მოლდოვის ხელისუფლებამ დაგმო და „არამეგობრული საქციელი“ უწოდა რუსეთის ელჩის დასწრებას დე ფაქტო დნესტრისპირეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
„ეგრეთწოდებული პრეზიდენტის არჩევნები დნესტრისპირეთში უკანონოა და ეწინააღმდეგება მოლდოვის კონსტიტუციის საფუძვლებს. რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს მიერ განიხილება, როგორც არამეგობრული აქტი“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეოს საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს 19 დეკემბრის განცხადებაში.
რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვმა, 17 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ვადიმ კრასნოსელსკის, როგორც დნესტრისპირეთის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაში. კრასნოსელსკი გამარჯვებულად გამოცხადდა 12 დეკემბერს დნესტრისპირეთში ჩატარებულ არასანქცირებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
მანამდე მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან, არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, იონ გუზუნმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ელჩი ვასნეცოვი ცერემონიაში მონაწილეობის გამო პერსონა ნონ-გრატად უნდა გამოცხადდეს.
დნესტრისპირეთი სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. 1990 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ის არ უღიარებიათ გაეროს წევრ ქვეყნებს. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომლებიც 1992 წელს დასრულდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანით.
ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1700-მდე სამხედრო იმყოფება. ნოემბერში, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სანდუ გამოვიდა მოწოდებით, რომ დნესტრისპირეთი დატოვონ რუსეთის ჯარებმა. ამავე დროს, მან გამორიცხა მოლდოვის ფედერალიზაცია.