Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი გადამწყვეტი რამ, რაც (გადა)თქვა “ქართულმა ოცნებამ”


ბოლო ოთხი წელია, "ქართული ოცნების" ლიდერების შეუსრულებელ დაპირებებს პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს
ბოლო ოთხი წელია, "ქართული ოცნების" ლიდერების შეუსრულებელ დაპირებებს პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს

მმართველმა პარტიამ დაარღვია პირობა და კანონს “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” 9 მარტის ნაცვლად, კენჭი 7 მარტს უყარა. ეს “ქართული ოცნების” პირველი გადათქმა არ ყოფილა.

1. პროპორციული არჩევნები

“მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში...” - 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტთან პოლიციას ეს აუდიოშეტყობინება არც კი ჩაურთავს. “ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით პირველად დაშალა.

იმან, რომ რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, ათასობით ადამიანი განარისხა. სპეცრაზმმა ამ რისხვას დამიზნებით ნასროლი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა. სულ “გავრილოვის ღამეს” სამასამდე ადამიანი დაშავდა, ასობით კი დააკავეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ, ვისაც ხელისუფლება ახლა “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებას უპირებს, თქვეს, რომ შსს-მ არაპოპორციული ძალა გამოიყენა. აქციები გაგრძელდა.

სამ დღეში, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა თქვა, რომ პარტია მზადაა, დემონსტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა.

ათასობით ადამიანმა ეს არ იკმარა. ისინი პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებოდნენ და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” გახარია არათუ არ გადააყენა, არამედ 2019 წლის 8 სექტემბერს გააპრემიერა კიდეც.

ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. დათქმიდან 2 თვეში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა უცვლელი დატოვა, ბარიერმა კი მხოლოდ ერთ პროცენტამდე დაიწია. უმრავლესობამ კონსტიტიციური ცვლილებები ჩააგდო.

2. შარლ მიშელის შეთანხმება

2020 წლის ოქტომბრის არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. ოპოზიციის აზრით, უსამართლოდ. ცესკოს წინ გამართულ საპროტესტო აქციას, ხელისუფლებამ ისევ წყლის ჭავლით უპასუხა.

პროტესტი გადაიზარდა პოლიტიკურ კრიზისში. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. 2021 წლის მარტში თბილისში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი ჩამოვიდა. მან შეძლო, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაესვა. მოლაპარაკებებში მალე თავად შარლ მიშელიც ჩაერთო.

მოლაპარაკებები დასრულდა ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით. ამ დოკუმენტის მიზანი “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის თანამშრომლობა იყო. მათ ერთად უნდა ჩაეტარებინათ მართლმსაჯულების, საარჩევნო და სხვა სფეროების რეფორმები. “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” არ ითავა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ”. “ეს არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება”, - თქვა მაშინ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

თუმცა ზუსტად ას დღეში “ქართულმა ოცნებამ” გადაიფიქრა. 28 ივლისს, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია შეთანხმებას ტოვებდა. მიზეზად ის დაასახელა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. თუმცა კობახიძეს არ უხსენებია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები შეთანხმების გვერდის ავლით დაინიშნენ.

სექტემბერში “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერა, თუმცა “ქართული ოცნება“ შეუვალი დარჩა.

3.ნაადრევი კენჭისყრა

“ცხელი დღეები გვქონდა”, - თქვა ორშაბათს, 2023 წლის 6 მარტს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი გულისხმობდა იმ ვნებათაღელვას, რომელიც გამოიწვია კანონპროექტმა “უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ”. ის ავალდებულებს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრიდნენ “უცხოეთის აგენტებად”. ხუთშაბათიდან მოყოლებული, განხილვები პარლამენტში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

მდინარაძემ თქვა, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს “ქართული ოცნება” კენჭს 9 მარტს, ხუთშაბათს უყრიდა. თუმცა მომდევნო დღეს ასე არ მოხდა. ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, იმავე დღეს დაეწყოთ ე.წ. ამერიკული ვერსიის განხილვა. მაგრამ პარლამენტმა სწორედ კანონის პირვანდელ ვერსიას უყარა კენჭი, რომელსაც დაუჭირა კიდეც მხარი 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.

სიტყვის გატეხას ისევ მრავალათასიანი აქცია და ძალის გამოყენება მოჰყვა. ამ ჯერზე პოლიციელებს აუდიოშეტყობინების ჩართვა აღარ დავიწყებიათ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG