Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გიგა ბოკერია პრეზიდენტად!!!!!“


როგორც კი ხელისუფლებაზე რამეს დავწერ, ატყდება ერთი ამბავი ფეისბუკზე. ძირითადად, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფანკლუბის წევრები აქტიურობენ. ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ხელისუფლებაში ბზარის გაჩენის ამბავი მე მოვიგონე.

ასე იყო გასულ კვირაშიც. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რაც ამასობაში ხელისუფლების წიაღში დატრიალდა. ჯერ სოდის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა – მიხეილ ჟორჟოლიანი – დაიჭირეს; ორიოდე დღეში კი თავად კოდუა გაუშვეს სოდიდან, ასე ვთქვათ, სხვა სამსახურში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ფავორიტად და გმირად აღიარებული ერეკლე კოდუა, რომელსაც მერაბიშვილი „თავს ზემოთ ძალა არ არის“ პრინციპით იტანდა, უცებ, რატომღაც, „მოწყვლადი“ და „სამსახურიდან გაშვებადი“ გახდა.

მნიშვნელოვანი კიდევ ის იყო, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმის დაჭერისთანავე ექსპერტები და პოლიტიკოსები სახელისუფლო გუნდში არსებულ ბზარებზე ალაპარაკდნენ. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას განმარტა, რომ ორი სახელისუფლო გუნდიდან ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილთან ერთად აპირებს ქვეყნის მართვას 2013 წლის შემდეგაც, მეორე გუნდი კი ქვეყნის მართვის გაგრძელებას სააკაშვილის გარეშე გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დეტალები აღარ დაუკონკრეტებია, მაგრამ რადგან მე მსგავსი ეჭვი ადრეც მქონდა, მის დაუზუსტებელ განმარტებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რეალურად კონსტიტუციის ორ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველი ვერსიის ავტორები არიან ბატონები ავთანდილ დემეტრაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი; მეორე ვერსიის ავტორი კი ამავე კომისიის წევრი ლევან რამიშვილია. პირველი კონსტიტუცია „შერეულ“ მოდელს ეყრდნობა და, ჯერჯერობით, იმ ცომს ჰგავს, რომლისგანაც, რასაც მოისურვებ, იმას გამოაცხობ. ამ ცომის ზელა თვეების განმავლობაში გრძელდება, რადგან ჯერ არავინ იცის, რა სურს პრეზიდენტს.

2008 წლის 21 მაისს ნაციონალურმა მოძრაობამ თავი იმიტომ მოიკლა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით სწორედ იმიტომ შევიდა, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის შეცვლა აუცილებლად დასჭირდებოდა. ჰოდა, ამ პარლამენტის ვადის მიწურულს, ისიც გაირკვევა, რას აპირებს ამჟამინდელი პრეზიდენტი. სწორედ იმ დროისთვის დაიდება კონსტიტუციის „სიღრმისეულად რეფორმირებული“ პროექტი.

ლევან რამიშვილის კონსტიტუციასთან დაკავშირებით კი კითხვის ნიშნები არ ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ძლიერ პრეზიდენტზე მორგებული მოდელი. და ვინ უნდა იყოს ის ძლიერი პრეზიდენტი, რომლისთვისაც ახალი კონსტიტუცია დაიწერა? ცხადია, არა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მეორე საპრეზიდენტო ვადა უკვე ეწურება. ნებისმიერი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ძლიერ ინსტიტუტს გაითვალისწინებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დარჩენას არ და ვერ იგულისხმებს.

პირდაპირ თუ ვიტყვით, ან ლევან რამიშვილის კონსტიტუცია უფუნქციო დეკორაციაა, ან სწორედ ამ კონსტიტუციის გარშემო შემოკრებილი გუნდი ფიქრობს ხელისუფლებაში დარჩენას ამჟამინდელი პრეზიდენტის გარეშე. ლევან რამიშვილი კი იმ გუნდის წევრია, რომელიც ვანო მერაბიშვილს უპირისპირდება. თავად ამ გუნდში ძალაუფლება სამ ლიდერს შორის იყოფა: ადეიშვილს, უგულავას და ბოკერიას შორის. ფეისბუკზე, რომელიც ყველაზე პოპულარული სოციალური სივრცეა, ზუსტად ამ „სამწვერა“ გუნდის მხარდამჭერებმა შექმნეს სპეციალური გვერდი: „გიგა ბოკერია პრეზიდენტად!!!!!“

ძნელი სათქმელია, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თავის სამომავლო კარიერას მიხეილ სააკაშვილის გვერდით ხედავს. თუმცა, ზურაბ ადეიშვილის გუნდს რომ სისტემურად უპირისპირდება, უკვე თვალნათლივ ჩანს. ადეიშვილის გარემოცვა უფრო შემოქმედებითია, საჯარო ინტელექტზე ორიენტირებული, მერაბიშვილი კი შიშველ ძალას და სპეცსამსახურებს ეყრდნობა. პირველი გუნდის სახე ტელეკომპანია „იმედია“, მეორის სახე კი – „რეალ ტვ“. პირველი გუნდის ოქროს პროდუქტი „მოდელირებული ქრონიკაა“, მეორის – ვახტანგ კომახიძის შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან გამოიკვეთება ადეიშვილის გუნდის პროდასავლური და მერაბიშვილის გუნდის პრორუსული ორიენტაცია. და ის ძალები ოპოზიციიდან, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ აღლუმს აწყობენ, ვანო მერაბიშვილთან ფარულ კავშირში იქნებიან მხილებულნი – ამაზე ადეიშვილის ინტელექტუალი თანამოაზრეები იზრუნებენ.

დღეისათვის კი საჯილდაო ქვა ნაციონალური მოძრაობიდან მერობის კანდიდატის დასახელებაა. სავარაუდო კანდიდატი – გიგი უგულავა – ადეიშვილის გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერია, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი – არცთუ შემთხვევით, ვანო მერაბიშვილის მეგობარია. ვანო მერაბიშვილს, ასევე არაშემთხვევით, სიტყვა აქვს ნათქვამი, რომ უგულავას პროცენტის დაწევაზე იზრუნებს.

ჯერჯერობით, სულ ეს არის. ვნახოთ, როგორ მიიღებენ ამ სტატიას ჩვენი მეგობრები ფეისბუკზე – რამდენად ღრმა იქნება მათი ცინიკურ-დარდიმანდული აღშფოთება. და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეეცდება ხელისუფლება – წინა სტატიის არ იყოს – მკვიდრად დაასაბუთოს, რომ ამ სტატიაშიც აისბერგის მხოლოდ წვერი მოჩანს და ამოსაცნობი ბევრად მეტია, ვიდრე – ამოცნობილი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG