Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს მუქარა დაძაბულობას ზრდის


მეწამორის ატომური ელექტროსადგური
მეწამორის ატომური ელექტროსადგური

ძველი მტრების - აზერბაიჯანისა და სომხეთის - სასაზღვრო კონფლიქტს ივლისის შუა რიცხვებში მოჰყვა სიტყვიერი გაფრთხილება, რომ გარკვეულ ვითარებაში აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის ბირთვულ სადგურს დაარტყას. შემაშფოთებელი მუქარაა, მაგრამ არა უპრეცედენტო.

აზერბაიჯანმა სომხეთთან სასაზღვრო კონფლიქტი ერთობ გაამძაფრა, როცა დაიმუქრა, რომ შეუძლია ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც „დიდი კატასტროფა“ იქნება სომხეთისთვის.

16 ივლისის ამ გაფრთხილებამ ერევანში გამოიწვია მღელვარება და გააღრმავა შეშფოთება, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს 1980-იანი წლებიდან ებრძვიან, მალე შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან.

12 ივლისს დაწყებული სროლის შედეგად, სულ 16 აზერბაიჯანელი და სომეხი პირი იქნა მოკლული მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრისპირა რეგიონში შეტაკებების დროს, რომელშიც მძიმე არტილერია, ტანკები და დრონები მონაწილეობდა.

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ემუქრებიან და ერთმანეთს აბრალებენ პროვოკაციებს, რომელთა დროსაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა ბოლო წლებში. არც ერთს არ სურს გამოჩნდეს სუსტი და არ სურს უკან დაიხიოს 30- წლიან დაპირისპირებაში.

არ არის ცხადი, რა სტრატეგიული თუ ტაქტიკური მიზანი არსებობდა ამ კვირის დაპირისპირების დროს, მაგრამ მინიშნება, რომ სომხეთის საბჭოთა პერიოდში აგებულ ატომურ რეაქტორზე შეიძლება სარაკეტო დარტყმა განხორციელდეს, რასაც მოჰყვება დიდი რაოდენობის მსხვერპლი და ჩერნობილის მსგავსი კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ბევრისთვის სიურპრიზი იყო.

"სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს, ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის", აღნიშნა განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიაჰლიმ, ოდნავ მოგვიანებით, 16 ივლისს, როცა ბრძოლა კვლავ განახლდა საზღვართან.

გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს, სომხური მხარე დაიმუქრა სამოქალაქო ობიექტზე, მინგეჩაურის კაშხალზე, თავდასხმით, მაგრამ წყაროს დადგენა რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ვერ შეძლო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწრაფად დაგმო დარგიაჰლის ნათქვამი, როგორც „სახელმწიფო ტერორიზმის მანიფესტაცია“ და აზერბაიჯანის „გენოციდური განზრახვის“ ამსახველი.

სომხეთში სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად რამდენიმე ქალაქი მდებარეობს, მათ შორის, მილიონიანი ერევანი 35 კილომეტრშია. სადგური სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის მესამედს გამოიმუშავებს.

ასეთი რამ მართლაც რომ მოხდეს, შედეგი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის და მის გარეთ...
ლოურენს ბროერსი

სომხეთში, ისევე როგორც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კარგად ახსოვთ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფა უკრაინაში.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როცა იმპერიას სისუსტე შეეპარა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დაიწყო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის გამო.

ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკვე 1994 წელს, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი, მისი მიმდებარე არეალების ჩათვლით, სომხური კონტროლის ქვეშ დარჩა. 30 ათასი ადამიანი შეიწირა დაპირისპირებამ, ათასობით ადამიანი ორივე მხარეს იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი არეალი.

ახლანდელი სასაზღვრო კონფლიქტი გამორჩეულია იმით, რომ ის მოხდა მთიანი ყარაბაღისგან მოშორებით, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაიშვიათი იყო საზღვრისპირა შეტაკებები, ხოლო 2016 წელს მოხდა შედარებით დიდი დაპირისპირება.

„მეწამორზე შესაძლო თავდასხმის ხსენება მართლაც საგანგაშოა“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლოურენს ბროერსი, ლონდონის Chatham House-ის კავკასიის პროგრამის დირექტორი, და დასძენს: „თუმცა ასეთი რამ მართლაც რომ მოხდეს, შედეგი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის და მის გარეთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ“.

ბროერსი თავის ნათქვამს ამატებს: „მე მგონია, ეს უფრო სომხეთის პოლიტიკური ეკონომიის სუსტ წერტილზე მინიშნებაა, რომ ეს არის ბირთვული სადგური, რომელიც მოძველდა და, ზოგიერთი შეფასებით, იმდენად მოძველდა, რომ სახიფათო გახდა“.

აშშ-მა, რუსეთმა და ევროკაშირმა მხარეებს მოუწოდეს დეესკალაციისკენ. კავკასიის ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია ბუნებრივი რესურსების მხრივ და მასზე არაერთი საერთაშორისო მილსადენი გადის.

აზერბაიჯანი, საკუთრივ, მდიდარია ნავთობითა და გაზით, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროს წარმოადგენს პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი მთავრობისთვის. „არსებობს მეწამორის სადგურის გაჩერების საფუძველი, მაგრამ სომხეთს ის სჭირდება, რადგან ენერგიის სხვა წყარო არ აქვს“, ამბობს ბროერსი. „ახლანდელი შეტაკების შესახებ მედიის ამ კვირის ლანშაფტში მეწამორის შემოტანა მსოფლიოს შეახსენებს ამ პრობლემას და ერგება აზერბაიჯანის აზრს, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამავე დროს, ეს არის გზა, მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს კონფლიქტს, რომელსაც მოიხსენიებენ ხოლმე როგორც „გაყინულს“, ამბობს ლონდონელი მიმომხილველი.

ალიევმა ერთი კვირის წინ საჯაროდ გამოთქვა გაფრთხილება, რომ ის დაიღალა გაჭიანურებული საერთაშორისო მცდელობებით, მშვიდობა დამყარდეს რეგიონში.

ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

საზღვარზე შეტაკებების პერიოდში ალიევმა დაითხოვა სტაჟიანი საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამადიაროვი, რომელსაც კრიზისის მოგვარების საქმეში პასიურობა დაბრალდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოს განცხადებაზე მეწამორის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომ „ის აჩვენებს აზერბაიჯანის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების იმედგაცურებასა და გონებრივ კრიზისს“.

ერევანმა მას უწოდა „საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის და, კერძოდ, ჟენევის კონვენციის პირველი დამატების დარღვევა“.

ენერგიით მდიდარი აზერბაიჯანი ბოლო ათწლეულში თავისი ბიუჯეტის დიდ ნაწილს მოახმარს შეიარაღებას, განსხვავებით ეკონომიკურად უფრო სუსტი მეზობლისგან.

ემილ სამანიანი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სომხეთის კვლევის დორნსაიფის ინსტიტუტში ბლოგერი და მკვლევარი, ამბობს, რომ ბაქოს მუქარა უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანს აქვს ისრაელისგან შეძენილი სარაკეტო სისტემა. „სიცხადისთვის უნდა ითქვას: გუშინ გამოქვეყნებული განცხადებით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იმუქრება, რომ აამოქმედებს ისრაელისგან შეძენილ LORA-ს სისტემის ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტებს, რათა თავს დაესხას სომხეთის ატომურ სადგურს და გამოიწვიოს რადიოაქტიური გამოსხივება“.

სამანიანი ამატებს, რომ ასეთი მუქარა პირველი არ არის. 2018 წელს ბაქო ანალოგიურად დაიმუქრა, როცა ისრაელისგან ეს რაკეტები შეიძინა.

16 ივლისს აზერბაიჯანის წარმომადგენელი შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის, მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენელს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა, განაცხადა, სომხეთი გადაიხდის „აზერბაიჯანზე თავდასხმისთვისო“. აზერბაიჯანელი თურქების ტკივილი ჩვენი ტკივილიაო, განაცხადა მან.

იმავე დღეს ერევანმა თურქეთს უწოდა „სომხეთისა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის მუქარა“ და დაამატა: „საჭიროა ფართო საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა, რათა ამას წინ აღვუდგეთო“.

ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელსაც აშშ, რუსეთი და საფრანგეთი თანათავმჯდომარეობენ, 1992 წლიდან არსებობს და მისი ამოცანაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მტკიცე მშვიდობის ჩარჩოს შექმნა, თუმცა მას არ მოუწვევია სამიტი, რომელშიც აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოთა მეთაურები შეძლებდნენ მონაწილეობას.

გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ, შუამავალ ქვეყნებს მოუწოდა, მიმდინარე კრიზისის თაობაზე „წონასწორობა“ დაიცვან.

XS
SM
MD
LG