Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 24 აპრილი. See content from before

პარასკევი, 23 აპრილი 2010

როგორც კი ხელისუფლებაზე რამეს დავწერ, ატყდება ერთი ამბავი ფეისბუკზე. ძირითადად, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფანკლუბის წევრები აქტიურობენ. ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ხელისუფლებაში ბზარის გაჩენის ამბავი მე მოვიგონე.

ასე იყო გასულ კვირაშიც. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რაც ამასობაში ხელისუფლების წიაღში დატრიალდა. ჯერ სოდის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა – მიხეილ ჟორჟოლიანი – დაიჭირეს; ორიოდე დღეში კი თავად კოდუა გაუშვეს სოდიდან, ასე ვთქვათ, სხვა სამსახურში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ფავორიტად და გმირად აღიარებული ერეკლე კოდუა, რომელსაც მერაბიშვილი „თავს ზემოთ ძალა არ არის“ პრინციპით იტანდა, უცებ, რატომღაც, „მოწყვლადი“ და „სამსახურიდან გაშვებადი“ გახდა.

მნიშვნელოვანი კიდევ ის იყო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმის დაჭერისთანავე ექსპერტები და პოლიტიკოსები სახელისუფლო გუნდში არსებულ ბზარებზე ალაპარაკდნენ. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას განმარტა, რომ ორი სახელისუფლო გუნდიდან ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილთან ერთად აპირებს ქვეყნის მართვას 2013 წლის შემდეგაც, მეორე გუნდი კი ქვეყნის მართვის გაგრძელებას სააკაშვილის გარეშე გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დეტალები აღარ დაუკონკრეტებია, მაგრამ რადგან მე მსგავსი ეჭვი ადრეც მქონდა, მის დაუზუსტებელ განმარტებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რეალურად კონსტიტუციის ორ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველი ვერსიის ავტორები არიან ბატონები ავთანდილ დემეტრაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი; მეორე ვერსიის ავტორი კი ამავე კომისიის წევრი ლევან რამიშვილია. პირველი კონსტიტუცია „შერეულ“ მოდელს ეყრდნობა და, ჯერჯერობით, იმ ცომს ჰგავს, რომლისგანაც, რასაც მოისურვებ, იმას გამოაცხობ. ამ ცომის ზელა თვეების განმავლობაში გრძელდება, რადგან ჯერ არავინ იცის, რა სურს პრეზიდენტს.

2008 წლის 21 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ თავი იმიტომ მოიკლა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით სწორედ იმიტომ შევიდა, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის შეცვლა აუცილებლად დასჭირდებოდა. ჰოდა, ამ პარლამენტის ვადის მიწურულს, ისიც გაირკვევა, რას აპირებს ამჟამინდელი პრეზიდენტი. სწორედ იმ დროისთვის დაიდება კონსტიტუციის „სიღრმისეულად რეფორმირებული“ პროექტი.

ლევან რამიშვილის კონსტიტუციასთან დაკავშირებით კი კითხვის ნიშნები არ ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ძლიერ პრეზიდენტზე მორგებული მოდელი. და ვინ უნდა იყოს ის ძლიერი პრეზიდენტი, რომლისთვისაც ახალი კონსტიტუცია დაიწერა? ცხადია, არა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მეორე საპრეზიდენტო ვადა უკვე ეწურება. ნებისმიერი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ძლიერ ინსტიტუტს გაითვალისწინებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დარჩენას არ და ვერ იგულისხმებს.

პირდაპირ თუ ვიტყვით, ან ლევან რამიშვილის კონსტიტუცია უფუნქციო დეკორაციაა, ან სწორედ ამ კონსტიტუციის გარშემო შემოკრებილი გუნდი ფიქრობს ხელისუფლებაში დარჩენას ამჟამინდელი პრეზიდენტის გარეშე. ლევან რამიშვილი კი იმ გუნდის წევრია, რომელიც ვანო მერაბიშვილს უპირისპირდება. თავად ამ გუნდში ძალაუფლება სამ ლიდერს შორის იყოფა: ადეიშვილს, უგულავას და ბოკერიას შორის. ფეისბუკზე, რომელიც ყველაზე პოპულარული სოციალური სივრცეა, ზუსტად ამ „სამწვერა“ გუნდის მხარდამჭერებმა შექმნეს სპეციალური გვერდი: „გიგა ბოკერია პრეზიდენტად!!!!!“

ძნელი სათქმელია, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის სამომავლო კარიერას მიხეილ სააკაშვილის გვერდით ხედავს. თუმცა, ზურაბ ადეიშვილის გუნდს რომ სისტემურად უპირისპირდება, უკვე თვალნათლივ ჩანს. ადეიშვილის გარემოცვა უფრო შემოქმედებითია, საჯარო ინტელექტზე ორიენტირებული, მერაბიშვილი კი შიშველ ძალას და სპეცსამსახურებს ეყრდნობა. პირველი გუნდის სახე ტელეკომპანია „იმედია“, მეორის სახე კი – „რეალ ტვ“. პირველი გუნდის ოქროს პროდუქტი „მოდელირებული ქრონიკაა“, მეორის – ვახტანგ კომახიძის შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან გამოიკვეთება ადეიშვილის გუნდის პროდასავლური და მერაბიშვილის გუნდის პრორუსული ორიენტაცია. და ის ძალები ოპოზიციიდან, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ აღლუმს აწყობენ, ვანო მერაბიშვილთან ფარულ კავშირში იქნებიან მხილებულნი – ამაზე ადეიშვილის ინტელექტუალი თანამოაზრეები იზრუნებენ.

დღეისათვის კი საჯილდაო ქვა ნაციონალური მოძრაობიდან მერობის კანდიდატის დასახელებაა. სავარაუდო კანდიდატი – გიგი უგულავა – ადეიშვილის გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერია, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი – არცთუ შემთხვევით, ვანო მერაბიშვილის მეგობარია. ვანო მერაბიშვილს, ასევე არაშემთხვევით, სიტყვა აქვს ნათქვამი, რომ უგულავას პროცენტის დაწევაზე იზრუნებს.

ჯერჯერობით, სულ ეს არის. ვნახოთ, როგორ მიიღებენ ამ სტატიას ჩვენი მეგობრები ფეისბუკზე – რამდენად ღრმა იქნება მათი ცინიკურ-დარდიმანდული აღშფოთება. და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეეცდება ხელისუფლება – წინა სტატიის არ იყოს – მკვიდრად დაასაბუთოს, რომ ამ სტატიაშიც აისბერგის მხოლოდ წვერი მოჩანს და ამოსაცნობი ბევრად მეტია, ვიდრე – ამოცნობილი.
ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის 21 აპრილს, წიგნების, ჩიბუხების, სიგარებისა და ასანთის კოლოფების გარემოცვაში გარდაიცვალა მარკ ტვენი, ადამიანი-ქვეყანა, იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე სახელოვანი მწერალი.

თავისი პირველი ბიოგრაფოსისთვის უთქვამს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე: „ამ ქვეყანას კომეტა გალეასთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ისევ გამოჩნდება (კომეტა გალეა დედამიწიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს ხოლმე) და ძალიან დამწყდება გული, თუკი კომეტა გალეას არ გავყვები თან, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება.“ ასეც მოხდა: კომეტასთან ერთად მოსული, მასთან ერთად დაბადებული, კომეტასვე გაჰყვა.

ეს ასტრალური მითოლოგია ნამდვილად შვენის მარკ ტვენს, მწერალს, რომელიც უიტმენზე არანაკლებად განასახიერებდა კოსმოსს, ყოველ შემთხვევაში, როგორც ზოგიერთი ამბობს, „ამერიკული კოსმოსი“ სწორედ მან შექმნა.

ამაზე უილიამ ფოლკნერმა თქვა იაპონიაში, ნაგანოში. წარმოიდგინეთ, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან სულ რაღაც 10 წელია გასული, პერლ ჰარბორიდან – 14. ფოლკნერი კი იაპონელ სტუდენტებს ამერიკულ ლიტერატურაზე ესაუბრება: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რომლებიც ტვენამდე ამერიკელებად მიიჩნეოდნენ, სინამდვილეში არ იყვნენ ამერიკელი მწერლები, ისინი ევროპულ სამწერლო ტრადიციას, ევროპულ კულტურას ეფუძნებოდნენ. და მხოლოდ მარკ ტვენთან და უოლტ უიტმენთან ერთად გაჩნდა ნამდვილი, თვითმყოფადი ამერიკული ლიტერატურა... უიტმენმა, მართალია, ტვენზე ადრე დაიწყო წერა, მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული, რომ ამერიკული ლიტერატურა არსებობდა. ტვენმა პირველმა გააცნობიერა ეს და ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მესაფუძვლედ იქცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მას ამერიკული ლიტერატურის მამას, თუმცა იგი არ ყოფილა პირველი ამერიკელი მწერალი.“

„გააცნობიერა, რომ ამერიკული ლიტერატურა არსებობს“ - კარგი სიტყვებია. რა თქმა უნდა, ამერიკული ლიტერატურა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ედგარ პო და ნათანიელ ჰოთორნი, როგორც ჩანს, ისე იყვნენ თხზვაში გართულნი, რომ გაცნობიერებისთვის დრო არ რჩებოდათ. და აი, მოვიდა მარკ ტვენი და ყველაფერი თავის ადგილას დადგა და წინამორბედებსაც დაუფასდათ ღვაწლი: პოსაც, თოროსაც, ემერსონსაც და მელვილსაც.

სხვათა შორის, ბოლო დროს, ზოგიერთი ჩემი მეგობრისა და ნაცნობის დახმარებით აღმოვაჩინე, რომ ამერიკული ლიტერატურა ძალიან მიყვარს, შესაძლოა, ყველაზე მეტადაც. მთელი ცხოვრება ანტიკურ, კლასიკურ რუსულ, ავსტრიულ და ბრიტანულ ლიტერატურას ვიჩემებდი, არადა, აღმოჩნდა, რომ ანტიკური ლიტერატურისთვის იშვიათად ვიცლი, დიდი რუსული ლიტერატურიდან დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, ბევრ რამეს, ბრიტანული ლიტერატურიდან, მხოლოდ კოლექციისთვის ვკითხულობ, ავსტრიულში კი წასაკითხი თითქმის ამოიწურა. რაღა დარჩა? ამერიკული ლიტერატურა, რომლის „მოწესრიგებითაც“ მარკ ტვენი სიკვდილამდე იყო დაკავებული.

სანამ მოკვდებოდა, ტვენმა მართლა ბევრი რამე მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ცხოვრება განვლო, გადაიტანა მეუღლისა და სამი შვილის გარდაცვალება, იტანჯებოდა ღრმა დეპრესიით, იგი არასდროს კარგავდა ქმნის, ხუმრობისა და თამაშის უნარს. როგორც ზემოთ გვითხრა ფოლკნერმა, იგი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მან ამერიკული ლიტერატურის გარდა ჩვენი ბავშვობაც შექმნა, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გარეშე.

ცალკე თემაა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ერთ-ერთი ყველაზე მოუწესრიგებელი და ამავდროულად, განსაცვიფრებელი ნაწარმოები ლიტერატურის ისტორიაში.
მარკ ტვენი

თუ არ ვცდები, არც ერთ ამერიკელ მწერალზე არ დაწერილა ამდენი წიგნი, ბიოგრაფიები, გამოკვლევები, მონოგრაფიები, მოგონებები, სამეცნიერო სტატიები. იგი თავადაც უწყობდა ხელს ლეგენდების შექმნას, ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც. მისი ფოტოებიც ამ მითოლოგიის ნაწილია, თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ქათქათა მოხუცი უზარმაზარი ულვაშებითა და გადაწკეპილი წარბებით. ერთი შეხედვით მკაცრი, ამაყი და თავდაჯერებული, მაგრამ, იმავდროულად, სევდიანი და გაბზარული.

ქართულ ტვენს რაც შეეხება, ჩემი თაობა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილ „ტომ სოიერზე“ გაიზარდა („ჰეკლბერი ფინის“ თარგმანი თამარ დიასამიძეს ეკუთვნის). რამდენადაც ვიცი, წიგნი რუსულიდან იყო გადმოღებული და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ 6 წლის წინ, ეს ნაწარმოები ახლიდან გვეთარგმნინებინა ვინმესთვის. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა გამომცემლობა „არეტეს“ დამფუძნებლები ახალ ავტორებს დავეძებდით და ახალი საგამომცემლო იდეებით დატვირთულები დავდიოდით. ტომ სოიერის თანამედროვე ქართული თარგმანი ერთ-ერთი ასეთი იყო. წიგნი მაშინ ასმათ ლეკიაშვილმა თარგმნა, თარგმნა ლაღად, ერთი სიტყვით, გადმოაქართულა. სწორედ ასმათ ლეკიაშვილის თარგმანმა შემაყვარა ერთი ეპიზოდი, რომელსაც ბავშვობაში რატომღაც ვერ ვამჩნევდი. ესაა საკვირაო ქადაგების სცენა, გახსოვთ, ალბათ, ტომი ჯერ ბუზის ჭერით ირთობს თავს, შემდეგ ხოჭოს ამოიყვანს კოლოფიდან, ბოლოს კი ეკლესიაში ძაღლიც შემოეხეტება და იწყება ერთი ამბავი, ისეთი, სემუელ ბეკეტსაც რომ შეშურდებოდა.

დღეს მარკ ტვენი ისევ ისეთი პოპულარულია, მის ნაწერებს ისევ ისე აკითხებენ შვილებს. შვილები პირველ შთაბეჭდილებებს იღებენ, მშობლები კი ხელახალი აღმოჩენებით ტკბებიან...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG