Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ეგ საკმარისი არ იქნება” - ოსები ივანიშვილის ბოდიშზე


ილუსტრაცია
ილუსტრაცია

​​​​​​​„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გახმაურებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე, უკომენტაროდ არც ოსების მხარეს ჩაუვლია: "ბოდიშის მოხდა საკმარისი არ იქნება“, - ამბობენ ცხინვალში.

“ცრუ გულწრფელობაა”, “წინასაარჩევნო პოლიტიკის ნაწილია”, “თუმცა, შეიძლება ამან დაძაბული ურთიერთობა განმუხტოს” - ოსურ საინფორმაციო საიტებსა და ტელეგრამარხებში ბოლო ორ დღეში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე ბევრი დაიწერა. ოფიციალური განცხადებებიც გაკეთდა.

რა თქვეს ოსმა პოლიტიკოსებმა?

რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იური ვაზაგოვმა ივანიშვილის ამ განცხადებას, საქართველოში, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან პირდაპირ კავშირში მყოფი უწოდა და შენიშნა: „სამხრეთი ოსეთი არ ჩაერევა „მეზობელი ქვეყნის“ საშინაო პოლიტიკაშიო“.

მისივე სიტყვებია, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების "სამწუხარო გამოცდილებიდან" გამომდინარე, ცხინვალი ელის არა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც, მათ შორის: „ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეთანხმების მიღწევას უსაფრთხოების გარანტიებზე დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ“.

იური ვაზაგოვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
იური ვაზაგოვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

იური ვაზაგოვი ასევე აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი“.

„საქართველოს ხელისუფლება არ იღებს ზომებს რეგიონში უსაფრთხოების ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხს არ აგვარებს“, - ამბობს ივანიშვილის პასუხად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვი და შენიშნავს, რომ ამ განცხადების გულწრფელობაში დასარწმუნებლად, საქართველომ ჯერ ოსების გენოციდი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

თუმცა ისიც შენიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად კეთდება. რეალური ქმედება კი, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან არ ჩანს.

განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა პარტიამ „სამართლიანობისთვის“, რომელიც შენიშნავს, რომ მხოლოდ ბოდიში ნდობის მოსაპოვებლად საკმარისი არ იქნება:

„ქართული ნაციონალისტური იდეოლოგიის გამო ძალიან ბევრი ოსური სისხლია დაღვრილი, რომ უბრალოდ ბოდიშის მოხდა იყოს საკმარისი. ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის გენოციდური ხასიათი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა“.

დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა წევრმა სახალხო პარტიიდან ამირან დიაკონოვმა კი გამოცემა JAMnews-თან საუბარში ქართულ მხარეს მოუწოდა, ბოდიში მოიხადონ არა მხოლოდ 2008 წლისთვის, „არამედ 1990-იანი წლების დასაწყისის მოვლენებისთვის, რაც გამოწვეული იყო ზვიად გამსახურდიას ნაციონალისტური პოლიტიკით“.

როგორ ეხმაურებიან ბოდიშს ოსი ბლოგერები და აქტივისტები?

აქტივისტმა ალან მამიევმა ივანიშვილის განცხადების პასუხად, ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ ქართული „რევერანსების“ მიზანი შესაძლოა იყოს მოსკოვთან შეთანხმება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დათმობაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა არცახის შემთხვევაში.

„ამის მისაღწევად ნებისმიერ დაპირებას გასცემენ და ნებისმიერ ზღაპარს მოიგონებენ, - წერს ბლოგერი, - აფხაზეთის და ოსეთის მოხალეობას იგივე ემუქრება, რაც არცახის მოსახლეობას. ერთი სქემაა“.

ბლოგერი ჩრდილოეთ ოსეთიდან ალიკ პუხაევი კი წერს, რომ ბოდიშს „მოქმედებები უნდა მოჰყვეს“ და, მისი აზრით, ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას პოლიტიკის „დანაშაულებრივი აღიარება“.

ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს მხრიდან კომპენსაციის გადახდას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბომბვის, ეკონომიკური ბლოკადისგან მიყენებული ზარალის და მსხვერპლის გამო. ოსური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებაც მის პირობებს შორისაა:

„ამის შემდეგ კი შესაძლებელია აბსოლუტურად ცივილიზებული დიალოგი ქართულ სახელმწიფოსთან“, - წერს ბლოგერი.

ტელეგრამზე რას წერენ?

ოსურ სოცქსელებში იმასაც წერდნენ, რომ შესაძლოა, ბოდიში არ იყოს ცუდი იდეა და თუ ეს მართლა მოხდება, „ოსებმა ზიზღით ცხვირი არ უნდა აიბზუონ“.

„სულ მცირე, ოსები უნდა მიესალმონ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის, ბევრი ხიდია ჩატეხილი, მაგრამ ხალხებს შორის დაძაბულობის ხარისხის დაქვეითება მაინც კარგია“, - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი.

აი, კიდევ რამდენიმე კომენტარი ოსური ტელეგრამარხიდან "БОНВ[Ӕ]РНОН“:

  • „თუ ქართული მხარე სერიოზულად აპირებს დიალოგის დაწყებას, მან რამდენიმე საკვანძო ნაბიჯი უნდა გადადგას: ოსების გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანი აქტია, რომელიც შეიძლება გახდეს ისტორიული ტრავმის გაგებისა და შერიგების გზების პოვნის საფუძველი“;
  • „თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება იყოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მზადყოფნისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის მნიშვნელოვანი სიგნალი“;
  • „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება ასევე აუცილებელი პირობაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. ამ პირობების შესრულების გარეშე, ქართული მხარის ნებისმიერი განცხადება აღიქმება, როგორც მორიგი ბლა ბლა ბლა, რომელსაც ცვლილების რეალური საფუძველი არ გააჩნია. მხოლოდ ერთმანეთის უფლებების გულწრფელმა აღიარებამ და პატივისცემამ შეიძლება გამოიწვიოს ხალხებს შორის სტაბილური და სანდო ურთიერთობების დამყარება“;
  • „შეწყვიტეთ 1920-იანი წლების იგნორირება. მაშინ ჩვენ არანაკლებ ვიტანჯებოდით“;
  • „რას ნიშნავს საკუთარ თავში ძალის პოვნა? საქართველომ უნდა აგოს პასუხი, რაც გააკეთა და აანაზღაუროს სამხრეთ ოსეთს და ოსებს მიყენებული ზიანი“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი უწოდა და „ნაციონალური რეჟიმის“ მემკვიდრეობად გამოაცხადა „ისტორიული რეგიონების ოკუპაცია.

შემდეგ კი დაამატა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან“, „ ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

ამ განცხადებას თბილისსა და მის გარეთ მწვავე კრიტიკა და საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდებოდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG