Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების მიუხედავად, ოლიგარქი პლახოტნიუკი უმტკივნეულოდ მოგზაურობს აშშ-ში?


პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.
პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.

მოლდოვიდან დევნილი გავლენიანი ოლიგარქი, ვლად პლახოტნიუკი, რომელსაც აშშ-მა იანვარში სანქციები დაუწესა საკმაოდ მძიმე ფორმულირებით, როგორც გაირკვა, შეზღუდვის დაწესებამდეც და შემდეგაც რამდენჯერმე იმყოფებოდა აშშ-ში, რასაც საგანგაშოდ მიიჩნევენ როგორც ანტიკორუფციონერი ექსპერტები, ისე მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები.

მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და პოლიტიკოსი, ვლად პლახოტნიუკი, 2014 წელს მოლდოვის უმსხვილესი ბანკებიდან მილიარდი დოლარის გაუჩინარების საქმესთან კავშირშიცაა ეჭვმიტანილი, მაგრამ ეს გარემოება მას ხელს არ უშლიდა, რომ წლების განმავლობაში კულისებიდან ემართა ქვეყანა, რაც გასული წლის ივნისში დასრულდა მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

რას საყვედურობს ვაშინგტონს პრეზიდენტი დოდონი

საქმეში ჩახედულმა მოლდოვისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვით აცნობეს, რომ პლახოტნიუკი ბოლო თვეებში რამდენჯერმე იმყოფებოდა აშშ-ში და სულ მცირე ერთხელ კი მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოლდოველი ოლიგარქის მიმართ სავიზო შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ვლად პლახოტნიუკის აშშ-ში ყოფნას არ გამორიცხავს ამერიკელი დიპლომატი, უილიამ ჰილი, 1990-დან 2000 წლამდე მოლდოვაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის თანამშრომლობამ ოდიოზურ ოლიგარქთან ადრეც არაერთხელ გაუცრუა იმედები მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც სურს მმართველობით სტრუქტურებში ფესვებგამდგარი კორუფციის აღმოფხვრა.

„აშშ-მა მნიშვნელოვნად დაკარგა მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იმ, ერთი შეხედვით, მუდმივი მზადყოფნისთვის, ეთანამშრომლა პლახოტნიუკთან ლამის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წუთებამდე“, - ამბობს უილიამ ჰილი.

იგორ დოდონი, ვლადიმირ პუტინი. 2019 წლის სექტემბერი
იგორ დოდონი, ვლადიმირ პუტინი. 2019 წლის სექტემბერი

სხვათა შორის, მოლდოვის ხელისუფლება და მოსკოვთან დაახლოებული პრეზიდენტი, იგორ დოდონი, ასევე უკმაყოფილოა აშშ-ით, რომელსაც, მისი თქმით, არ ეჩქარება, პლახოტნიუკი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

„ვფიქრობ, ეს აშშ-ის იმიჯზეც მოახდენს გავლენას, როცა, ერთი მხრივ, აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავ განაგრძობენ ხელის დაფარებას“, - განუცხადა დოდონმა რადიო თავისუფლებას.

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს დოდონი მისი მეტოქის, პლახოტნიუკის, აშშ-ში ყოფნასთან დაკავშირებით, მოლდოვის პრეზიდენტის პრესმდივანმა, კარმენა სტრეპუმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამის თაობაზე დოდონს პირადად აცნობა აშშ-ის ელჩმა, დერეკ ჰოგანმა, მაგრამ კიშინიოვში აშშ-ის საელჩოს არ გაუცია წერილობითი პასუხი ჩვენი რადიოს შეკითხვაზე,ხოლო პლახოტნიუკი გასული წლის ივნისის შემდეგ საერთოდ მიუწვდომელია მედიისთვის.

„საუკუნის ძარცვა“

რუმინეთსა და უკრაინას შორის მყოფი მოლდოვა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტი მძიმე ტვირთად აწევს, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში.

ამას ისიც ემატება, რომ 2012-2014 წლებში ქვეყნის უდიდესი ბანკებიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მერვედს შეადგენდა.

ილია შორმა დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ ქრთამი გადაუხადა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს.
ილია შორმა დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ ქრთამი გადაუხადა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს.

მაშინ გამოძიებამ დააკავა 29 წლის ბიზნესმენი ილია შორი, რომელმაც დაპატიმრების შემდეგ აღიარა, რომ 250 მილიონი დოლარი ქრთამად გადაუხადა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს,ვლად ფილატს.

შორი ამჯერად ისრაელში ცხოვრობს, ხოლო ვლად ფილატი სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო კორუფციასა და მექრთამეობაში და სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, შარშან დეკემბერში გათავისუფლდა.

მაგრამ მოლდოვაში ბევრი ფიქრობს, რომ საუკუნის ძარცვის ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის და პასუხისგებაში არ არიან მიცემული ის პირები, ვინც ამ დანაშაულის უკან დგას.

მათ შორის მედიაში ასახელებენ ოლიგარქ პლახოტნიუკს, მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, რომელსაც 2010 წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა.

პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა დასრულდა 2019 წლის ივნისში, როცა პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.

მოლდოვის მედია იუწყებოდა, რომ პლახოტნიუკსა და ფილიპს შესაძლებელია კავშირი ჰქონოდათ ფულის ყველაზე მსხვილ გატაცებასთან მოლდოვის ისტორიაში - კერძოდ, თანხების გაქრობასთან ქვეყნის რამდენიმე ბანკიდან, საერთო ჯამში, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

მოლდოვაში პლახოტნიუკთან მიმართებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მსხვილ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია რუსეთშიც, ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და მკვლელობის მუხლებით.

გასული წლის დეკემბერში დოდონმა განაცხადა, ვლად პლახოტნიუკი საზღვარგარეთ ვლადიმირ ნოვაკის პასპორტით მოგზაურობსო.

ანდრიან კანდუ, ვლად პლახოტნიუკი, პაველ ფილიპი. 2019 წლის 2 აპრილი
ანდრიან კანდუ, ვლად პლახოტნიუკი, პაველ ფილიპი. 2019 წლის 2 აპრილი

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ გასულ წელს აშშ-ის საელჩოს ორჯერ მიმართა თხოვნით პლახოტნიუკის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით. წერილებში პლახოტნიუკის სავარაუდო ადგილმდებარეობად მითითებული იყო მაიამი, კერძოდ,Setai Miami Beach Hotel-ი და Portofino Tower-ი.

13 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გამოაცხადა, ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის სახელი სანქცირებულ პირთა სიაშია შეტანილიო. ვაშინგტონში პლახოტნიუკი მიიჩნიეს „,მნიშვნელოვან კორუფციაში“ გარეულ პირად, რომლის საქმიანობაც, პომპეოს თქმით, ძირს უთხრიდა მართლმსაჯულებას და საფრთხის წინაშე აყენებდა მოლდოვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

ვინ გაასამართლებს პლახოტნიუკს

პლახოტნიუკის წინააღმდეგ შემოღებული ზომები ნიშნავს, რომ არც მას და არც მის ახლო ნათესავებს არ აქვთ უფლება აშშ-ის ვიზამიიღონ.

ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ აშშ არ ურიგდება კორუფციას და მოლდოველ ხალხს მხარს უჭერს მასთან ბრძოლაში, - პომპეოს ამ სიტყვებს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს რადიო თავისუფლების შეკითხვა, იმყოფებოდა თუ არა სანქციების დაწესების შემდეგ ვლად პლახოტნიუკი აშშ-ში. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეკითხვა გადაუგზავნა შიდა უსაფრთხოების სამინისტროს, რომელმაც, კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, უარი თქვა პასუხზე.

მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა 4 მარტს რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მოლდოველი ოლიგარქის ყოფნა აშშ-ში რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ წყარომ არ იცოდა, იმყოფება თუ არა აშშ-ში ამჟამად დევნილი მოლდოველი ოლიგარქი. მოლდოვის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და პლახოტნიუკის შვილის ნათლიამ, ანდრიან კანდუმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, „პლახოტნიუკი აშშ-ში იმყოფება და ეს არავისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელიო“.

მაგრამ ეს არათუ მოულოდნელი, არამედ აღმაშფოთებელია კაილ პარკერისთვის, აშშ-ში ჰელსინკის კომისიის ყოფილი წევრისთვის, ვინც მონაწილეობდა „მაგნიტსკის აქტის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო აქტის მომზადებაში.

„ამ ამბავს უფრო შორსმიმავალი შედეგი აქვს. მსგავი რამ ადამიანების დემორალიზებას ახდენს ისეთ ქვეყანაში, როგორიც მოლდოვაა, სადაც მაღალჩინოსნების მასობრივი კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს“, - აცხადებს კაილ პარკერი.

მოლდოვაში დიდ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემა, რომელიც მთლიანად კომპრომეტირებული აღმოჩნდა კორუმპირებული ბიზნესმენებისა და სახელმწიფო მოხელეების გავლენის გამო. ასეთი სასამართლო სისტემის არსებობის პირობებში, ვლად პლახოტნიუკის საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არა აქვს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ინფორმატორ სერგიუ ტოფილატს, რომელიც გასულ წელს კიშინიოვის საქალაქო საბჭოში აირჩიეს.

„კარგი იქნებოდა, თუ პლახოტნიუკს მოლდოვაში დააბრუნებდნენ და მას პასუხს მოსთხოვდნენ იმ დანაშაულებისათვის, რაც ხელისუფლებაში თუ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნისას ჩაიდინა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემა. ვინაიდან მოლდოვაში არ არსებობს სრულიად თავისუფალი მართლმსაჯულება, პლახოტნიუკის ექსტრადიციას აზრი არ აქვს, რადგან ის შეძლებს თავიდან აიცილოს სასამართლო“, - აცხადებს სერგიუ ტოფილატი.

XS
SM
MD
LG