პირველ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ისევ შეიკრიბა ხალხი პროტესტის გამოსახატად. ამჯერად პროტესტის საბაბად საპარლამენტო არჩევნები, უფრო ზუსტად კი ის შედეგები იქცა, რომელსაც საზოგადოების ნაწილმა უკვე უწოდა „მოპარული, ნაქურდალი“.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხალხის რამდენიმესაათიანი შეკრების, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობისა და რუსთაველზე კარვების გაშლის შემდეგ, საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი პირველი ნოემბრის ღამეს იმ პირობით დაიშალა, რომ „მოპარული ხმების დასაცავად ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება“ და 8 ნოემბრისთვის „გრანდიოზული აქცია-მსვლელობაც“ დაიგეგმა.
უკვე 2 ნოემბრიდან კი ოპოზიციურმა პარტიებმა, ერთსაათიანი ინტერვალებით გამართულ ბრიფინგებზე, ამომრჩეველს საკუთარი გადაწყვეტილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. გადაწყვეტილება კი ასეთია - ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, უარს ამბობენ მათთვის განკუთვნილი მანდატების მიღებაზე.
ოპოზიციური სპექტრი არჩევნებში მოპოვებული ხმების დაცვას, გარდა სამართლებრივი ბერკეტებისა, ქუჩის აქციებითაც გეგმავს. „წართმეული ხმების“ დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს საზოგადოების ნაწილიც:
„რატომ ვერ დავიცავით ხმები 31-ში და რას ვაკეთებთ ხმების დასაცავად?“
„რა შეიძლება გავაკეთოთ ამ ხმების დასაცავად? არის ამის შანსი?“
„ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ოცნებას...ესაა ბოიკოტი“...
„დღეს ხალხის რაოდენობა უუუუმნიშვნელოვანესია. ხალხნო, გამოდით რა, გეხვეწებით და დაიკიდეთ რომ იქ ბევრი ისეთი ადამიანი იქნება ვინც არ გევასებათ“
რიგითი მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელში აქტიურობს და ცდილობს, როგორც დაგროვილ კითხვებზე პასუხის მოძიებას, ისე არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზების პოვნას.
სამოქალაქო აქტივისტების დიდი ნაწილი კი სასურველი შედეგის მიღწევის მთავარ გზად, გარდა საზოგადოების აქტიურობისა და პროტესტის მუხტისა, ოპოზიციურ ერთობაში ხედავს. მათ შორისაა, შოთა დიღმელაშვილი, აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი.
შოთა დიღმელაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, თვეების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას „შევხვდებით არჩევნებზე“. ეს კამპანია კი იმისთვის დაიგეგმა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს დადიოდნენ არჩევნებზე და პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილისტურად იყვნენ განწყობილნი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო ურნებთან მისულიყვნენ. შოთა დიღმელაშვილის თქმით, აქტიურმა კამპანიამ და მასთან ერთად, საზოგადოებაში დაგროვილმა უარყოფითმა განწყობებმა და ბრაზმა, შედეგი გამოიღო, 31 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილეობა თითქმის ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო. შოთა დიღმელაშვილისათვის ეს მონაცემი ყურადსაღებია იმ თვალსაზრისითაც, რომ კოვიდ-პანდემიის მზარდი რიცხვებისა და საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე მაინც მივიდნენ. ამ ფონზე კი მისი თქმით, ამომრჩევლები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები მიიტაცა, აუცილებლად იბრძოლებენ საკუთარი არჩევანის დასაცავად. თუმცა, შოთა დიღმელაშვილი იმასაც ამბობს, რომ გადამწყვეტ და მთავარ როლს ამ პროცესში ოპოზიციური სპექტრის ერთობა ითამაშებს:
„პროტესტი ძალიან დიდია, რადგან ადამიანები, რომლებიც აქამდე ნიჰილისტურად იყვნენ განწყობილნი და საერთოდ არ დადიოდნენ არჩევნებზე, ამ კორონა-პანდემიისას გრძელ რიგებში ჩადგნენ. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან კონფრონტაციისა, საზოგადოება იყო ძალიან მომთმენი, ადამიანები იყვნენ არჩევნების მოლოდინში, რომ წასულიყვნენ არჩევნებზე და ხელისუფლების კონფრონტაციისთვის საკუთარი ხმებით გაეცათ პასუხი. ახლა კი გამოდის, რომ მათ ხმებსაც კი ართმევენ. არჩევნებს მხოლოდ პარტიებს არ პარავენ, არჩევნებს პირველ რიგში, ხალხს პარავენ. ამიტომ თუკი პროტესტი იქნება, ეს უნდა იყოს უნივერსალური და კონსენსუსის საფუძველზე დაფუძნებული, პროტესტი საყოველთაო უნდა იყოს და არა ერთი რომელიმე პარტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მალე ჩაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ სიტუაციაში ერთი საერთო აზრი დააფიქსირონ. თუკი თვლიან, რომ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, მაშინ ეს ბოიკოტი ყველამ უნდა გამოაცხადოს და ისე არ მოხდეს, რომ ბოლოს ვიღაცამ თქვას, ჩვენ შევდივართ, ვიღაცამ თქვას, ჩვენ არაო. თუკი თვლიან, რომ ხმების გადათვლა მოიტანს შედეგს, მაშინ, ამაშიც ერთიანნი უნდა იყვნენ. ამ სიტუაციაში, ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალია, რომ ხალხისა და ოპოზიციის პროტესტზე ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს და დაიწყოს თუნდაც ხმის გადათვლის პროცედურა, ვიდრე შეეცადოს, რომ პროტესტის მუხტს კისერი მოუგრიხოს, პროტესტი ჩაახშოს და ამით კიდევ უფრო მეტად ავნოს ქვეყანას“.
მწერალი ლაშა ბუღაძე დარწმუნებულია, რომ ის პარლამენტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს და სადაც მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, მეორე ტურის ჩატარებამდეც კი, სულ მცირე, 75 დეპუტატი შეჰყავს, არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. იმ მოქალაქეების ნებას, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან მოყოლებული, სრულიად სხვა, დემოკრატიულ, მრავალფეროვან, პლურალისტურ პარლამენტს ელოდნენ, პირველ ნოემბერს კი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
მწერლის თქმით, ბუნებრივია, რომ ამგვარმა შედეგმა საზოგადოების ნაწილის გულწრფელი პროტესტი გამოიწვია და მიუხედავად, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საკუთარი ხმების დასაცავად, ქუჩაშიც გამოვიდა. თუმცა, ლაშა ბუღაძის თქმით, ამჯერად, ოპოზიციურ ძალებს, გარდა ერთიანობისა, მოუწევთ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც:
„ჩვენ ყველამ დავამტკიცეთ, რომ არ ვიღლებით დემონსტრაციებზე დგომით.1988 წლიდან მოყოლებული, დემონსტრაციებზე ვდგავართ, მაგრამ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როდესაც დღეს, თავყრილობების მიმართ გარკვეული შიშია, დათრგუნულია ხალხი, შესაძლოა, რომ ის ინსტრუმენტები, რაც ეფექტური იყო ადრე, დღეს აღარ იყოს ეფექტური. ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის რესურსიც, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილი არ არის ადვილად დასაძლევი, რომ შესაძლოა, მისი გუნდის ერთბაშად დამარცხება ვერ მოხერხდეს, მაგრამ საზოგადოება ნაწილ-ნაწილ აცლის მას აგურს, როგორც ეს მოხდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი შრომის შედეგად მოვიპოვეთ პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საპარლამენტო არჩევნები. მე, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ რესურსები ადეკვატურად იყოს შეფასებული და ენერგია დაიხარჯოს იქ, სადაც მეტი შესაძლებლობაა უკუგებისა და წარმატების“.
ლაშა ბუღაძის აზრით, აქცენტის დასმა მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციებზე, არ იქნება ეფექტური. მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე მეტად ეფექტური, შესაძლოა იყოს ოპოზიციის ის ერთიანობა, საიდანაც გეზი და ხედვა უნდა დაიბადოს:
„თუკი ამ ერთიანობის შედეგი იქნება ის, რომ პარტიები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი სიგნალი და პოზიციაა და გინდ ქუჩაში იდექი, გინდ სახლში იჯექი, ეს უკვე ნიშნავს სერიოზულ პოზიციას, რადგან ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა და გადაწყვეტილება, ამ სიტუაციაში, გამოხატავს ოპოზიციური და კრიტიკული ამომრჩევლის ხედვას“.
ის, რომ ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ბოიკოტისა თუ პროტესტის შედეგზე, ამაში დარწმუნებულია სცენარისტი ქეთი დევდარიანიც. მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ცვლილებების დრო მოვიდა. ცვლილებებზე კი ხალხი უარს აღარ იტყვის:
„თუ ერთიანობა არ იქნა და თუკი ვინმე „ქართულ ოცნებას“ სახეს შეუნარჩუნებს, ეს ქვეყნის მომავლისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მკაფიო. თუკი არჩევნებზე მიღებული შედეგების გადათვლაა მოთხოვნა, ამ მოთხოვნაში ყველა ერთიანი უნდა იყოს. თუ ბოიკოტია, მაშინ აქაც ყველა ერთად უნდა დადგეს. რაც უფრო მეტი რამ შერჩება ხელისუფლებას, მით მეტს იკადრებს. რა გაუვა ხელისუფლებას და რა არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ ისიც კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ხალხის ძალას უპირისპირდება ასეთი დიდი ფული და უგუნურება, იქ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია, ენერგია და ტაქტიკური სვლების მოფიქრება დაგვჭირდება“.
2 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „გირჩის“, „ლეიბორისტების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიასა“ და „ელისაშვილი-მოქალაქეების“ წარმომადგენლები. პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს „პატრიოტთა ალიანსიც“.
წაიკითხეთ, რა მოხდება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?
.