Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის ღია წერილი - რა დაწერა პრემიერმა და რა წაიკითხეს ახალგაზრდებმა


ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 3 მაისი, 2024 წელი.
ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 3 მაისი, 2024 წელი.

„ახალგაზრდებს კარგი IQ გვაქვს - მსგავს პროპაგანდას აღარ მივყვებით“, - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქციების მონაწილე ახალგაზრდებმა პრემიერ-მინისტრის ღია წერილში მცდარი ინფორმაცია, არაადეკვატური ხედვა და შეურაცხმყოფელი შეფასებები ამოიკითხეს.

„გულწრფელებისადმი“ მიძღვნილ ღია წერილში ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს „ნაციონალებს“, შავი ფულით დაფინანსებულებს უწოდებს; ილიას მკვლელებს ადარებს და ინტელექტის კოეფიციენტის მიხედვით აფასებს როგორც "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს, ასევე "ქართული ოცნების" ამომრჩეველს.

„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს“, - წერს ღია წერილში პრემიერ-მინისტრი.

ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგების დევიდ დანინგის და ჯასტინ კრუგერის მიხედვით, არაკვალიფიციურ ადამიანებს სხვებზე უპირატესი ჰგონიათ თავი და მომეტებულად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ვინაიდან არ აქვთ უნარი შეამჩნიონ და აღიარონ დაშვებული შეცდომები.

წერილის წაკითხვის შემდეგ

22 წლის სტუდენტის, ჟორჟ ჟამერაშვილის ორგანიზაცია - „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში,„არაგულწრფელი“ და „შავი, გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების“ ჩამონათვალში მოხვდა.

ჟორჟი ამბობს, რომ „ეს არის სიცრუე“.

„ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება - არც გრანტი მოგვიგია არასოდეს და არც ვინმე გვაფინანსებს. პირადი ხარჯი გვაქვს ყველაფერში. რომ ნახოთ ჩვენი ორგანიზაციის ჩატი [პირადი მიმოწერა], ვთქვათ, პოსტია დასაბუსტი, სულ ფულს ვაგროვებთ - „ხუთი ლარი დავდოთ“, „10 ლარი დავდოთ“ - რაღაც თანხა რომ შევკრათ... რეალურად სუფთა ადამიანები ვართ, ვერ გვაშავებენ - ვერაფერი მოგვიძებნეს“, - „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტი გვეუბნება, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აქვთ კავშირი და ჯერ ისიც არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ ხმას საპარლამენტო არჩევნებში.

ის, რაც ზუსტად იციან - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და არ სურთ რუსეთისკენ სვლა.

ჟორჟ ჟამერაშვილი
ჟორჟ ჟამერაშვილი

პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს ჟამერაშვილი სერიოზულად არ აღიქვამს. მაგრამ ის მაინც დაამახსოვრდა - ახალგაზრდები ილიას მკვლელებს რომ შეადარა; ხოლო საკუთარი მომხრეები IQ-ს მიხედვით დაყო.

„ჩვენ, ახალგაზრდებსაც გვაქვს კარგი IQ, კარგი აზროვნების უნარი - მსგავს პროპაგანდას უკვე აღარ მივყვებით და სოციალურ ქსელებშიც რომ გადახედოთ ამ საკითხებს, ძალიან მარტივად დაინახავთ, რომ ამ ყველაფერს ახალგაზრდები ხალისითა და იუმორით ხვდებიან. მგონია, რომ რეჟიმთან ბრძოლის დროს მნიშვნელოვანია კარგი იუმორი - როცა ეღადავები, უფრო მოქმედებს მათზე, უფრო აბრაზებს“, - ამბობს ჟამერაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ ახალგაზრდებმა 2022 წელს დააფუძნეს. საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ 2023 წელსაც, „აგენტების კანონის“ პირველი გამოჩენისას. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

იაკობ ჯანგავაძე
იაკობ ჯანგავაძე

„ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბერბიჭაშვილებს შეგვადარა ჩვენ იმ პრემიერმა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის და 26 მაისს აუზზე ირუჯებოდა... საერთოდ საღი აზრის, რეალობის და ლოგიკური ჩარჩოს მიღმაა ეს ადამიანი გასული“, - ეს უკვე 22 წლის იაკობ ჯანგავაძის რეაქციაა, ირაკლი კობახიძის წერილის წაკითხვის შემდეგ. მისთვის ნიშანია, რომ „ახალგაზრდების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უკვე პრემიერის დონემდე ავიდა“.

„მისი [ირაკლი კობახიძის - რ.თ.] მოტივაცია იყო წითელი ზღვრის გავლება, რომ აი - ყველანი „ნაცები“ არიან მეორე მხარეს... 5 წლის ვიყავი მაშინ და მე მეძახიან „ნაცს“... ზღვარი გაავლეს, რომ ახალგაზრდების ერთი მხარე მაქსიმალურად დისტანცირდეს მეორე მხარისგან [„ოცნების“ მომხრე ახალგაზრდებისგან]. უბრალოდ, მე არ მგონია, რომ საერთოდ არსებობს ორი მხარე“, - იაკობ ჯანგავაძეს იმედი აქვს, რომ ბოლოს „ოცნების“ მომხრე ახალგაზრდებიც სწორ მხარეს დადგებიან - რადგან „არ არსებობს ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყნის რუსეთისკენ სვლა უხარია“.

იაკობი „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტია - პროფესიით მარკეტერი. არ მალავს, რომ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ უჭერს მხარს და სოციალური მედიის მიმართულებით ეხმარება კიდეც, მაგრამ არ არის პარტიის წევრი. ამბობს - არც რომელიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.

წერილის შინაარსი, მიზანი

„ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს“ - ირაკლი კობახიძემ 10 მაისს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აქციებში მონაწილე ახალგაზრდების დიდ ნაწილს „არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალი“, ოპოზიციის დირექტივით მოქმედი და შავი ფულით დაფინანსებული უწოდა. მათ კობახიძე „არაგულწრფელი ახალგაზრდების“ კატეგორიაში მოიხსენიებს; ხოლო აქციაზე მდგომი „გულწრფელი ახალგაზრდების“ კატეგორიიდან მოჰყავს 25-27 წლის [პირობითი] ახალგაზრდა, რომელსაც, ვრცელი მსჯელობის შემდეგ - საბოლოოდ მაინც „ნაცსა“ და „საშუალო ინტელექტის მქონეს“ უწოდებს.

თუკი წერილის შინაარსს დავეყრდნობით, ირაკლი კობახიძემ შეისწავლა მისი ნაცნობი 25-27 წლის ახალგაზრდის ფეისბუკის კედელზე ბოლო 4 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ყველა პოსტი და გამოიტანა დასკვნა, რომ ეს ახალგაზრდა ბრმად უჯერებდა ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტყუილ-მართალს ვერ არჩევდა და რევოლუციას უჭერდა მხარს.

კობახიძე წერს, რომ ამ ახალგაზრდას „არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია“ და აქციაზე დგას. სახელი და გვარი არ არის დაკონკრეტებული.

კობახიძე მკაფიოდ მიანიშნევს, რომ ქუჩაში მდგომი ახალგაზრდების აზრის გათვალისწინებას არ აპირებს.

„საიდან აქვს პრემიერ-მონსტრს ამდენი დრო - სხვისი პოსტების სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად?“ - რიტორიკულ შეკითხვებს სვამენ ფეისბუკმომხმარებლები პრემიერ-მინისტრის ვრცელი პოსტის ქვეშ.

„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს“, - წერს ირაკლი კობახიძე და ამავე წერილში მოჰყავს მაჩვენებლები, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მარტში ჩატარებული კვლევიდან, რომელიც ამომრჩევლებს ინტელექტის მიხედვით ყოფს: „მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი“. მას არ უხსენებია „დაბალი ინტელექტის“ ამომრჩევლები.

ინტელექტზე საუბრისას დღეს ბევრს გაახსენდა, რომ აპრილში, ინტელექტუალთა კლუბმა - „რა? სად? როდის?“ - გამოაქვეყნა პროექტის მოთამაშეების განცხადება ე.წ. აგენტების კანონის - როგორც „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის“ დამაზიანებელი ფაქტორის წინააღმდეგ და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევა მოსთხოვა. წერილს ამ დროისთვის 614 ადამიანი აწერს ხელს.

წერილის ბოლოს, აქციაზე მდგომ ახალგაზრდებთან მიმართებით, პრემიერ-მინისტრი ილია ჭავჭავაძის მკვლელობას იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი“, რომ „ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა და ახლაც - მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია.

ირაკლი კობახიძის წერილის შინაარსი მოიწონეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა, მოკავშირეებმა და მომხრეებმა. წერენ, რომ დროული წერილია და იმედი აქვთ, რომ აქციას იმ ახალგაზრდებს ჩამოაშორებს, რომლებსაც არ სურთ „ნაციონალების“ იარლიყით საქმიანობა.

სტუდენტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, გამორიცხავენ, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდებზე მსგავსმა შეფასებებმა რაიმე გავლენა მოახდინოს. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტს ვერც ძალადობრივი პოლიტიკა - ადამიანების ცემა, სატელეფონო ტერორი და დაჭერები შეაჩერებს და ამბობენ, რომ „ჯიუტ თაობას“ მსგავსი მოქმედებები უფრო გააბრაზებს.

„ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის „უდიდესი სირცხვილია“ და საკუთარ ხალხთან „მთავრობის გაუცხოებას“ ადასტურებს.

ირაკლი კობახიძის ღია წერილის შინაარსი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ოპონენტებზე ძალადობის, დაშინებისა და „შავი სიების“ შედგენის პროცესებს თავად პრემიერ-მინისტრიც უჭერს მხარს. ოპოზიციიდან ირაკლი კობახიძეს IQ-ს ტესტის ერთად გაკეთებასაც სთავაზობენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG