Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამას არ განვიხილავთ“, - როგორ აჩუმებენ მოსამართლეები ნაცემ დემონსტრანტებს, როცა ისინი ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკს


პროევროპულ აქციებზე დაკავებული ასობით დემონსტრანტიდან უმრავლესობა სასტიკადაა ნაცემი. სახალხო დამცველმა მათი მდგომარეობა „წამებას“ გაუთანაბრა.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული ასობით დემონსტრანტიდან უმრავლესობა სასტიკადაა ნაცემი. სახალხო დამცველმა მათი მდგომარეობა „წამებას“ გაუთანაბრა.

მოსამართლეები უარს ამბობენ, მოისმინონ, დაინახონ და ილაპარაკონ იმ სისასტიკეზე, რომლითაც სპეცრაზმელები დაკავებულებს უსწორდებოდნენ. მართალია, კანონი მათ არ ავალდებულებს გაარკვიონ დაკავების დეტალები, მაგრამ არც უკრძალავს. მაშინ, რა დგას ამ გულგრილობის მიღმა? - აქ ვყვებით სავარაუდო ვერსიებზე.

„ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ახლა ამას არ განვიხილავთ“, - უთხრა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გიორგი დავითურს იმ დროს, როცა ის ასაბუთებდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი სასამართლოს შსს-სგან მისი დაკავების ამსახველი სრული ვიდეო მოეპოვებინა, მათ შორის ის კადრებიც, რომლებიც სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა.

IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური 2 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანთან ნიღბიანმა პოლიციელებმა დააკავეს - დაკავებისას სცემეს და აგინეს. სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას გაიგო, რომ მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 500-მდე სხვა დემონსტრანტის მსგავსად.

გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი
გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი

ნაცემი და ნაწამები დემონსტრანტების უმრავლესობას, რომლებიც პროცესზე პოლიციელებმა თავ, ხელ, ცხვირშეხვეულები, დალურჯებული თვალებით, სისხლიანი ტანსაცმლითა და სისხლნაჟღენთებით მიიყვანეს, იგივე გადახდათ თავს, რაც გიორგი დავითურს. მინიმალური განსხვავებებით, ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლე უსმენს დაკავებულის ცემისა და წამების ისტორიას, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიშს არ უწევს, ან სიტყვის დასრულების შემდეგ მიუთითებს: "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განვიხილავთ ამაზე ისაუბრეთ და არა დაკავების კანონიერებაზეო"

„როგორც კი ჩემმა ადვოკატმა პოლიციელების სისასტიკეზე დაიწყო საუბარი, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ეგრევე გააჩერა. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე დაკავებულს ასამართლებდნენ და ყველას ასე მოექცა“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ირაკლი წულაია. ის 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომათა დარბაზში ის ხუთი დღის მერე მოხვდა, კიდევ ცხადად ეტყობოდა ტრავმები, რომელიც სპეცრაზმელებმა მიაყენეს.

ირაკლი წულაია
ირაკლი წულაია

„ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. შემდეგ ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“, - თქვა ირაკლი წულაიამ სასამართლოზე, რომელზეც ის 3000 ლარით დააჯარიმეს.

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ექვსივე მოსამართლეს 16 დეკემბერს ესტონეთმა სანქციები დაუწესა.

ეს ტენდენცია - არ განიხილონ როგორ დააკავეს ბრალდებული, ახალი არ არის. გასულ წელს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულ და სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემ დავით ქაცარავასაც არ მოუსმინა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ - „დაკავების კანონიერება საერთოდ სხვა დავაა“, რომელიც ჩვენ არ გვეხებაო.

„ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ“ - ინტერვიუ დავით ქაცარავასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:24 0:00

რას ნიშნავს „დაკავების კანონიერება“

დაკავების კანონიერება არ ადგენს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სამართალდარღვევა. ამ ტერმინით იურისტები აღწერენ პროცესს, რომელიც დაკავებისას განვითარდა, იმ მომენტიდან, როცა პოლიციელი ადამიანს შეეხო.

შესაძლებელია, ბრალდებულმა:

  • დაარღვია კანონი, მაგრამ დაკავების პროცესი უკანონოდ წარიმართა;
  • არ დაარღვია კანონი, უსამართლოდ დააკავეს და დაკავების პროცესიც უკანონოდ წარიმართა;
  • დაარღვია კანონი, მაგრამ დაკავების პროცესი პოლიციამ კანონის დაცვით წარმართა.

აქედან გამომდინარე, დაკავების კანონიერების საკითხი ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს:

  • პირველი - რამდენად კანონიერად წარმართა სამართალდამცველმა დაკავების პროცესი, გახდა თუ არა დაკავებული წამების, არასათანადო მოპყრობის, ანგარიშსწორების მსხვერპლი.

ასეთ შემთხვევაში გამოძიების უფლებამოსილება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელშია. გადაამეტა თუ არა პოლიციელმა უფლებამოსილებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს უწყება იძიებს.

  • მეორე - კანონიერად დააყოვნეს თუ არა ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით.

ადმინისტრაციული წესით ადამიანს 24 საათით აკავებენ. ამ დროის კიდევ ერთი ამდენით გახანგრძლივების უფლებამოსილება პოლიციელს მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ეს დრო ახალი, დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლადაა საჭირო.

თუ დაკავებული ფიქრობს, რომ ის არაკანონიერად დააკავეს, მაშინ მან ცალკე დავა უნდა წამოიწყოს. ჯერ უნდა მიმართოს შს სამინისტროს და მოითხოვოს უკანონოდ დაკავების დადასტურება. მისი საჩივარი დაახლოებით 1 თვეში განიხილება.

სამინისტროდან უარის მიღების შემთხვევაში საჩივარი სასამართლოში მიაქვს, რომელიც მისი საქმის განხილვას საშუალოდ 1-დან 5 წლამდე პერიოდში დანიშნავს, შესაძლებელია უფრო მეტიც მოანდომოს.

სასამართლომ მისი მოთხოვნა რომც დააკმაყოფილოს, უკანონოდ წინასწარი დაკავების ვადის გახანგრძლივებისთვის დაზარალებულს ეკუთვნის კომპენსაცია 70-დან 150 ლარამდე.

იმ მომენტისთვის, როდესაც დაკავებული სასამართლოში ხვდება, მას უკანონო პატიმრობაში უკვე გატარებული აქვს 48 საათი, მოსამართლეს კი სამართალდამრღვევად ჰყავს გამოცხადებული. სასჯელი ამ დანაშაულისთვის შეიძლება იყოს - სიტყვიერი გაფრთხილება, ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.

„პოლიცია ვალდებულია სასამართლოს დაუსაბუთოს, რატომ დააყოვნა დაკავებული 48 საათით, ნაცვლად 24 საათისა. ჩვენ გვქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, სადაც პოლიცია ამ დასაბუთებას არ წარადგენდა და არც მოსამართლე ინტერესდებოდა“, - ჰყვება საიას იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ორჯერ მიმართა და მოითხოვა, დაევალოს მოსამართლეს - კანონის დარღვევასთან ერთად დაკავების კანონიერებაც შეაფასოს.

საკონსტიტუციომ ორივე ჯერზე სარჩელის განხილვაზე უარი თქვა. ორივეჯერ ერთი და იმავე არგუმენტით - მოსამართლე პოლიციელის ქმედებების ზედამხედველი ორგანო არ არის.

გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი
გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი

იმავეს ამბობს 1984 წელს მიღებული და დღემდე მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც, რომელიც მოსამართლეებს არ ავალდებულებს დაკავების დეტალები შეისწავლონ.

არადა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითხოვს, მოსამართლემ გაარკვიოს, გახდა თუ არა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ბრალდებული, რომლის საქმესაც განიხილავს. „განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პროცესზე ხილვადი ფიზიკური დაზიანებებით შეჰყავთ ადამიანები“, - ამბობს გიორგი გოცირიძე.

თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავებულს პოლიციელი არაადამიანურად მოექცა ან დაამცირა, რამენაირად დააზიანა იმ დროს, როდესაც მისი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მოსამართლე ვალდებულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს.

„თუ ადამიანი დაკავებისას აწამეს, სცემეს, ფიზიკურად იძალადეს, მასზე იმოქმედეს, არ შეიძლება, შენ [იგულისხმება მოსამართლე - რ.თ.] ეს ადამიანი განსასჯელის სკამზე დასვა და მის წამებაზე უთხრა, რომ "ეს მე არ მაინტერესებს", - ამბობს გიორგი დავითური.

პოლიციელების ძალის გადამეტების შესწავლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა. 28 ნოემბრის შემდეგ სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენისგან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე ჟურნალისტები.

რატომ არიდებენ თავს მოსამართლეები დაკავების კანონიერების შეფასებას?

ადმინისტრაციული კოდექსი მოსამართლეებს არ ავალდებულებს სამართალდარღვევასთან ერთად იმსჯელონ დაკავების გარემოებებზე, თუმცა არც უკრძალავს.

მაშინ რატომ შეიძლება ისინი თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რომ მათ წინ ათობით ნაცემი და ნაწამები დემონსტრანტი ზის, თანაც ყველა მათგანი მსგავს ამბებს ჰყვება - როგორ სცემეს ნიღბიანმა სამართალდამცავებმა, ურტყეს მუშტები და წიხლები, წაართვეს, გადაუყარეს, მოჰპარეს ან დაუმტვრიეს პირადი ნივთები.

ჟურნალისტები თავად დაესწრნენ მინიმუმ ორ ისეთ შემთხვევას, როცა ტრავმირებული პროცესზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლო დარბაზიდან კლინიკაში სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს.

„მოსამართლეები ადამიანებს ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობას მაშინაც კი არ აძლევენ, როცა მისი დაკავება და მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა კავშირშია მის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან“, - ამბობს გიორგი დავითური და თავისი საქმის მაგალითზე ჰყვება, რა შეიცვლებოდა, თუ მოსამართლე მისი დაკავების გარემოებებს სამართალდარღვევასთან ერთად შეაფასებდა:

„მე მოსამართლეს იმას კი არ ვეუბნები, რომ დაკავების კანონიერება შეამოწმოს, არამედ იმას, რომ ვალდებულია დაკავების კანონიერება გაითვალისწინოს.

გარდაუვალია, რომ ამ საკითხებზე, სასამართლო სისტემასა და [მმართველ] პარტიას შორის შეთანხმება არ იყოს.
გიორგი დავითური

მაგალითად, ნაცემი რომ ვზივარ იქ და შსს-ს მოჰყავს მოწმე და ამბობს - ეს მე დავაკავე, თუ დამკავებელმა მცემა, ეს მისი ჩვენების სანდოობაზე აისახება. თუ მან არ დამაკავა, ე.ი. ტყუის. ეს არ არის დაკავების კანონიერების საკითხი, ეს არის მოსამართლის მიერ სამართალდარღვევის გადაწყვეტის შემადგენელი კომპონენტი. ყველა იმ საკითხს, რაც დაკავების კანონიერებისთვის რელევანტური შეიძლება იყოს, მოსამართლეები გვერდს უვლიან იმ მომენტშიც, როცა სჭირდებათ დაადგინონ, ჩაიდინა თუ არა დაკავებულმა სამართალდარღვევა“.

იურისტი ვარაუდობს, რომ დაკავების კანონიერებაზე მსჯელობას მოსამართლეები კანონის ჩანაწერების სტერილური განმარტებით, მიზანმიმართულად არიდებენ თავს, რათა არ დაინახონ, რომ ასობით დემონსტრანტი უსამართლოდაა დაკავებული.

„ჩემი აზრით, გარდაუვალია, რომ ამ საკითხებზე, სასამართლო სისტემასა და [მმართველ] პარტიას შორის შეთანხმება არ იყოს და ეს ჩანს ასეთ საქმეებზე. ეს შეთანხმება წლების წინ გაფორმდა. სამართლიანი სასამართლოს უფლება აქციაზე დაკავებულებისთვის დე ფაქტო გაუქმებულია“, - ასკვნის გიორგი დავითური.

ამ ფარული გარიგების ვარაუდს ამყარებს სხდომა, რომელიც საქალაქო სასამართლოში 17 დეკემბერს ჩატარდა. ეს პროცესი არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება: საქმეს, რომელსაც ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა, საქართველოში ევროკავშირის 6 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ სხდომაზე მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ და ნაცემ დავით გოგილაშვილს სპეცრაზმელების სასტიკ ძალადობაზე საუბრის საშუალება მისცა.

„[სპეცრაზმელებმა] უკრაინკას ქუჩაზე მცემეს, ხელები გავშალე იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერს ვაშავებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ტელეკამერებს რომ გავცდით, დაიწყო ჩემი წამება. სახეში მომხვდა მუშტი, რამაც შოკში ჩამაგდო, დაიწყეს გაჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი, გამქურდეს და კიდევ უფრო სასტიკად მცემეს.

წიხლი ამომარტყა სახეში სპეცრაზმელმა და ცხვირი გამიტყდა, შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი.
დავით გოგილაშვილი

წიხლი ამომარტყა სახეში სპეცრაზმელმა და ცხვირი გამიტყდა, შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მეუბნებოდნენ კიდეც, რომ კიდევ თუ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო.

დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგული მქონდა. სპეცრაზმელმა… წიხლი ამომარტყა თავში, რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე.

[პოლიციის სამმართველოს] საპირფარეშოში შემიყვანეს და სახის მობანა მაიძულეს და ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდნენ. საპირფარეშოს ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო. ვითხოვე დარეკვის უფლება და სამედიცინო დახმარება, 3 საათში დაურეკეს მამაჩემს.

9 საათი ვიყავი მანქანაში მცხეთის განყოფილებაში შეყვანამდე. პოლიციელმა, - ერთ-ერთი მათგანი აქაა, რომელიც მოწმედ ჰყავთ დღეს მოყვანილი, - მანქანის სავარძელი გამოწია უკან და ვიჭყლიტებოდი მთელი ეგ დრო. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა“, - ჰყვებოდა დავით გოგილაშვილი სასამართლო პროცესზე.

ტენდენცია აჩვენებს, რომ მოსამართლეები დემონსტრანტების საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობიან ხოლმე, არ ინტერესდებიან, რატომ არასდროს აქვთ ჩართული პოლიციელებს სამხრე კამერები, ადვოკატებს კი ვიდეომტკიცებულებების დართვაზე უარს ეუბნებიან.

„თუმცა გოგილაშვილის საქმეზე ვნახეთ ის, რაც სხვა სამართალდარღვევის საქმეზე არ გვინახავს“, - ამბობს ადვოკატი თეო ზაკაშვილი.

„მოსამართლემ სრულად დამართვევინა საქმეზე მტკიცებულებები, როგორც ვიდეო, ასევე ფოტომასალა, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არაადამიანური, წამებისა და ფიზიკური დაზიანების ამსახველი მასალები, სამედიცინო ცნობები და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისცა საშუალება, ახსნა-განმარტების ფორმატში ესაუბრა მომხდარზე, ვვარაუდობ, რომ სანქცირება და დიპლომატების ინტერესი იყო ფაქტორი, თუმცა სამართლიანი სასამართლოს პირობებში პროცესები ყველა დაკავებულისთვის ასე უნდა წარიმართოს“.

გოგილაშვილისგან განსხვავებით, ავთანდილ კუჭავას საქმის განხილვისას მოსამართლე ნინო ენუქიძემ თქვა: „პოლიციელებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში იხილება სამართალდარღვევის საქმე თქვენს მიმართ“.

კუჭავა სასტიკადაა ნაცემი, ჩატეხილი აქვს სახის ძვლები და ტვინის შერყევის დიაგნოზით 2 კვირაზე მეტია, წოლითი რეჟიმი აქვს. ამის გამო მოსამართლე ნინო ენუქიძემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო: „ზუსტად იმიტომ, რომ სამართალი იპოვოთ, ამის შესაძლებლობაზე რომ ზრუნავს სასამართლო, აი, ამის გამო ვამბობ ამას (სხდომის გადადება - რ.თ.)“, - თქვა მოსამართლემ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძე იუსტიციის საბჭოს წევრებმა უვადოდ 2024 წლის მაისში დანიშნეს, კიდევ 20 მოსამართლესთან ერთად. მისი კარიერა სასამართლოში 2009 წელს სააპელაციო სასამართლოდან დაიწყო, სადაც სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი იყო. მოსამართლედ დანიშვნამდე საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებს იკავებდა.

ენუქიძე განიხილავდა სხვა მოსამართლეებთან ერთად მაისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც. მან დააჯარიმა 1000 ლარით ალექსანდრე სამხარაძე - 29 წლის კაცი, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მონას, ვირთხებსა და უცენზურო სიტყვებს ეძახდა. საქმეში მტკიცებულებად მისივე გადაღებული ვიდეოკადრები იდო.

დაკავების გარემოებების შეფასებაზე უარი „პრევენციულ დაკავებას“ გაამარტივებს?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 224-ე მუხლში 13 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებებით გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც - „პოლიციას უფლება ეძლევა სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციისთვის ადამიანი დააკავოს“.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ცვლილება შს სამინისტროს ფაქტობრივად უკანონო დაკავებების ახალ მექანიზმს აძლევს.

შსს-ში ამბობენ, რომ:

პოლიცია პრევენციულად მაშინ დააკავებს, როდესაც ჩათვლის, რომ ესა თუ ის ადამიანი, მაღალი ალბათობით, უკვე ჩადენილ დანაშაულს გაიმეორებს. დანაშაულის ჩადენის განზრახვის საფრთხე უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რომელიც უნდა წარადგინონ სასამართლოში.

„იმ პირობებში, როდესაც დაკავების კანონიერების შემოწმების ეფექტიანი გზა არ არსებობს, რა დააბრკოლებს პოლიციას, რომ "პრევენციული დაკავება" თვითნებურად განახორციელოს?“ - სვამს კითხვას საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე,

უფლებადამცველების შეფასებით, იქამდე, სანამ მოსამართლეები ნაცემი და ნაწამები დემონსტრანტების „დანახვაზე“ უარს ამბობენ, ყველა ეს საქმე, ისევე როგორც „პრევენციული დაკავების“ შემთხვევები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს წაგებისთვისაა განწირული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG