საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგებს „ფეისბუკზე" ეხმაურება.
როგორც ლომჯარია წერს, პარალელური დათვლის თანახმად, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანი - საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი; აღნიშნულ უბნებს და მის შედეგებს შესაძლოა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე 4.1%-ის ფარგლებში ზეგავლენა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საყურადღებოა, აგრეთვე ისიც, რომ ISFED-ის მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს. როგორც ლომჯარია ამბობს, მინიმუმ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა.
„მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილეობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები!" - წერს ლომჯარია.
სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების პარალელური დათვლის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 45,8%, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26,4%, „გირჩი“ – 2,8%, „ევროპული საქართველო“ – 3,7%, „ლელო“ – 3,1%, ლეიბორისტული პარტია“ – 1,0%, ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1,3%, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,0%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%.