Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობისთვის საბედისწერო კვირა


ვიქტორია ნულანდი
ვიქტორია ნულანდი
გასული კვირის მნიშვნელოვანი ამბებიდან გამორჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის საქართველოში ვიზიტი, რომლის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა:

“მე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვხედავ შესამჩნევ პროგრესს, რომელიც განიცადა თქვენმა ქვეყანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თანამდებობის დაკავებას და კვლავ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“.

ეს განცხადება ვიქტორია ნულანდმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს გააკათა. უფრო ადრე მას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა:

“ჩვენ ვისაუბრეთ უაღრესად საინტერესო მომავალი წლის შესახებ, როდესაც საქართველომ უნდა გადადგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი საერთაშორისო განვითარების გზაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა გაღრმავდეს ქართველ და ამერიკელ საზოგადოებას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის, იმ ქარტიის შესახებ, რომელიც გვაძლევს ბევრი თანამშრომლობის შესაძლებლობას და ფორმატს“.

ამის დასტურია ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული ქვეყნები ნელ-ნელა აქტიური თანამშრომლობის ფაზაში შედიან ორგანიზაციასთან და სუამი, როგორც ოთხი სახელმწიფოს გაერთიანება, უკვე იქცა გარკვეულ მიზიდულობის ცენტრად...
დავით უსუფაშვილი
გასულ კვირას საქართველო ასევე მასპინძლობდა სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-6 სხდომას, რომლის მუშაობაშიც, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ ასევე პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სუამს, რომელიც თანდათან სულ უფრო იხვეჭს სახელს, სერიოზული მომავალი აქვს:

”ამის დასტურია ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული ქვეყნები ნელ-ნელა აქტიური თანამშრომლობის ფაზაში შედიან ორგანიზაციასთან და სუამი, როგორც ოთხი სახელმწიფოს გაერთიანება, უკვე იქცა გარკვეულ მიზიდულობის ცენტრად, რომელთანაც ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობენ ბალტიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქულენოვანი სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეა და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ თანამშრომლობას”.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავარ გამოწვევაზე - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. 6 დეკემბერს მაია ფანჯიკიძემ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც რუსეთმა ჩააგდო განცხადება, რომელიც, ფანჯიკიძის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარების შანსს იძლეოდა:

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
”სამწუხაროდ, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, რუსეთმა უფრო ინტენსიური სახე მისცა უკანონო ქმედებებს. ახლა, ვიდრე ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოსკოვი განაგრძობს მავთულხლართების გავლებას, ღობეებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოში, - ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, - და ამით შუაზე ყოფს ხალხს, ოჯახებსა და თემებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ საფლავები, მათ ხელი არ მიუწვდებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე თუ სკოლებზე”.

საქართველოს მთავარი დიპლომატის ამ განცხადების პასუხად, რუსეთის დელეგაციას არაფერი უთქვამს. კიევის მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა, რომელიც სიტყვით 5 დეკემბერს გამოვიდა, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია საქართველო.

ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მათ ისევე აქვთ უფლება მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს...
თამარ კორძაია
გასული კვირის მნიშნვნელოვანი პოლიტიკური მვლენებიდან ასევე გამორჩეული იყო ვნებათაღელვა, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის პროექტის გამოქვეყნებას მოჰყვა. კოდექსი საქართველოს მთლიანობისათვის ხიფათის შემქმნელად მიიჩნია კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რის გამოც პარლამენტმა გარკვეული დროით გადადო კოდექსის განხილვა, თუმცა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ კოდექსის ამოქმედება საფრთხეს არ წარმოადგენს:

“ეთნიკურად უმცირესი მოსახლეობა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. მათ ისევე აქვთ უფლება მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. შესაბამისად, მე მაინტერესებს, რომელ კონკრეტულ მუხლში ჩანს და ხედავენ ისინი ამ სეპარატიზმის გაღვივების შესაძლებლობას“.

გასულ კვირაშივე გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა განაახლებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეჩერდა. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა:

შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთი გვირაბი
შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთი გვირაბი
”გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდეს კონტრაქტორთან პროექტი 2016 წლამდე და გადამუშავდეს პროექტი იმ სახით, რომელი სახითაც მისი ეკონომიკური მაჩვენებლები იქნება გაცილებით მისაღები. შესაძლებლობა არის, რომ შეიცვალოს პროექტი იმ სახით, იმ მოდიფიკაციებით, რა შემთხვევაშიც, გამტარუნარიანობაზე და რკინიგზის კომპანიის დანახარჯებზე სერიოზული ზეგავლენა აღარ ექნება ისეთი, როგორიც ჰქონდა არსებული სახით”.

დაბოლოს, გასულ კვირაში მსოფლიომ შეიტყო უახლესი ისტორიის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ნელსონ მანდელას გარდაცვალების ამბავი. მანდელამ, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერმა, თავისი ცხოვრების ერთი მესამედი პატიმრობაში გაატარა და ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ის იყო სიმბოლო სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG