მარიამ და ივანმა (სახელები შეცვლილია) სულ 600 ლევი (350 ამერიკული დოლარი) გადაიხადეს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ყალბ საბუთებში. სერტიფიკატები გაზაფხულზე იყიდეს, რათა ჯერ საბერძნეთში და შემდეგ საფრანგეთში გამგზავრებულიყვნენ. დღეს იმიტომ ალაპარაკდნენ, რომ ჩადენილს ნანობენ, ახლა აცრა სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ - სისტემაში, საბუთების მიხედვით, მათ უკვე ორივე დოზა გაკეთებული აქვთ.
„ერთადერთი, რაც მაფიქრდება, ის არის, რომ მესამე დოზა გავიკეთოთ, როცა ეს შესაძლებელი გახდება. საბუთების მიხედვით, სამი დოზა გვექნება გაკეთებული, თუმცა სინამდვილეში - მხოლოდ ერთი. მაგრამ ერთი სჯობს არცერთს“, - გვითხრა მარიამ.
ბულგარეთის მთავარი სანიტარული ინსპექტორი, ექიმი ანგელ კუნჩევი ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროც და ჯანდაცვის რეგიონული ინსპექციაც უჩივლებენ ექიმებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ვაქცინაციის საბუთებით ვაჭრობენ, თუმცა რამის დამტკიცება ძალიან გაჭირდება.
რამის დამტკიცება ძალიან გაჭირდება...ექიმი ანგელ კუნჩევი
ერთადერთი, რის გაკეთებაც შეუძლიათ ჯანდაცვის ორგანოებს, არის ის, რომ პროკურატურას ამცნონ შემთხვევების შესახებ. პროკურატურამ თავის მხრივ განაცხადა, რომ დღესდღეობით არსებობს 14 საქმე ყალბი საბუთების შესახებ. გამოძიებაში აგრეთვე მონაწილეობენ უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამყალბებლები ჯერ არ გამოუვლენიათ. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ძალიან რთული იქნება ვინმეს დასჯა, მიიჩნევს ექიმი კუნჩევი. მიზეზი ისაა, რომ შეუძლებელია დამტკიცება, ჩაიტარა ადამიანმა ვაქცინაცია თუ არა, რადგან ადამიანების მცირე პროცენტს არ გამოუმუშავდება ანტისხეულები არც ვაქცინაციის და არც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ.
სერტიფიკატებით ვაჭრობა ხელმისაწვდომია მყიდველებისთვის და უსაფრთხოა გამყიდველებისთვის, რადგან მათ იციან, რომ სიყალბის დამტკიცება ძნელია.
ამჟამად ბულგარეთი ვაქცინაციის მიხედვით ბოლო ადგილზეა ევროკავშირში. მთლიანად აცრილია მოსახლეობის 20 პროცენტზე ოდნავ მეტი. უკანასკნელ კვირებში ქვეყანაში ე.წ. მეოთხე ტალღაა - რამდენიმე ათასი ინფიცირებულით და სიკვდილის ასზე მეტი შემთხვევით დღეში.
„ნამდვილი ვაჭრობა“
სოციალურ ქსელებში ადამიანების კომენტარების თანახმად, ვაქცინაციის სერტიფიკატების ყიდვა შესაძლებელია როგორც პატარა, ისე დიდ ქალაქებში, როგორც კერძო ექიმებთან, ისე დიდ საავადმყოფოებშიც. ფასები მერყეობს 200-დან 400 ლევამდე (120-240 ამერიკული დოლარი). გაცემული საბუთი კი ფორმალურად სავსებით რეალურია - აქვს აუცილებელი ნომერი, შეტანილია სისტემაში და მის მფლობელს შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება. თუმცა, ეს სერტიფიკატია მხოლოდ და სინამდვილეში აცრა არ მომხდარა.
ყალბი სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია სწრაფად და, ამასთანავე, ამაში გარეული ექიმები არც ცდილობენ „პაციენტების“ დარწმუნებას, მართლა ჩაიტარონ ვაქცინაცია. ისინი უბრალოდ ყრიან პრეპარატებს.
მარია და ივანი - რომელთაც არ სურთ ნამდვილი სახელების გამხელა, გვიყვებიან, რომ ეს „ნამდვილი ვაჭრობაა. ყველაფერი სწრაფად და იოლად მოხდა, ფასდაკლებითაც კი“.
„ჩვენ საკმაოდ სულელურად მოვიქეცით“
ყველაფერი გასულ ზამთარს დაიწყო. „მე და ჩემი ქმარი კორონავირუსით დავავადდით, ჩვენს ვაჟსაც გადაედო, მაგრამ მას თითქმის არ უგრძვნია, რომ ავად იყო“, - თქვა მარიამ. მას და მის ქმარს ვირუსი იქამდე ცოტა ხნით ადრე შეეყარათ, სანამ ბულგარეთში პირველ ვაქცინებს შემოიტანდნენ. მთელი ოჯახი დაავადდა.
როცა 2021 წლის გაზაფხულზე ბულგარეთში ვაქცინაცია დაიწყო, მათ თავიანთ პირად ექიმთან გაიარეს კონსულტაცია. „მან გვითხრა, დაგვეცადა, რადგან ჩვენ ბევრი ანტისხეული გვქონდა და არ იყო საჭირო, გვეჩქარა“, - დაამატა ივანმა. მის ცოლსაც სურს იმის ხაზგასმა, რომ მათ ოჯახში აცრის პრინციპული მოწინააღმდეგეები არ არიან.
მაისში, როცა საზაფხულო გეგმები გამოიკვეთა, სერტიფიკატების ყიდვა გადავწყვიტეთმარია
მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მედიაში მალევე დაიწყეს ლაპარაკი ვაქცინის თანმდევი მოვლენების შესახებ. „თავიდან პრობლემები იყო AstraZeneca-სთან დაკავშირებით, შემდეგ წავიკითხე Pfizer-ის გამო პრობლემების შესახებაც, და ამიტომ მაისში, როცა ჩვენი საზაფხულო გეგმები უკვე გამოიკვეთა, გადავწყვიტეთ, გვეყიდა სერტიფიკატები“, - ამბობს მარია.
„ბევრს ვმოგზაურობთ, PSR-ის ტესტების კეთების ვარიანტი არ განიხილებოდა, ვფიქრობდით, რომ დასავლეთში ყველგან მოითხოვდნენ სერტიფიკატს ვაქცინაციის შესახებ, მაგრამ ჯერ მთლად ცხადი არ იყო, როგორ მოხდებოდა ეს“.
ამიტომაც ოჯახმა გადაწყვიტა, ანტისხეულების ანალიზი გაეკეთებინათ. როცა დაადგინეს, რომ ჰქონდათ ანტისხეულები, მარიამ და ივანმა გადაწყვიტეს საბუთების ყიდვა.
„ორივეს გვქონდა ანტისხეულები და ყველგან ვკითხულობდით, რომ ვაქცინა თანმდევ მოვლენებს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არავინ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა ამ ოინის წყალობით“, - დაამატა მარიამ.
ზუსტად 24 საათი იყო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საბუთების ყიდვამდე.
„თავიდან გვითხრეს, რომ Pfizer-ის ორი დოზის ფასი 400 ლევია (240 აშშ-ის დოლარი), მაგრამ როცა გაიგეს, რომ ოჯახი ვართ, ფასიც დაგვიკლეს და მთლიანობაში 600 ლევი (350 აშშ-ის დოლარი) გადავიხადეთ“, - დაამატა ივანმა.
ყიდვა ადვილი იყო. წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, ნაცნობობით, სამუშაო დღის ბოლოს, ცოლ-ქმარი სოფიის ერთ-ერთ დიდ საავადმყოფოში გაეშურა.
„ჩვენს საბუთებში აღნიშნულია, რომ მეორე დოზა მაისის ბოლო თვეში გავიკეთეთ“, ამბობს მარია და ამტკიცებს, რომ მისთვის არავის უკითხავს, რატომ არ სურს აცრის გაკეთება. „მე მაინც ავუხსენი: ჩვენ ანტისხეულები გვაქვს და გვეშინია აცრის თანმდევი მოვლენების. პასუხი არ მიმიღია“, - თქვა მან.
ოქტომბრის დასაწყისში ივანს ანტისხეულების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა, მაგრამ მის ცოლს შეუმცირდა. ოჯახი ამის გამო შეწუხებულია და უკვე ნანობს.
მათი დაჭერა ძნელია, იმიტომ რომ იტყვიან, ანტისხეულები არ გამოუმუშავდათოექიმი კუნჩევი
„არ გვცრიან, მაგრამ თუ მესამე დოზის გაკეთება შესაძლებელი გახდება შედარებით ახალგაზრდებისთვის, მაშინ ჩვენც გავიკეთებთ“, - ამბობს მარია.
დეკემბერში მათი ვაჟი 12 წლის გახდება და ცოლ-ქმარი მის აცრასაც ფიქრობს: „ჩვენ უბრალოდ მოვიტყუეთ და საკმაოდ სულელურად მოვიქეცით. შიშის და, ცოტა არ იყოს, ქედმაღლობის გამოც“.
როგორ რეაგირებენ ინსტიტუტები?
როგორც ექიმი ანგელ კუნჩევი ამბობს, ქვეყანაში გამოვლინდა ძალიან სპეციფიკური შემთხვევა.
„ადგილობრივი ჯანდაცვის რეგიონულმა ინსპექციამ ქალაქში, სადაც ეს მოხდა, აღნიშნა, რომ არსებობს ჩანაწერი ვაქცინაციის შესახებ“, - განაცხადა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.
„შთამბეჭდავი იყო ის, რომ აცრების დიდ რაოდენობასთან ერთად, ეს ექიმი მთელი ბულგარეთიდან ჩასულებს ამარაგებდა პრეპარატებით. არიან პაციენტები ელხოვოდან, ვარნიდან, ის კი ცენტრალურ ბულგარეთში მუშაობს“, - თქვა კუნჩევმა. მან დაამატა, რომ პროკურატურა გაფრთხილებული იყო, მაგრამ საქმის განვითარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„მათი დაჭერა ძნელია, იმიტომ რომ იტყვიან, ანტისხეულები არ გამოუმუშავდათო“, - თქვა კუნჩევმა.
შაბათს გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, სიიკა მილევამ განაცხადა, რომ პროკურატურა ყალბი ვაქცინაციის შესახებ 14 შეტყობინებას განიხილავს.
„შეტყობინებები მოდიოდა შვიდი რაიონიდან, ძირითადად სოფიიდან“, - თქვა მან. მონაცემები, რომლებზეც ბრალდების მხარე მუშაობს, ძირითადად სექტემბრის თვისაა. „ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით“, - დაამატა მილევამ.
იქნება თუ არა სასჯელი?
ანდრეი იანკულოვმა, ყოფილმა პროკურორმა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ახლანდელმა ექსპერტმა იურიდიულ საკითხებში, რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ექიმები, რომლებიც სერტიფიკატებით ვაჭრობენ, დიდი ალბათობით, დაუსჯელნი დარჩებიან. მიზეზი ისაა, რომ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე ნორმატიული აქტით რეგულირდება.
„რაღაც მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია, მის შესახებ ნორმებს განსაზღვრავს დადგენილება იმუნიზაციის შესახებ და მინისტრის ბრძანება, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ პუნქტში ეხება დადგენილებას. ბრძანება მკაფიოდ არ განსაზღვრავს იმუნიზაციისთვის, სხვათა შორის, რეგისტრირებისთვის, პასუხისმგებელ პირებს”, - ამბობს იურისტი სამედიცინო სამართლის სფეროში, მარია შარკოვა.
ეს ქმნის დაბნეულობას. პრაქტიკაში, ბრძანება არეგულირებს მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეყვანის ვალდებულებას, მაგრამ არ ასახელებს მასზე პასუხისმგებელ პირებს, დასძინა ადვოკატმა.
შეიცვალოს განკარგულებები ისე, რომ ისინი ხელს არ უწყობდნენ ასეთ პრაქტიკასადვოკატი
ანდრეი იანკულოვის თქმით, სისხლის სამართლის მხრივ შეუძლებელია ამ საბუთის განხილვა, როგორც ყალბი შემადგენლობის მქონე დოკუმენტისა.
„იმისთვის, რომ არსებობდეს ყალბი შემადგენლობის დოკუმენტი, საჭიროა, რომ მას ჰყავდეს ავტორი. ეს მოწმობა კი არ ითვალისწინებს, რომ ავტორი უნდა იყოს მითითებული“, - განმარტავს იანკულოვი.
სისხლის სამართლის კოდექსის საგანგებო ტექსტსაც, ვინმესთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ მოწმობას, ასევე ვერ მიუყენებ ამ ყალბ საბუთებს, რადგან ვაქცინაციის შესახებ მოწმობა ასეთად არ მიიჩნევა.
ადვოკატ მარია შარკოვას თქმით, ეს ყველაფერი ადვილი გადასალახია.
უბრალოდ, წესების დაზუსტებაა საჭირო, უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა, ანუ, „შეიცვალოს განკარგულებები ისე, რომ ისინი ხელს არ უწყობდნენ ასეთ პრაქტიკას“, - თქვა ადვოკატმა.