Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ბიზნესაქტივობა ორ ქვეყანას შორის გაიზრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 10 თებერვლიდან საქართველოსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა – ორი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ 90 დღის განმავლობაში ამ

სახელმწიფოების ტერიტორიებზე უვიზოდ იმყოფებოდნენ. დაეტყობა თუ არა სავიზო რეჟიმის გამარტივება ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობებს?

თურქეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ ორივე ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცოცხლებას ვარაუდობს. 10 თებერვლიდან საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ 90 დღის განმავლობაში ამ სახელმწიფოების ტერიტორიებზე უვიზოდ იმყოფებოდნენ.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ამოქმედებამდე სტამბულში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობდა, სადაც ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ზურაბ ნოღაიდელი ცდილობდა დაერწმუნებინა თურქი ბიზნესმენები, რომ, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების წყალობით, "საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისათვის". ფორუმის შედეგებით ნოღაიდელი კმაყოფილი ჩანდა, რადგან თურქმა მეწარმეებმა საქართველოს ეკონომიკის კონკრეტული სფეროების მიმართ თავიანთი ინტერესი გამოხატეს:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „იმის შემდეგ, რაც ჩვენ მათთან გვქონდა საუბარი, გაირკვა, რომ სერიოზული დაინტერესება არის სამშენებლო კომპანიების მხრიდან. თურქეთის მშენებელთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ესტუმრება საქართველოს და დაიწყებს ამ პროექტებზე მუშაობას. ჩვენ მივიღეთ სერიოზული დაინტერესება ენერგოსექტორში მონაწილეობით, არის დაინტერესება საბანკო სექტორიდან. შედარებით ნაკლები დაინტერესებაა სატელეკომუნიკაციო სექტორით, მაგრამ ამაშიც არანაირი პრობლემა არ იქნება.”

გარდა მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა, რომელთაც საქართველოში თურქული მხარე ახორციელებს ან მომავალში გეგმავს, ორივე ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირველ რიგში, წვრილი და საშუალო ბიზნესის აქტივობას გაზრდის. საინტერესოა, რომ გამარტივებული სავიზო პროცედურების ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 1600-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 1,5-ჯერ აღემატება წინა დღეების მაჩვენებელს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იგი რუსეთის შემდეგ მეორეა პარტნიორი ქვეყნების სიაში. საქართველოში პირდაპირი თურქული ინვესტიციები 170 მილიონ აშშ დოლარს აღწევს და ეს მაჩვენებელი უკვე დაწყებული პროექტების ხარჯზე კიდევ გაიზრდება. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის ბოლო 3 წლის განმავლობაში, მართალია, გაორმაგდა და 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ეს მაინც მოკრძალებული ციფრია იმასთან შედარებით, რაც თურქეთს სხვა ქვეყნებთან აქვს. შედარებისათვის: აზერბაიჯანთან თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 800 მილიონს, ხოლო რუსეთთან 15 მილიარდ დოლარს აღწევს. თურქეთთან სავაჭრო პოლიტიკის გამარტივების წყალობით, როგორც თურქული მხარე, ისე პრემიერი ნოღაიდელი 2009 წლამდე საქართველოში 2 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციების მოზიდვას, 2008 წლამდე კი ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის 2 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. რაც შეეხება თავად თურქულ ბიზნესს, მას, მართლაც, აინტერესებს ქართული ბაზარი, ასევე მისთვის, მართლაც, მოსახერხებელი და მომგებიანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება, მაგრამ ბევრ თურქ მეწარმეს მიაჩნია, რომ, ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების მიუხედავად, საქართველოს ჯერ კიდევ არა აქვს ინსტიტუციონიზებული თავისი საინვესტიციო სტიმულები და ხშირ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თურქ ბიზნესმენებს ხელისუფლებასთან პირადი კონტაქტების გამოყენება უხდებათ.
XS
SM
MD
LG