Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 თებერვალი. See content from before

ოთხშაბათი, 2 თებერვალი 2011

გელა ბეჟუაშვილი, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ორწლიანი უხმაურო საქმიანობის შემდეგ, საზღვარგარეთულ მივლინებაში გაემგზავრა. ამის მიზეზი არც საქართველოს საელჩოებისა და საზღვარგარეთული მისიების ინსპექტირებაა, არც საგარეო დაზვერვის ქსლის გაშლა და, მით უფრო, არც თანამდებობიდან გადადგომა, როგორც ამას ბოროტი ხმები ამტკიცებენ. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანახმად, გელა ბეჟუაშვილი „კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა“ და თვენახევრის შემდეგ, „უკან დაბრუნებული, კვლავ გააგრძელებს მუშაობას“.

ოფიციალურად არ თქმულა, მაგრამ თუ გელა ბეჟუაშვილის ბიოგრაფიას ჩავხედავთ, ეს სასწავლებელი უნდა იყოს ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლა, რომელიც ბეჟუაშვილმა ბოლომდე ვერ მიიყვანა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ გამო. შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სასწავლო მივლინებაში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ყოფილმა თანაკურსელმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში გამოიძახა და თავდაცვის მინისტრის პოსტი შესთავაზა.

პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი კი გახდა, მაგრამ ბეჟუაშვილმა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე სულ რამდენიმე თვე დაყო. პირადად მიმუშავია რა მის გვერდით, თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ იგი საკმაოდ დიპლომატიური იყო იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობიდან ერთი ხელის მოსმით გაეთავისუფლებინა ძველი კადრები, განურჩევლად მათი კვალიფიკაციისა და დამსახურებისა. ბეჟუაშვილი არასოდეს მისცემდა თავს უფლებას ჯიპით უკან გამოჰკიდებოდა საწოლიდან განგაშზე წამოყრილ ჯარისკაცებს, სამწყობრო პლაცზე დაემცირებინა ხელქვეითი, მტრებად გამოეცხადებინა ჟურნალისტები და "აეჭედა" თავდაცვის სამინისტროს კარები.

მაგრამ ეს დიპლომატიურობა ყოველთვის არ იყო მაღალი სინჯისა. ყველას მწარედ ახსოვს ვლადიმირ პუტინის ჟესტი, როდესაც მან ოფიციალურ შეხვედრაზე ხელით მოიხმო თავისთან და ყურში რაღაც უჩურჩულა მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს. გელა ბეჟუაშვილმა მაშინ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - საკუთარი პრეზიდენტის ამალისგან გამოყოფა და სხვა ქვეყნის პრეზიდენტისათვის ყურის მიშვერა პუტინისადმი ხაზგასმულ პატივისცემას ნიშნავდა.

მაგრამ მაშინ სააკაშვილიც ძალიან კეთილგანწყობლი იყო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ამიტომ არ შეუმჩნევია სტუდენტობის დროინდელი მეგობრის ასეთი „უნებლიე" შეცდომა. თუმცა გელა ბეჟუაშვილის დიპლომატიურობა და თავშეკავებული კომენტარები ყველაზე ნერვიულ და სტრესულ ვითარებაშიც კი, სააკაშვილის სხვა მინისტრებისგან განსხვავებული არააგრესიული რიტორიკა და ოპონენტების არგუმენტების მოსმენის უნარი ნოყიერ ნიადაგს ტოვებდა სპეკულაციებისათვის. ამას ემატებოდა მისი დაუსრულებელი გადაყვანა თავდაცვის სამინისტროდან უშიშროების საბჭოში, უშიშროების საბჭოდან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩიტაძის ქუჩიდან საგარეო დაზვერვის სამსახურში და, ბოლოს კი, „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ სასწავლო მივლინებით გაშვება შეერთებულ შტატებში.

ეჭვი არ მეპარება ჰარვარდის სკოლის ავტორიტეტსა და საგანმანათლებლო დიაპაზონში, მაგრამ სახელმწიფოსათვის დიდი ფუფუნებაა, რომ საგარეო საფრთხეების არსებობის პირობებში სახელმწიფო მართვის საფუძვლების შესასწავლად თუნდაც თვენახევრით მოსწყვიტო მნიშვნელოვან საქმიანობას საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რომელიც მანამდე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა.

ერთიცაა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასული მინისტრი საქართველოში ბევრი გვინახავს, მაგრამ უკან თანამდებობაზე დაბრუნებული - არავინ.
2011 წელი საქართველოს ხელისუფლებამ უხეში შეცდომებით დაიწყო: ვეტერანების აქციის დაშლა, დევნილების გამოსახლება, ფასების ზრდა და პრეზიდენტის უცნაური გასაუბრება საქართველოს მოსახლეობასთან. ამ მოვლენებმა, ხელისუფლების ძალისმიერი ქცევის გარდა, ისიც წარმოაჩინა, თუ როგორ „სამუშაო ფორმაში“ შეხვდნენ ოპოზიციური პარტიები ახალ, წინასაარჩევნო წელიწადს.

ჩემი აზრით, ოპოზიციამ ვერ შეასრულა საკუთარი ფუნქცია და ვერ გამოავლინა შესაბამისი (!) რეაქცია იმ მოვლენებზე, რომელთა უპასუხოდ დატოვება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ალბათ, აქვთ გეგმა, როგორ დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას 2012–ში, მაგრამ მათ არ გააჩნიათ საკუთარი მისიის განცდა და, რაც მთავარია, ადამიანების სიყვარული აკლიათ.

გასული ერთი თვის მოვლენებმა კიდევ მეტად განმიმტკიცა აზრი, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოვლენები სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს:

1. მიხეილ სააკაშვილი სათავისოდ ალაგებს სიტუაციას: ხდება პრემიერ-მინისტრი და საკუთარი გუნდის ავტორიტეტულ წევრებს მათთვის მისაღებ ადგილებს მიუჩენს.
2. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და იწყება უმართავი პროცესი, გაუთვალისწინებელი დასასრულით.
3. მიხეილ სააკაშვილს რეალური ოპოზიცია საკუთარი გუნდის შიგნით უჩნდება და მეორდება ტრადიციული ალგორითმი: ხელისუფლება შობს ხელისუფლებას.

პირველი სცენარი ძალიან ადვილად წარმოსადგენია, მაგრამ განსახორციელებლად ადვილი არ იქნება. ახალი კონსტიტუცია ძალაუფლების მხოლოდ ერთ წყაროს უშვებს – ძლიერ პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურად სუსტი ფიგურები არიან. ამიტომ, თითქმის შეუძლებლად მეჩვენება სახელისუფლო გუნდში ძალთა იმ ბალანსის შენარჩუნება, რაც დღეს არსებობს: პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს; მთავრობა და რეგიონები ვანო მერაბიშვილის გავლენას ექვემდებარებიან; პარლამენტს და სასამართლოს ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს.

მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლების შენარჩუნების ვირტუოზული უნარი აქვს და გამორიცხული არ არის, რომ ახალი კონსტიტუციის მიერ წამოჭრილი „ერთი ცენტრის“ ურთულესი პრობლემაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის სასარგებლოდ გადაჭრას. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ მოვლენები „წყნარი დინებით“ განვითარდეს.

მეორე სცენარზე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან სახალხო აჯანყების პროცესის მართვას – მის წაქეზებას ან თავიდან აცილებას – იმგვარი ტექნოლოგიები სჭირდება, რომელთა ცოდნაზეც საზოგადოების რიგით წევრებს ხელი არ მიგვიწვდება. ერთადერთი – ყველასთვის ცნობილი და გარდაუვალი – ის ფაქტია, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. შეწყდება ქმედება – შეწყდება უკუქმედების საფრთხეც; და პირიქით. ჩემი აზრით, „ამბოხი ლიდერის გარეშე“ უნდა განვიხილოთ, როგორც პროცესის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი და ყველაზე უარესი გაგრძელება.

მესამე სცენარი გაცილებით დამაფიქრებელია.

ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, უსათუოდ ემახსოვრება საბჭოთა გერბზე გამოსახული ნამგალი და ურო, რომლებიც მუშათა კლასისა და გლეხობის ურყევ ერთიანობას განასახიერებდა. ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა მემკვიდრეობას ძეგლების და სიმბოლოების დონეზე ენერგიულად ებრძვიან, თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ ნამგალი და ურო რჩება საქართველოს – როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის – თავისებურ სიმბოლოდ.

შევხედოთ ასე: ნამგალი სამოქალაქო ტექნოლოგიებს განასახიერებს, ურო კი – სახელმწიფოს ლეგიტიმურ ძალას; ნამგალი სამშვიდობო იარაღია, ურო – საბრძოლო; ნამგალი კომპიუტერის წინაპარია, ურო კი – პოლიციის ხელჯოხისა და სატელეფონო მოსმენების. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოცემულ კონტექსტში კომპიუტერიც და ხელჯოხიც ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალებაა – უბრალოდ, მათი მფლობელების პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავებულია. დღევანდელ საქართველოში ნამგალი ზურაბ ადეიშვილს უპყრია ხელთ, ურო კი, რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს; ინტელექტი ადეიშვილის გუნდშია თავმოყრილი, ძალა კი – მერაბიშვილის ხელში; ადეიშვილი გამჭვირვალობაზე ორიენტირებულ სისტემას აშენებს, მერაბიშვილი – გამჭვირვალე შენობებს; „ნამგლიანების“ გუნდის კრეატიული პროდუქტი „მოდელირებული ქრონიკაა“, „უროიანების“ გუნდის პიტალო შემოქმედების ნაყოფი კი – „რეალ ტვ“.

სახელისუფლო გუნდის ღია გახლეჩის ან ჩუმი ბზარების გაღრმავების პირობებში საკითხი ასე დადგება – ვინ აჯობებს: ის, ვინც ტექნოლოგიურად უფრო ძლიერია, თუ ის, ვინც უხეშ ძალას ფლობს? გამოდის, ისევ ძველ შეკითხვას ვუბრუნდებით: ვინ დარჩება გამარჯვებული ქაჯებისა და დევების ომში – „გრძნეულების მცოდნე“ ქაჯები თუ უმაგალითო ფიზიკური ძალის მქონე დევები?

ხანმოკლე ბრძოლაში, ალბათ, დევებს აქვთ უპირატესობა. საბჭოთა კავშირიც ხომ მაშინ დაინგრა, როცა, დროთა განმავლობაში, „ურომ“ დაკარგა უპირატესობა „ნამგლის“ წინაშე. ხანგრძლივ დისტანციაზე კი „ნამგლიანებს“ გამარჯვების მეტი შანსი აქვთ, განსაკუთრებით, ჩვენს საუკუნეში.

თუ დავაკვირდებით, რა გამალებით მუშაობს იუსტიციის სამინისტრო ღია მთავრობის, ელექტრონული თვითმმართველობის და სხვა მსგავს პროექტებზე; თუ გავიაზრებთ, როგორ ჩაიგდო ხელში საარჩევნო სადავეები ზურაბ ადეიშვილმა სამოქალაქო რეესტრის გაძლიერების ხარჯზე; თუ გადავხედავთ, როგორი მრავალმხრივი ინტელექტის მქონე და ძალაუფლების მოყვარული ადამიანები არიან შეკრებილნი „ნამგლიანების“ ბანაკში, – მათი გამარჯვების პერსპექტივა ილუზიად აღარ მოგვეჩვენება.

მეორე მხრივ, დღეს ვანო მერაბიშვილის ხელში დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი და ტექნოლოგიებზე უარს არც შსს ამბობს. ასე რომ, თუ რეალურ ცვლილებებამდე დრო მეტისმეტად არ გაიწელა, თუ ვანო მერაბიშვილმა მალევე აამოქმედა ყველა ბერკეტი და არ აცალა ადეიშვილს ძალაუფლების რაფინირებული სისტემის ბოლომდე აწყობა, „უროიანებს“ გამარჯვების მეტი შანსი გაუჩნდებათ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საკონსტიტუციო ვადები მუდმივად ირღვევა და ახლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების თარიღზე. პროცესის დაჩქარება, წესით, ვანო მერაბიშვილს უნდა აძლევდეს ხელს, პროცესის გაჯანჯლება კი – ზურაბ ადეიშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს.

ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ორივე ბანაკი მიხეილ სააკაშვილის მიმხრობას ცდილობს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სცენარი ორიგინალურად განვითარდეს: დადგეს მომენტი, როცა ნამგალი და ურო ისევ იპოვნიან და ჩაეხუტებიან ერთმანეთს, რათა ძალაუფლების სქემიდან თავად მიხეილ სააკაშვილი ამოაგდონ.

* * *

ვიცი, რომ ჩვენი ბლოგის ბევრი მკითხველი ამ სტატიაში ვერ იპოვის მოვლენების განვითარების მისთვის სასურველ სცენარს. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის გახლავთ, რომ მოდერნიზებული საბჭოთა წყობის დასანგრევად ჯერ კიდევ ბევრი ცოდნა და გარჯა გვჭირდება.

და ცოტა მეტი თავდადებაც...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG