Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - რა ხდება შემდეგ?


თუკი, დაპირებისამებრ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პარლამენტში არ შევლენ, საკანონმდებლო ორგანოს სულ მცირე 55 დეპუტატი დააკლდება. ბოიკოტი ქუჩის აქციების ფონზე ცხადდება და, პარალელურად, სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობს. რა შეიძლება მოიტანოს ოპოზიციის ბოიკოტმა? მოსალოდნელია თუ არა პარტიების/ბლოკების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლების შეცვლა? რას აჩვენებს წარსულის გამოცდილება?

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, მომავალ პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტია/ბლოკი მოხვდა და არჩევნების პროპორციულ ნაწილში მათი მანდატების საერთო რიცხვი 59-ს შეადგენს. აქედან, ჯამში 55 მანდატის მქონე 7 პარტია/ბლოკი ქუჩის აქციებზე ერთად დგას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ლეიბორისტული პარტია“. ეს ოპოზიციური ძალები უარს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზეც და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ხელახალ არჩევნებს ითხოვს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც 4 მანდატი ერგო. პარტია დამოუკიდებელ აქციებს აანონსებს და არ აპირებს არჩევნების შედეგების ცნობას.

„აბსოლუტური დეჟავიუ მჭირს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე, რომელმაც 2008 წელს, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სადეპუტატო მანდატი საჯაროდ დაჭრა. ის მაშინ „ახალ მემარჯვენეებს“ წარმოადგენდა, ხოლო მისი პარტია არჩევნებში ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა.

გაამართლა თუ არა მაშინ ბოიკოტმა და გაამართლებს თუ არა ის ახლა?

მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ბოიკოტის იდეა მაშინ ერთობის დარღვევამ დააზარალა, რადგან დეპუტატების დიდი ნაწილი დაბრუნდა პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი აუცილებლად მოიტანდა შედეგს:

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ თუკი ყველა ერთ პოზიციაზე არ ვიქნებოდით, მანდატებზე უარის თქმა სრული უაზრობა იქნებოდა და დადასტურდა კიდეც. მაგრამ ერთსულოვნების შემთხვევაში, ეს იქნებოდა უსერიოზულესი პოლიტიკური ნაბიჯი - ხელისუფლება დარჩებოდა მარტო და შეიქმნებოდა დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა.

ასეთი მოცემულობა კი დემოკრატიის ჭრილში სრული კრახია და ამას ვერავინ აიტანს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. ეს პროცესი ლოგიკურად მივა ვადამდელ არჩევნებამდე. ახლაც ასეა, იქნება ერთსულოვნება - იქნება შედეგი. ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს“.

მამუკა კაციტაძე გვეუბნება, რომ სასურველია, ხელისუფლება სულ მარტო დარჩეს - „ეს იქნება ბოლო ლურსმანი“, თუმცა თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ მაინც შევა, პარლამენტში მხოლოდ ამ პარტიასთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, კიდევ უფრო დამაზიანებელი იყოს „ქართული ოცნებისთვის“.

საკმარისია თუ არა ბოიკოტი?

თუკი 7 ოპოზიციური ძალა და ამ ძალთა ცალკეული წარმომადგენლები თავიანთ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებენ, 150-კაციან პარლამენტს მინიმუმ 55 დეპუტატი გამოაკლდება. თუკი ამ ნაბიჯს „პატრიოტთა ალიანსიც“ გადადგამს, პარლამენტში ცარიელი დარჩება 59 დეპუტატის სკამი.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ სამართლებრივი ლეგიტიმაციის ჭრილში, ოპოზიციის ბოიკოტი ხელს ვერც პარლამენტის მუშაობას შეუშლის და ვერც - „ქართულ ოცნებას“, თუნდაც სულ მარტომ იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოში. მისი თქმით, მართალია, პარლამენტს მნიშვნელოვნად შეუმცირდება პოლიტიკური ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს ვერ გახდება ხელახალი არჩევნების გამართვის წინაპირობა და მე-10 მოწვევის პარლამენტი ასე ნაკლული სახით გააგრძელებს თავის 4-წლიან ცხოვრებას - „ერთადერთი, პრობლემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, რადგან ამ დროს 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო“.

თუმცა, დეკემბრამდე, ვიდრე ახალი პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, ალაფიშვილის თქმით, რეალობა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მიტინგების პარალელურად მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლა რეალურ შედეგს გამოიღებს და დოკუმენტურად დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ ჭრილში ის 2003 წლის მოვლენებსაც იხსენებს.

„2003 წლის 25 ნოემბერს, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო პროპორციული არჩევნების შედეგები. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე დაწყებული ამ სამართლებრივი დავის შედეგი იქცა სწორედ უკვე დაკომპლექტებული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებისა და ვადამდელი არჩევნების გამართვის საფუძვლად.

მიტინგები გამოხატვის თავისუფლების ფორმაა და ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მაგრამ შედეგის მისაღებად, მხოლოდ მიტინგი და ბოიკოტი არ არის საკმარისი, საქმის ბოლომდე მისაყვანად, აუცილებელია შედეგიანი სამართლებრივი ბრძოლა“.

ალაფიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციების პარალელურად მიმდინარეობს სამართლებრივი დავის პროცესიც.

საჩივრები - სამართლებრივი პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) პარალელური დათვლის პროცესის შეფასებით ანგარიშში, სხვა დარღვევებს შორის, საგანგებო ყურადღება მახვილდება ბოლო წლებისთვის უჩვეულო მასშტაბის მოვლენაზე, რომელიც ხმების შემაჯამებელ ოქმებს უკავშირდება. ორგანიზაციის განცხადებით:

  • შემაჯამებელი ოქმების დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა და ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა.
  • ამ სახის დარღვევას არჩევნების შედეგებზე შესაძლოა მოეხდინა გავლენა - 4.1%-ის ფარგლებში.

საარჩევნო საოლქო კომისიებში, სხვადასხვა სახის დარღვევასთან დაკავშირებით, უკვე ასობით საჩივარია შესული. პროცესში აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც 100-ზე მეტი საჩივარი დაწერა. როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ნონა ქურდოვანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რამდენიმე ათეული საჩივარი სწორედ შემაჯამებელ ოქმებს უკავშირდება:

„თვალშისაცემ დარღვევებს შორის არის დისბალანსი - შემთხვევები, როდესაც მიღებული ხმების რაოდენობა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამ უბანზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობას აღემატება.

არის კალმით გადასწორებული ოქმები, რომლებსაც შესწორების ოქმები არ ახლავს თან ანდა არასწორად არის შედგენილი შესწორების ოქმი. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ბათილი ბიულეტენების რიცხვი ძალიან მაღალია - 10-15%. არის ოქმები, რომლებსაც არ ახლავს ბეჭედი“.

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს ცენტრალური საარჩევნო კომისია დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა დადასტურებული დარღვევა ჩასწორდება.

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის ვადა 2 ნოემბერს ამოიწურა, ოლქის პასუხი ორ დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სასამართლოში გასაჩივრებაც.

ნონა ქურდოვანიძე გვეუბნება, რომ თუკი საოლქო კომისია საჩივრებს არ დააკმაყოფილებს, საია აუცილებლად მიმართავს სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება ასევე ორი დღის ვადაში უნდა მიიღოს - „სასამართლო იხილავს, რამდენად შეეძლო გავლენის მოხდენა შედეგზე კონკრეტულ დარღვევას“.

როგორია საქართველოს გამოცდილება? დასრულებულა თუ არა შედეგიანად მსგავსი პროცესები?

ნონა ქურდოვანიძე იხსენებს, რომ სწორედ საიას ადვოკატირებით მოახერხა თამაზ მეჭიაურმა საკუთარი პოზიციების დაცვა სასამართლოში, თიანეთის მერის არჩევნების დროს, მაგრამ, ზოგადად - „სასამართლოში საქმის განხილვასთან მიმართებით დიდი მოლოდინები ვერ გვექნება, არა მხოლოდ ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით, არამედ სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობის გამო“.

თუკი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშს გადავხედავთ, ჩანს, რომ წინა წლების მსგავსად, საარჩევნო დავებისა და საჩივრების განხილვის პროცესი ისევ კრიტიკას იმსახურებს და ეს წინასაარჩევნო პროცესებშიც გამოვლინდა. OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 300 საჩივრისა და სასამართლოებში შესული 13 საჩივრის მიხედვით მსჯელობს:

  • „შეტანილი საჩივრების დიდი უმრავლესობა ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული ან (განხილვის შედეგად/შემდგომ) არ იქნა დაკმაყოფილებული, ბევრი მათგანის უარყოფა ადეკვატური გამოძიების გარეშე ან კანონის საეჭვო ინტერპრეტაციის საფუძველზე მოხდა“;
  • „სასამართლოების მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანება გამოააშკარავა, რამაც კანონის არათანმიმდევრული ინტერპრეტაციები გამოიწვია“.

ლევან ალაფიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პროცესის დასრულებას ელოდება და ამ ეტაპზე, საერთაშორისო პარტნიორებიც დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლებიან. მაგრამ თუკი სამართლებრივი ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევების დადასტურებას შეეშალა ხელი და მათ შორის - სასამართლოს მხრიდან - „ჩვენ დავინახავთ, რომ (საერთაშორისო პარტნიორები) სასამართლოსაც "დაარტყამენ" და არჩევნების შედეგებსაც“.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათი მეტი მუშაობის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორები თანდათან უფრო თვალნათლივ დაინახავენ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას და შემდეგ არც მწვავე რეაქციები დაიგვიანებს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ კვლავაც ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

მამუკა კაციტაძის თქმით, სამართლებრივი მხარე წარმოადგენს საყრდენს პოლიტიკური არგუმენტაციისთვის, რადგან „ამის გარეშე პოლიტიკურ ბრძოლას სიმყარე არა აქვს“, მაგრამ „პროცესი ძირითადად პოლიტიკურმა ბრძოლამ უნდა გადატეხოს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG