“ეს იქნება უბრალო 12 წლის ბავშვი, ოღონდ კოსტიუმში გამოწყობილი, რომელსაც თავს დასტრიალებს მთელი ეს ჩინოვნიკობა და სამხედროები. და ყველა მათგანი ისე მიმართავს მას, თითქოს 60-ის ან 70 წლის იყოს”, - ასე პასუხობს შოტლანდიელი სატირიკოსი, სცენარისტი და რეჟისორი არმანდო იანუჩი რადიო თავისუფლების კითხვას - ვის ათამაშებდა პუტინის როლს. ვაჟა თავბერიძემ, რომელიც იანუჩის თბილისში, ამბის მთხრობელთა ფესტივალ “ზეგზე” შეხვდა, ვრცელი ინტერვიუ ცნობილ სატირიკოსთან მისი გახმაურებული და რუსეთში აკრძალული ფილმის, “სტალინის სიკვდილის” შესახებ კითხვით დაიწყო.
რადიო თავისუფლება: პირდაპირ მძიმე არტილერიით დავიწყოთ: „სტალინის სიკვდილი“ უკვე გადაიღეთ - და სიკველის გადაღებაზეც ხომ არ ფიქრობთ, დღევანდელი დიქტატორით?
არმანდო იანუჩი: „პუტინის სიკვდილის“ გადაღებას თუ გულისხმობთ, ამისთვის მოვლენები გარკვეული მიმართულებით უნდა განვითარდეს. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ... ჩემი კარიერის უმეტესობა სიმართლის, ჭეშმარიტების აღსასრულზე რეაგირებას შევალიე. და ამაში, ცხადია, პუტინსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი - მის იერიშს - რისი თქმა შეიძლება, რისი კი არა! რომ რუსეთში შეიძლება დაგაპატიმრონ, თუ ომს ომს დაუძახებ. ეს ომი არაა?! ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა და რამდენიმე კვირაში მორჩება, რა გადარდებთ? ცარიელი პლაკატითაც კი თუ გამოხვალთ ქუჩაში, შეიძლება დაგაპატიმრონ, რადგან ეს პროტესტის, წინააღმდეგობის ფორმად აღიქმება.
რადიო თავისუფლება: „გაგახარებთ“ და გეტყვით, რომ ეს უკვე საქართველოშიც ხდება.
იანუჩი: გამოდის, თანდათან ვრცელდება.
რადიო თავისუფლება: მოდით, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ფილმი „პუტინის სიკვდილი“ მართლაც გაგიხდათ გადასაღები - რამდენად სწორი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სცენის და კოსტიუმების გამოცვლა მოგიწევთ, აი, დიალოგების და ციტატების კი მეტწილად არა?
იანუჩი: იცით, უკვე ხშირად გვესმის, რომ პუტინისთვის მხოლოდ იმის თქმას ბედავენ, რისი გაგონებაც მას სურს. ასე მაგალითად, აჩვენეს უკრაინაში შეჭრის სცენარი, უთხრეს, რომ ომი მალევე მომთავრდებოდა, რომ ხალხი უკრაინაში რუსებს მიესალმებოდა და... და ეს ისაა, რაც ხდება, როდესაც შიშს და ტერორს ავრცელებ შენ გარშემო. ამაზეა „სტალინის სიკვდილიც“ - რომ ეს კაცი იმდენად თავზარს სცემდა ყველას მის გარშემო, რომ მისი სიკვდილიც კი ამან გამოიწვია - შუაღამისას დაეცა დამბლა, მაგრამ ხალხი ისე იყო დაშინებული, კარის გაღებას ვერ ბედავდნენ, რომ ენახათ, კარგად იყო თუ არა. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, რომ ერთ რომელიმე ექიმთან დარეკვა ვერ გაბედეს - მთელი სამედიცინო კომიტეტი მოიწვიეს. ვფიქრობ, პუტინიც მსგავს ვითარებაშია, და ახლა, იმის გამო, რომ მისი რისხვის ასე ეშინიათ, „აჭმევენ“ ფაქტებს, თუმცა, რაღა ფაქტებს - გამოგონილ პოზიტიურ ცნობებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაბედავ და იმას ეტყვი, რაც ხდება, დაგაპატიმრებენ. საპნის ბუშტი შექმნა და ამ საპნის ბუშტში ცხოვრობს - და ვფიქრობ, საბოლოოდ სწორედ ეს მოუღებს ბოლოს.
რადიო თავისუფლება: რა შეიძლება უთხრა პუტინს - მოდით აქედან გადავიდეთ იმაზე, რა შეიძლება თქვა პუტინზე. მას ხომ, მსოფლიოს ბევრი სხვა დიქტატორის მსგავსად, იუმორსა და კომიზმზე „ალერგია სჭირს“.
იანუჩი: ოჰ, რა თქმა უნდა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
იანუჩი: როდესაც „სტალინის სიკვდილისთვის“ ცნობებს ვაგროვებდით, ხალხი, რომელიც სტალინის დროს გაიზარდა, გვეუბნებოდა, რომ არსებობდა ხუმრობების წიგნაკები, სადაც აშარჟებდნენ სტალინს, ბერიას, გულაგს, დახვრეტებს და ა.შ. და შენ თვითონაც შეიძლებოდა დაეხვრიტეთ, თუ ასეთ ხუმრობებს იტყოდი, ან ამ წიგნს გიპოვიდნენ, მაგრამ ეს ხალხი აი, რას ამბობდა: სიტუაცია იმდენად აბსურდული იყო, რომ ერთადერთი, რაც დაგრჩენოდა, იყო ის, რომ ამაზე გეხუმრა. ან უნდა გეხუმრა, ან უნდა გეკივლა. და კი, კომედია ზოგჯერ ერთადერთი გასაღებია აბსურდის ასახსნელად, მაგრამ აქ იყო მეორე განზომილებაც: კი, სტალინს შეუძლია დამაპატიმროს, ოჯახი, ქონება წამართვას, მაგრამ თუ ისევ შემიძლია მასზე ვიხუმრო, ე.ი. გონება ჯერ არ წაურთმევია. და ამიტომაა, რომ ავტოკრატებსა და დიქტატორებს ჭირის დღესავით სძულთ ხუმრობა და ზოგადად, ეჭვით უყურებენ ყველანაირ ხელოვნებას - რადგან არ შეუძლიათ, შენი რეაქცია გააკონტროლონ. ვთქვათ, ვიღაცამ იხუმრა, და შეიძლება ეს უხეირო ხუმრობა იყოს, ან უგემოვნო, მაგრამ, თუ გაგეცინება, იცინი და ეგაა. ვერ აკონტროლებ - ბუნებრივი რეაქციაა. მათ არ მოსწონთ, რომ ვერ აკონტროლებენ იმას, რა რეაქცია გექნება ხუმრობაზე.
თუ ვერ იტან, რომ შენზე ხუმრობენ, ე.ი. შენშია პრობლემა, რაღაც კარგად ვერ გაქვს. ესაა პარანოია და შიში
რადიო თავისუფლება: ამის ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია, თანამედროვე სამყაროში, გქონდეს დაცინვის, გაშარჟების, გაპამპულავების უფლება?
იანუჩი: ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ვერ იტან, რომ შენზე ხუმრობენ, ე.ი. შენშია პრობლემა, რაღაც კარგად ვერ გაქვს. ესაა პარანოია და შიში, რომელიც უწყინარ ხუმრობასაც კი შეურაცხყოფად აღიქვამს. მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, დონალდ ტრამპს არ ეზარებოდა და ბეჯითად ტვიტავდა „შაბათის ღამის შოუს“ თითოეული ლაივის შემდეგ, თუ რამდენად ცუდი იყო მათი იუმორი. რომ მისი პაროდია საშინლად გააკეთეს, ხუმრობა კი უკბილო იყო. იცით, ისინი არ ამბობენ ხოლმე - არ მინდა, ჩემზე იხუმროთ. იციან, რომ ეს წამგებიანი სვლაა. ამის ნაცვლად ამბობენ: მე იმდენად მაგარი ვარ კომედიაში, რომ გეუბნებით, აი, ეს თქვენი ხუმრობები ჩემზე არ ვარგა, სასაცილო არ არის. მთელი ეს აჯაგრულობა, იუმორის მიუღებლობა - ეს პირველი ნიშანია მოწყვლადობის, სუსტი წერტილისა. თუ ვერ იტანენ, როცა მათზე ხუმრობ, ე.ი. მათ ჯავშანში ნახვრეტებია.
რადიო თავისუფლება: და შემდეგ, ასე ვთქვათ, შეგიძლია დრაკონი მოკლა.
იანუჩი: დიახ. მთლად მოკვლის რა გითხრათ, მაგრამ...
რადიო თავისუფლება: სულ მცირე, „შეუჩხიკინებ“.
იანუჩი: ჰო.
რადიო თავისუფლება: როდესაც - და თუ - მოგიწევთ პუტინის სატირიზება თქვენს მომავალ ნამუშევრებში, რას დაუმიზნებდით, რას ამოიღებდით მიზანში? რა არის მისი აქილევსის ქუსლი?
არმანდო იანუჩი: მისი იზოლაცია, ასე ვფიქრობ. ეს ისაა, რაზეც ყველა... აი, იკონური სიმბოლოა ის მასიური, გრძელი მაგიდა, სადაც ის ხალხს ხვდება, 12 ფუტის სიგრძის, სიქსტეს კაპელაზე დიდი... აი, ამას [დავუმიზნებდი]... ჩემს წარმოსახვაში ის ცხოვრობს სამყაროში, სადაც ხალხი ყოველდღე უფრო და უფრო შორდება მას... და ბოლოს რაც შერჩება, მხოლოდ საკუთარი თავი და ჩრდილია... მერე ალბათ ეს ჩრდილი და თავისი ანარეკლიც შეაშინებს... და თანდათან ისინიც პატარავდებიან... ძალიან მარტოსულ ფიგურად მოჩანს.
რადიო თავისუფლება: ალბათ თვლის, რომ დიდი ცარი ასეთიც უნდა იყოს...
არმანდო იანუჩი: დიახ. და სწორედ ამაზე არ წუწუნებს მუდმივად? რომ დასავლეთი რუსეთს დასცინის, დანარჩენი სამყარო ჩვენზე იცინისო... ახლა ხომ აღარ იცინით?! ეს, ვფიქრობ, ძალიან ადამიანური სისუსტეა, მოწყვლადობა, შიში, რომ თავს დაგესხმებიან...
რადიო თავისუფლება: დაუცველობა?
იანუჩი: დაუცველობის გრძნობა, რომელსაც უმკლავდება მარტოოდენ მაჩოობით... აი, ჩვენ რაკეტები გვაქვს, კიდევ უფრო უარესი რამეები გვაქვს... ერთი სიტყვით, მუქარები... ეს bully-ზე, მჩაგვრელზე მიანიშნებს. ეს ბულინგია, ოღონდ [პუტინი]ისეთი bully-ა, რომელიც მსოფლიო სცენაზე „ასპარეზობს“.
რადიო თავისუფლება: თავიდან, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ განვიხილავდით შესაძლებელ „სიკველს“, მაგრამ მგონი, უკვე შეიძლება ვარაუდი, რომ როცა ომი მორჩება, ამ ყველაფერზე ფილმებს გადაიღებენ, არა? ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ, ჰოლივუდი იქნება ეს თუ რუსები. ამიტომ ასეთი, ტაბლოიდური კითხვა: არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ იქნებით რეჟისორი თუ არა, მსახიობების შერჩევაზე რომ იყოთ პასუხისმგებელი, ვის მიანდობდით პუტინის როლს?
იანუჩი: ვფიქრობ, 12 წლის ბავშვს.
რადიო თავისუფლება: უბრალოდ 12 წლის ბავშვს?
იანუჩი: 12 წლის ბავშვი, ოღონდ კოსტიუმში გამოწყობილი, რომელსაც თავს დასტრიალებს მთელი ეს ჩინოვნიკობა და სამხედროები. და ყველა მათგანი ისე მიმართავს მას, თითქოს 60-ის ან 70 წლის იყოს.
რადიო თავისუფლება: მგონი სჯობს დააპატენტოთ ეგ იდეა, დიდებული რამეა. განვაგრძოთ - მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, მაშინ, როდესაც ის უკვე სიკვდილს ებრძოდა. და ერთ-ერთი საფირმო ნიშანი საბჭოობისა იყო ის, რომ ხშირად, შეუძლებელი იყო ფარსისა და რეალობის გარჩევა. ფარსი და აბსურდულობა აღწევდა იმ მასშტაბებს, როცა მათსა და რეალობას შორის გამყოფი ხაზი ქრებოდა და ისინი ერთმანეთს ანაცვლებდნენ. თქვენ დიდებულად ასახეთ ეს ყველაფერი „სტალინის სიკვდილში“, მაგრამ დღეს რამდენად ახლოს ვართ მისული ამასთან? არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ ამ პოსტსიმართლისეულ მსოფლიოში, რომელშიც ვცხოვრობთ.
იანუჩი: თანდათან ვუახლოვდებით ამ საზღვარს. იმის ნაცვლად, რომ ფაქტებს ვიყენებდეთ რეალობის აღსაწერად, ვცდილობთ, ფაქტები ჩვენვე „შევქმნათ“ და მერე ამაზე ავაგოთ რეალობა. და ეს გაშინებს, სიმართლის ცნების ეს დამახინჯება. დღეს, რასაც კი ფეიკ-ნიუსს დაუძახებ, იმ წუთშივე დაღს ასვამ - ხალხს იმისაც კი აღარ სჯერა, რასაც საკუთარი თვალით ხედავს. არ ვიცი, რამდენად კომიკურია ეს. ეს იგივეა, მე რომ დაჟინებით გარწმუნებდეთ: აი, შენ პერანგი კი არ გაცვია, კაბა გაცვია, თავზე კი ქუდი გახურავს.
რადიო თავისუფლება: და თუ მინდა, კარგი ბიჭი ვიყო, უნდა დაგეთანხმოთ.
იანუჩი: უნდა დამეთანხმო. თუ არ დამეთანხმები, ვიტყვი, რომ პატრიოტი არ ხარ, ან თავს მესხმი, საფრთხეს მიქმნი. მერე გავიმეორებ ამას, ბევრჯერ გავიმეორებ: ქუდი გახურავს, ეს წითელი კაბაა, ქუდი გახურავს, ეს წითელი კაბაა! ყოველდღე ვიტყვი, თვეების განმავლობაში და საბოლოოდ საკმარისად გამოჩნდება ხალხი, ვინც დამიჯერებს.
რადიო თავისუფლება: ან მე შევღონდები ისე, რომ წითელ კაბას ჩავიცვამ და ქუდს დავიხურავ.
იანუჩი: ჰო, წახვალ და ქუდს იყიდი. და მორჩა, ხალხი ისე იქნება დაშინებული, რომ იტყვიან - კი, ეს წითელია.
რადიო თავისუფლება: წითლის არსი შეიცვლება.
იანუჩი: სწორედ ასეა. ის, თუ რას ეძახი წითელს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას ეძახი ქუდს. მერე შეგიძლია მცირე დეტალებზე იდავო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავზე ქუდი გახურავს და კაბა გაცვია.
რადიო თავისუფლება: ინტერვიუს განმავლობაში, ძირითადად რუსეთზე ვსაუბრობდით.
იანუჩი: ეგ იმიტომ, რომ ძირითადად რუსეთზე მეკითხებოდით!
რადიო თავისუფლება: იმიტომ რომ საქართველოში ვართ, სადაც რუსეთის ჩრდილი ასე დიდი მოჩანს, ამიტომ მიწევს რუსეთზე ამდენი გკითხოთ.
იანუჩი: აბსოლუტურად. მესმის ეს. ეს ფუნდამენტური, ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს არაა უბრალოდ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, აქ თავისუფლება და დემოკრატია უპირისპირდება ავტოკრატიასა და სამხედრო დიქტატურას. და მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი - ავტოკრატიულ მთავრობებს, მსოფლიოს მასშტაბით, არ უნდა დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ ეს გაუვათ, რომ მათაც შეუძლიათ რუსეთს მიბაძონ.
თვითკმაყოფილებამ მოიტანა ილუზიები, რომ უკვე ყველაფერი ვიცით და გვესმის, და აწი აღარაფერი შეგვეშლება. ეს დიდი შეცდომაა. ბოდიში, ისევ შეგვეშალა.
რადიო თავისუფლება: ჩემი წინანდელი ცოდვების გამოსასყიდად, ბოლოს რუსეთის ნაცვლად დასავლეთზე გკითხავთ, დასავლეთს შევავლოთ თვალი სატირის გადმოსახედიდან. გავიხსენოთ პოლიტიკური სატირის კლასიკა - ბრიტანული სერიალი „დიახ, მინისტრო“ და „დიახ, პრემიერ-მინისტრო“. და ერთი კონკრეტული ციტატა, საგარეო პოლიტიკის შესახებ. არ მინდა შემეშალოს, ამიტომ წავიკითხავ: „ეტაპი 1. ვამბობთ, რომ არაფერი მოხდება. ეტაპი 2: ვამბობთ, რომ შეიძლება რამე კი მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ გვეხება, ამიტომ არაფერს მოვიმოქმედებთ. ეტაპი 3. ვამბობთ, რომ შეიძლება რამე კი უნდა ვიღონოთ, მაგრამ არაფერი ძალგვიძს. და ეტაპი 4: ვამბობთ, რომ ვინ იცის, შეიძლებოდა კიდეც რამის გაკეთება, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია ამისთვის“. რატომ რჩება ეს მიდგომა ასე აქტუალური დღემდე, 50 წლის შემდეგაც კი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი იყო მიდგომა უკრაინის მიმართ, 2022 წლამდე. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად ასე იყო საქმე.
იანუჩი: იმიტომ, რომ ეს ერთგვარი მარადიული ჭეშმარიტებაა, პოლიტიკა ყოველთვის ასეთი იყო და იმიტომ. და მიუხედავად ამისა, შიგადაშიგ როგორღაც მივდივართ ხოლმე დასკვნამდე, რომ რაც მოხდა, ბოლო იყო და აღარ განმეორდება. თუნდაც იმავე უკრაინასთან მიმართებით, მთავარი შოკი იყო ის, რომ ჩვენ, განსაკუთრებით დასავლურ დემოკრატიებს, გვჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, და აღარ მოხდებოდა, რომ გავიარეთ და გავიზარდეთ. თუნდაც იგივე პუტინი, კი, ვიცოდით, რომ ოპოზიციას აწიოკებდა და ოპონენტებს ხოცავდა, მაგრამ მაინც ვერ წარმოგვედგინა, რომ აი, ასეთი კაციც კი რაიმე ამდაგვარს ჩაიდენდა, რადგან გარეთ 21-ე საუკუნე იყო. და ამ თვითკმაყოფილებამ მოიტანა ილუზიები, რომ უკვე ყველაფერი ვიცით და გვესმის, და აწი აღარაფერი შეგვეშლება. ეს დიდი შეცდომაა. ბოდიში, ისევ შეგვეშალა. შემდეგ ჯერზე აღარ შეგვეშლება. გპირდებით. მაგრამ ასე ვერ გავაგრძელებთ, ვერ გავაგრძელებთ დაპირებებს, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ ვიზამთ, იმიტომ რომ ასე იქამდეც მივალთ, რომ ეს „შემდეგი ჯერი“ გამოგველევა.