ორშაბათს დილით, სანამ მმართველი პარტია, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით, სულ რაღაც 67 წამში დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - ორი ამერიკის და ერთი რუსეთის მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.
აქციის მონაწილეების დაკავების მომენტები არაერთი კამერის თუ ტელეფონის ობიექტივში მოექცა. შესაბამისად, ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს.
დაკავების მეთოდი ასეთია - ჯგუფურად შეკრებილი სპეცრაზმელები, პოლიცია, წრეში აქცევენ აქციის მონაწილეს, სახესა და თავში ურტყამენ მუშტებს და თან მის გათრევას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუკი აქციის მონაწილე წაიქცევა, მაშინ მას წიხლებიც ხვდება.
ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ დგას უკვე დაკავებული, ხელებშეკრული აქციის მონაწილე სპეცრაზმელების გვერდით და მას მოულოდნელად, სახეში იდაყვს ურტყამს ერთ-ერთი სპეცრაზმელი.
ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი პარლამენტთან, სამართალდამცავების პირისპირ იდგა, როდესაც მის თვალწინ, აქციის ჯერ ერთი მონაწილე „შეითრიეს“ პოლიციელებმა და მერე მეორე:
„თვითმხილველი ვარ. თვითმხილველი კი არა, მონაწილე ვარ ამ ამბის. სხვებთან ერთად ვეჭიდებოდი ამ ადამიანებს, რომ პოლიციას არ წაეყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მათი დახსნა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ვიდექით, პირადად მე პოლიციას ველაპარაკებოდი, მშვიდად ვეუბნებოდი, როდემდე უნდა იდგეთ ასე-მეთქი. უკნიდან შეძახილები იყო. უცებ, რაღაც მომენტში, პოლიციელების მხრიდან გამოვარდა ექვსი-შვიდი ადამიანი და შეითრიეს ერთ-ერთი მონაწილე. ეს ადამიანი თავის პროტესტს გამოხატავდა ხმამაღლა. მალევე მეორე ადამიანი შეითრიეს. შიგნით რომ შეჰყავდათ, ჩვენ ვეღარ ვხედავდით, რას უშვრებოდნენ. შემდეგ ზევიდან გადაღებული კადრები ვნახე, როგორ ურტყამენ წიხლებს და მუშტებს პოლიციელები ძირს დაგდებულ აქციის მონაწილეებს, შეიძლება ეს ბიჭებიც კი იყვნენ“, - იხსენებს ნინო ზურიაშვილი 13 მაისის დილას, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.
ვაჟა მარი, გუკა რჩეულიშვილი და ბექა ჭინჭარაული პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავა. მათი მეგობარი, სოფო კუჭავა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი მეგობრების დაკავებაც ასევე „სრულიად უწყინარ სიტუაციაში“ მოხდა:
„მე მეგაფონით ვიდექი, გუკაც ახლოს იდგა ჩემთან და პოლიციელებს ელაპარაკებოდა, ჩვენს მხარეს უნდა გადმოხვიდეთო. სრულიად უწყინარი ვითარება იყო. გუკა გამოესარჩლა აქციის ერთ მონაწილეს და უცებ სტაცეს ხელი და შეითრიეს. არცერთ მომენტში, ჭიჭინაძეზე არ ყოფილა აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესია, გარდა შეძახილებისა. დაკავებების დროს ისროლეს რამდენჯერმე წყლის ბოთლები და ისიც მალევე აღკვეთეს ისევ დემონსტრანტებმა. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ იყო იქ იმისა, რომ აქციის მონაწილეები დაეკავებინათ და თან ასეთი სასტიკი მეთოდებით“.
გუკა რჩეულიშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ის უკვე მოინახულა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ. როგორც რადიო თავისუფლებასთან ამბობს, გუკა რჩეულიშვილი ნაცემია:
„სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. აქვს სისხლჩაქცევები. დაკავება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ის იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი. პოლიციას მიმართავდა, ერთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, არ იძალადოთ ხალხზე და ა.შ. როდესაც შეითრიეს, რამდენიმე ადამიანი ურტყამდა. ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არ არის პოლიციელთა ინდივიდუალური გადაცდომა. პირდაპირი გეგმაა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის წინა რიგებმა დააკავონ და შიდა რიგები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას ვხედავთ ახლაც და წინა დღეებშიც“.
ბექა ბასილაია ამბობს, რომ გუკა რჩეულიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით მან უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, თუმცა, დროული და სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს:
„როგორც აქამდე არავინ დაუსჯიათ, ახლაც არავის დასჯიან. პირდაპირ არიან ეს ადამიანები წაქეზებულები. ეს ადამიანები პოლიტიკურ დონეზე არიან წაქეზებულები. ეს თურმე დანაშაული კი არა, ეს არის სამწუხარო გადაცდომები, როგორც ამას პრემიერი და შსს მინისტრი უწოდებენ“.
აქციაზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 13 მაისის დილიდან შევიდა. ადვოკატები ახლაც ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დადგენას.
შორენა ლოლაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დილის 11 საათისთვის მათთან უკვე შევიდა შეტყობინება 12 დაკავებულის შესახებ.
როგორც შორენა ლოლაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას იურისტები ახლაც ცდილობენ:
„მათი ნაწილი, ჯერჯერობით, სავარაუდოდ, ისევ მანქანებში ჰყავთ. პრაქტიკის თანახმად, შესაძლოა, ისინი საღამომდეც კი ვერ ვიპოვოთ“.
დაკავებულების ნაწილის სახელსა და გვარს ახლობლები და მეგობრები სოციალური ქსელებითაც ავრცელებენ.
13 მაისის დილას საიამ უკვე გაავრცელა განცხადება სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შესახებ და მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მომხდარ ფაქტებზე განცხადება გააკეთოს:
„ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ, ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით. მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა“.
საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.
ამ მუხლით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბოლო პერიოდში არაერთ ფაქტზე აქვს დაწყებული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობილი არაფერია.
სწორედ ამაზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას საბა ბრაჭველი, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი.
ის 13 მაისის დილიდან ადევნებდა თვალს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებსა და მათ შორის, აქციის მონაწილეების დაკავების მძიმე კადრებს:
„არ ვიცი, რა კადრებს ვუყურებთ დილიდან. ამ კადრების მხოლოდ ყურებამაც კი შეიძლება ცუდად გაგხადოს. სამართალდამცავებმა იციან, რომ ამ ყველაფრის გამო არ დაისჯებიან, ისინი წახალისებულები არიან და შედეგიც სახეზეა.
პოლიციელები სწორედ ამიტომ სჩადიან უკანონობას, სცემენ, მუშტებს, სილებს, წიხლებს ურტყამენ ადამიანებს, იციან, რომ მსგავსი საქციელი გასდით და კვლავაც გაუვათ იმიტომ, რომ ამ ორგანოს [სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს] არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, არ გააჩნია ბერკეტები, რომ გამოიძიოს დანაშაულები და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა - დაუსჯელობის სინდრომი და უფრო და უფრო სასტიკი ძალადობის ფაქტები“, - ამბობს საბა ბრაჭველი.
მისი თქმით, გამოძიებები, რომლებსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობების ფაქტებზე იწყებს, არ სრულდება, ეს საქმეები „იყინება“ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე:
„საქმეს ვერ ხურავენ, რადგან დანაშაულს ადგილი აშკარად აქვს, მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რაკი შსს არ ეუბნება, კონკრეტულად ვინ არიან ნიღბების მიღმა, რაკი არ შეუძლიათ მათი იდენტიფიცირება, ძალიან ხშირად სამართალდამცავები არ მიდიან გამოკითხვაზე, ეს გამოძიებები რჩება ჰაერში, გრძელდება წლები და ხანდაზმულობის ვადა, 15 წელი სანამ არ ამოიწურება, იქამდე იქნება შემოდებული თაროზე, შემდეგ კი უბრალოდ დაიხურება საქმე“.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია, კარგად იცნობს იმ პრაქტიკას, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქციების მსვლელობისას სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ჩატარება უწევდა: „ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ დგას “რობოკოპების” უკან, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამ სამართალდამცავების სახე ნათლად ჩანს და მათი ვინაობის დადგენა თუ დანაშაულის გამოძიება, არ უნდა წარმოადგენდეს არანაირ პრობლემას“, - ამბობს ის და შედარებისთვის ყურადღებას ამახვილებს გამომძიებლების ოპერატიულ მოქმედებებზე მაშინ, როდესაც საქმე ეხება აქციის იმ მონაწილეების გამოვლენასა და დაკავებას, რომლებსაც გამოძიება აქციებზე სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ედავება:
„როდესაც მთელი საქართველო ხედავს იმ სამართალდამცავის სახეს, რომელიც სასტიკად უსწორდება ადამიანს, მაგალითად, რაც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, ლეონიძის ქუჩაზე, გამოძიებამ ცხელ კვალზე უნდა დაადგინოს, ვინ არის ეს სამართალდამცავი და მოაყოლოს შესაბამისი რეაგირება. ეს იყო შემთხვევა, როცა აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა. პირველ რიგში, ეს იყო ძალადობრივი დანაშაული. გარდა ამისა, აქციები გრძელდება და ამგვარი დაუსჯელობის სინდრომის გაჩენით, ძალიან მაღალია რისკები, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა წახალისებული იქნება.
თუკი რამდენიმე დღეში ახერხებ აქციის ექვსი მონაწილის დაკავებას, მაგალითად, კამერის გაფუჭებისა თუ ქვის სროლის ბრალდებით, რამდენიმე დღეში ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ისინი დასაჯო და სამაგიეროდ, მეორე მხარეს, სამართალდამცავების მხარეს, არავის სჯი, სწორედ ეს არის დიდი პრობლემა. მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც თან ახლავს განმეორების საფრთხე, არის მძიმე დანაშაული, იმაზე გაცილებით მძიმე დანაშაული, ვიდრე კამერის დაზიანება და სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მკაცრი“, - ამბობს ლონდა თოლორაია.
პარლამენტის შენობასთან, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, ექვსი საათისთვის დაიწყო.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლების დაწყებამდე, პოლიციელმა რუპორით გამოაცხადა, რომ დემონსტრანტებს 5 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია - „გაათენე საქართველოსთვის“ - 12 მაისს, 21:00 საათიდან დაიწყო.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
13 მაისს კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ხოლო იმ ადამიანებს, ვინც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებენ, უცნობი პირები უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობდნენ.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
ფორუმი