარაჟნოდ, მაკარონი უკეტჩუპოდ, მაკარონი უმურაბოდ, მაკარონი უხორცოდ, მაკარონი უგარნიროდ, მაკარონი მაკარონის გარნირით, მაკარონი სუფთა სახით და სხვა. სასმელებიც ბევრი გვაქვს: ცივი, თბილი და ადუღებული წყალი და მაკარონის წვენი. დესერტად, ძირითადად მაკარონის კომპოტი და მაკარონის ნახარშის ნაყინი გვაქვს ხოლმე. ჩემთან ერთად ოთახში სამი თანამშრომელი მუშაობს. ყველას დაშიფრული სახელი გვქვია: მე ინჟინერი ვარ და პენტიუმ-2 მქვია; უფროს ინჟინერს ალფა ცენტავრი-17 ჰქვია, უმცროს მეცნიერ მუშაკს - მატრიცა-3, ხოლო უფროს მეცნიერ მუშაკს - ტერმინატორი-18c. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ოთხნი ვართ, იქ შვიდი მაგიდა დგას, ვერავინ რომ ვერაფერს ვერ მიხვდეს. ჩვენ ვხმარობთ ყველაზე თანამედროვე აპარატურას: ჩვეულებრივ და ლოგარითმულ სახაზავს, “ჩოთქს” და ოთხმოქმედებიან კალკულატორს. კალკულატორის ხმარება, მარტო თერმინატორ-18c-მ იცის. მის გაკეთებულ გამოთვლებს მატრიცა-3 “ჩოთქით” ამოწმებს ხოლმე. მე ჩვეულებრივი სახაზავით ვმუშაობ. ოთახში ყველას თავისი ჰობი აქვს. უფროსი ინჟინერი როგორც კი თავისუფალ დროს ნახავს, სამსახურის ლიფტით სეირნობს, რადგან ბავშობაში ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა. უფროს მეცნიერ მუშაკს სუნთქვის შეკავება უყვარს. ის სუნთქვას იკრავს და წამზომით დროს ინიშნავს ხოლმე - თავისი პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობს. ერთხელ კინაღამ თავის ჰობის გადაჰყვა: სუნთქვაშეკრულს ამოსუნთქვა დაავიწყდა და სასწრაფო რომ არ მოსულიყო დროზე, გაიგუდებოდა. უმცროსი მეცნიერი მუშაკი, როცა დრო აქვს, ფანჯრიდან ქუჩაში იყურება და გამვლელი მანქანის ნომრებს ერთმანეთს უმატებს. მერე ყოველი დღის ჯამებს ერთმანეთს ადარებს. მეც ჩემი სისუსტე მაქვს: თვლა მიყვარს. ბავშვობიდან ვითვლი - როგორც კი თვლა ვისწავლე, მას შემდეგ ვითვლი. როცა სხვა საქმეს არ ვაკეთებ, სულ ვითვლი. უკვე 7 მილიონ 450 ათას 813-ზე ვარ მისული. როცა არ ვითვლი, ატლანტაზე ვფიქრობ. არა, კი არ მენატრება, უბრალოდ აქ მომბეზრდა ძალიან.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG