რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 5 აგვისტოს, სოჭში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ თანამშრომლობა ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სამშენებლო მრეწველობაში.
„მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო ნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
პუტინი და ერდოანი შეთანხმდნენ ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე და ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურებაზე, იტყობინება კრემლი. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ სტამბოლის შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის რუსული მარცვლეულის შეუფერხებლად ექსპორტს, იუწყება რუსეთის სააგენტო „ტასსი“ პუტინისა და ერდოანის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინმა და ერდოანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობისთვის. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ რუსეთის გაზის საფასურის ნაწილობრივ რუბლით გადახდაზე.
შეხვედრა შავი ზღვისპირა სოჭში დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. ეს იყო პუტინისა და ერდოანის მეორე შეხვედრა ერთ თვეზე ნაკლებ დროში. მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება და თურქეთის სირიაში შეჭრის პერსპექტივა იქნებოდა. ერდოანი სოჭში ჩავიდა მას შემდეგ, რაც მან გაერო-ს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი შეუწყო და წარმატებით დამთავრდა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის აღდგენა. შეხვედრის დასაწყისში პუტინმა ერდოანს უთხრა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ელოდება.
„იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ შევძლებთ მოვაწეროთ შესაბამისი მემორანდუმი ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ“, - თქვა პუტინმა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ.
თურქეთის ლიდერმა, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა თავისი თბილი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავისი როლი შეესრულებინა კრემლის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის დასრულებაში, უთხრა თავის მასპინძელს, რომ იმედოვნებდა, რომ ორი მხარე „ახალ გვერდს“ გადაშლიდა ორმხრივ ურთიერთობებში.
თურქეთის სახელმწიფო მაუწყებლის TRT-ის ცნობით, ანკარის დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში ქურთთა რაზმებზე თავდასხმის მიზნით, ასევე უნდა ყოფილიყო განხილვის მთავარი თემა. მოსკოვმა, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სირიის სამოქალაქო ომში, ცოტა ხნის წინ ურჩია თურქეთს, თავი შეეკავებინა ასეთი თავდასხმისგან. ანკარა შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოქმედ სირიელი ქურთების რაზმებს - სახალხო თავდაცვის შენაერთებს (YPG) ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს და ეჭვობს, რომ მათ თურქეთის შიდა მეამბოხეებთან აქვთ კავშირი.
კრემლის ცნობით, დღის წესრიგში იყო ნატოს წევრი თურქეთისგან რუსეთის მიერ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების პოტენციური შესყიდვაც. პუტინმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა წინადადება თურქეთის კომპანია, თვითმფრინავების მწარმოებელ Baykar-თან, - რუსეთის თანამშრომლობის შესახებ. ამის თაობაზე ერდოანის სიტყვები გასულ თვეში CNN Türk-მა გაავრცელა.
უკრაინის არმია რუსეთის ძალების წინააღმდეგ იყენებს Baykar Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავებს მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია მის ტერიტორიაზე შეიჭრა თებერვალში.