Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული დნესტრისპირეთი - უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კიდევ ერთი პლაცდარმი? 


უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეულმა დაძაბულობამ, რუსეთ-უკრაინის მორიგი სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში, სამხედრო ექსპერტები, უკრაინის მეზობელ მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტის როლზეც აალაპარაკა.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დასავლეთის მედია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ სამხედრო ინტერვენციაზე ალაპარაკდა, უკრაინის გენერალური შტაბის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენეკომ რუსული ჯარების სავარაუდო შემოჭრის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი დაასახელა.

ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის სულ მცირე 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. აქედან 500 რუსი ჯარისკაცი დნესტრისპირეთში განლაგებულ ერთიანი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში იმყოფება. ამას ემატება 1500-ჯარისკაციანი რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დატოვებული იარაღის საწყობების დაცვაა.

საბჭოთა კავშირის „სახიფათო მემკვიდრეობა“

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მდებარე კობასნის საცავი, სადაც 22 000 ტონა საბრძოლო მასალა ინახება, ასეთი დანიშნულების უდიდეს სამხედრო ობიექტად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში.

ის შეიძლებოდა დამოუკიდებელი მოლდოვის კუთვნილება გამხდარიყო, რომ არა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ინსპირირებული კონფლიქტი გასული საუკუნის 90-იან წლებში, რომელიც, ისევე, როგორც იმ პერიოდის ყველა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი, რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ დნესტრისპირეთში შევიდა რუსეთის სამხედრო ძალა, რომელსაც მოსკოვი სამშვიდობოს უწოდებს. მაგრამ ასე არ ფიქრობს კიშინიოვი. 2021 წლის ნოემბერში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთს დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან თავისი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა.

მოლდოვამ და ეუთომ არაერთგზის მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიტანოს საბრძოლო მასალა კობასნიდან და მოახდინოს იქ არსებული უდიდესი საცავის ლიკვიდაცია.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე დისლოცირებული საჭოთა მე-14 არმიის კუთვნილი ეს სახიფათო მემკვიდრეობა და მისი დასაცავად გადასროლილი რუსეთის კონტინგენტი უკრაინის საზღვიდან სულ რაღაც 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

„იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახება 20 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, რომელსაც რუსები იცავენ. პრაქტიკულად ჩვენს საზღვარზე მდებარე ეს ობიექტი საფრთხეს უქმნის უკრაინას. წინა წლებში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა რუსეთს ეს მასალა უკრაინის ტერიტორიის გავლით გაეტანა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, არადა, სასწრაფოდ საჭიროა იქ არსებული მოძველებული საბრძოლო მასალების უტილიზება. მაგრამ საწყობში ინახება ახალი საბრძოლო მასალაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა და მდგომარეობა მხოლოდ რუსებმა იციან“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის მორიგი პლაცდარმი

მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთის რეგიონს უკრაინის გარშემო არსებული საფრთხეების დისკურსში ხშირად არც ახსენებენ, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვის გამო ეს ტერიტორია შესაძლოა გადამწყვეტ პლაცდარმადაც იქცეს უკრაინაში ფართო მასშტაბის ინტერვენციის შემთხვევაში.

„მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში რუსეთი არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში კონცენტრირებულ დაჯგუფებებს აამოქმედებდა, არამედ, სავარაუდოდ, გამოიყენებდა ასევე დნესტრისპირეთში დისლოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებსაც“, - განუცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენეკომ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

როგორც ჩანს, დნესტრისპირეთის, როგორც უკრაინაზე ფართომასშტაბიანი იერიშის მორიგი პლაცდარმის, პერსპექტივამ ვაშინგტონიც შეაშფოთა. 14 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვა მოლდოვაში წასვლაზე COVID-19-ის, უკრაინის გარშემო რუსეთის სახიფათო სამხედრო აქტივობისა და სეპარატისტულ დნესტრისპირეთსა და კიშინიოვის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო.

„დნესტრისპირეთში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა დაუყოვნებლად უნდა დატოვონ იქაურობა და უკან დაბრუნდნენ კომერციული ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით“, - ნათქვამი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში.

იმის გამო, რომ მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს, რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ მადესტაბილიზებელ ქმედებაში შესაძლოა ჩააბას არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ე.წ. დნესტრისპირეთის არმია, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.

„ეს არის საკმაოდ შთამბეჭდავი ძალა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, თუ როგორ იქცევიან ისინი და რით არიან აქ (დნესტრისპირეთში) დაკავებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამას თვალყურს ადევნებს უკრაინის მხარე და ასევე ეუთოს მისია“, - განაცხადა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იჰორ გროსუმ.

დნესტრისპირეთთან გზა მოჭრილია

უკრაინა არა მხოლოდ თვალს ადევნებს, არამედ დნესტრისპირეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, კიევმა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე აკრძალა ქვეყანაში სეპარატისტული დნესტრისპირეთის სანომრე ნიშნიანი ავტომობილების შესვლა. ეს წესი 2021 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში.

ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მიმდინარე წლის ინვარში, როდესაც უკრაინის დაზვერვამ რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციის მოწყობაში კობასნის საბრძოლო მასალების ობიექტზე. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ჩანაფიქრის თანახმად, რუსეთი შეეცდებოდა, რომ პროვოკაცია უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოეყენებინა.

სულ რაღაც ერთ თვეში, უკრაინის შიში კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დნესტრისპირეთში რუსეთმა სამხედრო წვრთნა ჩაატარა.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, რომელიც 10 თებერვლის NBC News-ის ეთერში გაჟღერდა, უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ერთ-ერთი სავარაუდო მარშრუტი ითვალისწინებდა „სახმელეთო ხიდის შექმნას მოლდოვაში და კონტროლის დაწესებას შავი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილზე“.

სხვა ანალიტიკოსები კი ვარაუდობდნენ, რომ შავ ზღვაში მყოფი რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიიტანდნენ იერიშს, რომლის ერთ-ერთი მიზანი „დნესტრისპირეთში მყოფ რუსეთის სამხედრო ძალასთან პირდაპირი კავშირის დამყარებაა“.

სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ დნესტრისპირეთის შესაძლო პლაცდარმად გამოყენების პერსპექტივამ უკიდურესად შეაშფოთა მოლდოვის ხელისუფლება, რომელმაც კვლავ მოუწოდა რუსეთს, რომ გაიყვანოს სამხედრო ძალა მოლდოვის ტერიტორიიდან.

უკრაინისა და მოლდოვის საზღვარზე მდებარე დნესტრისპირეთმა, სადაც დაახლოებით 450 000 ადამიანი ცხოვრობს, 1990-იან წლებში გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სეპარატისტული ტირასპოლის ამ ნაბიჯს, ორი წლის შემდეგ მოჰყვა ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი ჩანასახში მყოფ მოლდოვის შეიარაღებულ ძალებთან, რაც 1992 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

შეთანხმებამ შეაჩერა საბრძოლო მოქმედება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა კონფლიქტი კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის. კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს ზედამხედველობას უწევს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით შექმნილი 5+2-ის სახელით ცნობილი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რეგულარულად იკრიბება რუტინული საკითხების გარშემო.

დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ რამდენიმე უკონტროლო რეჟიმმა ცნო, მათ შორის - საქართველოს დროებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ყოფილმა სამხრეთმა ოსეთმა. მაგრამ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ ჩქარობს გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი, რომელსაც ტირასპოლზე უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა აქვს.

და ისევე, როგორც სხვა თვითგამოცხადებულ რეგიონებში, მოსკოვი 2002 წლიდან განაგრძობს რუსული პასპორტების დარიგებას დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის მოქალაქეობა მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 200 000 ადამიანს აქვს მიღებული.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG