სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. შიოლაშვილი 2016 წელს ქიზიყის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თუკი არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ, ორი ათეული წლის წინ გაჩერებულ სიღნაღი-წნორის საბაგირო გზას აღადგენდა, თუმცა ამ დაპირებიდან თითქმის 4 წელი გავიდა და ირკვევა, რომ ამ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც კი არ ჩატარებულა, რათა დაედგინათ, რამდენად გამართლებული იქნებოდა მასზე ფულის დახარჯვა.
სიღნაღში ტურიზმის განვითარებისთვის ეს პროექტი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ გადაწყვეტილი იყო საბაგირო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა...ირაკლი შიოლაშვილი
„ჩემი ბავშვობა სიღნაღთან და წნორთან ასოცირდება. აქ გადიოდა ულამაზესი საბაგირო და მე არ ჩავთვლი ჩემს თავს ღირსეულ დეპუტატად, თუ ეს საბაგირო არ აღვადგინე. ყველა შემთხვევაში უნდა აღვადგინოთ ეს საბაგირო გზა“, - ეს საარჩევნო დაპირებაა, რომელიც სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა 2016 წლის სექტემბერში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, გასცა. დაპირების გაცემიდან თითქმის 4 წელი გავიდა, სიღნაღი-წნორის საბაგირო კი 26 წლის წინ რომ გაჩერდა, ისევ იმავე მდგომარეობაშია. ჩვენ ირაკლი შიოლაშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დაპირება და რატომ არ აღადგინა სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის ინფრასტრუქტურა. შიოლაშვილი ამბობს, წელს დაგეგმილი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური მოკვლევის ჩატარება, მაგრამ ამ პროცესს ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამო.
„სიღნაღში ტურიზმის განვითარებისთვის ეს პროექტი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ გადაწყვეტილი იყო საბაგირო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, თუმცა ბოლო პერიოდის პანდემიის გამო ეს სამუშაოები შეჩერდა“.
რადიო თავისუფლება სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის თემით 2019 წლის დასაწყისშიც დაინტერესდა. მაშინ პანდემია არ იყო და, შესაბამისად, დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი სულ სხვა მიზეზს ახახელებდა, თუ რატომ ვერ განხორციელდა საბაგიროს აღდგენის პროექტი. შიოლაშვილმა მაშინ გვითხრა, რომ პროექტის განსახორციელებლად ფინანსები არ იყო და ამ კუთხით დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ არჩეულმა დეპუტატმა პირობა დადო, რომ თუკი მისი დეპუატატობის დროს ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, საჯაროდ ბოდიშს მოიხდიდა.
„თუ ეს პროექტი არ დაიწყება და არ განხორციელდება, თავს ჩავთვლი მოტყუებულად და საჯაროდაც მოვიხდი ბოდიშს“, - განაცხადა 2019 წლის თებერვალში სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა იყო, რომლითაც სარგებლობდნენ ტურისტები და მუშახელი. ყოველ დილით 3-4 საათი სჭირდებოდა წნორიდან სიღნაღში ხალხის აყვანას და ამდენივე დრო იყო საჭრო საღამოს.დიმა ნავროზაშვილი
ირაკლი შიოლაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირება არ შეასრულა. ჩვენ მას ვკითხეთ, მოუხდის თუ არა ამომრჩეველს ბოდშს, როგორც ამას 2019 წელს ამბობდა. აი, რა გვიპასუხა:
„მე არასდროს არ მრცხვენია ბოდიშის მოხდის, მაგრამ მე უკვე დაგისახელეთ გარემოებები, რის გამოც შეჩერდა ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადება“.
სიღნაღი-წნორის საბაგირო გზა 1981 წელს გაიხსნა და 14 წელი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავა. საბაგიროს ინფრასტრუქტურა სამ ბაქანს და, დაახლოებით, 4 კილომეტრ-ნახევრიან ბაგირს მოიცავდა. დიმა ნავროზაშვილი საბაგირო გზის უფროსი იყო და დეტალურად ახსოვს სამსახურში გატარებული ყოველი დღე. ამბობს, რომ ამ გზით სარგებლობდა სიღნაღის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული 600-მდე მუშა, ასევე ადმინისტრაციული სამსახურებისა თუ სხვა უწყებების ასობით თანამშრომელი. ნავროზაშვილს ეეჭვება, რომ ეს გზა თუნდაც მომავალ წლებში აღდგეს, თუმცა ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღში ტურიზმი განვითარდება და ადამიანები დამატებით შემოსავალს მიიღებენ:
„მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა იყო, რომლითაც სარგებლობდნენ ტურისტები და მუშახელი. ყოველ დილით 3-4 საათი სჭირდებოდა წნორიდან სიღნაღში ხალხის აყვანას და ამდენივე დრო იყო საჭრო საღამოს. თუ აღდგება ეს საბაგირო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც. ვიცი, რომ ეს პროექტი ძალიან ძვირი დაჯდება“.
სიღნაღი-წნორის საბაგირო გზამ მუშაობა 1995 წელს შეწყვიტა, რასაც ინფრასტრუქტურის ძარცვა და განადგურება მოჰყვა. დღეს მხოლოდ ორი ბაქანია შემორჩენილი. აღარ არსებობს ბაგირი და მისი საყრდენების დიდი ნაწილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუკი ამ პროექტის განხორციელება გადაწყდა, ინფარსტრუქტურა თავიდან იქნება ასაშენებელი. პროექტი არ არსებობს. არავინ იცის, რამდენია საჭირო სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის აღსადგენად.