Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის აფეთქება, ბრალდებები და რუსეთის ინტერესები


თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ცენტრში, აფეთქების ადგილას. 13 ნოემბერი, 2022 წელი.
თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ცენტრში, აფეთქების ადგილას. 13 ნოემბერი, 2022 წელი.

სტამბოლში, 13 ნოემბერს, მომხდარი აფეთქების ფონზე, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 80-ზე მეტი დაიჭრა, პუტინი თურქეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებს. პარალელურად, რუსეთის სახელისუფლებო მედია დაწვრილებით აშუქებს ანკარის უკმაყოფილო განცხადებას აშშ-ის მისამართით.

სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ხალხმრავალ ადგილას მომხდარი ძლიერი აფეთქება ანკარამ ტერორისტულ აქტად შეაფასა და, როგორც იუწყებიან, ორგანიზატორების დასჯა უკვე დაიწყო სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

14 ნოემბერს, თურქეთის მედიამ, სახის დაუფარავად, გამოაქვეყნა სავარაუდო დამნაშავის ფოტოები. გარკვევით ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს აცვია სვიტერი წარწერით "ნიუ-იორკი".

ვისთვის რას აჩვენებს სისხლიანი ინციდენტი სტამბოლის ცენტრში?

რა გეგმა აქვს თურქეთს?

რა სარგებლის მიღებას ცდილობს რუსეთი?

თურქეთის ვერსია

ანკარის ვერსიით, 13 ნოემბერს, ისთიქლალის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანიდან გაიცა, ხოლო შემსრულებელი თურქეთში ჩავიდა ქალაქ აფრინიდან. მანამდე, კობანში თურქეთის არმიას არაერთხელ აქვს ჩარტარებული სპეცოპერაცია „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ (YPG) წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) განშტოებად და, შესაბამისად, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის.

ამ ეტაპზე, დაკავებულია 20-ზე მეტი ეჭვმიტანილი და მათ შორის არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, თითქოს, განათავსა ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას. იუწყებიან, რომ ის ქუჩაში სკამზე იჯდა 40 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი წასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში ამოქმედდა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, გამოყენებული იყო თუ არა დისტანციური მართვის პულტი.

ეთნიკური ქურთები (დაახლოებით 30 მილიონი) კომპაქტურად ოთხ ქვეყანაში ცხოვრობენ - თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში. ისინი ათეულობით წელია განიცდიან დევნასა და შევიწროებას მათ შორის - თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. ქურთთა ამბოხებები თურქეთში ათწლეულებს ითვლის. ანკარა ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა ქურთების სეპარატისტულ მიზნებზე და წლების განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა მათ სამხედრო ძალითაც ერაყისა თუ სირიის ტერიტორიაზე.

14 ნოემბერს, თურქეთის სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ეჭვმიტანილი ქალის დაკავების, მისი ბინის ჩხრეკის ამსახველი და ასევე თავად მისი ფოტოებიც, რომლებზეც სახე არ არის დაფარული. ფოტოებზე გარკვევით ჩანს, რომ ქალს აცვია სვიტერი წარწერით "ნიუ-იორკი". ამ ფაქტს საგანგებოდ აღნიშნავს ისრაელის მედია და შეთქმულების დემონსტრირებაზეც აკეთებს აქცენტს.

„ის ფაქტი, რომ თურქეთის მედიამ დაიწყო NYT-ის ლანძღვა, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა 14 ნოემბერს, დილიდან დაიწყეს აშშ-ის დადანაშაულება, ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს თავდასხმა განხილული იქნება არა მხოლოდ როგორც ტერორისტული აქტი, არამედ როგორც ფართო შეთქმულება“, - წერს “The Jerusalem Post“ და იქვეა ვარაუდიც, რომ თურქეთმა ეს შემთხვევა შესაძლოა სირიაში ახალი სამხედრო დაპირისპირებისა და წმენდისთვის გამოიყენოს.

“The Jerusalem Post“-ის ცნობით, თურქეთის პროსახელისუფლებო მედია და მისი მხარდამჭერები სასტიკად დაუპირისპირდნენ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ (NYT) და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ NYT-მა შემთხვევის ადგილი ტურისტულად აქტიურ ზონად მოიხსენია, რითაც, თითქოს, შეურაცხყო მსხვერპლები და ყურადღება ტურიზმზე გაამახვილა. სოციალურ ქსელებში გამოცემას ამის გამო კიბერშეტევითაც ემუქრებოდნენ.

14 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სირიის ჩრდილოეთით გაანეიტრალეს ქურთთა გასამხედროებული ჯგუფის - „ხალხთა დაცვის დანაყოფის” (YPG) 4 მებრძოლი. „ანადოლუ“ უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ „ტერორისტები ამზადებდნენ შეტევას ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში („მშვიდობის წყარო“)“. აქვე აცხადებენ, რომ თურქეთი განაგრძობს „დასჯას მშიშრებისა, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ვერაგულად ესხმიან თავს“.

რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები ფართოდ ავრცელებენ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, რომლითაც ის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შევაფასოთ თანაგრძნობის დღევანდელი გზავნილი აშშ-ისგან - რომ, თითქოს, მკვლელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ამ გზავნილზე პასუხი გამოჩნდება ძალიან მკაფიოდ. ამას მალე ნახავენ, ალაჰის ნებით“, - სოილუს ამ განცხადებას რუსეთის მედია თურქულ სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სამძიმრის განცხადება, რომელშიც ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთის მხარდაჭერაც არის ხაზგასმული. „აშშ გადაჭრით გმობს თურქეთში, სტამბოლში, მომხდარ ძალადობის აქტს. ჩვენი ფიქრები არის დაჭრილ ადამიანებთან და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთის, ნატოში ჩვენი მოკავშირის მხარდამხარ ვდგავართ“, - წერია განცხადებაში.

რას ედავება ამ შემთხვევაში ანკარა ვაშინგტონს?

თურქი მინისტრი მხოლოდ ზოგადად მიანიშნებს ძველ ბრალდებებზე, რომ დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ქურთებს სირიაში.

საქმე ის არის, რომ აშშ-სა და ევროკავშირს „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი. თუმცა „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ (YPG) მიმართ მათი დამოკიდებულება სხვაგვარია. აშშ მხარს უჭერს ამ დაჯგუფებას, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს, PKK-ს გარდა, YPG-ის მხარდაჭერაზე უარის თქმაც მოსთხოვა. ამჟამად ფინეთში 15 ათასი ქურთი ცხოვრობს, შვედეთში კი - დაახლოებით 100 ათასი.

დასავლეთის მედია ხშირად აღნიშნავს, რომ ერდოანისათვის, რომელსაც წინ, არცთუ სახარბიელო რეიტინგით, 2023 წელს რთული არჩევნები ელის, მნიშვნელოვანია მცირე მასშტაბის გამარჯვების შენარჩუნება სირიაში, რაც ირანისა და რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება. ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომ სირიაში ქურთი ტერორისტების დევნა გაგრძელდება.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებზე, ულტრამემარჯვენე ამომრჩევლის მისამხრობად, თურქეთში აშშ-ისგან მტრის ხატის შექმნის შეეცადონ.

რუსეთის ინტერესები

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარება ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც, უკრაინასთან ომში სულ უფრო მეტი წარუმატებლობის ფონზე, თურქეთთან სიტუაციური მოკავშირეობის განმტკიცებას ცდილობს. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელი, ტერორიზმის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი არ გამორიცხავს, რომ აფეთქების უკან რუსეთი იდგეს.

„თურქეთის მოკავშირეობით არ არის კმაყოფილი რუსეთი, რადგან ერდოანი პერიოდულად სილას აწნის პუტინს - უკან გააბრუნა მისი გემებიც, რომლებსაც შავ ზღვაში უნდოდათ შემოსვლა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს აფეთქება რუსეთის მოწყობილი იყოს, ყურადღების სირიისკენ გადატანისა და თურქეთისგან მეტი სარგებლის მიღების იმედით“, - გვეუბნება ძიძიშვილი და ამავე კონტექსტში განიხილავს რუსეთის ძველ მიზანს - გააჩინოს და გააღრმაოს ნაპრალები ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის.

ამავე დროს, ექსპერტის თქმით, თურქეთი არასოდეს გახდება რუსეთის რეალური მოკავშირე, რადგან ჰეგემონიისთვის ბრძოლის პროცესში, ანკარას რეგიონში მხოლოდ „დასუსტებული რუსეთი“ აძლევს ხელს.

„ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას თურქ პარტნიორებთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის ტერორიზმის ყველა ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ეს პუტინის სიტყვებია წერილიდან, რომელიც თავის თურქ კოლეგას, რეჯებ ტაიპ ერდოანს გაუგზავნა. პუტინი მსხვერპლთა მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობს.

ევროსაბჭოს მიერ ახლახან „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ იქნა აღიარებული თავად რუსეთი, რომლის არმიაც, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არ ინდობდა მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის - ქალებსა და ბავშვებს.

„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო [რეჯებ ტაიპ ერდოანს], მიიღეთ ღრმა მწუხარება სტამბოლში მომხდარი ტერორისტული აქტის ტრაგიკული შედეგების გამო. გთხოვთ, გადასცეთ გულწრფელი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები დაღუპულთა ოჯახებს და ასევე სწრაფად გამოჯანმრთელების სურვილი ყველა დაშავებულს“, - წერია პუტინის ტექსტში, რომელსაც თურქული მედიაც ავრცელებს.

რაში სჭირდება თურქეთს რუსეთი?

ქურთებს წლების განმავლობაში დევნიდა სირიის ხელისუფლება და ასე იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის პირობებშიც. თუმცა 2019 წელს, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს, მოკავშირე ამერიკელების უკან დახევით გაწბილებულმა ქურთმა მებრძოლებმა დახმარება ისევ ასადის რეჟიმსა და მის მფარველს - რუსეთს სთხოვეს. იმ დროს, სირიაში, აშკარად გამოიკვეთა თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების საფრთხეც.

თუმცა, 2019 წელს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში საკმაოდ დიდი ტერიტორია, ასობით კილომეტრი, დაიკავა. რუსეთი სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდამჭერია, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

აგვისტოში, როცა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ, რუსეთის მედია იუწყებოდა შეთანხმებაზე „სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობის კუთხით“. თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელი TRT იტყობინებოდა, რომ განხილვის მთავარი თემა ასევე უნდა ყოფილიყო ანკარის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში ქურთთა რაზმებზე თავდასხმის მიზნით. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, სირიის პრეზიდენტის მხარდამჭერი რუსეთი ურჩევდა თურქეთს, რომ თავი შეეკავებინა ასეთი თავდასხმისგან.

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ანკარა მოსალოდნელი ტერორისტული აქტების წინაპირობად განიხილავს.

წარსულში თურქეთის ქალაქები არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე, რისთვისაც პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK ) აიღო. BBC-ის ცნობით, 2015-2017 წლებში, როცა თურქეთში ტერაქტების მთელი სერია აღირიცხა, ორ მათგანზე პასუხისმგებლობა სწორედ PKK-მ აიღო. 2016 წელს, სტამბოლის ცენტრალურ სტადიონთან მომხდარ აფეთქებას 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა. ისთიქლალის ქუჩაზე ადრე მომხდარ კიდევ ერთ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მსხვილი ტერაქტი სტამბოლში 2017 წელს მოხდა, როცა ღამის კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღით, თავდამსხმელმა 39 ადამიანი მოკლა და 69 დაჭრა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG