ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან - თინი კოქსი ამბობს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები - თავისუფალი იყო, მაგრამ სამართლიანობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ბარიერს ქმნის განსაკუთრებით ორი პრობლემა - მმართველი პარტიის აბსოლუტური დომინირება და უხილავი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. 1 ნოემბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ერთობლივი წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. PACE-თან ერთად, ეს ანგარიში ეკუთვნით ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR), ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა (NATO PA) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA). ანგარიშში ლაპარაკია თითქმის ყველა იმ ძირითად დარღვევაზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიშებშიც გვხვდებოდა.
1 ნოემბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში ვერ ვხვდებით სრულფასოვანი დემოკრატიული არჩევნების შესაფასებლად გამოყენებულ ორ ძირითად სიტყვას - „თავისუფალი და სამართლიანი“ (Free and Fair). ტექსტის თანახმად - „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“, მაგრამ:
- საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ამცირებდა, მაგალითად: „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და ბუნდოვანი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“;
- მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საზოგადოებრივ აღქმაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენდა „საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა".
ანგარიშში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ როცა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი შეუმჩნეველია, ეს ეწინააღმდეგება „ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელის, თინი კოქსისთვის ეს არის ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანი, რომლის გამოც, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ვერ ვუწოდებთ „სამართლიანს“.
„პოლიტიკოსებს ქვეყანაში აქვთ ვალდებულება, კონსტიტუციით, მოქალაქეების წინაშე, რომ ქვეყანაში ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
ჩვენ ვმეთვალყურეობდით, აკმაყოფილებდა თუ არა არჩევნები კრიტერიუმებს, რაზეც ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის თავისუფალი არჩევნები და ეს რაღაცას ნიშნავს... რადგან ბევრ არჩევნებს ვაკვირდებით და მათ შორის ბევრია ისეთი, როცა პირველივე შთაბეჭდილებითვე - არჩევნებს ვერ უწოდებ თავისუფალს.
რაც შეეხება არჩევნების სამართლიანობას, ჩვენ არ ვამბობთ, რომ (31 ოქტომბერს) ეს იყო არასამართლიანი არჩევნები, მაგრამ ვამბობთ, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას განსაკუთრებით ორი მიმართულებით - მმართველი პარტიის აბსოლუტური დომინირება და უხილავი ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. ეს სერიოზული პრობლემაა.
ასევე, თქვენს ქვეყანაში, რომელიც ღარიბია, ძალიან დიდი ფული იხარჯება არჩევნებისთვის. არ არის დაწესებული ლიმიტი. ეს საფრთხეს ქმნის“, - განაცხადა PACE-ს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა.
არჩევნებისთვის უკონტროლოდ დახარჯული მასშტაბური თანხა და ამ მხრივ პარტიებისთვის შექმნილი არათანაბარი გარემო 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად განიხილება. ეს პრობლემური აქცენტი წინა წლების არაერთ ანგარიშშიც შეგვხვედრია.
კენჭისყრის დღეს
როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია იტყობინება, მას კენჭისყრის დღეს არ განუხორციელებია „სისტემატური და ყოვლისმომცველი“ დაკვირვება - „მისიის წევრებმა 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 28 მუნიციპალიტეტში არსებული საარჩევნო უბნები მოინახულეს“. ასევე, პანდემიის გამო საქართველოში საერთოდ ვერ ჩამოვიდა OSCE/ODIHR-ის რამდენიმე ასეული მოკლევადიანი მეთვალყურე.
მაგრამ მისიას შთაბეჭდილება მაინც შეექმნა:
- „მონიტორინგს დაქვემდებარებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალე იყო და პროცედურები ძირითადად დაცული იყო; თუმცა, დროდადრო ამომრჩეველთა იდენტობის გადამოწმება პირბადეების მოხსნის გარეშე ხდებოდა“;
- „ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფების გარდა, ადგილზე (უბნებზე) ახალი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, პარტიების წარმომადგენლები იყვნენ და ძირითადად მმართველ პარტიასთან იყვნენ აფილირებული“;
- „ზოგ შემთხვევაში აღნიშნული დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მუშაობაში ერეოდნენ ან წყვეტდნენ - ვინ უნდა შესულიყო საარჩევნო უბნებზე“;
- „მონიტორინგს დაქვემდებარებული საარჩევნო უბნების უმრავლესობის გარეთ პარტიების კოორდინატორები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ამომრჩევლების დაშინებას უწყობდნენ ხელს და ხშირად ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ“;
- „საარჩევნო უბნების გარეთ და შიგნით სოციალური დისტანცირების წესებს იშვიათად იცავდნენ და ხშირად ეს შეუძლებელიც იყო“.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს
მისიის ანგარიშში უფრო დიდი ნაწილი ეთმობა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას. ისევე, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოქვეყნებულ ანგარიშებში, ამ ანგარიშშიც ვხვდებით მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრობლემას და სხვა პრობლემებს, რომლებიც ვერც ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა აღმოფხვრა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ:
- „ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა დაახლოებით 300 საჩივარი, ხოლო სასამართლოებში - 13 საჩივარი, პრაქტიკულად ყველა ეს საჩივარი ოპოზიციური პარტიების ან სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ იქნა შეტანილი“;
- „საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნას, საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დაინტერესებული მხარეების უფლებების შეზღუდვას და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ პროცედურულ დარღვევებს" ;
- „გარდა ამისა, საჩივრები ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის სამუშაო საათებში წარმოებას და არაუფლებამოსილი პირების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას“;
- „შეტანილი საჩივრების დიდი უმრავლესობა ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული ან (განხილვის შედეგად/შემდგომ) არ იქნა დაკმაყოფილებული, ბევრი მათგანის უარყოფა ადეკვატური გამოძიების გარეშე ან კანონის საეჭვო ინტერპრეტაციის საფუძველზე მოხდა“;
- „სასამართლოების მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანება გამოააშკარავა, რამაც კანონის არათანმიმდვრული ინტერპრეტაციები გამოიწვია“.
ანგარიშში წინასაარჩევნო გარემო შეფასებულია დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხის ჭრილში. საგანგებო ყურადღებაა გამახვილებული, მაგალითად - მედიის საქმიანობაზე, ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ გარემოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე
საქართველოს ხელისუფლების საპირისპირო შინაარსის განცხადებების მიუხედავად, ამ ანგარიშში OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები მხოლოდ „ნაწილობრივ“ შესრულებულად არის მოხსენიებული და ასეა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შემთხვევაშიც.
- „წინასაარჩევნო კამპანიის კუთხით ხარვეზები კვლავ რჩება, მათ შორის, შეუსრულებელი დარჩა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციაზე მიმართული მნიშვნელოვანი ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული“.
- „არ შესრულებულა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის მიერ დიდი ხნის წინ გაჟღერებული რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით საჩივრების განხილვისა და სააპელაციო პროცედურების გამარტივება და ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან დაახლოება უნდა მოხდეს“.
- „შეუსრულებელი რეკომენდაციები ძირითადად საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, საჩივრებთან და სარჩელებთან და ხმების თავიდან დათვლის და ბათილად ცნობის პროცედურებთან დაკავშირებულ იურიდიულ დებულებებს ეხება“.
- „იმან, თუ როგორ წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი და ასევე ბევრი დებულების განმეორებითმა და გარდამავალმა ბუნებამ, განახლებული სამართლებრივი ჩარჩო გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არასტაბილური გახადა“.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ „მართალია, საარჩევნო კანონმდებლობაში და რეგულაციებში მისასალმებელი ცვლილებები განხორციელდა, ჯერ კიდევ რჩება შესასრულებელი სამუშაო დემოკრატიული არჩევნებისთვის უფრო მყარი საფუძვლის შესაქმნელად“.