Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის შსს აცხადებს, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში ბომბი დატოვა


აფეთქების ადგილი სტამბოლის ცენტრში. 2022 წლის 13 ნოემბერი
აფეთქების ადგილი სტამბოლის ცენტრში. 2022 წლის 13 ნოემბერი

სტამბოლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბომბი დატოვა ქალაქის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ წუხელ განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ. მისი ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ დაკავებულია საერთო ჯამში, 21 ეჭვმიტანილი.

სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს, საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.

სოილუს განცხადებით, აფეთქების ორგანიზების ბრძანება გაცემული იყო სირიის ქალაქ კობანიდან, შემსრულებელი კი, თურქეთში ჩავიდა ქალაქ აფრინიდან. სირიის ამ ქალაქებში მოქმედებენ ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ წუხელ განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება იყო ტერაქტი და მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებიან დამნაშავეები, თურქეთი მათ მისწვდება და სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

XS
SM
MD
LG