Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსადის ყოფილი დირექტორი: კომისია დეტალებში გაერკვევა, რა ხდებოდა წინა დღეებში


"ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის აღმართული კონსტრუქციები გაარღვიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ისრაელის საბრძოლო ტექნიკა. 7 ოქტომბერი, 2023 წ.
"ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის აღმართული კონსტრუქციები გაარღვიეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ისრაელის საბრძოლო ტექნიკა. 7 ოქტომბერი, 2023 წ.

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს დაწყებულ იერიშს, თავდასხმიდან მესამე დღეს, სულ მცირე, 700 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტია დაჭრილი. ამასთან ერთად, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ მძევლად გაიტაცა ასზე მეტი ისრაელის მოქალაქე.

ისრაელმა ქვეყნის სამხრეთში აგრესიას საპასუხო დარტყმით უპასუხა. ღაზის სექტორს ისრაელის არმიამ ასეულობით რაკეტა დაუშინა. ღაზაში პალესტინელთა თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანახმად, დაღუპულია 500-ზე მეტი, დაჭრილია 2300 ადამიანი. გაეროს თანახმად, 123 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ისრაელის მთავრობამ მობილიზება გაუკეთა ქვეყნის ისტორიაში ასე მოკლე დროისთვის ყველაზე დიდი რაოდენობის - 300 ათას რეზერვისტს.

რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან ინტერვიუში ეფრაიმ ჰალევმა, ისრაელის დაზვერვის ექსპერტმა და დიპლომატმა თქვა, რომ ჰამასისგან ისრაელის ტერიტორიის მთლიანად გაწმენდას, მოჰყვება უკვე ჰამასის წინააღმდეგ ფართო ოპერაცია საკუთრივ ღაზის შიგნით.

89 წლის ჰალევი, რომელიც ისრაელის უშიშროების სამსახურის, მოსადის მეცხრე დირექტორი იყო და ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობდა, ურყევი პრაგმატისტია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საკითხებში და თვლის, რომ ისრაელს ვერასოდეს ექნება მშვიდობა, თუ პალესტინელებს არ მოეპყრობა ღირსეულად, როგორც თანასწორუფლებიანებს.

ეფრაიმ ჰალევის განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა ისრაელში ირანის საკითხშიც და იმ მცირერიცხოვან ისრაელელებს მიეკუთვნებოდა, ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მსოფლიოს სახელმწიფოების ბირთვულ შეთანხმებას მხარს.

ისრაელში დაბადებული, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები მკვლევრის და ისტორიკოსის, მიხაელ ვოლფსონის მოსაზრებით, რომელიც მან გერმანიის რადიოს გაუზიარა, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის მომზადებაში ირანი იყო ჩართული.

იგი „ტაქტიკურ ტყუილს“ უწოდებს აშშ-ის მთავრობის ინკოგნიტო წარმომადგენლის ნათქვამს, რომ ირანზე ამ კონკრეტული აქციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მტკიცებულება არ არსებობს.

Deutschlandfunk-ს ვოლფსონმა მიუთითა ფოტოებზე, რომლებიც გასულ კვირაშია გადაღებული და რომელზეც ასახულია ჰამასის, ასევე ლიბანიდან ჰეზბოლას დელეგაციების სტუმრობა თეირანში. ის იხმობს პალესტინის წამყვანი წარმომადგენლის ნათქვამს არაბული მედიისთვის, რომ ირანი ჰამასს ეხმარებოდა ოპერაციის დაწყებისას, კერძოდ, მაგალითად, ღაზის სექტორის საზღვარზე ისრაელის კამერების გამორთვა ირანის ნამოქმედარი იყო.

ირანის შესაძლო ჩართულობაზე ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში, ისრაელის დაზვერვის ექსპერტი, ეფრაიმ ჰალევი კი ამბობს, რომ ისრაელის: „ შეშფოთება, უკავშირდებოდა იმასაც, იმის პარალელურად, რაც სამხრეთში ხდებოდა, ხომ არ განახორციელებდა თავდასხმას ლიბანის ჰეზბოლა, რომელსაც ირანი აკონტროლებს. განხორციელდა ერთი დარტყმა, რომელსაც ისრაელის ძალიან ძლიერი ცეცხლით ვუპასუხეთ. მე რომ ირანელი ვიყო, არა ორჯერ, არამედ ათჯერ დავფიქრდებოდი, სანამ შევეცდებოდი იმით მესარგებლა, რაც სამხრეთში მოხდა ისრაელის საერთო დასუსტების მიზნით - ამგვარი ქმედება, ძალიან, ძალიან ძვირი დაჯდება“, - ამბობს ჰალევი.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ისრაელის უშიშროების ძალების მოუმზადებლობა ამგვარი იერიშისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, დიდხანს იგეგმებოდა და მზადდებოდა, მოსადის ყოფილი დირექტორი უპასუხებს: „შედეგი თავის თავზე მეტყველებს, სამწუხაროდ. და სამწუხაროდ, აშკარაა ისიც, რომ ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მოსალოდნელია, რომ როცა ომი დამთავრდება, გვექნება კომისია, რომელიც გაერკვევა დეტალებში, რა ხდებოდა წინა დღეებში, და ალბათ გაკეთდება დასკვნები. ამჟამად ჩვენი ყურადღება არ არის იმისკენ მიმართული, რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენი ყურადღება მიმართულია საკუთრივ ბრძოლისკენ და ომის მიმართულების შეცვლისკენ“, - ამბობს ჰალევი და იქვე დასძენს, რომ ჰამასის მიერ ასზე მეტი ისრაელელი მოქალაქის გატაცების თემა ასევეა ისრაელის შეშფოთების საგანი. ჰალევის თქმით, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი, დღემდე არნახული, ზომების მთელი წყება სამხედრო თვალსაზრისით ჰამასის დასასუსტებლად.

XS
SM
MD
LG