Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნებ თქვენ იცით ის, რაც ჩვენ არ ვიცით - რეპროდუქტოლოგები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ


ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის პრეს-კონფერენცია
ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის პრეს-კონფერენცია

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნას რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს.

პრემიერ-მინისტრის 12 ივნისის განცხადებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის კანონპროექტი, რომლის შესახებაც 12 ივნისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა, მათი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა, თუმცა, მასში არაფერი იყო ნათქვამი აკრძალვაზე და გაუგებარია, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერი კანონპროექტში.

კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდა ლიკა ჭყონია, რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის, „რეპროარტის“ დირექტორი. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა დარგის სპეციალისტებმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად, რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი შექმნეს.

რეპროდუქტოლოგი ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, დღეს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან ერთად, უფრო დეტალურად უნდა დაერეგულირებინა ქვეყანაში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული სამედიცინო საკითხები და ის არანაირად არ მოიაზრებდა საკუთარ თავში უცხოელი პაციენტებისთვის სერვისის მიღების აკრძალვას:

ლიკა ჭყონია
ლიკა ჭყონია

„თამარ გაბუნიასთან ერთად ვმუშაობდით ამ კანონპროექტზე, იყო ძალიან საინტერესო პროცესი. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი რამ ერთად გადავწყვიტეთ. ის ჩანაწერი, რომელიც არსებობს „ჯანდაცვის შესახებ ზოგად კანონში“, სრულად არ ასახავს მკურნალობის ყველა ასპექტს. ჩვენ კი გვჭირდებოდა თითოეული პროცედურის დეტალური ახსნა, რადგან ეს არის კომპლექსური და მრავალ სხვადასხვა მეთოდზე დამყარებული მკურნალობა. ჩვენ ამ კანონპროექტით უნდა დაგვერეგულირებინა სამედიცინო მხარე. რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ. ძალიან საინტერესო ჩარჩო კანონპროექტი შეიქმნა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, სრულიად სხვა რეალობას შევეჩეხეთ - პრემიერმა განაცხადა, რომ თურმე, კანონპროექტის თანახმად, უცხოელ პაციენტებს შეეზღუდებათ საქართველოში ამ მომსახურების მიღება“.

ლიკა ჭყონია ვერ ხსნის, რის საფუძველზე გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პაციენტებისთვის საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა:

„ძალიან გაკვირვებულები ვართ, არ ვიცით, რა ახსნა არსებობს. არ ვიცით, რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ როგორმე მოვახერხოთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ პრემიერ-მინისტრს. ამაში დახმარებას ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსაც. კითხვას ვსვამ, რომ ჩამოვიდეს საქართველოში უცხოეთის მოქალაქე გულის ოპერაციის გასაკეთებლად, მას ეს უნდა ავუკრძალოთ? კბილის სამკურნალოდ ჩამოდის უამრავი უცხოელი. ავუკრძალოთ? პრობლემა ისაა, რომ უნაყოფობის მკურნალობა, დღეს კვლავ არ არის აღქმული როგორც დაავადება. ეს არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. მე ვარ ევროპის რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის ერთ-ერთი სამეცნიერო ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობს უნაყოფობის მკურნალობის გლობალურ ხელმისაწვდომობაზე. დღეს ჩვენ ამ ხელმისაწვდომობას ვუზღუდავთ უცხოელ პაციენტებს და ვერ გავიგეთ, რატომ“.

დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის საფრთხეები, რომელთა შესახებაც 12 ივნისს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრეს, მათ შორის საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების „ერთსქესიანი წყვილების მიერ უცხოეთში გაყვანისა“ და ასევე „ბავშვებითა და ორგანოებით ვაჭრობის" საფრთხეებზე, მკაცრადაა რეგულირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობით და ეს საფრთხეები ვერ იქნება აკრძალვის საბაბი:

„საქართველოში ეს პროცესი ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული სამართლებრივი თვალსაზრისით. ბავშვის გაყვანა საქართველოდან უმკაცრესად კონტროლდება. ძალიან მკაცრად კონტროლდება ის დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენის შემდეგაც იწყება პროცესი, იქნება ეს ინ ვიტრი განაყოფიერება, სუროგაცია თუ ა.შ. მაგრამ თუკი რაიმე არის ისეთი, რაც მათ იციან და ჩვენ არ ვიცით, მაშინ ძალიან გთხოვთ, გაგვაგებინეთ“, - მიმართავს ლიკა ჭყონია ხელისუფლებას.

როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ ფორმას, სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგენს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

რაც შეეხება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას, ამ პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.

ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.

რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე, რომელიც ასევე იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ამბობს, რომ ჩანაწერი, რომელიც უცხოელი პაციენტებისთვის სერვისის შეზღუდვას გულისხმობს, ქვეყანას აბრუნებს 2000-იან წლებში, როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების დარგი ქვეყანაში ახალფეხადგმული იყო და მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ როგორც სასულიერო პირები, ისე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ექიმებიც:

ნატალია ხონელიძე
ნატალია ხონელიძე

„ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, 1998 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და უამრავი თავდასხმა განხორციელდა გნებავთ, ეკლესიის მხრიდან, გნებავთ, კოლეგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების მხრიდან, რადგან მაშინ, რეალურად, არ იცოდა საზოგადოებამ, რას მოიაზრებდა საკუთარ თავში ინ ვიტრო განაყოფიერება. დიახ, თუკი კანონპროექტში ნამდვილად გაჩნდება მსგავი ჩანაწერი, ეს დაგვაბრუნებს 2000-იან წლებში, როდესაც სამღვდელობიდან წამოვიდა თავდასხმა და პირდაპირ იყო ლაპარაკი ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაზეც“.

ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაციით დაბადებული ბავშვების საკითხი მომდევნო წლებშიც არაერთხელ მოქცეულა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ყურადღების ცენტრში. 2014 წელს, საქართველოს პატრიარქის ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეში ვკითხულობდით:

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.

ლიკა ჭყონია არ გამორიცხავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული სერვისების შეზღუდვამ დააზიანოს როგორც დარგი, ისე ქართველი პაციენტები, რომელთათვისაც ინ ვიტრო განაყოფიერება შვილის ყოლის ერთადერთი გზაა:

„საქართველო პატარა ქვეყანაა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის დარგი კი რთული და კომპლექსური სფეროა. ის კომპონენტები, რისგანაც შედგენა სამკურნალო დაწესებულებები, იგივე ემბრიოლოგიის ლაბორატორია, საჭიროებს ძვირადღირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს, აპარატურას. ჩვენ წლებია ვცდილობთ, რომ ქართველ პაციენტებს შევუნარჩუნოთ მომსახურების ხელმისაწვდომი ღირებულება, ეს არის იმდენად მცირე გადასახადი იმასთან შედარებით, რაც რეალურად ღირს მკურნალობა, რომ თუ არა უცხოელი პაციენტები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ფასის შენარჩუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ახლა მიჭირს იმის თქმა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი და როგორ მოვახერხებთ ფასის შენარჩუნებას“.

ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას უწოდებს პრემიერ-მინისტრის 12 ივნისის განცხადებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ის ადამიანების ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა:

ნინო მუსერიძე
ნინო მუსერიძე

„დისკრიმინაციაა, როცა ემსახურები ერთი ქვეყნის მოქალაქეს და მეორეს უარს ეუბნები. ჩვენ ვართ ჰუმანური პროფესიის ადამიანები, ექიმები. ჩვენს მიერ მიწოდებული სერვისი ეხება ჯანმრთელობის უფლებას. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, ეს არის მკურნალობის მეთოდი. და როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის მკურნალობის მეთოდი, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ის აკრძალვა, რომლის გამოყენებაც უნდათ ამ კანონპროექტში, მიმართული იქნება ადამიანების ჯანმრთელობის წინააღმდეგ“.

ნინო მუსერიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორზეც. მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი სამედიცინო ტურიზმის დახმარებით ყოველ წელს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ივსება. ის დარწმუნებულია, რომ უცხოელი პაციენტების მომსახურების აკრძალვით, საქართველო მომავალში დაკარგავს პოტენციალს მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი:

„დღეს საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის თვალსაზრისით და უცხოელი პაციენტებისთვის ის ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. აქ პაციენტები ჩამოდიან არა იმიტომ, რომ ამ დარგის მომსახურება სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. არა, აქ ჩამოდიან იმიტომ, რომ საუკეთესო სერვისს იღებენ. გარდა ამისა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ზოგადად ტურიზმის 55%-ს მოიცავს. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შემოსავალი მნიშვნელოვანწილად სწორედ ტურიზმს ეფუძნება. ამ აკრძალვით არა მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის დარგი შეაჩერებს განვითარებას და შესაძლოა, არსებობასაც, არამედ ეს სერიოზული დანაკარგი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც. აქ ჩამოსული პაციენტები, ცხადია, სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით, იქნება ეს სასტუმროები თუ საკვები, გასართობი ობიექტები. 2022 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო სამედიცინო ტურიზმის დახმარებით და რატომ ვამბობთ უარს იმაზე, რომ საქართველო არ იყოს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ჰაბი? მსოფლიოში შობადობა არ შემცირდება, ადამიანს ყოველთვის ექნება სურვილი ჰყავდეს შვილი და რატომ ვაიძულებთ მათ წავიდნენ სხვა ქვეყანაში და ამით სარგებელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ?"

საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს.

დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. „მეგობრულად განწყობილ“ ქვეყნებში შედის.

საქართველოში მხოლოდ გესტაციური და ალტრუისტული სუროგაციაა დასაშვები. გესტაციური სუროგაციის დროს, სუროგატ დედას, არ აქვს გენეტიკური კავშირი ბავშვთან, კვერცხუჯრედი პოტენციურ დედას ან დონორს ეკუთვნის ან პროცედურაში გამოყენებულია პოტენციური მამის ან დონორის სპერმა.

საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

2022 წლის მონაცემებით, სუროგაცია დაშვებულია სულ რამდენიმე ქვეყანაში:

ავსტრალია, საქართველო, კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი და ინდოეთი.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაუგზავნიან.

გასულ წელს მსგავსი კანონპროექტის მიღების ინიციატივა იყო რუსეთის პარლამენტშიც. 2022 წლის ნოემბერში, პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიიღებს კანონს, რომელიც უცხოელებს აუკრძალავს რუსეთში სუროგატი დედების მომსახურების მიღებას:

"ბავშვების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უცხოელებისთვის სუროგაციის მომსახურების გამოყენების აკრძალვით", - წერდა ვოლოდინი ტელეგრამით. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი 45000-მდე ბავშვი წაიყვანეს უცხოეთში.

XS
SM
MD
LG