Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 20 აპრილი. See content from before

კვირა, 18 აპრილი 2010

თავის დროზე, როცა კინომცოდნეების ჯგუფი ამყავდა თეატრალურში, კშიშტოფ კიშლოვსკის ”დეკალოგი” მისაღები გამოცდებისთვის ავარჩიე. ჩემი ჭკუით, ასეთ კინოზე ფიქრი ბავშვებს სტრესს მოუხსნიდა, დაამშვიდებდა. თანაც, ცოტა ვიეშმაკე. ჩვენში უკვე იმ დროს მომძლავრებული ”ეკლესიური ფანატიზმის” ფონზე ზუსტად ”დეკალოგით” შევიტყობდი, რამდენად ჰქონდათ აბიტურიენტებს დაბნელებული გონება და რამდენად მზად იყვნენ შეესწავლათ ხელოვნების ენა.

სმოლენსკის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის მერე სწორედ კიშლოვსკი გამახსენდა; პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც ევროკავშირის შექმნას ფილმი მიუძღვნა (”ლურჯი”) და თანაც, პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც იმხანად ჯერ კიდევ პროექტის დონეზე არსებული ევროკავშირის მიმართ ქილიკი გაბედა.

ეს "ლურჯი" ხომ დიდი ტრიპტიქის ნაწილია ("თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა"), რომლის საბოლოო გაგებისთვის აუცილებელიცაა გაიხსენო, რა ხდება "თეთრში", მერე კი "წითელში".

"თეთრში" - "თანასწორობის" იდეა იმდენადაა გამასხარავებული, რომ ფილმის ბოლოს ცხადი ხდება, ადამიანები (ყველგან!) იბრძვიან არა თანასწორობისთვის, არამედ სწორედაც რომ უთანასწორობისთვის, ე.ი. ძალაუფლებისთვის და დასავლეთს - აღმოსავლეთი (ამ შემთხვევაში პოსტკომუნისტური პოლონეთი) სჭირდება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ მართვის ობიექტი. მეტი არაფერი.

და "წითელი"?... კიშლოვსკიმ დახოცა ყველა და გადაარჩინა თავისი გმირები, აღიარა, რომ რეჟისორი დემიურგია, რომელსაც ადვილად შეუძლია მართოს ადამიანები, აღიარა, რომ მანიპულაციის ვნებას არც პოლიტიკური სისტემა განსაზღვრავს და არც სოციუმი. ეს ვნება ყველაშია. აღიარა, დასცინა თავის თავს, მერე გამოაცხადა, რომ თავს ანებებს კინოს გადაღებას... და ცოტა ხანში მოულოდნელად გარდაიცვალა. 54 წლის ასაკაში.

უკუღმა რომ მივყვეთ, რაღა იქნება "ლურჯი"? რაღა იქნება ფილმი გაერთიანებული ევროპისადმი მიძღვნილი პათეტიკურ-კიტჩური ქორალით, რომელიც ჟულიეტ ბინოშის ტანჯულ-ინტელექტუალურ მზერას "აფორმებს"? თუკი ამ ციკლის მეორე და მესამე ფილმების ჟანრს გავიხსენებთ, ეს კვაზიტრაგიკული ისტორია, უბრალოდ, პაროდია გახდება. პაროდია გაერთიანებულ და ბედნიერ ევროპაზე!

კიშლოვსკი - თავისი კათოლიკურ-დიდაქტიკური ფილმებით, მუდმივად უქმნიდა დისკომფორტს დასავლურ კინოსამყაროს, სადაც მოდას, ტრადიციულად, მემარცხენეები ქმნიან... კაჩინსკიც დიდი თავის ტკივილი იყო ევროკავშირისთვის... ისევე, როგორც პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები. და გარკვეულწილად საქართველოც.

------------

აქ გავჩერდი... საქართველოში კაჩინსკის გლოვამ თითქმის პაროდიის მასშტაბებს მიაღწია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეცვალა ბლოგის თემა. კიდევ ერთი პოლონელი რეჟისორის, ანჯეი ვაიდას ფილმი, ”ყველაფერი გასაყიდად” გამახსენდა. იქ ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული სიკვდილი მედიამ და შოუ-ბიზნესმა თან დაიტირა და თანაც, იხეირა.

ასეთი რიტუალების, კოლექტიური გლოვისა და ახალი მითების შექმნის ფონზე (”კატინი დაწყევლილი მიწააა პოლონეთისთვის!”) პირველ რიგში მწუხარება ფერმკრთალდება. სევდა - სევდისა და მწუხარების პაროდიად იქცევა.

ბლოგის თემის შეცვლა გადავწყვიტე და ახალზე ფიქრში ფეისბუკის მეგობრების ”კედლებს” გადავხედე. ერთი ძალიან სიმპატიური კაცის და კარგი ჟურნალისტის, პაატა იაკობაშვილის სტატუსს მივაქციე ყურადღება - ”მე პოლონელი ვარ!” ეგრევე ღრმა ბავშვობა გამახსენა - ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, 1971 წელს - პოლონეთში. იქიდან დაბრუნებულმა, პოლონელებით და პოლონეთით აღფრთოვანებულმა, სახლში განვაცხადე ”ბებიაჩემი ხომ პოლონელია? არ შეიძლება გვარი გადავიკეთო?”

გარდამავალ ასაკში ვიყავი. წვერის გაპარსვას ვიწყებდი.

და ამ დროს, ხომ იცით, ყველა მარტო გრძნობს თავს

პაატას სტატუსმა კიშლოვსკისთან დამაბრუნა. ოღონდაც არა ”სამფერა ტროლოგიის” არამედ ”ვერონიკას ორმაგი ცხოვრების” ავტორთან.

”ვერონიკა” თავიდან ბოლომდე რეფლექსიების სამყაროა, რომელიც უცნაურ განწყობას ქმნის - უყურებ რეალობას და ივიწყებ რეალობას, ივიწყებ, სადა ხარ! და როცა ვერონიკა მამამისს ეუბნება, მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მარტო ვარ ამ ქვეყანაზეო. გგონია, რომ ზუსტად ეს სიტყვები, ზუსტად ასეთი ინტონაციით, განმეორებაა შენს ცხოვრებაში.

”ეს უკვე იყო!” რაღაც ერთობას გრძნობ ამ გოგონასთან და კიშლოვსკის მიერ გამოხატულ პოლონეთთან.

"პოლონელებს ახლა კეთილი ღმერთი უნდათ, რომელიც ყველაფერს აპატიებს და არა მკაცრი ღმერთი, როგორც პროტესტანტულ დასავლეთში... მათ უნდათ ღმერთი, რომელიც სათნო დედას ჰგავს და არა მკაცრ მამას" - აღნიშნავს ეჟი ტეპლიცი კშიშტოფ კიშლოვსკისადმი მიძღვნილ წიგნში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა.

და დღევანდელი ქართველებიც ასე არ ვართ? გარდამავალ ასაკში ”გაჭედილ” ყმაწვილებს არ ვგავართ, ვერაფრით რომ ”დაგვიდგენია” ჩვენი იდენტობა, ვერ გაგვირკვევია, ვინა ვართ - ევროპა, აზია... ვერ ჩამოვყალიბებულვართ, სად გვინდა - ნატოში? რუსეთში? ვერ ჩამოვყალიბებულვართ და ამიტომ ”თავის ტკივილად” ვიქეცით ყველასთვის - დასავლეთისთვის, რუსეთისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის.

”ვერონიკაში” კიშლოვსკი უბრალო ხერხებით აღწევს იმას, რაზეც ბევრი იწვალა ანდრეი ტარკოვსკიმ (მაგრამ მაინც ვერ შეძლო, რადგან მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა საკუთარ თავს) - ქმნის "დეტერმინირების" განცდას, როცა მაყურებელი გრძნობს, რომ რაღაც მაღალ ძალაზეა დამოკიდებული, რაღაც ვერტიკალზე! აქ კი, ამ ჰორიზონტზე, სიმეტრია მოჩვენებითია. პოლონელი ვერონიკა მოულოდნელად კვდება, რაც მის ორეულს ბედნიერს ხდის საფრანგეთში. დასავლეთს სრული კეთილდღეობისთვის მსხვერპლი სჭირდება!

ვეჭვობ, რუსეთშიც და დასავლეთშიც ბევრს ჰგონია, რომ სმოლენსკის ტრაგედია მნიშვნელოვნად შეცვლის პოლონეთის ურთიერთობას აღმოსავლეთთან, ევროკავშირთან... რომ აღარ იქნება კაჩინსკის ექსცენტრიულ-ინფანტილური ხელისუფლება და ევროკავშირიც უფრო ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებებს. რუსეთიც ამოისუნთქავსს ცოტა.

მართლა მაგარი ფილმია ანჯეი ვაიდას ”ყველაფერი გასაყიდად”. აუცილებლად ნახეთ.
არ ვიცი, რა უნდა იყოს ამ გამოთქმაზე უფრო თანამედროვე ქართული?! რა და მხოლოდ ვნება, საიდანაც ეს სიტყვები იშვა. მოლოდინის ვნება, ხშირად მზაკვრობით სავსე მოლოდინის, ყოვლისწამლეკავი, ყველაზე აღმგზნები ქართული ვნება, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მართლდება ხოლმე.

ვის არ გსმენიათ: „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ...“ რა თქმა უნდა, ყველას ყური მიჩვეულია ამ გამოთქმას.

დავუშვათ, გამოვიდა ქართულ ბაზარზე ახალი ლუდი, გადაიღეს რეკლამა, გამოდგეს დახლზე, გასინჯა პირველმა, მოეწონა, აუწყა მეორეს, გაიგო მესამემაც, და უცებ, მეოთხე: „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ...“

გამოჩნდა ღვინის ახალი კომპანია, რომელიც გამართავს მაგარ პრეზენტაციას, დაპატიჟებენ მაგარ სტუმრებს, რა თქმა უნდა, რეკლამასაც გადაიღებენ. შემდეგ უკვე თავად პროდუქტის ჯერი დგება. სინჯავს პირველი და პირველივე ამბობს: „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ...“ (პირველივე იმიტომ ამბობს, რომ „ღვინის ქვეყანა“ ვართ, უფრო სწორად, „ღვინის გაყალბების ქვეყანა“).

გამოვა ახალი კამფეტი, ექვსნაირი მარტო კარამელი აქვთ, რვანაირი შოკოლადი, და აქაც, ველოდებით, როდის გააფუჭებენ.

ახალგაზრდა ფენომენი გამოჩნდა, 15 წლისაა, უკვე უცხოეთში წაიყვანეს, ყველაზე მაგარ გუნდში. თამაშობს, დაფრინავს. ოპტიმისტები ხარობენ, წლებს ითვლიან, დანარჩენები: „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ...“

ფორტეპიანოზე პატარა ბიჭი უკრავს. გადაგვრია ჩვენც და უცხოელებიც, ძველიც და ახალი თაობებიც. ეს ბიჭიც წაიყვანეს. თბილისში კი „იუტუბზე“ მის ჩანაწერს უყურებს ვიღაცა და ამბობს: „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ...“

ამას წინათ მეგობარმა თავისი მოთხრობა გამომიგზავნა, სადაც მთავარი გმირი ქართველი ბიზნესმენია. ერთ აბზაცში იმაზეც კი იყო საუბარი, რომ ქართველი ბიზნესმენი ქართველი მსახიობის, მწერლის, სპორტსმენის მსგავსად, ვერ ვითარდება.

მოკლედ, ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია და სიტყვები, „დაველოდოთ, როდის გააფუჭებენ“, ხშირად ჩვენი დიაგნოზივით ჟღერს და ძალიან ხშირად სწორედ ჩვენს ბუნებას გამოხატავს.

ორი თვის წინ ნაირა გელაშვილის ბოლო რომანზე მქონდა გადაცემა. ამ რომანში მთავარი გმირები მთარგმნელები არიან, მთარგმნელობითი კოლეგიის თანამშრომლები, რომლებიც ხშირად თავიანთ თარგმანებს ხმამაღლა კითხულობენ, ძირითადად ერთმანეთის აზრი აინტერესებთ, ერთმანეთს ნამუშევარს უფასებენ, შენიშვნებს აძლევენ. თუმცა არის შემთხვევები, როცა ხმამაღლა კორექტურისთვის კითხულობენ. ეს ახლაა იშვიათი შემთხვევა, თორემ მაშინ, 80-იანი წლების ბოლოს, ყველა კორექტორი ხმამაღლა კითხულობდა გამოსაცემად გამზადებულ წიგნს. უფრო სწორად, ერთი კორექტორი კითხულობდა ხმამაღლა, მეორე კი შეცდომებს ასწორებდა წაკითხულის მიხედვით. ჰოდა ერთხელაც, კორექტორების ასეთი ხმამაღალი წაკითხულიდან ვიგებთ, რომ: „პატარა ქართველი, 14 თუ 15 წლამდე გამოირჩევა არაჩვეულებრივად ცოცხალი რეაგირებით ცხოვრებისეულ თუ მეცნიერულ შთაბეჭდილებებზე. ის გამჭრიახია, ყოჩაღი, ემორჩილება პედაგოგიურ ზეგავლენას. შემდეგ, ზემოაღნიშნული ასაკის შორიახლო, რომელიც ემთხვევა სამხრეთისთვის ნიშანდობლივ, ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, - იგი რაღაცნაირად ჭკნება, ჩლუნგდება, კარგავს ინტერესს მეცნიერებისადმი, ზოგჯერ ამჟღავნებს ამა თუ იმ მანკიერ მიდრეკილებებს. ორი-სამი წლის შემდეგ თითქოს ცოტათი იკურნება ამ მოვლენისაგან, რომელსაც შეიძლება სნეულება ვუწოდოთ, მაგრამ წინანდელი სულიერი ძალების ჩანასახი უკვე აღარ აღდგება და გამოდის საკმაოდ შაბლონური ბიჭი, რომელიც თითქოსდა რაღაც დაავადებითაა დაღდასმული“.

ეს დაკვირვება ეკუთვნის რუს პედაგოგს, ი.დ. სმირნოვს და იგი დამოწმებული აქვს ვასილი ველიჩკოს თავის წიგნში „კავკასია“. ველიჩკო და მისი მოსაზრებები საქართველოზე ცალკე თემაა, მასაც „უყვარდა“ ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი, ისიც - ბევრი სხვა რუსი შოვინისტივით - ერთმორწმუნეობაზე და ერთგულ ქვეშევრდომობაზე გვაყრიდა მარილს. ეს XIX საუკუნის 80-იან წლებში ხდებოდა. 100 წლის შემდეგ კი, XX საუკუნის 80-იან წლებში, ამ წიგნის ქართული თარგმანის კორექტურას უკვე რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კითხულობენ, გარეთ კი ამ დროს დემონსტრაციებია, ან ნოემბერია, ან აპრილი...

ძალიან დავშორდით თემას. მოდით, ისევ დიაგნოზს დავუბრუნდები, უცხოს, დამპყრობლის, გნებავთ, მტრის მიერ დასმულ დიაგნოზს. ნუთუ მართლა ჩვენია ეს თვისება ჭკნობისა და დაჩლუნგებისა? იქნებ ბოლომდე ჩვენი არცაა? ეს დიაგნოზი ხომ ქართველებს რუსმა დაგვისვა?! სამწუხაროდ, რეალობაში სხვაგვარად ჩანს: აშკარაა, რომ საქართველოში ბევრი, იმ 14 წლის ბიჭებივით, მართლა „ვკარგავთ ინტერესებს“, ხოლო მეორე დიდი ნაწილი იმ ვიღაც რუსი პედაგოგივით თუ შოვინისტი პუბლიცისტივით დიაგნოზებს ვაკეთებთ და დარწმუნებით ვამბობთ, რომ „მალე გააფუჭებენ...“, თან არსებობის ეს ორი მოდუსი ერთმანეთში გადადის და ერთმანეთს ამარაგებს, როგორც რომელიმე არქაული ტომი ამარაგებს მასალით ადგილზე ჩასულ ეთნოლოგს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG