ექიმი ივაილო ივანოვი საქაღალდეში დოკუმენტებს ფურცლავდა თავის სადად მოწყობილ კაბინეტში, ბულგარეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე წყნარ სოფელ ნოვო სელოში, როცა 17 იანვარს მას მოულოდნელად ეწვივნენ.
ჩართული კამერით ხელში, ოთახში შეიჭრნენ ქვეყნის ყველაზე ცნობილი ანტივაქსერი, ვენცისლავ ანგელოვი და თანმხლები ქალი, რომლის ქმარი - ადრე გულით ავადმყოფი, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ივანოვმა, როგორც ჩანს, ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.
"მოგკლავ, გეუბნები, შე ნაბიჭვარო", ისმოდა ანგელოვის, ზედმეტსახელად "ჩიკაგოს", ყვირილი პირდაპირ ვიდეოეთერში მისი ფეისბუკის გვერდზე.
ანგელოვი, რომელიც მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციისაა და კორონავირუსის შეზღუდვებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლია, მოგვიანებით დააპატიმრეს ივანოვისადმი საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე. დაპირისპირების შემდეგ ანგელოვიც და ივანოვიც დასისხლიანებული იყვნენ.
ნოვო სელოს მერმა, მარია იორდანოვამ რადიო თავისუფლების ბულგარულ რედაქციას განუცხადა, რომ ივანოვი შეძრული იყო ინციდენტით და პოლიციას ჩვენება მისცა.
"ამჟამად რამდენიმე სოფელს არ ჰყავს ექიმი ამ შემთხვევის გამო", - განაცხადა იორდანოვამ 18 იანვარს.
ამ ინციდენტმა კვლავ მიაპყრო ყურადღება ბულგარეთს - ევროპის კავშირის წევრ ქვეყანას 7 მილიონამდე მოსახლეობით, სადაც 30 პროცენტზე ნაკლებია აცრილი და რომელიც პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის.
ბულგარეთში, 18 იანვარს, ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი - 11 181 შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა შორის დომინირებს ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტი - „ომიკრონი“.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა რიცხვმა ბულგარეთში 840 ათასს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი 32 ათასზე მეტია.
უცნობია, რა ბრალდებას წაუყენებენ, ან საერთოდ წაუყენებენ თუ არა ანგელოვს, მაგრამ ბულგარეთის სამედიცინო კავშირმა მოუწოდა პოლიციას, საქმე მთელი სისრულით გამოიძიოს.
კავშირი „არ შეეგუება ექიმების დამცირებას, შევიწროებას და მათზე თავდასხმებს, როცა ისინი ცდილობენ, თავიანთი საქმე აკეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
სამედიცინო პერსონალზე თავდასხმის ეს შემთხვევა ერთ-ერთია ორიდან, რომელთა შესახებაც ამ უკანასკნელ დღეებში გახდა ცნობილი ბულგარეთში.
კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა განყოფილების პალატაში მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ნათესავები საავადმყოფოში შეიჭრნენ რუსეში, ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქში, და ამტკიცებდნენ, რომ პაციენტს არ ჰქონდა ვირუსი და მის წაყვანას მოითხოვდნენ, - იუწყებოდა ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია 18 იანვარს.
ამ ორი ინციდენტის შემდეგ, ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრი, ასენა სერბეზოვა ბულგარეთის ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად გამოვიდა და ფეისბუკის პოსტში განაცხადა, რომ ისინი პატივისცემას იმსახურებენ და არა ძალადობას.
ახალმა ცენტრისტულმა მთავრობამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ხელმძღვანელობს, არაერთხელ მოუწოდა ბულგარელებს, აცრილიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ საავადმყოფოების გადატვირთვა, რის შედეგადაც საჭირო გახდებოდა შეზღუდვების გამკაცრება.
ანტივაქსერული სკეპტიციზმის დიდი ნაწილი ბულგარეთში გამყარებულია დეზინფორმაციით, რომელიც სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმით ვრცელდება ისეთი ადამიანების მიერ, როგორიცაა ანგელოვი და ასევე სხვა ცნობილი პირები და პოლიტიკოსები, პირველ რიგში - თუმცა არამხოლოდ - ულტრამემარჯვენე "აღორძინების" პარტიის წევრები, რომელთა დღის წესრიგი ემყარება ნატოსა და ევროპის კავშირის მიმართ წინააღმდეგობას, ასევე შეთქმულების თეორიებს კოვიდ-19-ზე.
პარტია "აღორძინების" წევრები და მათი ლიდერი, კოსტადინ კოსტადინოვი, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინაციას "ექსპერიმენტი" უწოდა, გამოვიდნენ 12 იანვარს, როცა სოფიის პარლამენტის შენობასთან დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა. პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის კორდონის წინ ისინი აპროტესტებდნენ ვაქცინაციას და კოვიდ-19-თან ბრძოლის სხვა ზომებს, მათ შორის, შესაძლო სავალდებულო აცრასა და ე.წ. აცრის პასპორტებს.
თუმცა, პარტია ამას წინათ უხერხულ მდგომარებაში ჩავარდა მას მერე, რაც კერძო და დამოუკიდებელმა ბულგარულმა არხმა, bTV-მ გაავრცელა ცნობა, რომ „აღორძინების“ ოთხმა დეპუტატმა აშკარად უგულებელყო პარტიის ხაზი და აიცრა.
ერთ-ერთმა მათგანმა, ივო რუშევმა, სხვების მსგავსად, ვისაც ტელეარხმა შეკითხვა დაუსვა, უარყო, რომ ეწინააღმდეგება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრას, მაგრამ მას პირადი არჩევანის საკითხი უწოდა.
„ბრძოლა აცრილებისთვის და აუცრელებისთვის კი არ მიდის. ამისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით ადამიანების უფლებებისთვის. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და ავიცერი“, - თქვა რუშევმა.
აცრის მოწინააღმდეგეები ბულგარეთში ხშირად იშველიებენ ატანას მანგაროვს, პედიატრს, ინფექციური დაავადებების სპეციალისტს.
მანგაროვი ბულგარეთის მედიაში ცნობილი პირია, ის პოპულარულია TikTok-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე. ინფექციონისტი საზოგადოებას უზიარებს თავის გამოცდილებას, ჰყვება, რატომ არ აიცრა თვითონ, იხსენებს ამბებს წარუმატებელი აცრების შესახებ და გამოდის აცრასთან დაკავშირებული ვალდებულებების წინააღმდეგ.
მანგაროვი უარყოფს აცრის შედეგად მოპოვებულ იმუნიტეტს და თვლის, რომ სარგებლის მომტანია მხოლოდ ინფექციის გადატანით მოპოვებული იმუნიტეტი, რომელიც, მისი თქმით, ერთადერთი გარანტიაა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ.
მანგაროვის და სხვების, მათ შორის ანგელოვის, მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის საპასუხოდ, ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 18 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არ მოიპოვება კოვიდ-19-ის ვაქცინასა და აცრის შემდეგ სიკვდილის შემთხვევებს შორის ურთიერთკავშირის სამეცნიერო დადასტურება.
სამინისტროს განცხადების ერთი ფრაგმენტი მოჰყავს რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს: „ბულგარეთში არ ყოფილა შემთხვევა, კოვიდ-19-ის ვაქცინასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დასტურდებოდეს“.
ნოვო სელოში მომხდარის შემდეგ რადიო თავისუფლებამ სცადა დაკავშირებოდა ანგელოვსაც და ივანოვსაც, მაგრამ უშედეგოდ.
ბულგარეთის ექიმთა კავშირი მხარში უდგას ექიმ ივანოვს და „ყველა ექიმს, ვინც ძალადობის სუბიექტია“ და სამართლებრივ მხრდაჭერასაც ჰპირდება მათ.
არ არის გარკვეული, რა ბრალდებას უყენებს, საერთოდ თუ უყენებს, პროკურატურა ანგელოვს, რომელიც ადრეც იყო შემჩნეული სამართალდარღვევებში. სექტემბერში აცრის მოწინააღმდეგეებმა, შავიზღვისპირა ქალაქ ვარნის აცრის ცენტრში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიკოსებს და ვაქცინაციის შეწყვეტა მოსთხოვეს.
ნოვო სელოს მერის, იორდანოვას თქმით, ივანოვი შოკირებული იყო ინციდენტის შემდეგ, მაგრამ „თავს შედარებით კარგად გრძნობდა, რამდენადაც ამ ვითარებაში მყოფი ადამიანი შეიძლება იყოს“.
იორდანოვა ჰყვება ასევე იმ კაცზე, რომელიც აცრის შემდეგ გარდაიცვალა. მერის ინფორმაციით, ოჯახი უკვე ათი წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და გარდაცვლილს გულის რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.
„ავადმყოფი გული ჰქონდა და ექიმს არაფერი უთხრეს“, - ამბობს იორდანოვა, რომელიც დასძენს, რომ ექიმ ივანოვს ამ და ასევე ახლომახლო სოფლებში დიდ პატივს სცემენ. „ექიმი ივანოვი წლების განმავლობაში გვემსახურება და ამგვარ დამოკიდებულებას არ იმსახურებს“, - ამბობს სოფლის თავი.
სტატია მომზადებულია პოლინა პაუნოვასა და დამიანა ველევას რეპორტაჟებზე დაყრდნობით