ამასობაში 9 თვეზე მეტი გავიდა რუსეთის ინტერვენციიდან, რომლის დასრულების მზაობაზე მინიშნებაც კი არ ჩანს ვლადიმირ პუტინის მხრიდან, როდესაც დასავლეთში სულ უფრო აქტიურდება საუბარი არა მხოლოდ უკრაინის ომისშემდგომ აღორძინებაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს და ვინ დააფინანსებს, როგორც ზელენსკიმ უწოდა, „ჩვენი დროის ევროპის უდიდეს ეკონომიკურ პროექტს“, რომლის საერთო მოცულობა, დიდი ალბათობით, ასობით მილიარდი დოლარი ეღირება.
ამ შეკითხვებზე პასუხი უკრაინისათვის ნათელია: თუ გვინდა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური. „რუსეთის მიერ საზღაურის გადახდას ალტერნატივა არ აქვს“, - ამბობს სამართალმცოდნე მარკიან კლიუჩკოვსკი, რეპარაციის საკითხებზე მომუშავე უკრაინის სამთავრობო გუნდის წევრი. „თუ რუსეთი უარს იტყვის მის მიერ მიყენებული ნგრევისა და ტანჯვის სანაცვლოდ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, მაშინ ჩვენ, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ვაიძულოთ მას ამ საფასურის გადახდა“, - უთხრა კლიუჩკოვსკიმ რადიო თავისუფლებას.
მრავალი უკრაინელის მსგავსად, კლიუჩკოვსკიც ეყრდნობა გაეროს გენერალურ ასამბლეის მიერ 14 ნოემბერს მიღებულ არადამავალდებულებელ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ომით მიყენებული ზარალის კომპენსაციისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას, რომელშიც გაწერილია ომით მიყენებული ადამიანური დანაკარგის, მატერიალური ზარალის და ზიანისათვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდის მექანიზმები, - საერთო ჯამში მხარი 50-მა სახელმწიფომ დაუჭირა.
მაგრამ რუსეთს დოკუმენტისთვის ხმა არ მიუცია. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ელჩმა ნებეზნიამ განაცხადა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები გენერალურ ასამბლეისათვის სასამართლო ორგანოს ფუნქციის მინიჭებას შეეცადნენ, რაც მას არ ევალებაო.
ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას ინარჩუნებს, რუსეთს შეუძლია დაბლოკოს ამ გლობალური გაერთიანების ფარგლებში სამართლიანობის ძიებისკენ მიმართული უკრაინის მცდელობა.
მარშალის გეგმის მოდელით
ამ ფონზე, დასავლეთში ბევრი საუბარია რუსეთის პასუხად კოლექტიური დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ახალ მარშალის გეგმაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1947 წელს, მაშინდელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ მარშალის წინადადებით, დასავლეთ ევროპის აღორძინებისათვის შემუშავებული აშშ-ის წარმატებული პროგრამის მოდელით შეიქმნა. ახალი მარშალის გეგმის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ გარდა ფინანსებისა, ეს პროგრამა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციის მქონე უკრაინას დემოკრატიული განვითარების მხრივაც მოუტანს სარგებელს.
ომის შემდგომი უკრაინის რეკონსტრუქციის თაობაზე ვაშინგტონში მდებარე გერმანიის მარშალის ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლელი სპონსორები ფრთხილად მოეკიდებიან დიდი თანხების ინვესტირებას უკრაინაში, ამ ქვეყნის კორუფციული რეპუტაციის გამო.
ამასთან ეს არის ბერკეტი, რომელიც უკრაინას უბიძგებს გადახედოს მის სასამართლოებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, მკაცრად დაიცვას შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტები, თუ ნამდვილად სურს ევროპაში სწრაფი ინტეგრაცია, რისკენაც, ანგარიშის თანახმად, უკრაინას გზას უხსნის უკვე მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ამგვარი დახმარების პაკეტი უკრაინას უზრუნველყოფს ძალზე მნიშვნელოვანი დასავლური ტექნოლოგიებით და ბიძგს მისცემს ქვეყნის წინსვლას, - განმარტავს ჯეიკობ კირკეგაარადი, ერთ-ერთი თანაავტორი გერმანიის მარშალის ფონდის ანგარიშისა: „უკრაინის აღორძინების კონსტრუირება მარშალის გეგმის სულისკვეთებით.“
„ფართო ინფრასტრუქტურული, დიდწილად საბჭოური ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ევროპული სტანდარტებით აღორძინება, უკრაინის მოდერნიზებულ ინფრასტრუქტურას კონკურენტულად გადააქცევს ევროკავშირის შიგნით“, - უთხრა კირკეგაარადმა რადიო თავისუფლებას.
ეს დაფინანსება შეავსებს იმ დახმარებას, რასაც დასავლეთი არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკით, არამედ ფინანსების მხრივ უწევს კიევს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მთავრობის შეუფერხებელი მუშაობა.
მაგრამ, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ახლახან განაცხადა, უკრაინას 2023 წელს ყოველთვიურად დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება. „ეს არ არის იოლი ამოცანა“, - განაცხადა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა, კრისტინა გეორგიევამ 25 ოქტომბერს, უკრაინის აღორძინებისა და მაკრო-საფინანსო საჭიროების თაობაზე გამართულ მსოფლიო ლიდერთა შეხვედრაზე.
უკრაინისათვის მიყენებული ზიანი
საფასური, რომელსაც უკრაინა იხდის რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად, უზარმაზარია და მზარდი.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 ოქტომბერს, რუსეთს უკრაინაში 40 000-ზე მეტი ომის დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი.
ინტერვენციის შედეგად 14 მილიონამდე უკრაინელი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლ-კარი, რაც, როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, წარმოადგენს „მოსახლეობის ყველაზე სწრაფ და დიდ იძულებით გადაადგილებას“, რაც კი მსოფლიოს ათწლეულების განმავლობაში უნახავს.
ომის გამო, 32 %-ით შემცირდა უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობა, რაც ბევრად მეტია იმ ზარალზე, რაც აშშ-მა განიცადა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის განმავლობაში.
რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეა უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნის კრიტიკული, დიდწილად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსეთის არმიამ მარიუპოლის მსგავსად, მიწასთან გაასწორა ბევრი უკრაინული ქალაქი. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შედეგად ქვეყანას მიადგა 326 მილიარდი დოლარის ზარალი, ხოლო გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის უკრაინას 105 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.
თანაც ეს 105 მილიარდი ოდნავ უფრო ნაკლებია ამ თვის ბოლოს კიევის ეკონომიკური სკოლის მიერ გაკეთებულ ბოლო გათვლასთან შედარებით. რამდენიმე სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შეჯერებით, ამ ინსტიტუტის მკვლევრებმა დოკუმენტურად დაადასტურეს 127 მილიარდი დოლარის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურული ობიექტების გარდა, მოქალაქეთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ უძრავ ქონებას ომის შედეგად მიადგა.
ორთავე ეს მონაცემი ფერმკრთალდება იმ ციფრთან შედარებით, რომელიც 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ განცდილი ზარალის საილუსტრაციოდ მოიტანა. უკრაინის რეკონსტრუქციისთვის „საჭირო იქნება 1 ტრილიონ დოლარზე მეტი“, განაცხადა ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, „ეს უნდა იყოს ჩვენი დროის ევროპის უდიდესი ეკონომიკურ პროექტი“.
ზელენსკის მიერ მოტანილი ციფრები უფრო მაღალია იმიტომ, რომ რეკონსტრუქციის გარდა იგი ითვალისწინებს ასევე ქვეყნის მთელი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებასო, - აღნიშნავს ჯეიკობ კირკეგაარადი.
რეპარაციების ისტორია
ომის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია, ანუ რეპარაციის გადახდა საუკუნეების განმავლობაში ეკისრებოდა კონფლიქტში დამარცხებული მხარეს. პირველი და მეორე პუნიკური ომების შემდეგ, რომმა უზარმაზარი კონტრიბუციის გადახდა დააკისრა კართაგენს.
ასევე გერმანია უზარმაზარ სამხედრო რეპარაცია დაეკისრა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც დამარცხებულ და ომის გაჩაღებაში დამნაშავე მხარეს, რაც ადოლფ ჰიტლერის მესამე რაიხის აღზევების ფაქტორად ითვლება. ხოლო ომით მიყენებული ზარალისათვის დაკისრებული კომპენსაცია გერმანიამ საბოლოოდ 2010 წელს დაფარა.
გერმანიას მძიმე რეპარაციის გადახდა დააკისრეს მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.
„მაგრამ ბოლო დროს სამხედრო რეპარაციები წინა პლანზე გამოვიდა ოთხი თუ ხუთი საერთაშორისო კონფლიქტის შემთხვევაში“, - ამბობს ლორი ბლანკი, ემორის იურიდიული სკოლის პროფესორი. ამ კონფლიქტებს შორისაა ერაყის ინტერვენცია ქუვეითში, ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი 1998-2000 წლებში, ასევე უგანდის სამხედრო ჩარევა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საქმეებში.
„ამის შედეგად სახელმწიფოთაშორის რეპარაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას „თაგუნას მეხსიერება“ აქვს“, - დაწერა ბლანკმა მაისში უკრაინის ომის რეპარაციასთან დაკავშირებით Just Security-ს ფორუმისათვის დაწერილ სტატიაში.
რა აიძულებს რუსეთს რეპარაციის გადახდას?
ხსენებულ სტატიაში, ბლანკი ყურადღებას ამახვილებს ორ ვარიანტზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთის იძულება, რომ გადაიხადოს ომის რეპარაცია. ერთია ამ ვალდებულების შეტანა მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეულ სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებში, რაც ამ ეტაპზე ისევე არარეალისტურად გამოიყურება, როგორც ომის დასრულება.
ბლანკის თქმით, მეორე შესაძლებლობას წარმოადგენს პროცესზე დამკვირვებელი მრავალმხრივი კომისია ან ისეთი საერთაშორისო მექანიზმი, როგორიც იყო ქუვეითში ერაყის ინტერვენციის (1990 წელი) და სპარსეთის ყურის ომის (1991 წელი) დროს შექმნილი გაეროს საკომპენსაციო (UNCC) კომისია.
სხვა ექსპერტების მსგავსად, სამართალმცოდნე მარკიან კლიუჩკოვსკი, ქუვეითისთვის შექმნილ გაეროს საკომპენსაციო (UNCC) კომისიას მიიჩნევს უკრაინისათვის მისაღებ მოდელად. მაგრამ ვინაიდან რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს, ასეთი იდეის მხარდაჭერა არარეალურად ჩანს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციიდან მალევე ევროპულმა კომისიამ და საერთაშორისო სამიზნე ჯგუფში შემავალმა ქვეყნებმა - აშშ-მა, ბრიტანეთმა, კანადამ, საფრანგეთმა, იტალიამ და იაპონიამ გაყინეს საზღვარგარეთ არსებული 30 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის დააყადაღეს მდიდრული იახტები და ვილები, რომელიც კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებსა და რუსეთის ელიტის სხვა წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ.
სანქცირებული მაღალჩინოსნების ანგარიშების გარდა, აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასევე გაუყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი დოლარის აქტივები.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სლოვაკეთი მხარს უჭერენ უკრაინის მოთხოვნას, რომ ეს აქტივები გამოყენებულ იქნეს, როგორც ომის რეპარაციის ნაწილი. ივნისში „დიდ შვიდეულში“ შემავალი განვითარებული ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შეისწავლიან ამ იდეას.
თუმცა აქტივების გაყინვა და აქტივების კონფისკაცია, ეს სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებული ორი განსხვავებული პროცესია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯენეტ იელენმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია რუსეთის ხსენებული საბანკო აქტივების კონფისკაცია.
იურისტი ენდრიუ ბოილი ამის მიზეზად ასახელებს აშშ-ის ფედერალურ კანონს, საგანგებო საერთაშორისო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ (IEEPA), რომელიც გაყინული აქტივების კონფისკაციის ნებართვას ვაშინგტონს მხოლოდ ძალიან სპეციფიკური ვითარების შემთხვევაში აძლევს.
"ნაკლებ სავარაუდოა, რომ აშშ-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები უკრაინას გადასცეს 1) რუსეთის დასტურის გარეშე ან 2) (IEEPA)-ს ფედერალურ კანონში კონგრესის მიერ შეტანილი ცვლილების გარეშე“, - უთხრა ენდრიუ ბოილმა რადიო თავისუფლებას.
ამ საკითხზე საკუთარი წინადადება აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების საკითხების უმაღლეს კომისარ დიდიე რეინდერსს, რომელიც ფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო რეზერვები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ერთგვარი „გაცვლითი მონეტა“. (sort of bargaining chip).
„ჩემი აზრით, ეს 300 მილიარდი ევრო (316 მილიარდი დოლარი), სულ მცირე, შესაძლებელია, რომ დავიტოვოთ როგორც გარანტია, ვიდრე რუსეთი თავის ნებით არ დათანხმდება უკრაინის რეკონსტრუქციაში ნებაყოფლობით მონაწილეობას“, - განაცხადა რეინდერსმა ოქტომბრის ბოლოს.
30 ნოემბერს ევროკავშირის ხელმძღვანელობა გამოვიდა წინადადებით გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმის შემუშავების თაობაზე, რასაც ექსპერტების თქმით, წინ სამართლებრივი დაბრკოლებები ეღობება. "რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აანაზღაურონ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღორძინებისთვის საჭირო ხარჯების ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც დასძინა, რომ "ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთს ეს საფასური გადავახდევინოთო."
მიუხედავად წინააღმდეგობის ჯეიკობ კირკეგაარადი ასევე იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი "დაკარგავს გაყინულ სუვერენულ აქტივებს, რომელიც ომის დე-ფაქტო რეპარაციისთვის უკრაინას მოხმარდება". ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ რუსეთი მის მიერ გაჩაღებული ამ ომიდან გამოვა, როგორც „კიდევ უფრო ღარიბი ქვეყანა."
უკრაინელ ადვოკატ კლიუჩკოვსკისთვის კი უმთავრესია, რომ რუსეთმა რეპარაცია გადაიხადოს. „ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზა, რომელიც დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართალი მუშაობს", - განაცხადა მან. "თუ რომელიმე სახელმწიფო, როგორც რუსეთი, ჩაიდენს საერთაშორისო სამართლის აღმაშფოთებელ დარღვევებს და დაუსჯელი დარჩება, ამის მერე რა უნდა ვიფიქროთ საერთაშორისო სამართალზე? ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს", - ამბობს კლიუჩკოვსკი.