სისტემის, რომელიც მთავარ მიზნებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებას ასახელებს, ალიანსის მიმართ უნდობლობა მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მილიტარისტული რიტორიკის შედეგია, თუ უფრო მასშტაბური პრობლემაა? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს რობერტ პშჩელი - პოლონელი დიპლომატი, რომელიც რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრს. ამჟამად ის ნატოს ბრიუსელის სათავო ოფისში მუშაობს.
რობერტ პშჩელი: უნდობლობის პრობლემა ნაწილობრივ ან, შეიძლება ითქვას, უმეტესწილად უკავშირდება იმას, თუ როგორ წარმოსახავენ ნატოს რუსეთში. რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ დეზინფორმაციითა და ბევრი უცნაურობით, რაც იქ დღეს ხდება. რეგულარულად ვკითხულობ გაზეთებს, ვუყურებ ტელეგადაცემებსდა დღე არ გავა ისე, რომ რამე უცნაური ბრალდება არ წამოგვიყენონ. მაგალითად, როცა ვატარებთ რაღაც სამ-ოთხიათასკაციან სამხედრო სწავლებას, გვაბრალებენ, რომ კალინინგრადში ინტერვენციისათვის ვემზადებით. როცა ნატოელი მოკავშირეები ამოწმებენ ბირთვული იარაღის - ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბირთვული იარაღის - გამართულობას, მაშინვე გვადანაშაულებენ, რომ მათი რეალურად გამოყენება გვსურს, მაშინ როცა თვითონ რუსეთში ტარდება ხოლმე ფართომასშტაბიანი სწავლებები და მილიარდობით დოლარი იხარჯება შეტევით შეიარაღებაში. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ადამიანების შეხედულებებზე, როცა სხვას ვერაფერს ხედავენ ტელევიზიებსა თუ ბეჭდურ მედიაში. იგივე სურათია ონლაინგამოცემებშიც. თუ გავიხსენებთ პერიოდს, როდესაც ერთმანეთთან რაღაც თანამშრომლობა მაინც გვაკავშირებდა, ვერ ვიტყვი, რომ ნატოსადმი დამოკიდებულება რუსეთში მაშინ მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ სტატისტიკა და შეხედულებები თანდათან იცვლებოდა.
კობა ლიკლიკაძე: მეორე მხრივ, რუსული პროპაგანდა არაფერს ამბობს იმაზე, რომ გორბაჩოვმა, როდესაც გერმანიის გაერთიანების საკითხი განიხილებოდა, ჯეიმს ბეიკერს - აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს - შესთავაზა ნატოში გაწევრიანების თემა. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში ვლადიმირ პუტინიც კეთილგანწყობილი ჩანდა ნატოში რუსეთის გაწევრიანების იდეის მიმართ. როდის შეიცვალა ეს რიტორიკა?
რობერტ პშჩელი: რაც შეეხება აზრს, რომ რუსეთს სურდა ნატოში გაწევრიანება 2000 წელს, მაგრამ ალიანსი უარზე დადგა. იცით, ათასგვარი მოსაზრება არსებობს, ხალხი სხვადასხვა რამეს ამბობს და ამაში უჩვეულო არაფერია. მაგრამ უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ რუსეთს ოფიციალურად არასოდეს უთხოვია, სერიოზულად არასოდეს განუხილავს ნატოში გაწევრიანება, რაც მე აქ ვმუშაობ, 1999 წლიდან მოყოლებული, და უფრო ადრეც, ეროვნულ სტრუქტურებში. ამასთან, უცვლელია მთავარი პრინციპი - ხელშეკრულების მე-10 მუხლი. თეორიულად, პოტენციურად, რუსეთს, რახან თავს ევროპულ ქვეყნად მოიაზრებს, ასევე შეუძლია განაცხადის გაკეთება. მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით ასეთი განზრახვის არსებობის შესახებ. ასე იყო წარსულში, ასეა ახლაც...
კობა ლიკლიკაძე: 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ორი ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაიმართა ნატოს ლისაბონის სამიტი. მასზე მიღებული დეკლარაციით, რუსეთთან ალიანსის ურთიერთობაში დაიწყო ახალი ეტაპი - სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. დღეს როგორ ფიქრობთ, ეს სწორი ნაბიჯი იყო?
რობერტ პშჩელი: უფრო ზუსტად რომ ითქვას, ფორმულირება, რომელიც თქვენ მოიხმეთ ლისაბონის სამიტზე ნატო-რუსეთის საბჭოდან, ასე ჟღერდა: რუსეთი და ნატო ესწრაფვიან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევას. ეს იყო კონკრეტული სურვილის გამოხატვა. ცხადია, მესმის, თქვენ რასაც ამბობთ! 2008 წელს დრამატული მოვლენები მოხდა. რუსეთმა გააკეთა ისეთი რამ, რაც ნატოელ მოკავშირეებს არ უღიარებიათ და არც არავინ აპირებს აღიაროს ცვლილებები საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე - ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
მაგრამ, მართალია, იმხანად გვქონდა გარკვეული იმედი, რომ შევძლებდით ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, მიუხედავად უთანხმოებისა სხვადასხვა სფეროში - იქნებოდა ეს ალიანსის გაფართოება, საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემები თუ უკვე იმხანად არსებული შეკითხვები სარაკეტო თავდაცვის გარშემო. ცუდი არაფერია იმაში, რომ სურვილები და იმედი გქონდეს, მაგრამ ცუდი იქნებოდა, თუ გავაგრძელებდით ასეთ პოლიტიკურ კურსს რეალობის გაუთვალისწინებლად. ამიტომ მიიღეს მოკავშირეებმა 2014 წელს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან ყოველგვარი - როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო - კავშირების შეჩერების შესახებ. რადგან, უბრალოდ, არ შეგვეძლო ურთიერთობის გაგრძელება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაიდინა ყირიმის ანექსიითა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებით.
კობა ლიკლიკაძე: როცა ამ ოთხი წლის წინ ტოვებდით მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას, აცხადებდით, რომ აუცილებლად მიგაჩნიათ რუსეთთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება, რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის - თქვენი სიტყვებით, "გაყინული პარტნიორობის" -მიუხედავად. ხერხდება საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება? რაში გამოიხატება ეს კომუნიკაცია?
რობერტ პშჩელი: კომუნიკაციის ასპექტი მაშინაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დღეს არის. და ამ შემთხვევაშიც ეს არის მოკავშირეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილება! (ინგლისურად კარგად ჟღერს) ჩვენ გვაქვს სამი „დ“-ს პოლიტიკა: პირველი „დ“ - ეს არის defence (თავდაცვა), მეორე „დ“ - deterrance (შეკავება). ამიტომ განვათავსეთ 5000-მდე ჯარისკაცი აღმოსავლეთის ფლანგზე და ჯარისკაცები სამხრეთის ფლანგზეც. ამავე დროს, მესამე „დ“ - ეს არის dialogue (დიალოგი). დიალოგი მნიშვნელოვანია მაშინაც კი, როცა მართლაც სერიოზული უთანხმოება არსებობს და, მეტიც, როცა ერთმანეთთან არ ვთანამშრომლობთ. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ინციდენტებისა და გაუგებრობების საფრთხის შემცირებას. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია, არ გვსურს რუსეთთან რაიმე სახის კონფლიქტი, - ღმერთმა დაგვიფაროს! - მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ახლაც - როგორც აქამდეც ვაკეთებდით - დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოება, დავიცვათ მოკავშირეები, განვავითაროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მაგრამ, ამავე დროს, გვქონდეს დიალოგი რუსეთთან და კარგია - თუნდაც საამისოდ - ნატო-რუსეთის საბჭოს გამოყენება. ვცდილობთ ეს გავაკეთოთ და ამიტომაცაა, რომ კვლავინდებურად მუშაობს ნატოს საინფორმაციო ოფისი მოსკოვში. და ასევე არსებობს ნატოს სამხედრო მოკავშირეთა აპარატი მოსკოვში. ასე რომ, ჯობს გვქონდეს კომუნიკაციის არხები - ეს ჯობია მათ უქონლობას.