Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟიული შარტავას ბოლო სექტემბერი


ჟიული შარტავა სოხუმში, მთავრობის სასახლის წინ, 1992 წელი.
ჟიული შარტავა სოხუმში, მთავრობის სასახლის წინ, 1992 წელი.

27 სექტემბერს 30 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც სოხუმში მთავრობის სასახლიდან გამოსული ჟიული შარტავა მანქანაში ჩასვეს, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და გზაში მოკლეს.

„...მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება და, ამასთანავე, იქნება წესრიგი,... საქართველოსი, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“... ამ სიტყვების ავტორმა, ჟიული შარტავამ, რომლის კარიერა კომკავშირიდან დაიწყო, დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ ორიოდე წელი თუ იცხოვრა.

ჟიული შარტავა ედუარდ შევარდნაძის კადრი იყო. შესაძლოა მისი თანამდებობაც დაეკავებინა, მაგრამ 1985 წელს შევარდნაძე ცეკას პირველი მდივნის პოსტზე ჯუმბერ პატიაშვილმა შეცვალა, ჟიული შარტავა კი რუსთავის ქალაქკომის პირველ მდივნად გაუშვეს, რაც მის ჩამოქვეითებას ნიშნავდა.

„გარკვეულ ეტაპამდე ძალიან აფასებდნენ, მაგრამ მერე ცოტა გვერდზე გაწიეს. რუსთავში გაუშვეს. ბევრ რუსთაველს ახსოვს, რა ქალაქი ჩაიბარა შარტავამ და როგორ შეცვალა“, - თქვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სესილი გოგიბერიძემ 25 სექტემბერს, უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზის გახსნაზე.

რუსთავში ყოფნისას ჟიული შარტავა ორჯერ მოხვდა ავარიაში, ეჭვობდნენ, რომ არცთუ შემთხვევით.

„საბჭოთა ელიტაში გავრცელებული პრაქტიკა იყო, ცეკას მდივანი როცა იცვლებოდა, მასთან დაახლოებულ პირებსაც იშორებდნენ. ჟიული ვერ გააშავეს, მასთან ერთი ცუდი საქმეც კი არ იყო ასოცირებული. ერთადერთი, რის საშუალებაც ჰქონდათ, ის იყო, რომ თბილისს მოაშორეს და რუსთავში გადაიყვანეს. მერე რუსთავშიც დაიწყო საქმის კეთება, წარმატება ჰქონდა. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ავარიები სინამდვილეში მისი მოშორების მცდელობა იყო. თუმცა, ამას ვერ დაგიდასტურებთ“, - ამბობს ჟიული შარტავას შვილიშვილი გიორგი შარტავა.

ჟიული შარტავა შვილებთან ერთად
ჟიული შარტავა შვილებთან ერთად

1993 წლის ივლისში, გაგანია ომის დროს, საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. სამ თვეში სოხუმი დაეცა. მან და კიდევ 50-მდე ადამიანმა მთავრობის სასახლე არ დატოვეს.

„რამდენი ახალგაზრდა გულანთებული წავიდა და დაიღუპა აფხაზეთის ომში. მაგრამ ის პირველი პირი იყო, შეეძლო თავი დაეხსნა და ეს არ გააკეთა... მაგრამ ჟიული შარტავა აფხაზეთამდეც ლეგენდა იყო, ინსპირაციის წყარო, სხვებს არ ჰქონდათ ასეთი ქარიზმა. თანამდებობაზე რომ დამნიშნეს და მოსალოცად დამირეკა, ფეხზე წამოვდექი და ისე ველაპარაკებოდი“, - ჰყვება სესილი გოგიბერიძე, კომკავშირის კომიტეტის მდივანი 80-იან წლებში.

ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია 1993 წლის მარიამობას იხსენებს, როდესაც გალში ჟიული შარტავას შეხვდა: „თქვა, დედაჩემი დამესიზმრა სანთლით ხელში, ამ სანთელს მე მინთებდაო“.

ბოლოს 26 სექტემბერს ნახა, მთავრობის სასახლეში.

„მაშინ ჟიულის მოადგილე ვიყავი. აეროპორტში ათასამდე დევნილი იყო ჩარჩენილი, ვერ მიდიოდნენ, თვითმფრინავები აღარ დაფრინავდნენ. მათი გამგზავრებისთვის უნდა მოგვება თავი მე და დეპუტატ გია გვაზავას. სოხუმში რომ მივედი მთავრობის სასახლეში, ყველა იქ იყო: მიშა კოკაია, საშა ბერულავა, იური გავა, ლორიკ მარშანია, რაულ ეშბა... ჟიულიმ, თქვენ წადით, მიხედეთ საქმესო, აეროპორტში ჩარჩენილ დევნილებს გულისხმობდა. მაგრამ ბიჭებს რომ შევხედე, ისეთი ჩამქრალი თვალებით იყურებოდნენ, რომ ჩამოვჯექი, კოკაიას ცალკე ვესაუბრე, საშა ბერულავას - ცალკე, ლაშა ქაჯაიას - ცალკე. რა გვეშველება, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდესო, ვლაპარაკობდით. იმედი ბოლოს კვდება და ყველას გვჯეროდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და სოხუმს არ დავკარგავდით. მერე აეროპორტში წავედით“, - იხსენებს ვახტანგ ყოლბაია.

მეორე დღეს გაირკვა, რომ მათი წამოსვლის შემდეგ შარტავაც გამოსულიყო მთავრობის სასახლიდან, შეეძლო სოხუმი დაეტოვებინა, მაგრამ ისევ უკან მიბრუნდა. ქალაქში ჯერ კიდევ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა. შარტავას დაბრუნების შემდეგ აფხაზური მხარე მთავრობის სასახლის აღებაზე გადაერთო, ამასობაში კი ბევრმა სამშვიდობოზე გასვლა მოასწრო.

„მეორე დღეს დავიწყე ჟიულის ძებნა. გულრიფშის გამგებელს დავით გვაძაბიას დავურეკე. ნახევარი საათის წინ მელაპარაკა, მითხრა, ხმა მესმის, ვიღაცეები ამოდიან სროლითო. მერე კავშირი დავკარგეო.

ამის შემდეგ ყოველ 15-20 წუთში ვაჟა ლორთქიფანიძეს [საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 1992-1995 წლებში - რ.თ.] ვურეკავდი თბილისში, ჟიულის მეგობარი იყო, რა ისმის ჟიულიზე-მეთქი. ბოლოს მითხრა, ვახტანგ, შენზე ნაკლებ არ მტკივა გული, დამანებე თავი, ვმუშაობ და ხელს მიშლიო.

მერე გავიგეთ, რომ როცა ნახა, ალყაში იყო, ჟიული სხვებთან ერთად ქვევით ჩავიდა. ჩასვეს მანქანაში და სადღაც წაიყვანეს, სად - არ ვიცით, ალბათ არძინბასთან მიჰყავდათ. გზაში დახვდნენ, გადმოიყვანეს და დახვრიტეს“.

შემდეგ აფხაზეთში ჩადენილ ომის დანაშაულებზე, მათ შორის ჟიული შარტავას მკვლელობაზეც, პროკურატურამ იმუშავა, მაგრამ დღემდე ამ მკვლელობის არც შემსრულებელია დადგენილი და არც - შემკვეთი.

ჟიული შარტავა. 1980 წელი, თელეთი.
ჟიული შარტავა. 1980 წელი, თელეთი.

ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად 28 სექტემბერს ადლერში ჯგუფი ჩაფრინდა, მას მაშინდელი პარლამენტის წევრი ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა. 2013 წლის 27-29 სექტემბრის გაზეთ „ვერსიაში“ გულუა იხსენებს, რომ აეროპორტში მათ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი დახვდათ.

„გამიყვანა გვერდით შუიკოვმა და მითხრა: ,,თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი“.

გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს. ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები“.

თუმცა, ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ ცხედარის დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილის ფრჩხილების ქვეშ და პირში მიწა აღმოაჩინეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ჟიული შარტავა აწამეს კიდეც.

ედაურდ შევარდნაძე ჟიული შარტავას დაკრძალვაზე
ედაურდ შევარდნაძე ჟიული შარტავას დაკრძალვაზე

„ბაბუაზე ფიქრის დროს ორი ემოცია მიჩნდება, ერთი - სინანული, რომ ბაბუა ვერ ვიხილე, არ მყავდა გვერდით… მეორე - სიამაყის გრძნობა. ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი და ამით აფხაზეთში დაბრუნების უფლება დაგვიტოვა“, - ამბობს გიორგი შარტავა.

ის ჰყვება, რომ მთავრობა ჟიული შარტავას მთაწმინდაზე დაკრძალვას განიხილავდა, მაგრამ მეუღლის თხოვნით, ბოლოს ვაკის სასაფლაო შეარჩიეს – „ბებიამ სთხოვა, სახლთან ახლოს დაეკრძალათ, ადვილად რომ შეძლებოდა მისვლა“.

დანარჩენები, ვინც მთავრობის სასახლეში იყვნენ, ზოგი ადგილზევე დახვრიტეს, ზოგი ტყვედ აიყვანეს და მერე მოკლეს, ზოგის ბედი დღემდე უცნობია.

„ჩემი მშობლიური ქალაქი მისი ბოლო გათენების ადგილი იყო. ბოლო დილა სოხუმში იხილა 49 წლის კაცმა. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. გასული იყო თითქმის სოხუმიდან, მაგრამ უკან დაბრუნდა, თან თქვა, ვისაც სურვილი გაქვთ, ისინი წამოდითო, - ჰყვება მწერალი გურამ ოდიშარია, - ერთმა პოლარულმა მკვლევარმა ამბავი მომიყვა. მინუს 40 გრადუსში მარხილებით მივდიოდით. თითოეულ მარხილში რამდენიმე ძაღლი იყო შებმული, ამ ძაღლებს თავიანთი წინამძღოლი ძაღლები ჰყავდათ. დილით კარვიდან რომ გამოვდიოდით, ყოველ ჯერზე ერთი-ორი ძაღლი მაინც გვხვდებოდა გაყინული. ერთი წინამძღოლი ძაღლი ძალიან მიყვარდა, რომ გადამერჩინა, კარავში შემოვიყვანე და დავაბი, მაგრამ ღამე თოკი გადაღრნა და სხვა ძაღლებთან ერთად თავის ადგილას დაწვაო.

ჩემთვის ჟიული შარტავა ასეთი ადამიანი იყო“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG