Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა გოგოლაშვილი: „რუსეთმა უნდა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან“


"რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ შეიძლება დამთავრდეს ისეთი ზავით, რომლის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდება რუსეთთან ურთიერთობები, საქმიანი კავშირები, კულტურული თანამშრომლობა და სხვა.

„არა იმიტომ, რომ ვინმეს, მათ შორის უკრაინელებს და დასავლეთს ომი ან შურისძიება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს ომი რუსეთმა ლეგალური მიზეზის და საბაბის გარეშე დაიწყო, რითაც დაარღვია გაეროს წესდების 51-ე მუხლი (Jus ad bellum), რომელიც ომის გამოცხადების უფლებას მხოლოდ ლეგიტიმური თავდაცვის აუცილებლობას უკავშირებს. შემდეგ ომი აწარმოა ჰუმანიტარული სამართლის (IHL) სრული დარღვევით“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ჟენევის 1949 წლის კონვენციები (4 კონვენცია) განსაზღვრავს ომის წარმოების წესებს (Jus in Bello), ძირითადად, სამხედრო ტყვეების, დაჭრილთა და ინვალიდთა ან სამოქალაქო პირების მიმართ ომის პირობებში მოპყრობის წესებს. ასევე გულისხმობს გარკვეული სახის იარაღის გამოყენების უფლების შეზღუდვას ან აკრძალვასაც, სამოქალაქო ობიექტებზე შეტევის მიტანას, თუ ამას შეიძლება მოჰყვეს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლებას შორის, ასევე განურჩეველი შეტევის (დაბომბვის ან სხვა) განხორციელებას.

„ყველა ეს კონვენცია დარღვეულია მასობრივად რუსეთის მიერ - ამის მაგალითებია ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი (სადაც მიზანმიმართულად დაიბომბა შენობები თავშეფარებული მოქალაქეებითურთ), - ამბობს კახა გოგოლაშვილი, - ასევე, ადგილი აქვს პერმანენტულ შეტევებს არასამხედრო დანიშნულების ობიექტებზე და მოქალაქეების დიდი კონცენტრაციის ადგილების დაბომბვას. დადასტურებულია ომის ტყვეების დახვრეტის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ცნობილია სამოქალაქო დანიშნულების, მათ შორის, სურსათის საწყობების, სასმელი წყლითა და ელექტროენერგიით მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგების ინფრატრუქტურის ობიექტების, სკოლების, საბავშვო ბაღების და სხვ. განადგურების შემთხვევები“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, ომს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოძიება, თანაც არა მარტო კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, არამედ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და შესაბამისად გამოტანილი განაჩენით:
„რუსეთს უნდა დაეკისროს ადეკვატური ფინანსური ჯარიმა (რეპარაცია), საკმარისი იმისთვის, რომ ანაზღაურდეს უკრაინისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი. აუცილებელია რუსეთმა აღიაროს დამარცხება და ითანამშრომლოს საერთაშორისო სასამართლოსთან, ან გასამართლდეს როგორც დანაშაულში მხილებული სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში ომი გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც, ოღონდ სხვა - ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით“.

კახა გოგოლაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო.

„ბოლო ხანებში საუბრობენ რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე. არა მგონია, ასეთ ქვეყანასთან დაახლოების ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენთვის დამაზიანებელი არ იყოს. პირიქით, სანამ ომი არ შეწყვეტილა, იქ ხელისუფლება არ შეცვლილა და პოლიტიკა ნორმალურობისკენ არ შემობრუნებულა, უნდა ვეცადოთ ამ ქვეყნისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩათვლით“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

XS
SM
MD
LG