Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისაა, რაც "გარეჯი საქართველოა" იყო?“ თბილისის წინასაარჩევნო საუბრები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე


სოხუმს მოსკოვთან დაეძაბა. რას გამორჩება თბილისი? - ფოტოილუსტრაცია
სოხუმს მოსკოვთან დაეძაბა. რას გამორჩება თბილისი? - ფოტოილუსტრაცია

თბილისი აკვირდება სოხუმსა და მოსკოვს შორის „უკიდურესობამდე დაძაბულ ვითარებას“, - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე" - „არ გვმართებს, ხელოვნურად ვცადოთ პროცესების დაჩქარება“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა აფხაზეთს პირველი სექტემბრიდან დაფინანსება შეუჩერა, რაც სოხუმში „სერიოზულ დარტყმად“ მიიღეს. პარალელურად, „ქართული ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ალაპარაკდა და საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვს ამომრჩეველს, რათა „შესაძლო ცვლილებებს“ მზად დახვდეს.

მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილი, სოხუმელი კომენტატორებისგან განსხვავებით, ფიქრობს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის გამწვავებულ დაძაბულობას არ აქვს რაიმე კავშირი „ქართული ოცნების“ დაპირებებთან: „შამბამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი“.

„გადადგეს ბჟანია“

ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, აფხაზურმა ოპოზიციამ სოხუმში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.

აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ბჟანია ამჟამად, - როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, -
"მოსკოვში იმყოფება მოლაპარაკებებისათვის". დე ფაქტო პრეზიდენტი საჯაროდ შაბათის შემდეგ არ გამოჩენილა. ამას წინ უძღოდა მოსკოვის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლად“ აღიარების დღის არაღნიშვნა და სკანდალური ცნობები მოსკოვიდან ორმხრივ ურთიერთობებზე.

ბჟანიას „გაუჩინარება“ არ გამოჰპარვია აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს: „მისი პრესცენტრი, სერგეი შამბა, რაულ ლოლუა და სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ თავად ბჟანია არსად ჩანს“, - წერს იგი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქის“ თავმჯდომარემ, ლაშა შამბამ დე ფაქტო პრეზიდენტს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის პასუხისმგებლობა დააკისრა და ამიტომაც მოითხოვა მისი გადადგომა.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების პროექტის, „ეხო კავკაზას“ მთავარი რედაქტორი, დემის პოლანდისი განმარტავს, ადგილობრივი პოლიტიკოსების მოწოდებების მიუხედავად, რაიმე ფორმალური გზით იმპიჩმენტის პროცედურა არ დაწყებულა.

უკმაყოფილების მიზეზი - „სანქციები“

აფხაზური ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი უკვე დადასტურებული ინფორმაციაა:

  1. მოსკოვმა 2024 წლის 1 სექტემბრიდან შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება;
  2. აფხაზეთის მოსახლეობას მოუწევს რუსულ დენში კომერციული ფასის გადახდა;
  3. შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს, ვინც რუსეთის ცალკეულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.

სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 3 სექტემბერს დაადასტურა ყოველივე ეს; მათ შორის ის, რომ 1 სექტემბრიდან „გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია“, - ეს ეხება მედიცინის მუშაკების, მასწავლებლებისა და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებას, - რაც ბიუჯეტის დიდ წილს შეადგენს.

„ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, - თქვა შამბამ ბრიფინგზე.

როდესაც დეპუტატებისათვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევაზე ჰკითხეს, თქვა, რომ ეს „სრულიად მიღებული სანქციაა“.

კვლავ „დაუდასტურებელი ცნობები“

რამ შეიძლება მოსკოვს დაფინანსება გააგრძელებინოს, ამაზე ბოლომდე ცხადი პასუხი სოხუმში არ აქვთ.

რუსულენოვან ტელეგრამარხებზე წინა კვირას გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები მძიმე საუბარზე, რომელიც ასლან ბჟანიას ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთან აფხაზეთში კრემლის გეგმებთან დაკავშირებით.

კერძოდ, ინტერნეტში გაჟონა ბჟანიასა და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დმიტრი კოზაკის შეხვედრის დეტალებმა.

დმიტრი კოზაკი ხვდება ასლან ბჟანიას. 2020 წლის 19 დეკემბერი
დმიტრი კოზაკი ხვდება ასლან ბჟანიას. 2020 წლის 19 დეკემბერი

„კოზაკ-ბჟანიას შეხვედრის ოქმის“ მიხედვით, მოსკოვი სოხუმისგან სამ ძირითად რამეს ითხოვს:

  1. ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას;
  2. რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას;
  3. რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნას კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

როდესაც 4 აგვისტოს სერგეი შამბა რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩს, ალხას კვიცინიას შეხვდა, მისმა პრესცენტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ძირითადი ყურადღება დაეთმო“ ბჟანია-კოზაკის შეხვედრიდან გაჟონილ დოკუმენტებს.

პრესცენტრმა ამ ცნობებზე წერისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ინფორმაცია „დაუდასტურებელია“.

„6 აგვისტოს შედგა ეს საუბარი [ბჟანიასა და კოზაკს შორის]. შამბამ და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, ლოლუამ თქვეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი მოსკოვიდან არ მიუღიათ. ეს ოქმი არ მიუღიათ. მაგრამ რა უშლიდათ ხელს, დაკავშირებოდნენ და ეკითხათ, ფეიკია თუ სინამდვილე? წარმოიდგინეთ, ისეთი ურთიერთობაა, რომ ვერც რეკავენ და ვერც ეკითხებიან, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ამ დონეზეა გაყინული ურთიერთობა“, - ამბობს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

„უკიდურესობამდე დაძაბული ვითარება“

გამახარია ამბობს, რომ მართალია, სოხუმსა და მოსკოვში ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს.

„ბჟანია მოსკოვშია და ვითომ „ალაგებს“ რაღაცებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის, რას მიაღწია. ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზებს და რუსებს სხვადასხვანაირად ესმით ურთიერთობის გაუმჯობესება. რუსებისთვის „ურთიერთობის გაუმჯობესება“ ნიშნავს აფხაზეთის ანექსიას, აფხაზებისთვის კი იმ „საჩუქრებს“, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ, და სანაცვლოდ არაფერს“, - ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და განმარტავს:

  • „აფხაზებისთვის "ურთიერთობის გაუმჯობესება" ნიშნავს რუსებისგან დაფინანსებას, რუს ტურისტებს, რუსული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი ბიუჯეტის ნახევარზე მეტის შევსებას“.
  • „რუსებს კი თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ ყოველივე იმის სანაცვლოდ, რასაც აფხაზებისთვის აკეთებენ, უნდა მიიღონ აფხაზეთში დამკვიდრების, აფხაზეთში დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვებისა და, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის ანექსიის შესაძლებლობა“.

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

გამახარიას თქმით, ამ წინააღმდეგობრივი აღქმების გამო, დარწმუნებულია, რომ ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. „ან აფხაზებმა უნდა მოაწერონ ხელი ანექსიას. სხვა გზა არ არსებობს. უკიდურესობამდე დაძაბული ვითარებაა“.

ჯემალ გამახარია, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს, ამბობს იმასაც, რომ აფხაზ ანალიტიკურ წრეებში ადრე თბილისისადმი რადიკალურად განწყობილი მოლაპარაკე თავები ახლა სხვანაირად ფიქრობენ: „ვითარება შეცვლილია“.

ამაზე თბილისის პასუხს კი იგი ასე ხედავს: „არ გვმართებს, ხელოვნურად ვცადოთ პროცესების დაჩქარება. უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, მოვახდინოთ მონიტორინგი და ხელი შევუწყოთ იმ პროცესების განვითრებას, რაც იქ თავისთავად მიმდინარეობს აფხაზი ხალხის ნებით და სურვილით“.

ასევე აცხადებს: „ველი, რომ თუ აფხაზებს გადარჩენა სურთ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ქართულ-აფხაზური დიალოგი ჩვენი სამომავლო ურთიერთობების შესახებ“.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო პერიოდში „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ ახსენებს და ამ საკითხს საარჩევნო დაპირებებს შორის ატრიალებს.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი „მიზეზი“ ჩამოთვალა, რატომაც სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, ერთ-ერთი ასე ჩამოაყალიბა:

„მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მცხეთაში. 2024 წლის 21 აგვისტო
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მცხეთაში. 2024 წლის 21 აგვისტო

ეს ჯერ „ქართული ოცნების“ განცხადებაში გაჟღერდა 20 აგვისტოს, მეორე დღეს კი - ექსპრემიერის, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვაში მცხეთაში.

არც მაშინ ივანიშვილს და მას შემდეგ არც „ოცნების“ სხვა რომელიმე ლიდერს, ამ საკითხში - რა „შემთხვევაში“ შეიძლება ასეთი რეალობა დადგეს, რაიმე ნაბიჯებს გეგმავენ, ან რაიმე მოლაპარაკებები აქვთ თუ არა, - დამატებითი სიცხადე არ შეუტანია.

„იმდენ შრომასაც არ სწევენ, რომ მეტ-ნაკლებად ლოგიკური წინადადებები შემოგვთავაზონ: ეს და ეს მოხდება და ამიტომ დაგვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობაო. ამაზეც კი არ იწუხებენ თავს, რომ ეს თქვან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა ზაქარეიშვილი, „ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი. ის 2012-16 წლებში სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის/შერიგების საკითხებში.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სოხუმისა და მოსკოვის ახლანდელ დაძაბულობასა და „ოცნების“ რიტორიკას შორის კავშირს ვერ ხედავს:

„ჩემი ხედვით, რუსეთი არანაირ პირობებში არ დაიწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობას საქართველოსათვის“, - ამბობს იგი.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

რას ამბობენ მოსკოვში

„ეშმაკისეული მსჯელობა“, - ასე დაახასიათა წელს მაისში გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, „ოცნების“ დაწყებული საუბრები „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“.

„როგორ დაიბრუნებს საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ნამდვილად არ მესმის“, - ეს დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა თქვა.

ქართველმა ანალიტიკოსებმა მოსკოვიდან ეს გამოხმაურებები შეაფასეს, როგორც დამამტკიცებელი საბუთი, რომ „საქართველოს მმართველი პარტიისთვის არავის მიუცია "ტერიტორიული მთლიანობით" ჟონგლიორობის უფლება“.

მოგვიანებით, აგვისტოში, 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა:

„რუსეთი მზადაა, გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც განსაზღვრებით არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის, გაუწიოს ყოვლისმომცველი დახმარება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და გადაიჭრას სხვა დაგროვილი პრობლემები მათთვის საერთო რეგიონში“.

„ის, რაც "გარეჯი საქართველოა" იყო“

ეს მოვლენები ვითარდება იმის ფონზე, რასაც ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ შემობრუნებას უწოდებს - ევროკავშირთან, ნატოსა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაფუჭებას.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული რუპორები ითხოვენ მოსკოვთან „პირდაპირი დიალოგის“ დაწყებას, არის არაფორმალური საუბრები „საელჩოს გახსნაზე“, „მეორე გეორგიევსკის ტრაქტატზე“; პარლამენტში ისმის „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლაპარაკებებში“ „ჩინეთის მედიაციის“ ინიციატივაც, - რასაც ანალიტიკოსები „სრულიად აბსურდულ იდეას“ და „საღ აზრს მოწყვეტილს“ უწოდებენ.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღგენაზე „ქართული ოცნებისეული“ რიტორიკა რეალურად საარჩევნო სტრატეგიაა, რასაც ზურგს არაფერი უმაგრებს და ჰგავს 2020 წლის კამპანიას - „გარეჯი საქართველოა“.

„როგორც "გარეჯი საქართველოა" არ ეხებოდა აზერბაიჯანს - მას ხმა არ ამოუღია ამ საკითხზე; წინასწარ გაფრთხილებულები იყვნენ, - თქვენ არ გეხებათ, ნუ ნერვიულობთ, ჩვენი შიდა საქმეა და გავარკვევთო, ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ასე იქნება რუსეთთანაც; იქნება გზავნილი: ძალიანაც ნუ ჩაერევით, ჩვენ [სოხუმთან და ცხინვალთან] ვილაპარაკებთ რაღაცას, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ ექნება რეალობასთან. მგონი, ასეთი სცენარია მოსალოდნელი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კამპანია „გარეჯი საქართველოა“ „ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნების პერიოდში წამოიწყო. დაიწყო სისხლის სამართლის საქმე, რასაც მედიამ „კარტოგრაფების საქმე“ შეარქვა; არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მმართველმა პარტიამ პატრიოტული გრძნობების მანიპულირების მიზნით წამოიწყო „კარტოგრაფების საქმე“.

„ყველაზე მეტი, მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ სადმე გაიხსნას გამშვები პუნქტი, მაგალითად, "ხურჩა" აფხაზეთის მიმართულებით; ასევე, ახალგორის მიმართულებით ახლა თვეში 10 დღე შეუძლიათ ქართველებს გადაადგილება, - შეიძლება, მთელი თვით გახსნან… მაგრამ ესეც მხოლოდ დროებით. არჩევნების შემდეგ ყველაფერი დაბრუნდება. არანაირ პოლიტიკურ დათმობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს“, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.

შამბა: „ოცნების“ გამარჯვება სოხუმის ინტერესშია

აფხაზური გამოცემა „აფსნიპრესის“ ცნობით, სერგეი შამბამ, - დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, - ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „ნორმალურად განვითარება“ აფხაზეთის [დე ფაქტო] ინტერესებშია“.

შემდეგ კი გაიმეორა, რომ სოხუმის ინტერესებშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა. „თუ საქართველოში კონფრონტაციული ოპოზიცია გაიმარჯვებს, არა მგონია, ეს ჩვენს ინტერესებში იყოს“. შემდეგ კი განაცხადა: „არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა“.

„შამბამ ეს თქვა, რადგან, სავარაუდოდ, მოსკოვიდან სთხოვეს, გააჟღერეო. წინა დე ფაქტო მინისტრებიც ხომ ამას ამბობდნენ; ბჟანიასაც არაერთხელ უთქვამს იგივე. "ოცნებასთან" ომი არ იქნება, ამიტომ ჯობია "ოცნებასთან" გვქონდეს ურთიერთობებიო. შამბამ გაიმეორა ის, რაც აწყობს რუსეთს; რათა ჩვენთან იყოს ამაზე მსჯელობა. მაგრამ შამბამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG